მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ოჯახში თავდაპირველი აღზრდის შესახებ

ოჯახში თავდაპირველი აღზრდის შესახებ


12-11-2016, 00:07

 

 

კოსტრომის ეპისკოპოსი ბესარიონი (ერისკაცობაში ბასილ პეტრეს ძე ნეჩაევი) ღვთისმეტყველების დოქტორი, დაიბადა 1822 წლის 13 მარტს დიაკვნის ოჯახში. წარმატებით სწავლობდა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში და 1849 წელს მიიღო ღვთისმეტყველების მაგისტრის წოდება. 1853 წელს გახდა სასულიერო პირი. 1860 წელს კი იყო ჟურნალ „სულის სასარგებლო საკითხავის" რედაქტორი. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ აღიკვეცა ბერად და 1889 წელს აკურთხეს კოსტრომის ეპისკოპოსად. მან დატოვა მრავალი სასულიერო და მეცნიერული ნაშრომი: „განხეთქილების შესახებ", „სინანულის გაკვეთილები", წერილები და მრავალი სხვა.

 

 

   ტაძარში მიყვანის შემდეგ ქალწული მარიამი განმარტოებით იზრდებოდა. მისი აღზრდის პროცესი ლოცვის, სულიერი წიგნების კითხვისა და სხვადასხვა ხელსაქმის კეთებისაგან შედგებოდა. წმინდა ქალწული საზოგადოებაში სახელის მოხვეჭას არასდროს არ ცდილობდა.

   დაიბადება კითხვა, შეიძლება თუ არა ამგვარი განმარტოებული და შეზღუდული აღზრდა დღეს, როდესაც მშობლებს მათი შვილების საზოგადოებაში წარმოჩენა გულმხურვალედ სურთ?

   ეჭვგარეშეა, საზოგადოებრივ საქმიანობაში კეთილგონიერი მონაწილეობის ნიჭი და მყარი თვითგანათლების საფუძვლები თავდაპირველი აღზრდიდან გამომდინარეობს. თუ აღზრდის პროცესი სარწმუნოების წმინდა საწყისებსა და ოჯახური კეთილმოწყობის უმანკო მოთხოვნებზეა დაფუძნებული, მაშინ შეიქმნება ის დაფარული გულისკაცი, თვინიერი და მშვიდი და სულის უხრწნელი მშვენებით, რაც ყველაზე ძვირფასია ღმერთის წინაშე (პეტრ. 3, 4). უდიდესი ბოროტებაა, როდესაც ბავშვები ადრეულ ასაკში საკუთარ თავს დამოუკიდებელ პიროვნებებად თვლიან და ოჯახის გავლენას ნაადრევად აცდებიან, ისინი საზოგადოებაში თავის გატანას არამყარი, დამახინჯებული შეხედულებებით ცდილობენ, ამიტომაც არსებულით უკმაყოფილონი არიან და მიუწვდომელის ასრულებისაკენ მიისწრაფვიან.

   იბადება კითხვა: მოკრძალებული ოჯახური აღზრდის უგულებელყოფით ხომ არ არის გამოწვეული ის, რომ დღეს მრავალი ჭაბუკი და ქალწული დანაშაულებრივი მოქმედების გამო სახელმწიფო სამართალს მიეცემიან?

   საზოგადოების კიდევ ერთი საშიში სენი მუქთახორობა გახლავთ. ამის გამომწვევი მიზეზებიც თავდაპირველი აღზრდის უგულებელყოფაში უნდა ვეძიოთ. ვინც მშობლების უყურადღებობის გამო ადრეული ასაკიდან ოჯახში საქმიანობას არ არის დაჩვეული, შემდეგში, ქუჩაში სხვის ხარჯზე ყოფნას ეჩვევა. რადგან, თუ ასეთი ადამიანი არ არის მატერიალურად უზრუნველყოფილი, მაშინ ის უწესო, უშრომელი, მათხოვრული ან დანაშაულებრივი გზით ცდილობს საკვების და მეტიც, ამქვყნიური ტკბობის მოპოვებას. შრომისადმი ადრეული ასაკიდან მიჩვევა კი სულ სხვაგვარ შედეგს იძლევა. „ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, - წერს წმ. დიმიტრი როსტოველი, - ქსოვასა და ქარგვაში გაიწაფებოდა; უპირველესად მღვდლებისა და ეკლესიის მსახურებისათვის საჭირო საქმეს ასრულებდა. ხელსაქმეს ამგვარად დაჩვეულმა შემდეგ მაცხოვრის კვართი მოქსოვა.

   „რაჟამს იქმოდე ქველის საქმესა, ნუ ჰქადაგებ წინაშე შენსა" - ამბობს მაცხოვარი. რა ხშირად გვავიწყდება ჩვენ ეს დარიგება! დღეს ბევრი არა მარტო საზოგადოებისათვის უკვე შექმნილის, არამედ სავარაუდო შესაქმნელითაც იკვეხნის, ხოლო შესრულებულია თუ არა დაპირებული, ამის შესახებ ყველა დუმს.

   ღვთის წინაშე თავმდაბალი ადამიანი ფასობს, რომელსაც თავისი ძალ-ღონითა და მონდომებით სარგებელი მოაქვს საზოგადოებისათვის. ღვთისმშობელი, განმარტოებული ცხოვრების მიუხედავად, ძლიერ ზეგავლენას ახდენდა საზოგადოებაზე. ის მრავლად გასცემდა მოწყალებას, ანუგეშებდა მწუხარეთ, მისულებს რჩევას აძლევდა და ყველასათვის ლოცულობდა. საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმის კეთება ოჯახში ყოფნითაც შეიძლება.

   წარმოიდგინეთ აყვავებული ველი: თქვენ ყვავილების ძლიერ სურნელებას გრძნობთ, მაგრამ გიძნელდებათ იმისი თქმა თუ რომელი ყვავილი მეტ სურნელს გამოსცემს; ხშირად ყველაზე სურნელოვანი მათ შორის საერთოდ შეუმჩნეველი გვრჩება. აი, ამგვარ ველს დაემსგავსებოდა საზოგადოება, მასში რომ ყველა თავმდაბლურად შრომობდეს და კეთილ საქმეს იქმოდეს.

 

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება