მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ჩვენი დროის სულიერი სნეულებების შესახებ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
ჩვენი დროის სულიერი სნეულებების შესახებ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)14-10-2016, 00:07 |
ჩვენი დროის უმთავრეს სნეულებად სიცრუე და ორპირობა მიმაჩნია, რომელიც თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი გახდა. რელიგია უკვე აღარ დომინირებს ადამიანის ცხოვრებასა და მისი ქცევის იმპერატივზე. მეტიც, რელიგია - გარკვეული ფშვინვიერი მოთხოვნების, ესთეტიკური სიამოვნების მიღებისა და დაკმაყოფილების საგანი გახდა, როგორსაც გვანიჭებს ხელოვნება. სინამდვილეში, რელიგია ნების გამოხატულება გახლავთ. ქრისტიანის შინაგანი ცხოვრება მუდმივი ბრძოლაა საკუთარ ვნებებთან და ცოდვისმიერ ჩვეულებებთან; ამასოფლის წინააღმდეგობაა, რომელიც, ქრისტეს სიტყვისამებრ „ბოროტებასა ზედა ძევს". ეს ბრძოლა მრავალ თანამედროვე ქრისტიანს გაუსაძლისი ჰგონია, ამიტომ მათი რელიგიურობა გარეგნული ფორმისაა და არ აღწევს შინაგან სამყაროში. ჩვენი დროის მეორე სულიერი სნეულება ადამიანების ერთმანეთისაგან დაშორების, მათი ემოციური სიცივის გამოვლინებაში მდგომარეობს. ტექნოლოგიურ საუკუნეში ადამიანი ნაკლებად საჭიროებს სხვა ადამიანის მხარდაჭერასა და მზრუნველობას. ის მანქანამ ჩაანაცვლა. მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ერთფეროვან და სტანდარტულ აზროვნებას აყალიბებენ. ტელევიზორი, კომპიუტერი თუ სხვა ტექნიკური გამოგონებანი ანაცვლებენ ცოცხალ ურთიერთობებს: ადამიანი იძირება ვირტუალურ სამყაროში, რომელიც მისი მეორე რეალობა გახდა. ამ სამყაროში ადამიანი არ იღებს პასუხიმსგებლობას, ვალდებულებასა და საზრუნავებისაგან თავს ლაღად გრძნობს. ილუზიური სამყარო არაფერს სთხოვს მას. ამგვარი სულიერი გაუცხოება არცთუ იშვიათად აუტიზმში გადადის. ადამიანი გრძნობს საკუთარ მარტოობას, მაგრამ ტელევიზორი და კომპიუტერი დისტანციურ ურთიერთობას, ვირტუალურ, სიყვარულის გარეშე, აჩრდილთან ურთიერთობის მსგავს კავშირს სთავაზობს მას. ტექნიკა ამცირებს მანძილს ადამიანებს შორის, ამავე დროს ემოციური ნიშნით აშორებს მათ ერთმანეთისაგან. ადამიანი კარგავს სიყვარულის უნარს. ახლობელი შორებელი ხდება. ადამიანს უქრება მეგობრების მონახულების სურვილი, მისთვის უფრო კომფორტული კომპიუტერთან ჯდომა ხდება. ამ მოჩვენებით კათილდღეობას ადამიანების ურთიერთობა პრაგმატულ დონემდე დაჰყავს. ემოციურმა სიცივემ და ერთმანეთისაგან დაშორებამ ზნეობრივი კრიზისის სახე მიიღო, რომელიც ეკონომიკურ კრიზისზე გაცილებით სახიფათოა. ეს პროცესი სხვადასხვა კუთხით მთელ სამყაროში გამოვლინდა. ამასთან, ტექნიკურად განვითარებულ ქვეყნებში უფრო ძლიერი ძალითა და დამანგრეველობით.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |