მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ცრუბრალდება მაქსიმე აღმსარებელის მისამართით

ცრუბრალდება მაქსიმე აღმსარებელის მისამართით


17-10-2016, 00:07

ცრუბრალდება მაქსიმე აღმსარებელის მისამართით

 

   ლიბერალები გამუდმებით ცდილობენ ადამიანის ბუნებრივი სათნოებები წარმოგვიჩინონ თვითკმარ ძალად, რომელსაც შეუძლია აცხონოს ადამიანი. მათ ავიწყდებათ, რომ ჩვენი ცოდვისმიერი ბუნებით განხორციელებული კეთილი საქმეები გამსჭვალულია ამპარტავნობითა და სხვა მრავალი ვნებით.

   წმინდა მამათა აზრით, თავისთავად ბუნებრივი სიკეთე ვერ გვაცხონებს (წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი), მაგრამ სათნოებათა წყალობით შეგვიძლია მოვიხვეჭოთ ღვთის მადლი. მოწყალება თვინიერ სარწმუნოებისა ქრისტესთან ვერ გვამყოფებს. საიქიო ცხოვრებაში რწმენის შესაძლებლობა აღარ გვექნება. ამიტომაც სიკვდილის ჟამს, ქრისტესთან შეხვედრის დროს, ადამიანის სული უკვე ვეღარ შეიცვლება.

   მავანთა აზრით, საცხონებლად ქრისტეს რწმენაც არ არის საჭირო.

   მკითხველს შევახსენებთ, რომ აღნიშნული ცრუსწავლება ადამიანური ძალებით, მაცხოვნებელი მადლის გარეშე, ცხონების შესაძლებლობის შესახებ, ანათემის გზით არის უარყოფილი კართაგენის ადგილობრივ კრებაზე (IV საუკუნის ბოლოს). მაგრამ ჩვენ ოპონენტებს მსოფლიო მნიშვნელობის ავტორიტეტული კრებით ან ანათემით ხომ ვერ მოდრეკ. ისინი ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა წმინდა გარდამოცემასა და წმ. მამათა სწავლებაში დაძებნონ თავიანთი შეხედულების დამადასტურებელი აზრები. ამ თვალსაზრისით არც ღირსი მაქსიმე აღმსარებელი გადაურჩა ცრუბრალდებას.

   იმის დასამოწმებლად, რომ ჯოჯოხეთში ქრისტეს რწმენის, ღვთის შემეცნების გარეშეც შესაძლებელია ცხონება, იშველიებენ ღირსი მაქსიმე აღმსარებელის ტექსტს. სინამდვილეში ეს ტექსტი აბსოლუტურად განსხვავებული შინაარსისაა, უფრო მეტიც, მასში უარყოფილია ამქვეყნად ქრისტეს რწმენის გარეშე, ოდენ ბუნებრივი სინდისით მომქმედთა მიერ თავიანთი მაცხოვრის ჯოჯოხეთში შეცნობის შესაძლებლობა.

   მოვისმინოთ ღირსი მაქსიმე აღმსარებელის სიტყვა:

   „წმინდა წერილი „მკვდრებად" მოიხსენებს ქრისტეს მოსვლამდე აღსრულებულ ადამიანებს, მაგალითად, წარღვნის, ბაბილონის მშენებლობის დროს, სოდომისა და ეგვიპტეში მცხოვრებთ, აგრეთვე სხვებს, რომლებსაც სხვადასხვა დროს, სხვადასხვაგვარად, ღვთაებრივი განჩინებისამებრ საშინელი უბედურებები დაატყდათ თავს. წმინდა პეტრე მოციქულის სიტყვით, „ისაჯნენ კაცობრივ ხორცითა და ცხონდენ ღმრთისა მიერ სულითა" (1 პეტრ. 4. 6). სწორედ მათ ეუწყათ ცხონების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის და არა იმდენად ღვთის შეუმეცნებლობის გამო იგემეს სასჯელი".1

