მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > დოგმატებისადმი გულგრილობა (ნაწილი 1) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
დოგმატებისადმი გულგრილობა (ნაწილი 1) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)11-10-2016, 00:07 |
დოგმატური აზროვნება განუყრელ კავშირშია ადამიანის სულიერ მდგომარეობასთან, განსაკუთრებით მის მისტიკურ ინტუიციასთან. ლოცვის დაკნინებისა და მორალის ლიბერალიზაციის შედეგად ადამიანი ვეღარ გრძნობს მადლის მოქმედებას საკუთარ სულში, ის კარგავს მართლმადიდებლურ აზროვნებასა და ჭეშმარიტების შინაგან მოწმობას. ნიშანდობლივია, რომ წმინდანებისთვის დოგმატი არა განყენებული ცნება, არამედ ცოცხალი ჭეშმარიტება იყო. დოგმატისაგან განდგომა მადლის დაკარგვად აღიქმებოდა. თანამედროვე ადამიანში დაქვეითებულია ეს შინაგანი მოწმობა. ისინი დოგმატებს ფილოსოფიურ პოსტულატად და თეზად, შემეცნების დონის ამაღლებად მიიჩნევენ, ამიტომ მათში წაშლილია ზღვარი დოგმატურ ჭეშმარიტებასა და სულიერ სიცრუეს შორის. გასული საუკუნეების თეოლოგიური მაქსიმალიზმი სულ უფრო უკუგდებული ხდება ჰუმანისტური ანთროპოლოგიზმის მიერ. შედეგად, ჭეშმარიტი ორიენტირები იკარგება, ყოფიერების სულიერი ცენტრი და ზნეობრივი ფასეულობათა საზომი ჩანაცვლებულია ყალბით. დოგმატური ინდეფერენტიზმი მათი სიბრმავის გამოვლინებაა, რომლებსაც დაუქვეითდა რელიგიური ინტუიცია. ინტელექტის გამოვლინება სიყვარულის მოწმობადაც კი აღიქმება. ეს საკითხი ერთობ მნიშვნელოვანია, ამიტომ გავიმეორებთ ჩვენს აზრს. მისტიკური ინტუიციის შედეგად დოგმატი ჭეშმარიტებად აღიქმება, ხოლო თანამედროვე ადამიანის დაქვეითებული სულიერი ინტუიცია დოგმატს გარკვეული დროისა და ეპოქის პროდუქტად, ფილოსოფიურ აბსტრაქციად, შეგნებულად თუ შეუგნებლად ეკლესიასა და გამოცხადებას ევოლუციის პრინციპად მოიაზრებს. ამგვარად დოგმატი რელიატივურ და პლურალისტურ ცნებად წარმოჩინდება. მათი აზრით, დოგმატს გარკვეულ დონემდე შეიძლება მიაგო პატივი, როგორც ხანდაზმულ ადამიანს, მაგრამ შესაძლებლად მიაჩნიათ მათი უმტკივნეულო შეცვლა და უგულებელყოფა. რაციონალიზმის პრაქტიკულ გამოვლინებას რელიგიაში ეკუმენიზმის, უნიისა და მრავალთავიანი მოდერნიზმის სახით ვხედავთ.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |