მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ჯოჯოხეთში კატახიზაციის თაობაზე

ჯოჯოხეთში კატახიზაციის თაობაზე


2-10-2016, 00:01

ჯოჯოხეთში კატახიზაციის თაობაზე

 

   წმინდა წერილის, მსოფლიო კრებების, წმინდა მამების მკაფიო განსაზღვრების მიუხედავად, ეკლესიის წიაღში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც აცხადებენ: საიქიო ცხოვრებაში ნათლისღების გარეშე ადამიანს ეძლევა ეკლესიის წევრობის შესაძლებლობა.

   ეს ცრუსწავლება სათავეს ორიგენესაგან იღებს. მოგვიანებით მორმონთა სექტის ოფიციალური სწავლება გახდა. ცოტა ხნის წინ კი ამ საკითხის გამო სერიოზული დავიდარაბა ატყდა. იუდეველები შეშფოთდნენ, როდესაც შეიტყვეს, რომ მორმონების სწავლების თანახმად, ხოლაკოსტას მსხვერპლნი საიქიოში მორმონებმა „განათლეს" და მათი „ეკლესიის" წევრებად შერაცხეს. მორმონებმა ოფიციალურდ მოიხადეს ბოდიში ამის გამო და პირობა დადეს, რომ აღარ აღასრულებენ იუდეველთა „სიკვდილშემდგომ ნათლისღებას".1

   ჩვენდა გასაკვირად, მართლმადიდებელ ეკლესიაშიც აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ქადაგებენ, რომ ერეტიკოსები და წარმართები მართლმადიდებელ ეკლესიას სიკვდილის შემდეგ შეუერთდებიან.

   როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამას მართლმადიდებლური სწავლების საპირისპიროდ აცხადებენ. ეკლესია გვასწავლის:

   უფალი ჩვენი იესო ქრისტე განღმრთოებული სულით შთავიდა ჯოჯოხეთში, როდესაც მისი სული ჯვარცმის შემდეგ სხეულს განშორებული იყო. ამის შემდეგ მისი (ქრისტეს) სული შეუერთდა სხეულს და აღდგა, სასწაულებრივად ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯვენით მამისა, როგორც ვაღიარებთ მართლმადიდებლურ მრწამსში.

   წმინდა მამათა სწავლებაც ამას ცხადყოფს: „შთავიდა ქვესკნელში, რათა იქიდან გაეთავისუფლებინა მართლები".2 „გამარჯვებულმა თავისთან ზეცად აღიყვანა წმინდანთა სულები, რომლებიც იქ (ჯოჯოხეთში) იმყოფებოდნენ".3 მომდევნო თავებში კიდევ მრავალი წმინდა მამის სიტყვით დავადასტურებთ ეკლესიის სწავლებას.

   თანამედროვე ლიბერალები ყოველივე ზემოთქმულის საპირისპიროდ ქადაგებენ, რომ უფალი ჯოჯოხეთში არაერთგზის შთავიდა, რომ ის მუდმივად იქ იმყოფება, რათა ყველა გარდაცვლილის სულს შეეგებოს და უქადაგოს. ყველანი, ქრისტეს უშუალო შთაგონებით, ჯოჯოხეთში გაივლიან „კატახიზაციას", „მოინათლებიან" და მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები გახდებიან. მათი ლოგიკის თანახმად გამოდის, რომ უმჯობესია ვიცხოვროთ ავხორცული ცოდვებით, ჯოჯოხეთში მოვხვდეთ, ვინაიდან იქ გვეძლევა შანსი: არა უბრალო მღვდლის, არამედ თვით ქრისტესა და მისი მოწაფეებისაგან ნათლისღების შესაძლებლობა.

   ჩვენი ოპონენტებისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ მოციქულთა ეპოქაში კაცობრიობის მეტი ნაწილი კერპთაყვანისმცემლი და წარმართი იყო. მაგრამ ამ გარემოებამ ხელი არ შეუშალა პავლე მოციქულს დაედასტურებინა უდავო ჭეშმარიტება: „კერპთმსახურნი, წვალებანი... ვითარმედ ესევითარისა მოქმედთა სასუფეველი ღმრთისა ვერ დაიმკვიდრონ" (გალ. 5. 20-21). კორინთელებიც მსგავსად დამოძღვრა: „რომელსა იგი უგებენ წარმართნი, ეშმაკთა უგებენ და არა ღმერთსა" (1 კორ. 10. 20). იოანე ღვთისმეტყველი კიდევ უფრო მკაცრი ტონით ბრძანებს: „ურწმუნოთა... კერპთმსახურთა და ყოველთა მტყუართა ნაწილი მათი იყოს ტბასა მას ცეცხლითა და წუმწუმითა მოტყინარესა, რომელ არს სიკუდილი იგი მეორე" (გამოცხ. 2. 18. 8).

   მსოფლიო კრებების დადგენილებებსაც მოვუსმინოთ.

   მეხუთე მსოფლიო კრებამ მიიღო ორი (მე-9 და მე-10) უმნიშვნელოვანესი დადგენილება ზემოხსენებული საკითხის შესახებ. მათში ვკითხულობთ:

   9) ვინც ამბობს ან ფიქრობს, რომ დემონთა და უწმინდურ კაცთა სასჯელი დროებითია და გარკვეული დროის შემდგომ ის დასრულდება, ანდა ის, რომ (სასჯელის ვითომდა დასასრულის შემდგომ) მოხდება უწმინდურ კაცთა და დემონთა აღდგენა - ანათემა მას.

   10) ანათემა: ამის გამომთქმელ, ადამანტად წოდებულ ორიგენესაც, მის უწმინდურ, გარყვნილსა და დანაშაულებრივ მოძღვრებასთან ერთად და ყველა იმათ, რომელთაც ასეთი აზრი უპყრიათ, ანდა მათ (ე.ი. ისეთ აზრებს) იცავენ, ან კი როდესმე რაიმე სახით გაბედავენ მათ გამეორებას".4

   ხოლო VI მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, წმინდა მამებმა განაჩინეს: „ამ მამებმა თეოდორე მომფსუესტელი, ნესტორის მასწავლებელი, ასევე ორიგენე, დიდვიმე და ევაგრე ერთობლივად შეაჩვენეს და განაშორეს, რადგან მათ ელინური ზღაპრები განაახლეს და წარმომავლობა და გარდაქცევა ზეოგიერთი სხეულისა და სულისა კვლავ სამარცხვინოდ წარმოგვიდგინეს სიზმრისეულ ოცნებებში მოხეტიალე გონებით და მკვდრეთით აღდგომის წინააღმდეგ უსჯულოდ და უგუნურად გამოვიდნენ".5

   ამრიგად, სწავლებას სიკვდილის შემდგომ ნათლისღების შესახებ არ გააჩნია არანაირი საფუძველი მართლმადიდებლურ დოგმატიკაში, ღვთისმეტყველებაში, ეკლესიის გარდამოცემასა თუ ეკლესიის სიმბოლურ-სინოპტიკურ წიგნებში. გარდა ამისა, მსგავსი სწავლება ამახინჯებს მთელ ეკლესიოლოგიასა და სოტერეოლოგიას. ეს რაღაც წარმოუდგენელი ფანტაზიაა ღვთისმეტყველებაში.

   თუ ჯოჯოხეთში შეიძლება ქრისტესთან ყოფნა, მისი სწავლების გათავისება, მისი საიდუმლოებების მიღება, გამოდის, რომ ჯოჯოხეთში არსებობს ერთგვარი „მიწისქვეშა" ეკლესია, რომლის შესახებაც არ შეგვატყობინეს არც მაცხოვარმა, არც მოციქულებმა, არც წმინდა მამებმა, მეტიც: რატომღაც სრულიად საპირისპიროს გვასწავლიდნენ, კერძოდ, იმას, რაც წმინდა ირინეოს ლეონელმა თქვა: „ვისაც უფალი ეტყვის: წარვედით ჩემგან წყეულნო საუკუნო ცეცხლში, ისინი განსჯილნი იქნებიან სამარადისოდ".6

   წმინდა მღვდელმთავარი პოლიკარპე თავის მდევნელს შემდეგი სიტყვებით მიმართავს: „შენ მემუქრები დროებითი და მსწრაფლმქრობელი ცეცხლით, რამეთუ არ უწყი მომავალი სამსჯავროს ცეცხლისა და საუკუნო ტანჯვის შესახებ, რომელიც უწმინდურთათვისაა განმზადებული".7

   ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს: „ის, ვინც ქრისტეს ეკლესიის წევრთა შორის არ არის, ვერ ცხონდება. ყოველი, ვინც ეკლესიას განუდგა და მოშორდა ქრისტესთან ერთობას, თუნდაც მისი ცხოვრება ქების ღირსი იყოს, საუკუნო ცხოვრებას ვერ დაიმკვიდრებს, ის მხოლოდ ღვთის რისხვას დაიმსახურებს".8

   ამრიგად ჯოჯოხეთში „ნათლისღების" თემა ორიგენიზმის ერთ-ერთი გამოვლინება გახლვთ, რომელიც პრინციპულად უარყო მართლმადიდებელმა ეკლესიამ. (გაგრძელება...)

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 

 

 

 

 

 

1Диакон Георгий Максимов. Вне Церкви нет спасения. გვ. 59-60.

2Св. Кирил Иерусалимский. Слово огласительное. 4. 1.

3Блаж. Иороним Стридонский. Толкования. Творения. 1903. გვ. 303.

4დიდი სჯულის კანონი. მეხუთე მსოფლიო კრება.

5იქვე მეექვსე მსოფლიო კრება.

6Св. Ириней Лионский. Против Ересы. IV. გვ. 28.

7Церковная История. Св. Поликарп Смирнский. თავი 15.

8საუბრები მართლმადიდებლობაზე. თბ. 2002. ზ. მარგალიტაძე. გვ. 6.


უკან დაბრუნება