   ლიბერალებს სურთ ამ ტექსტში ასეთი სურათი იხილონ: თითქოს წარღვნის, ბაბილონის გოდოლის მშენებლობის დროს, სოდომში თუ მოსეს პერიოდის ეგვიპტეში ადამიანები ბუნებრივი სინდისით ცხოვრობდნენ, ჰქონდათ „წმინდა ცხოვრება", „ყველანაირ კეთილ საქმეებს" აღასრულებდნენ. ამის შედეგად ისინი ქრისტეს ჯოჯოხეთში შთასვლის დროს, ჭეშმარიტი ღმერთის რწმენის გარეშეც, ოდენ ღმერთის ხილვით ცხონდნენ. ფაქტია: ლიბერალები აშკარად ცდილობენ რამენაირად გააფართოონ ცხონებულთა შრე, რომელშიც მარტო მესიის მორწმუნე, წმინდად მცხოვრები კი არა, უკიდურესი ცოდვილიც ცხონდება.

   ეგზეგეტების განმარტებით, ღირსი მაქსიმე აღმსარებელი ზემოთმოყვანილ ნაწყვეტში საუბრობს იმ ადამიანებზე, რომლებიც თავიანთი უზნეო საქციელის გამო ამქვეყნად „ხორცით" დაისაჯნენ, მაგრამ ამ სასჯელის დროსაც მათ მიეცათ გადარჩენის საშუალება.

   ძველი აღთქმის ამ ისტორიული მონაკვეთის ეკლესიის სწავლებაზე დაფუძნებულ განმარტებას ვპოულობთ არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინი) ნაშრომში „თანამედროვე ნეოგნოსტიციზმის შესახებ".

   „წარღვნამდელი ხალხი ასი წლის მანძილზე ისმენდნენ ნოეს ქადაგებას. გარდა ამისა, მათი მეხსიერებიდან ვერ წაიშლებოდა სეითის შთამომავლობის მიერ დაცული გარდამოცემა; ბაბილონის გოდოლის მშენებლებსაც ჰქონდათ ნოეს მიერ დაცული გარდამოცემის ცოდნა; სოდომში მართალი ლოთი ცხოვრობდა, თავის სიყვარულით ისიც შეეცდებოდა ღვთისაკენ მოექცია ხალხი. ებრაელის ხალხის ეგვიპტეში გადასახლებიდან პერიოდამდე ოთხასი წელი გავიდა, ამდენად ეგვიპტელებსაც უნდა სცოდნოდათ იუდეველების მიერ დაცული გარდამოცემა. გარდა ამისა, თავად ეგვიპტეში აბრაამის დროს არაერთი მონოთეისტი ცხოვრობდა, ასე რომ, ეს ტომები და ხალხები არ იყვნენ სრულიად მოკლებულნი ამ ცოდნას. მათ საკუთარ თავზე იხილეს ძველი წინასწარმეტყველებების აღსრულება და მართლების მხილება, რომელიც მათ უგულებელყვეს.

   მაგრამ დიდმა განსაცდელებმა გაალღო მრავალი მათგანის გაქვავებული გული და ისინი საკუთარი ცოდვების სინანულით, ერთი ღმერთის რწმენითა და თავიანთი მხსნელის მოლოდინში აღესრულნენ. სწორედ ამას ნიშნავს „ისაჯნენ კაცობრივ ხორცითა და ცხონდენ ღვთის მიერ სულითა".

   წარღვნის წლებში დაღუპულ ადამიენებს მოცემული ჰქონდათ ასორმოცდაათი დღე წარღვნის დაწყებიდან დედამიწის სრულ ოკეანედ ქცევამდე. სოდომელებს სინანულისთვის მცირე დრო მიეცათ, მაგრამ უფალმა ორივეს მიჰმადლა ცოდვათა მიტევების იმედი. მათ, „ჯოჯოხეთში მყოფებმა, ღვთისშემეცნების ქადაგება აღიქვეს რწმენით მხსნელისა, რომელიც მკვდართა ჯოჯოხეთში გადასარჩენად შთავიდა".

   ყურადღება მიაქციეთ ფრაზას „ჯოჯოხეთში მყოფებმა", ე.ი. არ დაიჯერეს ნოეს ქადაგების შემდეგ, მაგრამ სწამდათ, ამიტომაც შეიმეცნეს ქადაგება.

   რაც შეეხება ზემოთ მითითებული ამონარიდის ფრაზას, ლიბერალები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ შემდეგ სუტყვებს: „ერთმანეთის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა და არა იმდენად ღვთის შეუმეცნებლობის გამო", ანუ ლიბერალების აზრით ადამიანები მეტწილად თავიანთი ამაზრზენი ცოდვების გამო დაისაჯნენ. „ღვთის შეუმეცნებლობა" არ შეიძლება ნიშნავდეს საერთოდ ღვთის არცოდნას, ვინაიდან ამ ხალხებს შორის იყვნენ ჭეშმარიტი ღმერთის მქადაგებლები; აქ იგულისხმება ღვთისაგან შინაგანი განშორების განცდა, გულის დამბლა, რითაც და მეტადრე კაცისკვლითა და გარყვნილებით თავად სამყაროს შეურაცხყოფდნენ. ცოდვილთა ერთმა ნაწილმა სიკვდილის წინ შეინანა, ამიტომაც შეძლეს ქრისტეს ქადაგების აღქმა.

   ლიბერალებს სურთ გადაასხვაფერონ ტექსტის შინაარსი და წარმოგვიდგინონ შემდეგი სურათი: ცოდვილებმა საკუთარი ცოდვების საზღაური დედამიწაზე მიიღეს - „ღვთაებრივი განჩინებისამებრ საშინელი უბედურებები დაატყდათ თავს"; ღვთის შეუმეცნებლობის მდგომარეობაში შთავიდნენ ჯოჯოხეთში, ხოლო იქ „ცხონების ქადაგება აღიქვეს" და ცხონდნენ.

   ლიბერალების მთავარი სათქმელი შემდეგში მდგომარეობს: ღვთის შეუმეცნებლობა ხელს არ უშლის ცოდვილს, ქრისტე რომ ღმერთად აღიაროს საიქიოში. ყოველივე ამით მათ უნდათ დაარწმუნონ მკითხველი, რომ ადამიანებს, რომლებსაც ამქვეყნიური ცხოვრების დროს არც რწმენა გააჩნდათ და არც კეთილი საქმეები (მაგალითად სოდომისტები), ეს ყველაფერი შეუძლიათ ჯოჯოხეთშიც მოიპოვონ. მართლაც, თუ ყველაზე ჯიუტი ცოდვილებიც კი ცხონდებიან ჯოჯოხეთში, მაშინ რატომ არ გახდები ოპტიმისტი ღვთისმეტყველი?"2

   უფრო მეტად რომ დავარწმუნოთ მკითხველი ლიბერალთა არაკორექტულ მოქმედებაში, თავად წმინდა მაქსიმე აღმსარებელის სიტყვას მოვუსმინოთ. ეს სიტყვა კონკრეტულად ეხება ჯოჯოხეთში ქრისტეს შთასვლას და მორწმუნეთა აღმოყვანას: „შემოქმედმა ღმერთმა შეგვიბრალა ჩვენი ავბედითი მდგომარეობის გამო. სიბრალულის შედეგად მან კეთილი ინება შთასულიყო იქ, სადაც შთავეფლეთ, რათა ღვთაებრივი ნათლის გასხივოსნებული, მაცოცხლებელი ძალით გაანათლოს და სულით გააცოცხლოს მისი იქ (ჯოჯოხეთში) მყოფი მორწმუნენი".(გაგრძელება...)

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 

 

 

 

 

1Св. Максим Исповедник. Творения. М 2000. გვ. 47.

2Арх. Рафаил (Карелин). О современном гностицизме. (ответ А. Заицеву).

3Прп. Максим Исповедник. Вопросы и ответы к Фаласию. Блогочестивейщему пресвитеру о различных затруднительных местах священного писания.


უკან დაბრუნება