მთავარი > იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ და ვასილ ბარნოვის რომანი „ტრფობა წამებულისა“

გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ და ვასილ ბარნოვის რომანი „ტრფობა წამებულისა“


17-10-2020, 22:55

გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ და ვასილ ბარნოვის რომანი „ტრფობა წამებულისა“

 

   გიორგი მერჩულეს აგიოგრაფიული ნაწარმოები „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" მეათე საუკუნის ძეგლია. ნაწარმოები გადმოგვცემს მერვე, მეცხრე საუკუნეებში მცხოვრებ წმიდა მამათა ფასდაუდებელ ღვაწლს ერის სულიერი გადარჩენის საქმეში.

   თვალს ვავლებთ წმინდანთა ცხოვრების გზას და გვაოცებს „ნეტართა კაცთა საქმენი კეთილნი, ცხოვრებაი უბიწოი".

   რაოდენი მიწიწება და კრძალვა გვმართებს ჩვენ, უბრალო მოკვდავთ, იმ ღმერთშემოსილ მამათა და დედათა მიმართ, რომლებიც „მარადის მეოხნი არიან" ჩვენი ღვთის წინაშე ორსავე სოფელში.

   ამიტომაც იყო, რომ საღვთო სიბრძნით, ღვთის შიშით აღჭურვილნი ადამიანები, ქრისტეს ეკლესიის ჭეშმარიტი შვილები ასე ეკრძალებოდნენ წმინდანთა ცხოვრებასთან მიახლებას, მათი ფასდაუდებელი ღვაწლის წარმოჩენას, რამეთუ შიშობდნენ, უღირსი სიტყვით არ შეებღალათ, არ დაეჩრდილათ ნეტართა სიწმიდე და დიდებულება.

   ეს იყო წინათ, საუკუნეების მიღმა.

   დღეს?

   ჩემს წინ დევს მეოცე საუკუნის რომანი „ტრფობა წამებულისა".

   ნაწარმოების წყაროდ ავტორს, როგორც ჩანს, გიორგი მერჩულეს აგიოგრაფიული ნაწარმოები „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" გამოუყენებია, მაგრამ ბარნოვის რომანში ნეტარი მამებისა და დედების ნაცვლად ჩვეულებრივ, ადამიანურ ვნებებთან დამარცხებული, დაცემული ადამიანები მოქმედებენ. მათ მხოლოდ სახელებიღა აკავშირებთ ზეგარდმო მადლით ცხებულ მამებსა თუ დედებთან.

   გიორგი მერჩულეს აგიოგრაფიული ნაწარმოების უმშვენიერესი ეპიზოდია მამა გრიგოლისა და დედა ფებრონიას საუბარი მეჩეს დედათა მონასტერში:

   „წმიდამან გრიგოლ ჰრქვა ნეტარს ფებრონიას ვითარმედ:

   რაი გრქვა შენ ანგელოზმან?

   რამეთუ ღმერთი იყო ყოვლადვე მათ შორის".

   აი მაგალითი, თვალშეუდგამი, მიუწვდომელი სიწმიდისა და საკვირველი, ქრისტესმიერი სიყვარულისა.

   ბარნოვის რომანი ნათელი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ დავშორდით ჩვენ შორეულ და სანატრელ წინაპრებს, როგორ გვიჭირს იმ სულიერი სიმაღლეების ჭვრეტა, რომელზედაც იდგნენ ნეტარხსენებული მამები და დედები.

   ბარნოვის დედა ფებრონია ანგელოზებთან მოსაუბრე, ბრძენი და უსათნოესი მონაზონი კი არა, მზაკვრობითა და ცბიერებით აღსავსე დედაკაცია, რომელიც ყველანაირი საშუალებით ცდილობს ასკეტური ცხოვრების მოსურნე გრიგოლის ცთუნებას და აღწევს კიდეც საწადელს.

