მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > სამეფო სადილი

სამეფო სადილი


9-11-2016, 00:01

 

   იყო ერთი მართალი და წმიდა კაცი - ფილარეტი. ერთხელ მან უთხრა თავის ცოლს თეოზბას: გავაკეთოთ შესანიშნავი სადილი, მე მინდა დავპატიჟო მეფე და მისი კარისკაცნი სადილად. თეოზბამ ყოველი ღონისძიება იხმარა, რომ რაც შეიძლებოდა საუკეთესო სადილი მოემზადებინა. როცა ყოველივე მზად იყო, ფილარეტმა უბრძანა თავის შვილს იოანეს, რომელიც წარჩინებული და დაჯილდოებული სამსახურის კაცი იყო და თავის შვილიშვილებს, რომ სტუმრებს სუფრაზე თვითონ მომსახურებოდნენ. თავად კი წავიდა მეფის დასაპატიჟებლად.

   მისი სახლობა ძლიერ გაკვირდა, როცა შინ დაბრუნებულ ფილარეტს მოჰყვებოდნენ მათხოვარნი, ბრმანი, კოჭლნი, დაუძლურებულნი, რომელთა რიცხვი ორასამდე იყო. „აჰა, მეფე თავისი კარისკაცებით მოგვეახლების, - თქვა მან, - მზადა გაქვთ ყოველივე?!" მაშინ მისმა სახლობამ გაიგო, რომ ის მეფედ უწოდებდა თვით იესო ქრისტეს, მის კარისკაცებად კი გლახაკებს, რომელთა ლოცვას აქვს დიდი ძალა ღვთის წინაშე. მორჩილებით აღასრულა მისმა სახლობამ ყოველივე, რაც ფილარეტმა უბრძანა მათ. წმ. ფილარეტმა ნასადილევს თითოეულ მათგანს თითო ოქრო აჩუქა და გაისტუმრა.

   როცა ჩვენ ვასმევთ მწყურვალს, ვასმევთ თვით ქრისტეს; როცა ვაჭმევთ მშიერს, ვაჭმევთ ქრისტეს; როცა შევმოსავთ შიშველს, შევმოსავთ თვით ქრისტეს, როცა ვნახავთ და ვანუგეშებთ საპყრობილეში მყოფთ, ვანუგეშებთ თვით ქრისტეს.

   ქრისტიანენო! ასეთი დიდი ნუგეშია კეთილის ყოფა ღარიბთა.

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება