მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, მთავარი გვედის ფოტო > ცრუბრალდება წმ. იოანე ოქროპირის მისამართით

ცრუბრალდება წმ. იოანე ოქროპირის მისამართით


13-10-2016, 00:08

ცრუბრალდება წმ. იოანე ოქროპირის მისამართით


   მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ლიბერალები თავიანთი მცდარი აზრის დასამტკიცებლად, რომ ქრისტემ ვითომ ჯოჯოხეთიდან ყველა ადამიანის სული აღმოყვანა, თვით წმ. იოანე ოქროპირს იშველიებენ.

   ვნახოთ, რის საფუძველზე ცდილობენ ლიბერალები ასეთი დიდი წმინდანი ჩარიცხონ თავიანთ რიგებში?

   1) წმ. იოანე ოქროპირის სიტყვების საფუძველზე, რომლებიც ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულზე იკითხება:

   „ნუ ვინ ჰგოდებენ ცოდვათათვის, რამეთუ შემნდობელი ჩვენი აღმობრწინდა საფლავით. ნუვინ ძრწინ და ეშინინ სიკუდილისაგან, რამეთუ განმათავისუფლნა ჩუენ სიკვდილმან მაცხოვრისამან და დაშრიტა მათთვის, რომელნი პყრობილ-იყუნენ მისგან. წარმოსტყვენა ჯოჯოხეთი, შთახდა რა მას შინა, განამწარა იგი შთასვლითა თვისითა, და ესე ისაია პირველივე ღაღადყო, ჯოჯოხეთი რა შეგემთხვა იტყვის, ქუეშე შენსა განმწარდა, რამეთუ განქარდა. განმწარდა, რამეთუ მოიკიცხნა, განმწარდა, რამეთუ მოიკლა, განმწარდა, რამეთუ დაიმხო, განმწარდა, რამეთუ შეიკრა".

   თავიდანვე ვიტყვით, რომ იმავე აღდგომის დღის სვინაქსარში ვკითხულობთ: „და აწ ჯოჯოხეთის ამის საუნჯისაგან ყოველივე პირველსავე მას უხრწნელებისა პატივსა კუალად ღირს - ყუნა. გარნა შთახდა რა ჯოჯოხეთად არა ყოველნი აღმოიყვანა, არამედ იგინი, რაოდენნიცა იყუნენ საუკუნითგან პყრობილნი ჯოჯოხეთისა მისგან განათავისუფლნა".

   რაც შეეხება წმ. იოანე ოქროპირის სააღდგომო სიტყვის აზრს, რომ ქრისტემ ჯოჯოხეთში შთასვლით „წარმოსტყვენა ჯოჯოხეთი", რომ ჯოჯოხეთი განმწარდა, რამეთუ განქარდა,... მოიკიცხა, მოიკლა, დაიმხო, შეიკრა". წმ. ოქროპირი ამბობს: „ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ქრისტემ შემუსრა სიკვდილის ძალა, მაგრამ არ აღმოუფხვრია მის მოსვლამდე გარდაცვლილთა ცოდვები. სხვაგვარად რომ იყოს და მას რომ ყველა მიცვალებულის სული გაეთავისუფლებინა, მაშინ რატომ თქვა: „უმოლხინეს იყოს ქუეყანა იგი სოდომისაჲ და გომორისა დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქი იგი" (მათ. 10. 15). ამით უნდა გულისხმავყოთ, რომ ისინიც დაისჯებიან. და თუმცა მათ ამასოფელში უკვე მიიღეს უმძიმესი სასჯელი, ეს ვერ იხსნის სასჯელისაგან".1

   წმ. იოანე ოქროპირი მრავალგზის შეგვაგონებდა:

   „რადგან სოფლის უმცირესი ნაწილი გადარჩება, ნუგეში ვეძიოთ ცოდვათა შენანებაში; არ გადაუხვიოთ ზეცისკენ მიმავალი სიკეთის გზას, რათა შევძლოთ ზეციური სასუფეველის დამკვიდრება".2

   „სიკვდილის შემდგომ თუნდაც კაცთმოყვარენი რომ გავხდეთ, ვერანაირ სარგებელს ამით ვერ მიიღებთ და ვერ გავექცევით სასჯელს. ქალწულებსაც (ათი ქალწულის იგავი მათ. 25. 1-13) არ მოუტანა შედეგი მოღვაწეობამ, იმიტომ რომ ისინი არა აქ, არამედ იქ დადიოდნენ ზეთის შესაძენად, ისევე, როგორც მდიდარს (მდიდრისა და ლაზარეს იგავი) არ მოუტანა სარგებელი საკუთარ ნათესავებზე მზრუნველობამ".3

   „ბოროტნი და ანგარებისმოყვარენი აქაც და იქაც ისჯებიან: აქ მათ მოსვენებას არ აძლევს სამომავლო მარადიული ტანჯვის მოლოდინი, საზოგადოებაში მათზე გავრცელებული ცუდი აზრი, ცოდვები და საკუთარი სულის გახრწნაც კი; აქედან განსვლის შემდგომ კი აუტანელ წამებას განიცდიან".4

   2) მეორე არგუმენტი, რომლითაც ლიბერალები ცდილობენ წმ. იოანე ოქროპირი თავიანთი ცრუსწავლების მქადაგებლად წარმოაჩინონ, მღვდელმთავრის შემდეგი სიტყვებია: „ყველა მორწმუნე, რომლებიც არსებობენ, არსებობდნენ და იარსებებენ მსოფლიოში, ისევე ისინიც, რომლებიც ქრისტეს მოსვლამდე სათნო ეყვნენ ღმერთს, არსებითად ერთ სხეულში არიან. რატომ? იმიტომ რომ მათ შეიცნეს ქრისტე?"5

   მაგრამ სად არის აქ საუბარი მათ ცხონებაზე, ვინც არ იცოდა ქრისტე? აქ წმინდა მამა საუბრობს ძველი აღთქმის მართლებზე, ვინც ცდილობდა სათნო ყოფილიყო ღვთისთვის და სულიწმიდის განცხადებით უწყოდა მისი მოსვლის შესახებ. ასევე იმ ქრისტიანებზე, რომლებმაც შეიცნეს ქრისტე და სათნო ეყვნენ ღმერთს მისი მოსვლის შემდეგ. გაოცებას იწვევს, თუ როგორ ცდილობენ წმინდანის ამ სიტყვებით საკუთარი მტკიცებულების გამართლებას. თითქოსდა ეკლესიის წევრობა და ცხონება რაღაცნაირად შესაძლებელი იყოს მისთვისაც, ვისაც ცხოვრებაში არ სწამს ქრისტე, ვინც ცდილობს ეშმაკის მსახურებას, ვინც წარმართული ღმერთების სახელით ინიღბება.

   ის, რომ წმინდა იოანე ოქროპირი ცხონებულთა რიცხვში არ მოიაზრებს წარმართებს, ნათლად ჩანს მღვდელმთავრის შემდეგი სიტყვიდან:

   „რომ არსებობენ ცუდათ მცხოვრები ქრისტიანები მეც ვიცი; მაგრამ თუ არსებობენ ღვთივსათნოდ მცხოვრები წარმართები, მე არ უწყი. ვინმეს კამათის მოყვარულად რომ არ მოვეჩვენო, დავეთანხმები მოსაზრებას, რომ წარმართებს შორის არსებობენ სათნოდ მცხოვრებნი. მაგრამ იხილეთ, ქრისტე როგორ აბათილებს მათი მხრიდან ყოველგვარ გამართლების შესაძლებლობას. ქრისტე ამბობს, რომ „ნათელი მოვიდა სოფლად". ეძებდნენ კი წარმართები მას, მუშაკობდნენ ან ზრუნავდნენ მისი მოპოვებისთვის?! ნათელი თავად მივიდა მათთან, მაგრამ ისინი მაშინაც არ გაეშურნენ მისკენ. თუ ქრისტიანებს შორის ვიღაც ცხოვრობს ცუდად, ამის გამო შევნიშნავთ რომ ქრისტე არა მათზე საუბრობს, რომლებიც დაბადებიდანვე ქრისტიანები იყვნენ და წინაპრებისაგან მიიღეს სარწმუნოება (თუმც ისინიც არცთუ იშვიათად უკეთური ცხოვრებისა და უმართებულო სწავლებისაკენ იხრებოდნენ), არა მათზე, არამედ რომლებიც იუდეველებისა და წარმართებისაგან უნდა მოქცეულიყვნენ მართალ სარწმუნოებაზე. ქრისტე გვიჩვენებს, რომ ვერავინ ცდომილებაში მყოფი ვერ მოექცევა მართალი სარწმუნოებისაკენ, თუ მანამდე არ ისურვებს ღვთივსათნო ცხოვრებას, და ურწმუნოებაშიც ვერავინ დარჩება, თუ მანამდე არ გადაწყვიტა ბოროტებაში ყოფნა (დარჩენა).6

   ამის შემდეგ წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: „ისმინეთ ყველამ, უცხონო, ნათლისღებით გაუნათლებელნო; შეძრწუნდით, იგლოვდით! საშიშია ეს მუქარა, საშინელია განაჩენი! შეუძლებელია, ამბობს ქრისტე, ვინც არ იშვას წყლისა და სულისაგან შესვლა სასუფეველსა ცათასა, იმიტომ რომ მოუნათლავი ჯერ კიდევ ატარებს წყევისა და სიკვდილის სამოსს, ჯერ არ მიუღია უფლის ნიშანი, ჯერ არ არის ჩვენიანი, არამედ უცხოა, არ გააჩნია სასუფეველის ნიშანი".7

   იმის დასასაბუთებლად, რომ წმიდა იოანე ოქროპირი ცხონების შესაძლებლობას მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიის წიაღში ხედავს, კიდევ ერთს ვიტყვით: „ღვთის შეუცნობელი წარმართი უნდა ტიროდეს, იმიტომ რომ სიკვდილისთანავე პირდაპირ დასასჯელში მიდის. უნდა გლოვობდეს იუდეველიც, რომელსაც არ სწამს ქრისტე, მანაც თავისი სული წარსაწყმედელად გაიმეტა. სიბრალულის ღირსია ჩვენი კათაკმეველებიც, თუ ისინი საკუთარი ურწმუნოებით ან მოყვასის უდებების გამო მოუნათლავები აღესრულებიან".8

   გვერწმუნეთ, კიდევ მრავალი ამონარიდის მოშველიება შეიძლება ლიბერალთა არგუმენტების უარსაყოფად, მაგრამ ეს საკმარისია წმინდანზე ცრუბრალდების გასაბათილებლად.

   დავასკვნით: წმ. იოანე ოქროპირი სააღდგომო ქადაგებაში ამბობს, რომ ქრისტემ ჯოჯოხეთში შთასვლით მთლიანად გაანადგურა სიკვდილის ძალა. „მის მიერ სიკვდილი განქარდა", მაგრამ ამასთან დასძენს, რომ ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს „მის მოსვლამდე მცხოვრებთა ცოდვებიც განადგურდა".

   წმ. მღვდელმთავარი ცალსახად ამბობს: „მხოლოდ ახლანდელი ცხოვრებაა მოღვაწეობის დრო, სიკვდილის შემდეგ კი სამსჯავროსა და სასჯელის დრო დადგება. ითქვა: „ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ" (ფს. 6. 6).9

   ამრიგად, ცხონდება მხოლოდ ის, ვისაც სწამდა ჭეშმარიტი ღმერთი. (გაგრძელება...)

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 

 

 

 

 

1Св. Иоанн Злотоуст. Избранные Творения. М. 1992. К. 1. გვ. 399.

2წმ. იოანე ოქროპირი. მე-10 საუბარი ტიმოთესადმი. 1 ეპისტოლე. წიგნ. „ბჭე სიწმინდისა".

3იქვე.

4წმ. იოანე ოქროპირი. 1 საუბარი ლაზარეს შესახებ. წიგნ. „ბჭე სიწმინდისა".

5Священное писание в толкованиях Св. Иоанна Злотоусиа. М 2006. Т IX. გვ. 110.

6Св. Иоанн Злотоуст. Беседы на Евангелие от Иоанна. 28. 2).

7იქვე 25. 1).

8Св. Иоанн Злотоуст. Творения. Т II. СПБ. 1899. გვ. 641.

9Вера. Православная.ру.


უკან დაბრუნება