   ამის დასადასტურებლად მოვიყვან ეპიზოდს რომანიდან:

   „ეშრო დამწვარ თებრონიას კიდევ იმედი ჰქონდა, რომ მისი სიახლე ხორციელი და ერთობა სულიერი ააგზნებდა თუნდ ქვის ჭაბუკში იმ იდუმალ კანდელს ვნებისას, რომელიც ძლიერად საცნაურ იქნების არსთა ბუნებაში...

   და დაეკრა ათრთოლებული ბაგით მარჯვენას თვისის მიჯნურისა.

   შეთრთოლდა ჭაბუკი... აგორდა მის გულშიც სურვილთა ტალღა მძლეველი და აამღერა იგი ძლიერად. მარჯვენა მკლავი თავისთავად გაეშალა რაინდს ქალწულის მოსაჭდრობლად. დახარა ვნებამ, ვით მუხა ნორჩი გრიგალის ძალამ. შეეხო ბაგით სურნელოვან თმას ქალწულისა... უკვე ვიხილე მათ შეწებებულ თავთა ზედა მაკურთხებელი მარჯვენა ყოვლად კეთილისა..."

   რაოდენ ხელყოფილი და შებღალულია უაღრესი სისათუთითა და მოკრძალებით წარმოსათქმელი სახელები: მამა გრიგოლი, დედა თებრონია, და რაც ყველაზე შემაძრწუნებელია თვით სახიერი ღმერთიც კი.

   მწერლის ბოროტ ფანტაზიას არც ურჯულოთა მიერ საკურთხეველზე დაკლული, პირველი ბაგრატიონი მეფე, აშოტი დაუნდია. რომანში იგი წარმოდგენილია ქალის სიყვარულს დამონებულ, მემრუშე პიროვნებად.

   არადა, როგორი თანაგრძნობითა და მოკრძალებით შენიშნავს გიორგი მერჩულე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში" აშოტის ცთუნების შესახებ: „ეშმაკი ტრფიალებისაი ფრიად აზრზენდა, რომელსა პირველ არა აქვნდა ეგევითარი ჩვეულებაი, არამედ ძლეულ იქმნა ბოროტთა მით ცოდვისათა"-ო.

   გიორგი მერჩულეს აგიოგრაფიულ ნაწარმოებში შთამბეჭდავადაა გადმოცემული, თუ როგორ სძლია ხორციელად ძლიერ ხელმწიფეს სულით ძლიერმა მონაზონმა.

   „და ვითარ ილოცა კურაპალატმან ეკლესიასა წმიდისა ღმრთისმშობელისასა და მიეღო ლოცვაი დედისა ფებრონიაისი, მაშინ იწყო სიტყვად:

   - უწყი-მეა, დედაო რაისთვისა მოვედ აწ?

   ხოლო მან ჰრქვა:

   - ამის მიზეზისათვის იქმნა მოსვლაი ჩემი, რამეთუ სახლისა ჩვენისა მეჭურჭლე ქალი იყო და ყოველი მონაგებ ჩვენი ხელთა მისთა იყო და მამასა გრიგოლს აქა წამოუყვანებია და ფრიადი დაგვაკლდა საფასეთა ჩვენთაგანი...

   ხოლო ფებრონია ჰრქვა მის მკვეთრ:

   - მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა რომელნი იქმან უსჯულოებასა.

   ესე რაი ესმა კურაპალატსა, სირცხვილეულ იქმნა მართლმხილებისა მისგან კდემული და მყოვარ ჟამ დადუმნა, ვითარცა ძლეული, რამეთუ ხორციელად ძლიერსა ხელმწიფესა სულითა ძლიერთა კაცთა სძლიეს".

 

   ვასილ ბარნოვი აგიოგრაფიული ნაწარმოების ამ უმშვენიერეს და შთამბეჭდავ ეპიზოდს თავის რომანში ასე გადმოგვცემს:

   „გამოჩნდა სავანე, ჩამოსხდნენ. დასტოვეს ცხენები. გეეგებნენ მეფეს. განახვნეს კარი ეკლესიისა. შებრძანდა. ილოცა. დალოცა მეფე დედა თებრონიამ.

   - შენ უწყი, დედაო, რისთვის მოველ აქ?

   - უფალმა უწყის, რისთვის ჰბრძანე აქ მობრძანება.

   - ამა მიზეზებისათვის იქმნა მოსვლაი ჩემი: სასახლისა ჩემისა მეჭურჭლე ქალი იყო და ყოველი მონაგები ჩვენი ხელთა მისთა ეგო; მამასა გრიგოლს აქა წამოუყვანია იგი, ფრიად დაგვაკლდა საფასეთა ჩვენთაგან.

   ჩამოჰკრა თებრონიასთვის წუთმა სასურველმა. თვალთაგან დაეკვესა ცეცხლი ბოროტი, ჰრქვა მკვეთრად:

   - მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა, რომელნი იქმან უსჯულოებასა!

   ესმა ეს მეფეს, მრისხანებამ აიტაცა აღტკინებულმა...

   მსწრაფლ აღსდგა და წავიდა.

   ისე გაემართა, ზედ აღარავისთვის შეუხედნია, არც თებრონიასათვის, არც მისი კრებულისათვის, შავად რომ მოსდგომოდნენ წინამძღვარს. პირჯვარიც აღარ გადაიწერა წასვლისას. მხოლოდ მოავლო უსიცოცხლო თვალი თავის ამალას. გაჰყვნენ თანაყმანი ფრიად გულნატკენნი, დაღონებულ-გაჯავრებულნი, აღარც ისინი დაემშვიდობნენ სასტიკებს, უგულოებს, ზედაც არ შეჰხედეს".

   ეს სიტყვები საშინელი ცილისწამებაა „ვით წინასწარმეტყველის შვილადწოდებული ხელმწიფის" მიმართ, რომლის მეფური ძალმოსილება ყოველთვის ქედს იხრიდა სულიერ მოღვაწეთა დიდებულების წინაშე.

   თავისი რომანით ბარნოვი განსაკუთრებით გააფთრებით ესხმის თავს მონასტრებსა და მონაზვნებს.

   მონასტრები, მართლმადიდებლობის ეს მძლავრი ბურჯები, ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის სალიტერატურო, სამწიგნობრო და კულტურის კერები. აქ იქმნებოდა და იწერებოდა ორიგინალური და ნათარგმნი სასულიერო მწერლობის ძეგლები.

   მონასტრებთან არსებულ უმაღლეს სკოლა-აკადემიებიდან კი შემოდიოდა ჩვენში ფილოსოფიურ-თეოლოგიური ნაწარმოებები ქრისტიანული აზროვნებისა.

   სწორედ ქართულ ეკლესია-მონასტრებში გაბრწყინებულ წმიდა მამათა და დედათა თავგანწირულმა ღვაწლმა იხსნა ჩვენი ერი ფიზიკური თუ ზნეობრივი გადაგვარებისაგან და მოიტანა დღემდე.

   ინგრეოდა და იმუსრებოდა საუკუნეებით ნაგები და ნასათუთარი სავანეები, ფიზიკურად ნადგურდებოდნენ სულიერი მოღვაწენი. მონასტრებისა და ბერ-მონაზონთა წინააღმდეგ გამოყენებული იქნა ყველაზე მძლავრი იარაღი - იდეოლოგია.

   ლიტერატურაში გაჩნდა ნაწარმოებები, რომლებიც შეურაცხყოფდნენ და აკნინებდნენ ბერ-მონაზონთა უდიდეს ღვაწლს, მათ თავგანწირვას ღვთისა და ერის სადიდებლად. სწორედ ასეთ ნაწარმოებთა რიცხვს განეკუთვნება ვასილ ბარნოვი რომანი „ტრფობა წამებულისა".

