მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > დოგმატებისადმი გულგრილობა (ნაწილი 2) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

დოგმატებისადმი გულგრილობა (ნაწილი 2) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


12-10-2016, 00:07

 

   ძირითადი დოგმატური დაზიანება თანამედროვე ქრისტიანების გონებისა, გამოწვეულია ეკლესიის მამებისეული სწავლების, წმინდა წერილისა და წმინდა გარდამოცემის დაკარგვით. თანამედროვე წარმოდგენა ეკლესიაზე ლიბერალურ წრეებში სულ უფრო უახლოვდება პროტესტანტულ ხედვებს, ვით კაცობრივი საზოგადოებისა, რომლებიც გაერთიანებულნი არიან აზრთა თანხვედრითა და რიტუალებით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ეკლესიის ღვთაებრივი მხარე ვით თაბორის ნათლისა და უწყვეტი სულთმოფენობის მადლის მცველისა იშლება, ის ადამიანურ ინსტიტუტად მიიჩნევა.

   მებრძოლი მოდერნისტებისთვის ეკლესია პრივატიზებული სახლია, რომლის სახეცვლილება საკუთარი შეხედულებისამებრ შეიძლება.

   გამოცხადებას ორი ფორმა გააჩნია: წმინდა წერილი და გარდამოცემა. წმინდა გარდამოცემა სიმბოლურ წიგნებში განცხადდა. დოგმატური და კანონიკური განსაზღვრებანი მსოფლიო კრებების, საღვთისმსახურო ტექსტებისა და ჰაგიოგრაფიული ძეგლებისა სულ უფრო ძლიერ უფასურდება ლიბერალური საზოგადოების თვალში. რაც შეეხება მოდერნისტებს, მათთვის წმინდა გარდამოცემა მეტწილად მითოლოგიაა, რომელიც არ იმსახურებს თანამედროვე „განათლებული" ადამიანის ყურადღებას. მსოფლიო კრებებზე განსაზღვრულ დოგმატებსა და კანონებს ცნობილმა მოდერნისტმა ნიკოლო ზერნოვმა „ეკლესიის ყველა ტრაგედიის დასაბამი" უწოდა.

   მოდერნისტები ცდილობენ სარწმუნოებრივ - აღმსარებლური წყაროების დისკრეტიზირებას, საღვთისმეტყველო ტრადიციის უგულებელყოფასა და გაარშიყებას, გასული საუკუნეების მემკვიდრეობის განადგურებას. და შექმნან ახალი ქრისტიანობა, რომელიც თანამედროვე ადამიანის გემოვნებასა და მოთხოვნილებას შეესაბამება. მარტივად რომ ვთქვათ, ვნებს თანამედროვე საზოგადოებას, რომელიც ლიბერალიზმისა და ჰუმანიზმის რადიაციის ქვეშ იმყოფება. მოდერნისტები იმის ნაცვლად, რომ ეკლესიის ჭეშმარიტების თანაზიარი გახადონ სამყარო, თავად ეკლესიას უქვემდებარებენ ამასოფლის სულისკვეთებას და პერმანენტურ სეკულარიზაციას.

   მეორე დოგმატური სიმახინჯე, ჩვენი აზრით, მოდერნისტების მისწრაფებაშია არსობრივად გარდაქმნან, უგულებელყონ მართლმადიდებლური სოტერეოლოგია; გამოაცალონ მას გამოხსნის დოგმატი და შექმნან ახალი სოტერეოლოგია სახელწოდებით „ცხონების ზნეობრივი თეორიები".

   გამოხსნის დოგმატი - გულია ქრისტიანობისა! ქრისტეს მიერ კაცობრიობის გამოხსნის დოგმატი იმაში მდგომარეობს, რომ ჯვარცმულმა მესიამ თავს იღო ვნება და წამება, რომელიც ღვთის სამართლიანი განგებულებით ამძიმებდა კაცობრიობას. მაცხოვარმა საკუთარი თავი დასდვა ჩვენთვის და ამით სამართლიანობა სიყვარულთან, ხოლო სიყვარული - მართლმსაჯულებასთან შეაერთა. ამაშია გოლგოთის მსხვერპლის მნიშვნელობა.

   რევოლუციის წინა წლებში, იმ მგზნებარე ასწლეულში დაიწყო განმაახლებლური მოძრაობა. განმაახლებლები აცხადებდნენ, რომ თანამედროვე ადამიანს უკვე აღარ ასულდგმულებს გამოხსნის სწავლება და საჭიროა ახალი იდეების შემოღება. ჰუმანიზმი, ვით ადამიანის კულტი, ვერ ეგუება გამოხსნის სწავლებას. ის მას ადამიანის ღირსების შელახვად მიიჩნევს. მისთვის მეტად ხელსაყრელია სხვა სწავლება, კერძოდ, რომ ადამიანი თავად გადაირჩენს თავს სახარებისეული მცნებების აღსრულებითა და იესო ქრისტეს, ვით ადამიანის ზნეობრივი მიმბაძველი. ამასთან, მოდერნისტების ერთი ნაწილი უშვებს აზრს, რომ ქრისტე იდეალური ადამიანია, სხვები კი მიიჩნევენ, რომ ის ცოდვილია, რომელმაც მასში არსებულ ცოდვასთან და ვნებებთან ბრძოლის შედეგად, ნელ-ნელა ზნეობრივად სრულყოფილდებოდა და საბოლოოდ, ჯვარზე ტანჯვის დროს გაიმარჯვა ცოდვაზე. ამ ცრუსწავლების მიხედვით ქრისტე არა გამომხსნელად, არამედ პედაგოგად წარმოჩინდა, რაც გზას უხსნის ქრისტიანიზირებული თეოსოფიისა და გნოსტიციზმის გავრცელებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ძველი გნოსტიკოს - დოკეტები უარყოფდნენ გამოხსნის დოგმატს. ქრისტეს ჯვარცმასა და ვნებას მოჩვენებით მოვლენად მიიჩნევდნენ. წმ. იოანე ღვთისმეტყველი უკრძალავდა ქრისტიანებს გნოსტიკოსებთან რაიმე სახის ურთიერთობას. ისტორია მეორდება, დღევანდელობის მსგავსება შეგვიძლია ვიპოვოთ წარსულში.

 

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება