მთავარი > თანამედროვე მამები, სინანული, მთავარი გვედის ფოტო > სინანული - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
სინანული - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)14-12-2016, 00:07 |
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! ძმანო და დანო! ზაქარია და ესაია წინასწარმეტყველნი ამბობენ: „აჰა ესერა მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შენსა, რომელმან განმზადნეს გზანი შენნი წინაშე პირსა შენა. ყოველნი ხევნები აღმოივსო და ყოველნი მთანი და ბორცუნი დამდაბლდნენ და იყოს გულარძნილი იგი მართალ და ფიცხელ იგი გზად წრფელად". რას ნიშნავს ეს სიტყვები? სიტყვა ანგელოზი მახარებელს ნიშნავს. ანგელოზები უცხადებდნენ ადამიანებს საიდუმლოებებს. იოანე ნათლისმცემელმა ამცნო ქვეყანას უდიდესი საიდუმლო, მესიის მოსვლა დედამიწაზე. გზა ადამიანისა ღვთისაკენ და გზა ღვთისა ადამიანისაკენ, ადამიანის გულზე გადის. მთები და ბორცვები ამ გზაზე ჩვენი სიამაყე და ზვაობაა. სიამაყე, როგორც კედელი, როგორც ციცაბო კლდე გზას უკეტავს მადლს ადამიანთა გულებისაკენ. დაბლობები და უფსკრულები, ხევები და ხრამები ამ გზაზე ჩვენი ცოდვით დაცემაა. სიმრუდე, გულარძნილება, სიცრუე, თვალთმაქცობა და სხვა ფარული ცოდვები და მანკიერებანია. ძველად, როცა ხელწმიფე მოინდომებდა თავისი სამფლობელოს დათვალიერებას, დიდი ხნით ადრე მისი ქვეშევრდომები წმენდნენ და აფართოებდნენ გზებს, რათა მეფეს საშუალება ჰქონოდა მოეხილა სამეფოს ყოველი კუნჭული. ხოლო სასუფეველი ღვთისა ადამიანის სულია. როგორ გავამზადოთ მადლისათვის გულისაკენ მიმავალი გზა? მხოლოდ და მხოლოდ მონანიებით. იოანე ნათლისმცემელი ხალხს მონანიებისაკენ მოუწოდებდა. ამის შემდეგ მონათვლის მსურველი იოანეს შეჰყავდა მდინარე იორდანეს ტალღებში, სადაც ადამიანი მის წინაშე აღიარებდა ცოდვებს. ამ დროს, იოანე ნათლისმცემელი ევედრებოდა ღმერთს ცოდვილის შენდობას. აღსარების დასასრულს იოანე ამბობდა: „მე გნათლავ შენ მომავალი მესიის სახელით". შემდეგ კი დაფლავდა მას იორდანეს წყალში. ძმანო და დანო! მოციქული წერს: „უფალს რომ არ მოენიჭებინა ჩვენთვის სინანული, ერთი ადამიანიც არ ცხონდებოდა". წმიდა მამები ამბობენ: „პირველი ნიჭი მადლისა, პირველი ნიჭი სულისა წმიდისა არის განცდა თვისთა ცოდვათა". როცა მადლი აღწევს ადამიანის გულს, მაშინ ის გრძნობს, თუ რა შორსაა ღმერთისაგან. ანტონი დიდს სიკვდილის წინ უთქვამს: „მთელი ჩემი ხანგრძლივი სიცოცხლე განუწყვეტელი ტირილი იყო საკუთარ ცოდვებზე!" ხანდახან ერისკაცნი ეკითხებოდნენ სულიერ მოღვაწეებს: - რატომ ატარებთ მთელს სიცოცხლეს ტირილსა და სინანულში? ბევრი ადამიანი საშინელ ცოდვებს სჩადის ქვეყანაზე და სულაც არ თვლის თავის თავს ცოდვილად". წმიდა მამებს კი მოჰყავდათ ასეთი შედარებები: „ამღვრეულ წყალში არაფერი ჩანს, ხოლო როცა იგი დაიწმინდება, მაშინ მასში დავინახავთ პატარა ქვებსა და ქვიშის მარცვლებს. ბნელ სარდაფში ჭუჭყი არ ჩანს, მაგრამ თუ შიგ სინათლის სხივი შეაღწევს, მაშინ იქ, სინათლის სხივში, მტვრის ათასობით ნაწილაკს დავინახავთ. რაც უფრო იწმინდება ადამიანის სული, მით უფრო ცხადად ხედავს იგი საკუთარ ცოდვებს. ძმანო და დანო! რა არის მონანიება? მონანიება ადამიანის მიერ საკუთარი თავის განკითხვაა საშინელ სამსჯავრომდე. ამქვეყნიურ სამსჯავროზე რაც უფრო მკაცრად სდებს ბრალს მოსამართლე ბრალდებულს, მით უფრო მკაცრი და მძიმე განაჩენი გამოაქვთ. აქ კი პირიქითაა. რაც უფრო მკაცრად განიკითხავს ადამიანს სინდისი, მით უფრო ახლოა მისი შენდობა, მით უფრო ახლოა მისი ხსნა. იმისათვის რომ მონანიება ჭეშმარიტი იყოს, საჭიროა შემდეგი პირობები: პირველი პირობაა სინანული ჩადენილი ცოდვის გამო. მეორე - გულწრფელი აღსარება მღვდელმსახურის წინაშე, კაცის წინაშე, რომელსაც მიცემულ აქვს განსაკუთრებული უფლება ცოდვების მიტევების და დახსნისა. მაგრამ აღსარება, როგორც გითხარით, არა მარტო საუბარი უნდა იყოს, არა მარტო თხრობა საკუთარი ცოდვებისა, არამედ ტირილი და სინანული მათზე. ადამიანები ხშირად ყოველგვარი სინანულის გარეშე ყვებიან თავიანთ ცოდვაზე, ხოლო ხანდახან ამაყობენ კიდეც საკუთარი ცოდვებით. მესამე - ადამიანმა უნდა გადწყვიტოს, რომ აღარასოდეს გაიმეოროს ეს ცოდვები. სიკვდილი უნდა ერჩივნოს ხელმეორედ ცოდვის ჩადენას. არსებობს ძველი ანდაზა: „ბრძენი ერთსა და იგივე ადგილზე ორჯერ არ წაიბორძიკებს". და ბოლო, მეოთხე პირობა: ადამიანი ამ ცხოვრებაში უნდა ცდილობდეს, რომ ჩადენილი ცოდვების ნაცვლად მოწყალების საქმე აღასრულოს. მაშინ ძმანო და დანო, შეიწირავს უფალი ჩვენს სინანულს. სინანული - ეს არის საფუძველი ქრისტიანის მთელი სულიერი ცხოვრებისა. რატომ არის, რომ დიდ დღესასწაულზე გულგრილნი ვართ? ზიარებისას რატომ ვერ ვგრძნობთ ცეცხლისა და ნათელის შემოსვლას ჩვენს გულში? მხოლოდ იმიტომ, ძმანო და დანო, რომ არ გაღვიძებულა, არ შემსუბუქებულა, არ განწმენდილა ჩვენი სული სინანულით. მოუნანიებელი სული კი ქვასავით მაგარია. მოუნანიებელი გული - ეს არის უფლისათვის, იესო ქრისტესათვის, დახშული კარი. ძველი იგავი ამბობს, რომ უფალმა გამოაგზავნა თავისი ანგელოზები, რათა ყველაზე ძვირფასი, რასაც კი დედამიწაზე ნახავდნენ, მისთვის მიეძღვნათ. ყოველმა ანგელოზემა მიართვა უფალს ძღვენი დედამიწიდან. ბოლოს, უკანასკნელი ანგელოზთაგანი წარსდგა უფალთან და უთხრა: „მე ძღვნად მოგიტანე ცოდვილის ცრემლი. მე დავინახე, თუ როგორ მწარედ ტიროდა იგი თავის ცოდვებზე. ითხოვდა შენდობას ყველასგან შეურაცხყოფილი. ავიღე მისი ცრემლი და შენ მოგართვი". უფალმა უთხრა: „ეს არის საუკეთესო ძღვენი. მონანული ცოდვილის ცრემლი - უძვირფასესი შესაწირია ჩემთვის!" მაშ ასე, ძმებო და დებო, როგორც ადამიანის გულში დამკვიდრებული სიკვდილის ხსოვნა აძლევს მას ძალას გადაიტანოს ყოველი უკუღმართობა და ანიჭებს უდიდეს სიმშვიდეს, ისე მონანიება მთავრდება ზეციური განსვენებითა და წრფელი სიხარულით. დაე, წმიდა დიდებული იოანე წინამორბედი, მფარველი მონანულთა, გვასწავლიდეს ჩვენ ჭეშმარიტ სინანულს, რათა ვიქმნეთ ზიარი სულიწმიდის მადლისა. ამინ!
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |