მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ჩვენი სარწმუნოების დოგმატები - გორტინისა და მეგალოპოლისის მიტროპოლიტი იერემია
ჩვენი სარწმუნოების დოგმატები - გორტინისა და მეგალოპოლისის მიტროპოლიტი იერემია1-10-2016, 00:07 |
ხშირად ვამბობთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოებაა. ამიტომ ყოველდღიურ ლოცვაში უნდა ვთხოვოთ უფალს: „ქრისტე ღმერთო, გამაძლიერე რწმენასა და შენს სიყვარულში!" მხოლოდ იმ შემთხვევაში მივაღწევთ ცხონებასა და განწმენდას, თუკი გვექნება მართალი სარწმუნოება და ამ რწმენისამებრ ცხოვრება. ჩვენი სარწმუნოება არ გახლავთ ადამიანური დადგენილება, ის ღვთივგანცხადებული ჭეშმარიტებაა, რომელიც თავად უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მოგვიტანა. ჩვენი სარწმუნოების განსაზღვრებანი წმინდა მამებმა ჩამოგვიყალიბეს. მათ დოგმატები ეწოდება. დოგმატი - ისეთივე განცხადებული ჭეშმარიტებაა, როგორც წმინდა წერილი. ამიტომ წმინდა მამებმა მსოფლიო კრებებზე ჩამოაყალიბეს დოგმატური განსაზღვრებები, რომლებშიც სულიწმიდა მოქმედებს. ამრიგად, ისინი (დოგმატები) ერთობ მნიშვნელოვანია ცხონებაზე მზრუნველთათვის. დიახ! ჩვენი სარწმუნოების დოგმატები აუცილებელია ცხონებისათვის. ისინი გვიკვალავენ გზას ჭეშმარიტებისაკენ, ვნებებისაგან განთავისუფლებისაკენ, რათა ვიცხოვროთ ღმერთში. ერესი - არამართებული, მცდარი გზაა, მათ სხვა „ღმერთისაკენ" მივყავართ. ამიტომ ჩვენ მათ უარვყოფთ და ვიბრძვით მათ წინააღმდეგ. მაგალითად, რომაულ - კათოლიკური სწავლება Filioque ავიღოთ. ეს ცრუ სწავლება გვაბნევს ღმერთთან მიმავალ გზაზე. მას ცრუ ღმერთისაკენ მივყავართ და არა წმინდა წერილის ჭეშმარიტი ღმერთისკენ. ამრიგად, ჩვენი სარწმუნოების დოგმატები არ გახლავთ კერძო თეორიული მოსაზრებები, რომლებიც გვანიჭებს გარკვეულ „განათლებას". ის - ჭეშმარიტებაა, რომელიც აწესრიგებს ჩვენს ცხოვრებას ეკლესიაში. მამები ცხოვრობდნენ დოგმატებით, მთელი მათი ცხოვრება იმიტომაც იყო ღვთისთვის სათნო, რომ მართებულად საუბრობდნენ მართლმადიდებლობის შესახებ. წმინდა მამებისთვის უმთავრესი იყო ღვთაებრივი სწავლება, ხოლო ამ გამოცდილებით ღვთაებრივს ქადაგებდნენ. ამიტომაც გახდნენ ჭურჭელნი სულიწმიდისა, რომ მართებულად განსაზღვრავდნენ სარწმუნოებრივ დოგმატებს. ამიტომაც გაგვაჩნია მათდამი სრული ნდობა, ვინაიდან მთელი მათი ცხოვრება იყო საოცარი ნიმუში ჭეშმარიტებისთვის, ე.ი. მართლმადიდებლური დოგმატებისათვის ბრძოლისა. ღირსი სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს: „წმინდა მამები არ წერდნენ მანამ, სანამ თავად გამოცდილებით არ დარწმუნდებოდნენ ამაში". ჩვენი დოგმატების აღიარება არის დასტური ჩვენი ქრისტიანობისა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანებს გვწამს იმ დოგმატების, რომლებიც მართლმადიდებელმა ეკლესიამ მსოფლიო კრებებზე ჩამოაყალიბა. კერძოდ, რომ იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი. ამის შესახებ ქრისტიანებმა I მსოფლიო კრებამდეც იცოდნენ, მაგრამ კრებამ მკაფიოდ ჩამოაყალიბა დოგმატი იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების შესახებ. I მსოფლიო კრება იმიტომ შედგა, რომ ერეტიკოსი არიოზი საპირისპიროს ამბობდა. ამდენად, აუცილებელი იყო აღნიშნული ცდომილების დაგმობა, ვინაიდან ერეტიკულ სწავლებას შფოთი და განხეთქილება შემოაქვს ეკლესიაში. ასეთია ეკლესიის ცხოვრება. როდესაც ეკლესია მსოფლიო კრებებზე აყალიბებდა დოგმატებს, ამით არ ქმნიდა რაიმე ახალ სწავლებას, არამედ საჭიროებისამებრ განსაზღვრავდა იმას, რაც უკვე ბოძებული იყო ღვთაებრივი გამოცხადების სახით. ყურადღებით მოისმინეთ, რასაც გეტყვით: „ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია არ აყალიბებს ახალ დოგმატებს"! ამას კათოლიკები აკეთებენ, როდესაც შემოიღეს ახალი დოგმატები პაპის „პირველობისა" და „უცდომელობის" შესახებ. მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატები საღვთისმსახურო წიგნებშია გადმოცემული. ისინი გვესმის ეკლესიაში გალობის დროს, ანუ როდესაც ყველანი ერთად ვიკრიბებით ღვთისმსახურების დროს. ამით ლოცვის დროსაც ვაღიარებთ ჩვენი სარწმუნოების დოგმატებს. თუ გვსურს, ის უნდა მიეძღვნას რეალურ, ჭეშმარიტ ღმერთს. ამრიგად, თუ გვსურს შევიმეცნოთ მართალი სარწმუნოება, გირჩევთ მოხვიდეთ ეკლესიაში და ყურადღებით მოისმინოთ ღვთისმსახურების საკითხავები, იმიტომ რომ ეს არის ის, რაც გვწამს მართლმადიდებლებს. ასევე ჩვენს სახლებშიც უნდა აღვასრულოთ ლოცვა, იქაც წავიკითხოთ პარაკლისები და დაუჯდომლები. გვმართებს დილისა და ძილად მისვლის ლოცვების კითხვა. მათში წმინდა მამათა ღვთივსულიერი ლოცვებია ჩაწერილი. მათ ამგვარად „დააპურეს" ურიცხვი ადამიანის სულები. დღესაც იქმნება საღვთისმსახურო ლოცვანები, მაგრამ მრავალ მათგანში არ არის დოგმატური შინაარსი, ჩვენი ეკლესიის სწავლება გადმოცემული, რომლებსაც უხვად ვპოულობთ ძველ ლიტურგიკულ წიგნებში. უმეტესი წილი საღვთისმსახურო გალობებისა დაწერილია ჩვენი ეკლესიის უდიდესი დოგმატისტის წმ. იოანე დამასკელის მიერ. დასასრულს, მსურს გითხრათ, რომ ჩვენი სარწმუნოების დოგმატების წვდომა არ არის იოლი, იმიტომ რომ ისინი ლოგიკას არ ექვემდებარება. არა იმიტომ რომ ისინი ლოგიკას არ ექვემდებარება. არა იმიტომ, რომ ისინი „არალოგიკურებია", არამედ იმიტომ, რომ „ზელოგიკური" სწავლებაა. ისინი გონებაზე აღმატებულია. ჩვენი სარწმუნოება ვერ შეისწავლება მარტოოდენ გონებრივი მუშაობით, ის უნდა იგემო გულით. ამიტომაც ეწოდება სარწმუნოება, ანუ სარწმუნოა. ე.ი. გვიყვარს ღმერთი და მთელ ცხოვრებას უძღვნი მას. ამრიგად, როდესაც კრძალულებით ვისმენთ ღვთის სიტყვას, ჩვენი გული თანაგრძნობით ივსება და წვდება სიტყვათა შინაარსს, ვტკბებით ამით. შედეგად შევიმეცნებთ ღმერთს. ეს ღვთის მადლით ხორციელდება. ხოლო როდესაც ჩვენი სარწმუნოების დოგმატებს გავატარებთ ჩვენს ცხოვრებაში, ანუ ვიცხოვრებთ წმინდად, მაშინ მოვიპოვებთ მადლს ღვთისას და უკეთ შევიცნობთ ჩვენს სარწმუნოებას. წმ. სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი გვმოძღვრავს: „ცოდნას, რომელიც არ გამოიცადა გამოცდილებით, არ გააჩნია ძალა"! წმ. კოსმა ეტოლიელიც წმ. სამების დოგმატზე საუბრისას ამბობს: „არსებობს კი სხვა საშუალება წმინდა სამების წვდომისა?" გვმართებს ჯეროვნად შევინანოთ ჩვენი შეცოდებები, ვეზიაროთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს, მაშინ სულიწმიდა განგვინათლებს გონებას მადლით და შევძლებთ ჩავწვდეთ წმინდა სამების საიდუმლოს, ვინაიდან სწავლით ვერ შევძელით ამის მიღწევა!" ამრიგად, დაე რწმენით მივიღოთ ჩვენი სარწმუნოების დოგმატები, წმინდა და უბრალო გულით და არა მხოლოდ გონებით, როგორც ამას დასავლეთის ქრისტიანები აკეთებენ. რომლებსაც სწამთ, რომ საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობებით შეძლებენ დოგმატების წვდომას. ამის გამო ახალ დოგმატებსაც იგონებენ. წმ. იოანე დამასკელი ამბობს: „ჩვენ ეკლესიის გარდამოცემას გულწრფელი გულით ვაღიარებთ და არა მრავალი განსჯით!"
გარტანისა და მეგალოპოლის მიტროპოლიტი იერემია
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |