მთავარი > თანამედროვე მამები, შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > ნათელია, რომ სოფელი აღსასრულს უახლოვდება - მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი)

ნათელია, რომ სოფელი აღსასრულს უახლოვდება - მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი)


30-10-2016, 00:02

ნათელია, რომ სოფელი აღსასრულს უახლოვდება - მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი)

 

   ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის, რომელიც გულისხმასჰყოფს, რა ხდება მის გარშემო, ნათელია, რომ სოფელი აღსასრულს უახლოვდება. ნიშნები ჟამთანი იმდენად თვალსაჩინონი არიან, რომ შეიძლება ითქვას: სოფელი მისწრაფებით ირღვევა.

   რა ნიშნები გვაქვს მხედველობაში?

   - სოფლის არანორმალურობა: ჩვენთა დღეთა მსგავსი უცხო, არაბუნებრივი მოვლენები და საქციელნი ადრე არასოდეს შეუწყნარებიათ, როგორც რამ თავისთავად ნაგულისხმევი. მოდით გადავხედოთ ჩვენს გარემომცველ სოფელს - რას წერენ გაზეთებში, რა ფილმებს აჩვენებენ, რას გადმოსცემენ ტელევიზიით, რას მიიჩნევს ხალხი საგულისხმოდ და თავშესაქცევად, რაზე იცინიან?! - ეს ყოველივე შემზარავია. და არიან ვიეთნიმე, რომელნიც განზრახ ხელს უწყობენ ყოველსავე ამას, ცხადია თავისი სარგებლისათვის და იმის საფუძველზე, რომ ხალხში არსებობს მახინჯი მისწრაფება მსგავსი საგნებისადმი.

   - ბრძოლანი და ამბავი ბრძოლათანი, ერთიმეორეზე უფრო შემზარავი და ულმობელი. ყველაფერს კი ჩრდილავს საშიშროება იგავმიუწვდომელი ბირთვული კატასტროფისა, რომელიც ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეიძლება დაგვატყდეს თავს.

   - საყოველთაო სტიქიური უბედურებანი: მიწისძვრები და ახალახალი ვულკანები, რომლებიც უკვე ცვლიან დედამიწის კლიმატს.

   - ინფორმაციის ცენტრალიაზცია და პიროვნების კონტროლის ზრდა: ამის მაგალითია ლუქსემბურგში ამოქმედებული ახალი გიგანტური კომპიუტერული ცენტრი, რომელსაც შეუძლია დედამიწის თითოეულ მცხოვრებზე აწარმოოს დოსიე. მისი კოდური ნომერია „666", ხოლო მასთან მომუშავე პერსონალმა მას მეტსახელად „მხეცი" შეარქვა. ამ ტიპის კომპიუტერთა მუშაობის გაიოლების მიზნით ამერიკის ხელისუფლება აპირებს 1984 წლიდან შემოიღოს სოცუზრუნველყოფის ჩეკები, რომელთა ნომრები (კოდური რიცხვის „666"-ის აშკარა შემცველი) მოქალაქეებს ხელზე ან შუბლზე ექნებათ აღბეჭდილი. აპოკალიფსის მიხედვით კი (თავი 13) სწორედ ეს უნდა იქცეს ძირითად მოთხოვნად ანტიქრისტეს მეუფების ჟამს. ცხადია, არ ვგულისხმობ, რომ „666"-ით აღბეჭდილი პირველივე კაცი ანტიქრისტე ან მისი მსახური იქნება, მაგრამ საყოველთაო თუ გახდა ეს მოთხოვნა, ვინღა შეძლებს წინააღმდეგობას? ხალხს ჯერ ამას მიაჩვევენ, მერე კი ანტიქრისტეს თაყვანისცემასაც აიძულებენ.

   - ქრისტემტყუართა და ცრუწინასწარმეტყველთა მომრავლება: უკანასკნელმა კანდიდატთაგანმა სწორედ წლევანდელ ზაფხულს ალბათ მილიონობით დოლარი დახარჯა, რათა მსოფლიო ტელევიზიით რეკლამა გაეკეთებინა თავისი გარდაუვალი გამოცხადებისათვის, თანაც საიმდროოდ დედამიწის ყოველ მოსახლეს ტელეპატიური შეტყობინება აღუთქვა. ამგვარ სიამეებში მონაწილედ საგულვებელ სხვადასხვა ოკულტურ ძალთა გარდა, ჩვენთვის უკვე ისიც კარგადაა ცნობილი, რომ რადიოთი და, მით უფრო ტელევიზიით შესაძლებელია არაცნობიერ სიგნალთა გადაცემა, და რომ ჩვეულებრივ ტელე-რადიო სიგნალებში ჩართვა, ყოველგვარი კანონიერი აკრძალვის მიუხედავად, ძალუძს ყველას, ვისაც კი საამისოდ ტექნიკური საშუალება მოეპოვება.

   - ჭეშმარიტად ავისმაუწყებელი რეაქცია ახალ ფილმზე, ამერიკაში ლამის ყველამ რომ ნახა და ყველას სალაპარაკოდ აქვს: მილიონობით ადამიანი, გარეგნულად ნორმალური, ნდობასა და სიყვარულს გამოთქვამს ფილმის გმირის, „კოსმოსიდან მოვლენილი მხსნელის" მიმართ, რომელიც აშკარად დემონია. ეს უკვე განცხადებული მზადებაა მომავალი ანტიქრისტეს თაყვანსაცემად (სიტყვას მოჰყვა და ამერიკის ბერძნული საარქიეპისკოპოსოს ოფიციალურ გაზეთში კინოს განყოფილების რედაქტორი, მართლმადიდებელი მღვდელი, მთელი გულით უქადაგებს მართლმადიდებელთ ამ ფილმს: ეს მშვენიერი ფილმი სიყვარულს გვასწავლის და ყველამ უნდა ნახოსო. რაოდენ მკვეთრია განსხვავება მათ შორის, ვინც მოვლენებში გარკვევას ცდილობს და ვინც ოდენ საზოგადო განწყობილებას აჰყოლია).

   სხვა მაგალითებისა და წვრილმანების მოტანაც შემეძლო, მაგრამ თქვენი დაშინება კი არ განმიზრახავს, მინდა დაგანახოთ, რა ხდება ჩვენს გარშემო. ჭეშმარიტად, ახლა უკვე უფრო გვიანია, ვიდრე ჩვენ გვგონია. აპოკალიფსი აწვე აღესრულება, და რაოდენ სამწუხარო სახილველნი არიან ქრისტიანენი, მეტადრე - ახალგაზრდები, მართლმადიდებელი ახალგაზრდობა, რომელთაც კარს მოსდგომიათ ეს წარმოუდგენელი განსაცდელი და მათ კი ჰგონიათ, რომ ამ საშინელ დროსაც შეუძლიათ განაგრძონ ეგრეთ წოდებული „ნორმალური ცხოვრება", ბოლომდე თანაეზიარონ გულისწადილებს უგუნური, თავისმაცთუნებელი თაობისა, რომელსაც ეჭვადაც არ მოსდის, რომ სულელთა სამოთხე, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, საცაა დაიქცევა - და სრულიად განუმზადებელი შეხვდებიან მოსალოდნელ ბოროტ ჟამს. დღესდღეობით საკითხი კი ის აღარ არის, „კარგი" მართლმადიდებელი ქრისტიანენი ვიქნებით თუ „ცუდი", დღეს საკითხი ასე დგას - შევინარჩუნებთ თუ ვერა საერთოდ რწმენას?! მრავალნი ვერ შეინარჩუნებენ... მომავალი ანტიქრისტე იმდენად მომხიბლავი იქნება, იმდენად თანაშეეწყობა დროის სულს, ამა სოფლის სულს, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფვით, რომ უმრავლესობა ვერც კი შეიტყობს თავისი ქრისტიანობის წარწყმედას, ისე თაყვანის-სცემს მას.

   მაგრამ ქრისტეს მოწოდება კვლავაც აღწევს ჩვენამდე. მოდით, ყური მივუპყრათ მას. აწ ყველაზე განცხადებულად ეს მოწოდება მოისმის დამონებული, უღმერთო სამყაროდან, სადაც ჯერ კიდევ ნამდვილად არსებობს დევნილება ქრისტესათვის, არსებობს ცხოვრების სერიოზულობა, რომელსაც ჩვენ სწრაფად ვკარგავთ, თუ არ დაგვიკარგავს უკვე. რუმინელი მართლმადიდებელი გეორგ კალჩუ  ამჟამად კომუნისტურ საპატიმროში კვდება, რადგან სტუდენტებსა და სემინარისტებს თამამად მოუწოდა, განეშორებინათ ბრმა შემსჭვალულება ჟამთა სულისადმი და ქრისტეს სამსახურად გასულიყვნენ. ისაუბრა რა, ათეიზმის სიცარიელეზე, მან ასე მიმართა თანამედროვე ახალგაზრდებს: „მე თქვენ ბევრად უმეტეს აღფრთოვანებად მოგიწოდებთ, თავისი თავი სრულ უარყოფად, კადნიერებად, რათა არად შერაცხოთ სიბრძნე ამა სოფლისა. მე მოგიწოდებთ თქვენ უფლისა მიმართ, რომელსაც უძლევიეს სოფელი. მოგიწოდებთ, რათა სცნათ სულის სიხარულის დაუსრულებელი სამოთხე, რასაც თქვენ ბრმად ეძიებთ თქვენსავე ჯოჯოხეთში, ეძიებთ უნებლიე წინააღდგომის ჟამსაც კი. იესომ გამოგირჩიათ და შეგიყვარათ და აწ თქვენ გეძლევათ არჩევანი მის მოწოდებაზე საპასუხოდ. პასუხი ნიშნავს განემზადოთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ და ნაყოფი თქვენი ეგოს სავსებით, რათა იყოთ ქრისტეს მოციქულნი ამა სოფლად, რათა შეიყვაროთ მოყვასი თქვენი, ვითარცა თავი თვისი და ყოველი კაცი მეგობრად შერაცხოთ, რათა ყოველი თქვენი საქმით მოუთხრობდეთ ერთადერთს უსაზღვრო სიყვარულს, რომელიც მონას ღმრთისა მეგობრად შეიქმს, რათა მოციქულნი იყოთ იმ განმათავისუფლებელი სიყვარულისა, რომელიც ყოველი კრულვებისაგან გიხსნით და სიწმიდეს მოგმადლებთ, როგორც კი ღმერთს განუკუთვნებთ თავს".

   ახალგაზრდებს, რომელთაც მამა გეორგი მიმართავს, გული არ მიუწევდათ ქრისტეს ეკლესიის სამსახურად, რადგან მიღებული ჰქონდათ ამქვეყნიური შეხედულება (ჩვენთვის, თავისუფალი სამყაროს მკვიდრთათვისაც ასევე ჩვეულებრივი) თითქოს ეკლესია ოდენ სენობათა ერთობლიობა ან საამსოფლო დაწესებულება იყოს. მამა გიორგი მათთან ერთად ჩვენც მოგვიწოდებს, უფრო ღრმად ჩავწვდეთ ქრისტეს ეკლესიის რაობას და ვცნათ, რომ ცხოვნებისათის ეკლესიის ფორმალური წევრობა არ კმარა.

   ქრისტეს ეკლესია ცხოველია და თავისუფალი. ჩვენ მასში ვიქცევით და ვართ ქრისტეს მიერ, რომელიც არის თავი გვამისა მის ეკლესიისა. მასში ჩვენ დავიმკვიდრებთ თავისუფლების ავსებას, ეკლესიაში უნდა ვცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტება განგვათავისუფლებს ჩვენ (იოანე 8, 32). ქრისტეს ეკლესიაში ხართ ყოველთვის, რაჟამს დაცემულს აღადგენთ, გლახაკს მოწყალებას აძლევთ ან სნეულს მიჰხედავთ: ქრისტეს ეკლესიაში იმყოფებით, რაჟამს სულგრძელი ხართ და მომთმენი, რაჟამს ძმისადმი რისხვას განიშორებთ, თუნდაც მისგან გულმოწყლული იყოთ. ქრისტეს ეკლესიაში ხართ, რაჟამს ლოცულობთ: „მიუტევე, ღმერთო!" რაჟამს პატიოსნად აღასრულებთ სამუშაოს, დამაშვრალი, მაგრამ პირნათელი შედიხართ შინ, რაჟამს ბოროტების წილ სიყვარულს მიაგებთ - ამ დროს ხართ თქვენ ქრისტეს ეკლესიაში. ნუთუ ვერ ხედავ, ჭაბუკო, მეგობარო, როდენ ახლოა სუფევა ქრისტესი? შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღაშენოს ღმერთმან ეკლესია თვისი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას. მაშ აღვაშენოთ ტაძრები ჩვენი რწმენით, ტაძრები, რომელთაც ვერავითარი ამქვეყნიური ძალა ვერ დაარღვევს, ეკლესია, რომლის საფუძველია ქრისტე! განიცადე, რომ გვერდით ძმა გყავს. ნურასდროს იტყვი ეს ვინ არისო. სჯობს თქვა: „იგი უცხო არ არის, ჩემი ძმაა, ჩემსავით ქრისტეს ტაძარია".

   რადგან გულში ეს მოწოდება გვაქვს, მაშ ჭეშმარიტად განვუკუთვნოთ თავი ქრისტეს ეკლესიას. ეკლესიის გარეგნული წევრობა არ კმარა, ჩვენს შინაგან უნდა მოხდეს ძვრა, რაც გარემომცველ სოფლისგან უცხოდ შეგვიქმს, თუნდაც ეს სოფელი „ქრისტიანულად" და „მართლმადიდებლურადაც" კი რაცხდეს თავს. მაშ შევიკრძალოთ და ვზარდოთ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი მსოფლმხედველობის ზემოთ დასახელებული თვისებები: ცხოველი, ბუნებრივი დამოკიდებულება, მოყვარული და მიმტევებელი, არა ეგოცენტრული, მაგრამ ჩვენი უბრალოებისა და არასოფლისგანობის დამცველი მაშინაც კი, რაჟამს სავსებით მდაბლად ვუწყით უსჯულოება ჩვენი და ძალა ზედამოსეულ საცთურთა ამა სოფლისათა. უკეთუ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი მსოფლმხედველობით ვიცხოვრებთ, ჩვენი რწმენა გაუძლებს მოსალოდნელ დარტყმებს და, შთაგონებისა და ცხოვნების წყაროდ ექმნება მათაც, რომელნიც აწღა შეუდგებიან ქრისტეს ძიებას, თუნდაც უკვე აღსრულებად მიწევნულ წუთისოფელში.

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება