მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მარხვა, მთავარი გვედის ფოტო > მარხვა (სულიერი მარგალიტები)

მარხვა (სულიერი მარგალიტები)


10-04-2024, 00:43
 

მარხვა (სულიერი მარგალიტები)

 

   მარხვა უძველესი დადგენილებაა, უჭკნობი, უბერებელი, მარად ახლი და მოყვავილე.

   მარხვა იფარავს ყრმას, ანიჭებს ჭაბუკს უმანკოებას, მოხუცს მატებს სიდარბაისლეს, რამეთუ ჭაღარა, მარხვით დამშვენებული, პატივის ღირსია.

   დაიცავით მარხვა, ჯანმრთელებო - იგი სიჯანსაღის პირობაა. დაიცავით მარხვა, სნეულნო - ის ჯანმრთელობის საფუძველია.

   მარხვა ზეცად აღვლენილი ლოცვის ფრთებია.

 

წმიდა მასილი დიდი

 

●●●

  

   ნუ გიმძიმთ მარხვა, რამეთუ ის გვაზიარებს მარადიულ ნეტარებას.

 

(წმიდა) ღირსი ეფრემ ასური

 

●●●

 

   ხორციელ მარხვასთან ერთად სულიერი მარხვაც არსებობს. ხორციელი მარხვისას ადამიანი მარხულობს საჭმელითა და სასმელით. სულიერი მარხვისას თავს უნდა ვიკავებდეთ ბოროტი აზრებისაგან, სიტყვებისა და საქმეებისაგან. სწორად მომარხულე (ან მმარხველი) ეწინააღმდეგება მრისხანებას, სიფიცხეს, ბოღმას, შურისძიებას. ნამდვილი მმარხველი არ ბილწსიტყვაობს, არ ჭორაობს, უქმად არ მეტყველებს, არ განიკითხავს, არ ტყუის. ერთი სიტყვით, ჭეშმარიტი მმარხველი არის ის, ვინც ყოველგვარ ბოროტებას განეშორება.

   ჰხედავ, ქრისტიანო, როგორია სულიერი მარხვა.

 

წმიდა ბასილი დიდი

 

●●●

 

   შეუძლებელია ღმერთთან მიახლოება მათთვის, რომლებსაც მანამდე არ უზრუნიათ მარხვით განეკურნათ თავი. ისევე როგორც ექიმი ურჩევს ავადმყოფს განკურნების შემდეგ დაავადების გამომწვევი მიზეზისაგან თავშეკავებას, ასევე ქრისტემ ნათლობის შემდეგ მარხვა დაუწესა ადამიანს.

   ცდება, ვინც ფიქრობს, რომ მარხვა მხოლოდ საჭმელისაგან თავშეკავებაა. ჭეშმარიტი მარხვა ბოროტების, მრისხანების, უქმადმეტყველების, ჭორის, სიცრუისა და ფიცის უარყოფაა.

   მშვენიერია მარხვისას გაწეული შრომა, რადგანაც გაწმენდს ჩვენს სულს ცოდვათა სიმძიმეებისაგან და ამსუბუქებს ქრისტეს მცნებებს.

   თუ საკუთარი სურვილით შეუდექი მარხვას, პირქუშად ნუ გამოიყურები, რამეთუ მარხვა განწმენდს შენს სულს ცოდვის სიბილწისაგან.

   მშვენიერია მარხვა, რადგანაც ის სარეველა ბალახივით თელავს ჩვენს ცოდვებს, სიმართლეს კი, როგორც ყვავილებს, ახარებს.

   მარხვა სამკურნალო საშუალებაა, უდიდესი სარგებლობის მომტანი, მაგრამ ხშირად უშედეგო მათთვის, ვინაც არ იცის, როგორ გამოიყენოს იგი.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

●●●

 

   უნაყოფოა მარხვა და ლოცვა, თუ მრისხანებ მოყვასზე და არ შეუნდობ მას.

 

(წმიდა) ღირსი ეფრემ ასური

 

●●●

 

   ბოროტ ძალებზე მარხვი მოქმედება ჩვენს სულზე მის ძლიერ გავლენაში მდგომარეობს.

   ლოცვა უძლურია თვინიერ მარხვისა, მარხვა უნაყოფოა ლოცვის გარეშე.

 

წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

●●●

 

    ჩვენი დიდი სურვილის მიუხედავად, მარხვა მაშინაა სათნო და კეთილი, როცა ის დროულია და ზომიერი. ამიტომ არ ვიმედოვნებთ მხოლოდ მარხვაზე, მაგრამ მისი შენახვით, გვსურს მივაღწიოთ გულის სიწმინდესა და მოციქულებრივ სიყვარულს.

 

ღირსი იოანე კასიანი

 

●●●

 

   წმიდა მამები მარხვას ყოველგვარი სიკეთის საფუძვლად თვლიდნენ, რამეთუ მარხვა უნარჩუნებს სათანადო სისუფთავესა და სიფხიზლეს ჩვენს გონებას, შესაბამის სიფაქიზესა და სულიერებას ჩვენს გულს. ის, ვინც შეარყევს სათნოებათა საფუძველს, მთელ შენობასაც არყევს.

 

წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

●●●

 

   მარხვას იცავ? შენდობა სთხოვე ვისაც აწყენინე, ნუ გშურს მოყვასის, ნურავინ ნუ გძულს. მარხულობ? ნუ მიეცემი პატივმოყვარეობას. პირი დაითმინო და მრისხანებდე? რა სარგებელი აქვს მარხვას, როცა დაითმენ საკვებს და სხვისას მიითვისებ. რა აზრი აქვს მარხვით გათანგო სხეული და არ დააპურო მშიერი?

   მარხულობ? გამოკვებე მშიერმწყურვალი, ინახულე ავადმყოფები, არ მიატოვო პატიმრები, შეიბრალე დატანჯულები, ანუგეშე მგლოვიარენი და მტირალნი. იყავი მოწყალე, მშვიდი, კეთილი, ჩუმი, მრავლისმომთმენი, თანამგრძნობი, არაგულღრძო, მოკრძალებული, მართალი, ღვთისმოსავი, რათა უფალმა შენი მარხვა მოიწონოს და სინანულის ნაყოფი მოგმადლოს.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება