მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი

ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი


4-12-2016, 07:57

 


 

   ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ივერიის ხატი, რომელიც ამჟამად ათონის წმიდა მთაზეა დაცული, IX საუკუნეში ერთი ღვთისმოშიში ქვრივი დედაკაცის კუთვნილება იყო, რომელიც ქალაქ მიკეის მახლობლად ცხოვრობდა. იმპერატორ თეოფილეს დროს ხატთმბრძოლი მწვალებლები, რომლებიც ყველგან დაეძებდნენ წმიდა ხატებს და ანადგურებდნენ მათ, ამ ქრისტიანი ქალის სახლშიც მოვიდნენ, და ერთ-ერთმა მხედარმა შუბი აძგერა ღვთისმშობლის ხატს. მაშინვე ხატის დაზიანებული ადგილიდან სისხლმა დაიწყო დენა. მასპინძელი, იმის შიშით, რომ უარესი რამ არ დაეწიათ ოჯახის ამ სიწმიდისათვის, ფულს შეპირდა იმპერატორის მხედრებს და სთხოვა მათ - დილამდე მაინც ხელი არ ახლოთო ხატს. როცა ისინი წავიდნენ, დედაკაცმა თავის ძესთან ერთად (შემდეგში იგი წმიდა ათონის მთაზეც იყო ბერად) წმიდა ხატი ზღვას მიანდო, რათა ამით მაინც ეხსნა განადგურებისაგან. ზღვის ტალღებზე დამდგარმა ხატმა ათონის მთას მიაღწია. ათონელი ბერები, რამდენიმე დღის განმავლობაში ხედავდნენ ზღვიდან ცამდე აღმავალ სვეტს ცეცხლისას. როცა ისინი ნაპირთან მივიდნენ, ზღვის ტალღებზე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი იხილეს. ლოცვის შემდეგ, რომლითაც ბერები მონასტრისადმი ამ ხატის ბოძებას ევედრნენ უფალს, ათონის ივერთა მონასტრის კეთილმსახურმა ბერმა, წმიდა გაბრიელ ქართველმა, ღვთის ბრძანებით, რომელიც ძილში გამოეცხადა მას, დაუბრკოლებლად გაიარა ზღვის ტალღებზე, აიღო სავანის წმიდა ხატი და სავანის ტაძარში დაასვენა. მაგრამ მეორე დღეს ხატი ტაძარში კი არ იყო, არამედ - სავანის კარიბჭეზე. ასეთი რამ განმეორდა რამდენჯერმე, სანამ წმიდა გაბრიელს კვლავ არ გამოეცხადა ყოვლადწმიდა ქალწული და თავისი ნება არ ამცნო მას: დაფარულ ხატად ყოფნა კი არ მსურს, არამედ თქვენს მფარველადო. ამის შემდეგ ბერებმა მონასტრის კარიბჭეზე დაჰკიდეს იგი და ამტომაცაა, რომ ეს წმიდა ხატი პორტაისტად, ანუ კარიბჭის ხატად იწოდება.

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება