მთავარი > შეიცანი ჟამი > "დღისა მისთვის და ჟამისა არავინ იცის, არც ანგელოზთა გარნა მამამან ჩვენმან მხოლომან"
"დღისა მისთვის და ჟამისა არავინ იცის, არც ანგელოზთა გარნა მამამან ჩვენმან მხოლომან"17-07-2012, 18:47 |
წმინდამან ეკლესიამან დააწესა აწინდელსა კვირიაკესა ზედა წაკითხვა სახარებისა მის, რომელსა შინა მაცხოვარი ცხოვლად აღწერს მეორესა მოსვლასა და საშინელსა სამსჯავროსა. ფრიად საჭირო და სასარგებლო არს, ძმანო ჩემნო, ხშირად და ცხადად წარმოვიდგენდეთ საშინელსა ამას დღესა. შევკრიბოთ საღმრთოისა წერილისაგან ყოველი, რაიცა სულმან წმიდამან წინადვე გვამცნო ჩვენ ამ საგანზე.
პირველად, როდის იქნება სოფლის აღსასრული და ქრისტეს მეორედ მოსვლა? რას გვიცხადებს ამაზედ საღმრთო წერილი? თუმცა ცნობის მოყვარესა კაცის გულსა და გონებას ყოველთვის სურს შეიტყოს დრო იესო ქრისტეს მეორედ მოსვლისა, გარნა სულმან წმიდამან განგებ არ ინება განსაზღვ-რება ამისა. მოციქულთა ერთხელ კითხეს მაცხოვარსა: გვითხარი ჩვენ ოდეს იყოს ესე, და რაი არს სასწაული შენისა მის მოსვლისა და აღსასრული ამის სოფლისა? გარნა მაცხოვარმან უპასუხა მათ: დღისა მისთვის და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა, გარნა მამამან ჩვენმან მხოლომან. (მათე კდ. კვ.) რისთვის დაფარა მაცხოვარმან ჩვენგან ეს? იღვიძებდით უკვე, გვიპასუხებს ჩვენ უფალი, რამეთუ არა იცით რომელსა ჟამსა უფალი თქვენი მოვიდეს! გარნა, თუმცა საღმრთო წერილი პირდაპირ არ განსაზღვრებს დროსა მეორედ მოსვლისასა, გარნა იგი აღწერს ზოგიერთსა ნიშნებსა და სასწაულთა, რომელნი თავის დროზედ ცხად ყოფენ მოახლოვებასა სოფლის აღსასრულისა. რომელნი არიან ეს ნიშნები? პირველად ცხადად არს თქმული, რომელ უწინარეს ქრისტეს მეორედ მოსვლისა სახარება მისი იქადაგება ყოველთა თესლთა შორის: „და იქადაგონ სახარება ესე ყოველთა სოფლებთა საწამებლად ყოველთა წარმართთა". გარნა ჯერედ კი მრავალნი არიან თესლები, რომელთა არ უსმენიათ ქადაგება ქრისტეს სახარებისა. მეორედ, თუმცა სახარება ყოველ თესლებში იქმნება ქადაგებული, გარნა სიმართლე, სიწმინდე და სიყვარული შემცირდება კაცთა შორისა. თუმცა ცოდვასა ახლაცა დიდი ძალა და გავლენა აქვს ქვეყანაზედ, გარნა მაშინ იგი თითქმის იდღესასწაულებს კაცთა შორის, მაშინ დასუსტდება შიში და სიყვარული ღვთისა; მაშინ გამრავლდებიან კაცნი ბოროტნი, თავხედნი და უწყალონი, და რომელიც ერთობ შესანიშნავი არის, გარნა ცხადად თქმული საღმრთო წერილში, _ მაშინ უმეტესად განმრავლდებიან კაცნი ფარისეველნი და მზაკვარნი, რომელნი გარეშეობითა იქნებიან ღვთის მოყვარენი და ძალი ღვთის სიყვარულისა არ ექნებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჭკუა და განათლება იქნება მაშინ დიდი, გარნა ზნეობა დაცემული. როდესაც ესრეთი ცოდვა და უსჯულოება მოინადირებს ყოველსა კაცსა, დაამძიმებს დედამიწასა, მაშინ გამოჩნდება უცხადესი ნიშანი სოფლის აღსასრულისა, მოვა ანტიქრისტე - კაცი, საშინელი მძლავრებითა და ცბიერებითა. იგი თავის თავს დაარქმევს ღმერთს, იგი იქმს მრავალთა ცრუთა ძალთა და მით თვისდამი ყოველია სუსტთა და გარყვნილთა: და ესრედ იგი შეავსებს ქვეყნის უსჯულოებასა და დააჩქარებს გამოჩენასა ღვთის სასჯელისასა. რომელნიც იმ ჟამად დარჩებიან ქვეყანაზე მორწმუნენი და გულის ხმის მყოფელნი, იგინი ამათ ნიშანთა და სასწაულთაგან შეიტყობენ მოახლოვებასა ქრისტეს გამოჩინებისასა. მაშინ გამოჩნდებიან სასწაულნი და ნიშანნი ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, მიწის მრავალნი სიყმილნი, ბრძოლანი და ხმანი ბრძოლისანი, ყოველნი ტომნი იქმნებიან აღვრეულნი და დაშტერებულნი შიშისაგან: და იყოს სასწაული მზესა შინა და მთვარესა და ვარსკვლავთა და „ქვეყანასა ზედა, შეკრება თესლებისა განკვირვებითა ოხვრისათა ზღვისაგან, და ძვრითა სულთა კაცთათა შიშისგან და მოლოდებისა მომავლისა სოფელსა ზედა". და ესრედ, ოდეს ერთის მხრით მცირედნი დარჩენილნი რჩეულნი ცხადად იგრძნობენ მოახლოებასა უფლისასა, და, მეორეს მხრით, უმრავლესნი და თითქმის ყოველნი მაშინდელნი ადამიანნი იქნებიან დაძინებულნი ცოდვათა შინა, არა რაისა მომლოდებელნი, წარტაცებულნი სიმთვრალითა და სიმაძღრით, მაშინ უცბად გამოჩნდეს სასწაული ცათა შინა ძისა კაცისა, და მაშინ იტყებდენ ყოველნი ტომნი ქვეყანისანი და იხილონ ძე კაცისა, მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა ძალითა და დიდებითა მრავლითა.
წმ. ეპ. გაბრიელი (ქიქოძე) უკან დაბრუნება |