   მწერალს სურს, ჯოჯოხეთური ფერებით დაგვიხატოს მონასტრული ცხოვრება, თავად ბერ-მონაზვნები კი სასტიკ, უგულო ადამიანებად წარმოგვიდგინოს.

   მწერალი შემაძრწუნებელი ფერებით ხატავს მონაზონი დედების - თებრონიასა და ივდითის საზარელ სახეებს:

   „ივდითი მონაზონი მარჯვენა ხელი იყო დედა თებრონიასი, მაჯა მსახვრელი, უხილავი რამ შოლტისა მწერელი. შესაზარი იყო მის ჩაღრმავებულ თვალთაგან ნატყორცნი ისარი გესლიანი, მწველი იყო მუნით ნაკვესი ცეცხლი სიძულვილისა, საზარელის რაღაც ზიზღისა".

   ვკითხულობთ ივდითი მონაზონის ჯადოსნური მოღვაწეობის ამსახველ ეპიზოდებს რომანისას და სულში გამყინავი, ჯოჯოხეთური განცდა შემოდის. გრძნეული მონაზვნის შავბნელ საქმიანობათა კულმინაციაა აშოტის საყვარელი ქალის, შუქურის დამახინჯებისა და განადგურების საზარელი სურათი:

   „შეიარა სენაკებში. დაჰკრა თვალი შუქურის ბინას, მისძინებოდა ქალს. სახე უღიმოდა.

   ერთ წამს შეყოყმანდა. მყის შეიკრა შუბლი. ამიოღო ქსოვილი და ფრთხილად დააფარა ქალს სახეზედ. მსწრაფლ გატრიალდა.

   - უიმე! - შეჰკივლა ქალმა.

   და ხელი აჰკრა გავარვარებულ ქსოვილს. ასძვრა ქსოვილი. თან აიტანა ამწვარი კანი. მიცვივდნენ მონაზვნები. მოვიდა თებრონიაც. დაუძახეს ივდითს. ვითომ გაოცდა. გასინჯა ქსოვილი.

   - ასპიტს დაუშხამებია მანდილი. ბუზების შიშით თუ გადაიფარა საწყალმა.

   წასცხო მალამო.

   განწირულად გაჰკიოდა საბრალო ქალი. აღარაფერი ესმოდა წამებულს. წამისწამს გული უწუხდებოდა. სარკეს თხოულობდა. მოხედა მეჭვრიტაი. დაინახა მშვენება თვისი იავარქმნილი და დაეკვეთა, მკვდარივით დაეცა. ალმა განვლო ყვავილის გულში. გაახმო იგი, დაწვა, დაბუგა.

   გაქვავებული იდგა თებრონია, გარკინავებული. ძლევისა ნაცვლად და დიდებისა მარცხი საზარი, მწიკვლი ურეცხი, წარუხოცელი..."

   ღვთისა და სარწმუნოების ამაზე მეტად გმობა ალბათ შეუძლებელია!

   ბარნოვის რომანის „ტრფობა წამებულისა" თითოეული გვერდი საშინელი შეურაცხყოფაა ღირსეულ წინაპართა თვალშეუდგამი სიწმიდისა, ხელყოფა და უარყოფა ოჯახური უბიწოებისა და ერთგულებისა, უგულებლყოფა და გაყალბება ჩვენი სათაყვანებელი წარსულისა და ისტორიისა.

   რომანი მეცხრე კლასისათვის გათვალისწინებულ კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის პროგრამაშია შეტანილი. ამავე კლასის სასწავლო-სავალდებულო ნაწარმოებთა შორის შედის გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება".

   ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს უთუოდ მოგვიწევს პარალელის გავლება ამ ორ ნაწარმოებებს შორის.

   ინტერნეტჟურნალის „ხარებას" რედაქცია სიამოვნებით მიიღებს ლიტერატორ - პედაგოგთა აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით.


 

  

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება