მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > წმიდა მოწამე შალვა ახალციხელი (1227)

წმიდა მოწამე შალვა ახალციხელი (1227)


15-12-2016, 00:07

 

   წმიდა შალვა ახალციხელი გამორჩეული რაინდი და მეომარი იყო თამარის მხედრობაში. ერთგულებისა, სიმამაცისა და ვაჟკაცობისათვის დიდმა თამარ მეფემ იგი ახალციხის მთავრად დანიშნა. შამქორის ომში გამარჯვების შემდეგ მან ხალიფას დროშა წამოიღო ნიშნად ქრისტიანობის უძლეველობისა და ხახულის ღვთისმშობელს შესწირა სხვა უამრავ ნადავლთან ერთად.

   უანგარო მსახურებისათვის წმიდა შალვამ მეფე თამარმა მანდატურთხუცესობა უბოძა და მხედართა შორის მთავრად დაადგინა.

   მეფის ბრძანებით, ბასიანის ბრძოლაში (1204 წ) ქართველთა ძლევამოსილ მხედრობას შალვა წინამძღოლობდა ძმასთან, ივანე ახალციხელთან ერთად.

   წმიდა თამარ მეფის ასულის, რუსუდანის მეფობის დროს ჯალალედინი შემოიჭრა საქართველოში უთვალავი ლაშქრით. რუსუდანმა საომრად შეკრებილ ქართველებს მთავრად მოხუცებული იოანე ათაბაგი დაუდგინა.

   სოფელ გარნისთან ექვსი ათასი ქართველი იდგა ორასი ათასი მუსულმანის წინააღმდეგ. ივანე ათაბაგმა ლაშქრის მეთაურობა სიმამაცითა და სიმხნევით გამორჩეულ ორ ძმას, შალვა და იოანე ახალციხელებს დაავალა, თვითონ კი ძირითად ნაწილთან ერთად დარჩა გადამწყვეტი იერიშის მისატანად.

   უშიშრად შეება თორ-ჯავახელების მცირერიცხოვანი ლაშქარი ურიცხვ მტერს. თავგანწირულად იბრძოდნენ ძმები, მაგრამ ამაოდ ელოდნენ მაშველ ჯარს. „არა ინება შველა იოანე ათაბაგმან, რომელსა შურითა იტყვიან ამას ყოფად და არა თუ შიშითა. ჰოი შური, ყოველთსა ბოროტთა დასაბამი," - წერს ჟამთააღმწერელი.

   დამარცხდნენ ქართველები. ოთხი ათასი ქართველი დაიღუპა ამ ბრძოლაში. მოიკლა ივანე ახალციხელი, ხოლო შალვა ტყვედ ჩაიგდეს და ჯალალედინს მიჰგვარეს.

   გაიხარა ჯალალედინმა საქვეყნოდ განთქმული მეომრის ნახვით. პატივით მიიღო ქართველი მანდატურთუხუცესი, ქალაქებიც კი უბოძა სამმართველოდ, უფრო „დიდ ნჭსაც" დაჰპირდა რჯულის გამოცვლის სანაცვლოდ.

   „ჭეშმარიტისა ღმრთისა უარყოფაი შეუძლებელს არს ჩემგან. დააცხრუე ჩემდა აღქმაი ეგე არად საკმარნი ჩემნი, რამეთუ სურვილმან საღმრთომან განმაწესა მე მხედრად ქრისტესა" - მხნედ უპასუხა წმინდანმა.

   დიდხანს ცდილობდა მტარვალი უსჯულოებისაკენ მოედრიკა მზესრული რაინდი და როცა ვერას გახდა, მისი წამებით მოკვდინება სცადა. წამების ჟამს შალვა სიხარულით ამბობდა:

   „იხარებდ, ჰოი, შალვა, რამეთუ სამოსელსა თანას ხორცთასა ძუელსა კაცსა აღიძარცვ და ხრწნადთგან სიმარჯუეთა განტავისუფლდები... დავითმინოთ, შალვა, სიკვდილი ქრისტესთვის, რომელიცა „ერთგზის წინაუძს ყოველსა კაცსა".

   მრავალი ტანჯვის შემდეგ ცოცხალმკვდარი მოწამე საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც აღესრულა 1227 წლის ივნისის თვეში.

   წმიდა შალვა ახალციხელის ღვაწლმა ხალხურ პოეზიაშიც ჰპოვა ასახვა. პოპულარული ქართული სიმღერა „შავლეგო" განადიდებს წმიდა შალვა ახალციხელის ხორციელ ვაჟკაცობასა და ღვაწლს:

    „შავლეგ, შენი შავი ჩოხა, შავლეგო,

სისხლში გაგიხამებია, შავლეგო,

ყაწიმები გიხდებოდა, შავლეგო,

       მაშველი არ გჭირდებოდა, შავლეგო,

       შავლეგ, შენი შავი ჩოხა, შავლეგო..."

 

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება