მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > მღვდელთა პატივისცემისათვის - წმიდა იოანე ოქროპირი
მღვდელთა პატივისცემისათვის - წმიდა იოანე ოქროპირი28-10-2016, 00:03 |
დიდი სიფრთხილითა და ყურადღებით უნდა მოვეპყრათ იმათ, რომელთაც მინიჭებული აქვთ ძალაუფლება მადლისმიერი მოქმედებისა. მართლაც, უდიდესი პატივია მღვდლობა! მათზეა ნათქვამი: „ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიუტევნენ მათ; და უკეთუ შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ". ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული: „დაემორჩილენით წინამძღვართა თქვენთა და ერჩდით მათ. და უმეტესად შერაცხენით იგინი სიყვარულით უფროის საქმისათვის მათისა" (ეზრ. 13, 17). ჩვენ მხოლოდ ჩვენი საქმეებისათვის ვზრუნავთ. თუკი საკუთარ ცხოვრებას მოვაწყობთ, სხვებისათვის პასუხს არავინ მოგვთხოვს. მღვდელმა კი, თუნდაც საკუთარი საქმეები რიგიანად მოაწესრიგოს, თუ არ იზრუნებს თავის სამწყსოსათვის, მაშინ იგი სხვა ცოდვილებთან ერთად გეჰენიაში წარიგზავნება და ხშირად, საკუთარი ცხოვრებით უცოდველი, იგი იღუპება ჩვენი უსჯულოების გამო. ამიტომაც, თუკი ვიცით, თუ რა განსაცდელი ელოდებათ მღვდლებს, მივუძღვნათ მათ დიდი სიყვარული. ამასვე გვეუბნება პავლე მოციქული: „დაემორჩილენით წინამძღვართა თქვენთა და ერჩდით მათ, რამეთუ იგინი იღვიძებენ სულთა თქვენთათვის, ვითარცა იგი სიტყუაი მისცენ". მღვდლებს დიდი პატივი უნდა მივაგოთ. და თუ ჩვენ სხვებთან ერთად დავიწყებთ მათ შეურაცხყოფას, მაშინ ჩვენი საქმეებიც არ წარიმართება კარგად. სანამ მესაჭე კეთილდღეობს, მანამ მგზავრებიც უსაფრთხოთ არიან და თუ იგი მგზავრებისაგან შეურაცხყოფილი და მათი უხეში დამოკიდებულებით ურვასა და გასაჭირშია, იგი ვერ იქნება უწინდელივით ფრთხილი და მზრუნველი, ვერ იმოქმედებს ძველებური სიმარჯვითა და ხელოვნებით და უნებურად ყველას უთვალავ უბედურებას შეამთხვევს. ასევეა მღვდლებიც. თუ ისინი პატივცემულნი და დაფასებულნი იქნებიან, მაშინ შეძლებენ ჩვენს შეწევნას ისე, როგორც საჭიროა. თუ ჩვენ დავამწუხრებთ მათ, დავამძიმებთ ჩვენი საქციელით, ამით ხელს შევუწყობთ, რომ ისინიც იოლად დაინთქნენ ცხოვრებისეულ ტალღებში. გაიაზრეთ, რა თქვა ქრისტემ იუდეველთა შესახებ: „საყდართა მოსესთა დასხდნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი. ყოველმა უკუე რაოდენსა გეტყოდიან თქუენ და მარვად" (მთ. 23, 23). ახლა ვერ ვიტყვით, რომ მღვდლები მოსეს საყდარზე სხედან, ისინი ქრისტეს საყდარზე არიან აღსაყდრებული, რადგან მათ ქრისტეს სწავლება მიიღეს. ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული: „ქრისტესათვის, უკუე ვითარცა ღმერთი გლოცავს ჩუენ მიერ". ნუთუ ვერ ხედავთ, თუ როგორ ემორჩილებიან მავანნი საერო ხელისუფლებას? ხშირად ისინი აღმატებულნი არიან კიდეც თავიანთ ხელისუფალზე გვარიშვილობით, ცხოვრებისეული დონით, სიბრძნით, მაგრამ, პატივს მიაგებენ მათ ნებას ღირსების მიუხედავად, რადგანაც მათ ძალაუფლება აქვთ მინიჭებული. ასეთი შიში და რიდი გაგვაჩნია ჩვენ ადამიანის მიერ დადგენილის მიმართ, მაგრამ, როცა ჩვენს წინ უფლისაგან ხელდასხმული დგას, კიდეც ვამცირებთ, კიდეც შევურაცხვყოფთ, უამრავი განკითხვითაც ვავსებთ მას ( ეს მაშინ, როცა ძმათა განკითხვაც აკრძალული გვაქვს). ადამიანები ორლესულ მახვილს მივმართავთ ხოლმე მღვდელთა წინააღმდეგ. როგორღა გავიმართლებთ თავს, როცა საკუთარ თვალში მორს ვერ ვამჩნევთ, სხვისაში კი ფიჩხს ვეძებთ? ნუთუ არ ვიცით, რომ როცა სხვას ვსჯით, საკუთარ თავსაც ვუმზადებთ უმძიმეს სასჯელს? სწორად გაიგეთ, ყველაფერ ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ უღირსი მღვდლები გავამართლო, მე ისინი უაღრესად მეცოდებიან და ხშირად ვტირი კიდეც მათი ხვედრის გამო, მაგრამ უბრალო ადამიანებსა და მათდამი დამორჩილებულებს არ აქვთ მათი განკითხვის უფლება. უკიდურესად უკუღმართი ცხოვრებითაც რომ ცხოვრობდეს მღვდელი, მორწმუნენი მაინც არ ზარალდებიან. უფალმა, რომელმაც ბაალის ვირი აალაპარაკა მორწმუნეთა სასარგებლოდ, ყველაფერს გააკეთებს, სულიწმიდას გადმოგვივლენს, ჩვენი სულის გადასარჩენად რა თქმა უნდა, თუკი ღირსები ვიქნებით. კარგ მღვდლებსაც კი სულიწმიდის მადლი საკუთარი რწმენით კი არა, ღვთისგან მიენიჭებათ. და რამდენად დიდიც არ უნდა იყო ადამიანის სიბრძნე, იგი ყოველთვის ბევრად ნაკლები იქნება უფლის მადლზე. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ უზრუნველად და დახსნილად ვიცხოვროთ, არამედ იმისათვის, რომ წინამძღვართა უკეთურების შემხედვარე მორწმუნენი არ ჩავარდნენ განკითხვის ცოდვაში, რადგან თვით ანგელოზებსა და მთავარანგელოზებსაც კი არ შეუძლიათ შეცვალონ ის, რაც წმიდა სამებისაგან მოგვემადლა. მღვდელი მხოლოდ ფიზიკურად მოქმედებს და უსამართლობაც იქნებოდა, ზარალი მიეღო მას, ვინც რწმენით მიეახლება ჩვენი გადარჩენის სიმბოლოებს. ამიტომ ძმანო, გვეშინოდეს ღვთისა და პატივი მივაგოთ მღვდლებს, რათა საკუთარი კეთილი საქმეებისა და მათი პატივისცემისათვის უფლისაგან მივიღოთ დიდი წყალობა!
თარგმნა: მღვდელმა ზაქარიამ (მარგალიტაძე) Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |