მთავარი > პაპიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ამბავი პაპისტების თავდასხმისა წმიდა ათონის მთაზე

ამბავი პაპისტების თავდასხმისა წმიდა ათონის მთაზე


5-05-2017, 00:03

ამბავი პაპისტების თავდასხმისა წმიდა ათონის მთაზე

 


   ბერძენთა ხელმწიფის მიხეილ პალეოლოგის მეფობის დროს საბერძნეთის იმპერია შესაბრალის მდგომარეობაში აღმოჩნდა. ბულგარელთა თავდასხმებით შევიწროვებულმა იმპერატორმა იტალიაში (პაპთან) ელჩები წარგზავნა და დახმარება სთხოვა, სანაცვლოდ მართლმადიდებლობის დატევება და რომის ეკლესიის დამორჩილება აღუთქვა. როდესაც ელჩებმა იტალიას მიაღწიეს, მთელი დასავლეთის კათოლიკი ხელმწიფენი დაილაშქრნენ და კონსტანტინოპოლისაკენ დაიძრნენ, „მათი თანამოაზრის", მიხეილ პალეოლოგის უფრო სულიერად წარსაწყმედად, ვიდრე დასახმარებლად. გზად მათ წმიდა ათონის მთაზე შეუხვიეს და იქაურ მკვიდრთა დევნა დაიწყეს. ლათინები თავდაპირველად წმიდა ათანასეს ლავრაში მივიდნენ და მონასტრის ბერებს მათთან სარწმუნოებრივი ერთობა შესთავაზეს. ბერები შეშინდნენ და ერთ-ერთი განკვეთილი მღვდლის მიერ მათთან ერთობას დასთანხმდნენ, რის შემდეგადაც მონასტერი განათავისუფლეს. შემდგომში ისინი ღვთისაგან იქმნენ მხილებულნი და დასჯილნი, ლათინებმა ახლა ივერთა ლავრას მიაშურეს და მასში მყოფ ბერებსაც იგივე შესთავაზეს. მაგრამ ამ მონასტრის ბერებმა მათთან ერთობა არათუ არ ინებეს, ამხილეს კიდეც უკეთურნი და სამოციქულოს თანახმად, ახალმოძღვრებათათვის ანათემას გადასცეს. ამის გამგონე სჯულის გარდამავალნი გამძვინვარდნენ, ყველა ბერი მონასტრიდან პატივახდილი გამოიყვანეს, მათგან უხუცესნი მონასტრისავე გემზე დასხეს და გემთან ერთად ჩაძირეს. ამგვარად მიიღეს ნეტარმა მამებმა მწვალებელთა დაუმორჩილებლობისათვის აღმსარებლობისა და მოწამეობის გვირგვინი. ხოლო უფრო ახალგაზრდა ბერები, ტომით იბერნი (ანუ ქართველნი) ლათინებმა სამონასტრო ქონებასთან ერთად იტალიაში ტყვედ გაგზავნეს, საბერო სამოსი შემოაძარცვეს და იუდეველთ მიჰყიდეს. ლათინები განეშორნენ ივერთა ლავრას და ვატოპედის მონასტერს მიაშურეს. მონასტერში მათ მხოლოდ სნეულნი და მოხუცებულნი დახვდნენ. კითხვაზე, თუ სად იმყოფებიან დანარჩენი ბერები, მათ მიუგეს: „ხევებსა და ტევრებში იმალებიან, რათა რწმენა დაიმარხონ და ღვთის საძაგელთა თანა არ შებილწულ იქმნენ". ლათინებმა ეს წმინდა აღმსარებლებიც დახოცეს და მყისვე მონასტრის მიდამოებისკენ გასწიეს. აქ მათ წინამძღვარსა და დანარჩენ ბერებს მიაკვლიეს და ტკბილად დაუწყეს დარწმუნება, მათი თანამოაზრენი გამხდარიყვნენ. მაგრამ წინამძღვარმა უპასუხა: „უმჯობეს არს სათნოყოფა ქრისტესა, ვიდრე სათნოყოფა ანტიქრისტესა". ხოლო მათ ჰკითხეს: „განა ჩვენ ქრისტესნი არა ვართ, და არა ქრისტესნი არა ვართ, და არა ანტიქრისტესნი?" წმიდამ მიუგო: „დიაღ, რამეთუ ყოველი ქრისტეს სახარების წინააღმდგომ ანტიქრისტე არს, და ამჟამადაც იგია თქვენი შემწე. რა უნდა ნათელს ბნელისა თანა? არა შევერთვით მას უკუნისამდე". ამის გამგონე სულიწმიდის მგმობელებმა ყურნი დაიხშეს და არათუ ირწმუნეს მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტება, არამედ თავისი უსჯულო ხელები სჯულის დამმარხველებზე აღმართეს და ყველანი იქვე ჩამოახრჩვეს. მას შემდეგ ამ ადგილს „ფურკოვინი" ანუ სახრჩობელას მთა ეწოდება. შემდგომ ლათინები მთის მეორე მხარეს გადავიდნენ და ზოგრაფად სახელდებულ წმიდა დიდმოწამე გიორგის მონასტრის ბერებს წინამძღვრობდა ღირსი იღუმენი თომა, რომელმაც რამოდენიმე დღით ადრე შეიტყო წმიდა მთაზე ბილწ მწვალებელთა თავდასხმის შესახებ და ამ თავდასხმის გამო მოსალოდნელ უბედურებათა შესახებაც, შემდეგი საკვირველი შემთხვევის წყალობით:

   ზოგრაფის მონასტრის ვენახში, რომელიც მისგან სამხრეთ-დასავლეთით ნახევარი საათის სავალ მანძილზე მდებარეობდა, ერთი სათნო ბერი ცხოვრობდა. ამ ბერს სენაკში სალოცავად ესვენა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ყოველდღიურად უკმევდა და დაუჯდომელს უკითხავდა. და აი, როდესაც ღვთის საძაგელი რომაელნი წმიდა მთას მტრული განზრახვით დაესხნენ და გემებიდან ნაპირზე გადმოვიდნენ, ამ ღვთის სათნო ბერს, რომელიც, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე მდგომარე ჩვეულებრივ ლოცვას აღავლენდა და წარმოსთქვამდა: „გიხაროდენ" - მოესმა წმიდა ხატიდან გადმომავალი ხმა: „შენც გიხაროდენ ბერო! სასწრაფოდ განეშორე აქაურობას, რათა უბედურება არ გეწიოს. აუწყე მონასტრის ძმებს, მონასტერში ჩაიკეტონ, რადგან ღვთისწინააღდგომი რომაელები თავს დაესხნენ ჩემს რჩეულ ალაგს და უკვე ახლოს იმყოფებიან". ბერი მიწაზე დაემხო ხატის წინ და შეჰღაღადა: „დედოფალო, განა შემიძლია აქ დაგტოვო?" პასუხად ხატიდან მოესმა: „ნუ ზრუნავ ჩემთვის, სასწრაფოდ წადი". ბერი მონასტრისაკენ გაეშურა, რათა გაგონილი ძმებისთვის ეუწყებინა, ხოლო წმიდა ხატი ადგილიდან დაიძრა, ბერს დაასწრო, უწინ მობრძანდა მონასტერთან და მის ბჭეთა ზედა დაესვენა. ბერი მონასტერს მიუახლოვდა და როდესაც ბჭეზე დასვენებული წმიდა ხატი იხილა, შეძრწუნდა; მან ყველას უამბო თავისი გამოცხადების შესახებ. რაჟამს ბერებმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი იხილეს და ამ ყოვლადდიდებული სასწაულის შესახებ ესმათ, ადიდეს ღმერთი და ყოვლადწმიდა მშობელი მისი.

   როდესაც წინამძღვარმა შეიტყო მოსალოდნელი უბედურების შესახებ, მოუწოდა ბერებს ყოფილიყვნენ მტკიცენი და არა მხდალნი და უთხრა: „ვისთანაც შიში არ არის და განზადებულია მოწამეობისათვის, ჩემთან ერთად მონასტერში დარჩით; ხოლო ვისაც წამებისა გეშინიათ, აღიღეთ საეკლესიო ჭურჭელი და მწავალებელთა რისხვის დაცხრომამდე განეშორეთ აქაურობას, რათა სარწმუნოებას არ განუდგეთ და გმობით არ სცოდოთ". ამგვარად, ისინი, ვისაც წამებისა ეშინოდა, ხევებში, გამოქვაბულებსა და მთათა ხეობებში დაიმალნენ, ხოლო წმინდა იღუმენი დანარჩენ ბერებთან ერთად კოშკში ჩაიკეტა; არა შიშის გამო, არამედ რათა შემთხვევა გამოეყენებინა და მწვალებლობა ემხილებინა. მტარვალნი გარს შემოერტყნენ მონასტერს და კოშკში მყოფთ უყვიროდნენ: „კარი გაგვიღეთ, კარი გაგვიღეთ!" მაგრამ ღირსმა უპასუხა: „არა გიცნით თქვენ, - ვინ ხართ". მათ მიუგეს: „ჩვენ მონანი ქრისტესნი ვართ და მოვსულვართ, რათა ცთუნებულნი ჭეშმარიტების გზაზე მოვაქციოთ". ხოლო წმიდამ კვლავ უთხრა: „განგვეშორენით მოქმედნი უსჯულოებისანი, რამეთუ სამოციქულო იტყვის: გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქვენ გარეშე მისსა, რომელ-იგი გახარე თქუენ, შეჩუენებულ იყავნ, ვინ ეძიებს ახალ მოძღვარს? - მხოლოდ ის, ვინც ცხადად განცოფებულ არს"... დიდხანს უმტკიცებდნენ წმიდა მამები ლათინებს მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებას, მაგრამ უსჯულო კათოლიკეთათვის ნეტართა ეს სიტყვები მგლებისათვის შურდულით ნატყორცნ ქვებს დაემსგავსა. ისინი მონასტერს დაეცნენ და წმიდა სავანე ცეცხლს მისცეს. ცეცხლის ალით მოცულნი ღირსნი მამანი კოშკზე იდგნენ და ქრისტეს მიმართ ლოცვას აღავლენდნენ წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიისათვის: „... უფალო, რომელმან ყოვლად პატიოსანი სისხლი შენი ეკლესიისათვის შენისა დასთხიე და სთქუ, ვითარმედ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას, დაიცევ იგი მგელთაგან მისთა დამღუპველთა... მწვალებლობა ესე დაამხე ძალითა ყოვლადწმიდისა სულისა შენისათა..." ლოცვის დასრულების შემდეგ ზეცით მოისმა ხმა: „გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი ფრიად არს ცათა შინა".

   ამ ხმის გაგონებაზე მტარვალნი შეძრწუნდნენ, მაგრამ სულიერ თვალზე გადაფარებული ბნელის გამო მომხდარი ვერ გულისხმაჰყვეს, ვინაიდან მათ მიერ გმობილმა სულიწმიდამ ეს ბნელი არ გაფანტა.

   ნეტარმა მამებმა სულები უფალს მიაბარეს ქრისტეს შობიდან 1276 წელს... წმინდანნი სულ ოცდაექვსნი იყვნენ. მათგან 22 ბერი იყო, 4 - ერისკაცი.

   ამის შემდეგ სჯულის გარდამავალი ლათინნი მთელ წმიდა მთას მოედვნენ. არც მონასტერი, არც კოშკი, არც სენაკი და არც არავითარი სხვა სამონასტრო საყოფელი მათგან არ დაიფარა, ყოველივე დაარღვიეს და ცეცხლს მისცეს, ხოლო ქონება განძარცვეს...

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება