მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > განდგომილების მესამე საფეხური (პარტიული პოლიტიკა)

განდგომილების მესამე საფეხური (პარტიული პოლიტიკა)


26-09-2016, 00:07

განდგომილების მესამე საფეხური (პარტიული პოლიტიკა)

 

   დაბოლოს, არსებობს განდგომილების მესამე საფეხური. ის ორი სახით ვლინდება: 1) ქვეითდება ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულის არსი, რომლის გარეშე გარდამოცემა არა მადლმოსილების მომნიჭებელი, არამედ ბრალმდებელი ხდება; 2) არაამსოფლისმიერი ცხოვრების წესის გარეგნული სახით ამქვეყნიური ცხოვრების მიზნების მიღწევისათვის გამოიყენება. შედეგად ყალიბდება ყალბი ფორმა „მართლმადიდებლობისა", კიდევ უფრო მზაკვრული და შენიღბული, ვინაიდან მას ძალუძს ჭეშმარიტების ნიღბის მორგება. ქვემოთ განვიხილავთ განდგომილების ამგვარ ნიშნებს.



პარტიული პოლიტიკა


   მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი) ხედავდა, რომ ზოგიერთნი მარტოოდენ ამქვეყნიურ ორგანიზაციად მოიაზრებდნენ. ქრისტეს მისტიკური სხეულის წევრობა გაიგივებული ჰქონდათ ამა თუ იმ საეკლესიო პარტიაში გაწევრიანებასთან. ეს კი იძლევა „ეკლესიის წმენდის" საბაბით არასასურველი ადამიანის განადგურების საშუალებას. ამ მიზნით იწყება სასულიერო პირებისა თუ ერისკაცების ერთმანეთზე წაქეზება. შედეგად, საკუთარი პარტიული ხაზის დაცვის მიზნით იწყება მტრობა, შუღლი, გაუტანლობა. ერთი საეკლესიო დაჯგუფება ემიჯნება მეორეს და იურიდიული და კანონიკური არგუმენტებით ცდილობს დაადასტუროს თავისი პოზიცია. შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა პარტიათა გაერთიანება „სუპერ პარტიაში", რათა მეტად „კანონიკურად" წარმოაჩინონ თავი. მათ შეუძლიათ ისაუბრონ ჭეშმარიტ, სულიერ ერთობაზე, მაგრამ მყისიერად მჟღავნდება ამ სიტყვათა ფასადური ხასიათი, როდესაც კვლავ ემიჯნებიან ერთმანეთს, ან, როდესაც აწარმოებენ პოლემიკას იმ პოლიტიკურ დაჯგუფებებთან, რომლებიც არ შეუერთდნენ მათ ორგანიზაციას. ამას ეწოდება „პარტიული ცნობიერება". მისი წარმომადგენლები განადიდებენ მხოლოდ იმ საეკლესიო მოღვაწეთ, რომლებიც აღიარებულნი არიან თავიანთ პარტიაში. როგორც წესი, ის პარტიული ხაზი, რომელიც უფრო ეფექტურ პროპაგანდას აწარმოებს, ხდება მეტად „კანონიკური" ხალხის თვალში.

   მეუფე ამბერკიმ ამ მოვლენას „პარტიული პოლიტიკა" უწოდა. ის ამბობდა, რომ მსგავსი მიდგომა უცხო იყო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.

   ბოლო დროს პარტიულმა პოლიტიკამ თავისი განვითარების პიკს მიაღწია. როგორც წმინდა წერილი ბრძანებს: „და განმრავლებითა უსჯულოებისაჲთა განხმეს სიყვარული მრავალთა" (მათ. 24, 12). ცხადია, „პარტიული ცნობიერება" არ გახლავთ სიახლე. ეს დაცემული ადამიანის ავხორცული ვნების გამოვლენის საერთო ტენდენციაა. წმ. პავლე მოციქული ჯერ კიდევ როდის წერდა კორინთელებს ამის შესახებ: „ხოლო ვიტყვ ამას, რამეთუ კაცად-კაცადი თქუენი იტყვის, ვითარმედ: მე პავლესი ვარ, ხოლო მე - აპოლოსი, ხოლო მე - კეფასი, ხოლო მე - ქრისტესი. გან-მე-ყოფილ არსა ქრისტე? ნუ პავლე ჯუარს - ეცუა თქუენთვის? ანუ სახელისა მიმართ პავლესისა ნათელ - იღეთა?" (1 კორ. 1. 12-13).

   მეუფე ამბერკი ამბობდა: „დაუშვებელია ეკლესია გახადო პოლიტიკური ინტრიგების იარაღი. ე.ი. მარადიული დაუქვემდებარო წარმავალს, ზეციური - მიწიერს, წმინდა - ცოდვისმიერს". თავის წერილში „წმინდა მოშურნეობა" მეუფე წერს: „არსებობს აგრეთვე ცრუ, ყალბი მოშურნეობა, რომელიც ადამიანების ვნებების, ძირითადად ამპარტავნებისა და ძალაუფლების სიყვარულის ქვეშ იმალება. პარტიული პოლიტიკის ინტერესებმა თავი იჩინა ამ ბრძოლაში, რომელიც არ შეიძლება არსებობდეს ეკლესიურ ცხოვრებაში, მაგრამ, სამწუხაროდ, მას ხშირად ვხვდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში. სწორედ ეს გახლავთ მთავარი მიზეზი შფოთისა ეკლესიაში. მათ, ვინც ხელმძღვანელობს გარკვეულ „პოლიტიკას", თავი „იდეისთვის" მებრძოლად მიაჩნია, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ საკუთარი მიზნის მიღწევის სურვილი ამოძრავებთ - ცდილობენ სათნო ეყონ არა ღმერთს, არამედ დროის სულს, და მხოლოდ საკუთარი პარტიის წევრების განდიდებაზე ფიქრობენ. ცხადია, ყოველივე ეს უცხოა ჭეშმარიტი მოშურნეობისთვის. ის მტრული, ცოდვისმიერი და დანაშაულებრივია, იმიტომ რომ აკომპრომიტირებს ჩვენს სარწმუნოებასა და ეკლესიას!"

   მეუფე ამბერკი სხვა წერილში შენიშნავს: „ეკლესია, ჩვენი სულის ცხონებისთვის და სხვა არაფრისთვისაა მოცემული. ის ჩვენი ინტერესების იარაღად არ უნდა ვაქციოთ".

   მეუფის აზრით, ნებისმიერი პოლიტიკური შემართება ეკლესიის წიაღში კატეგორიულად მიუღებელია. იმის გარდა, რომ მეუფე ამბერკი არ მიეკუთვნებოდა არცერთ პოლიტიკურ ხაზს, მას მრავალი წინააღმდეგობა შეხვდა. ის ჩამოაშორეს ეპისკოპოსთა მუდმივმოქმედ კავშირს, ვინაიდან უარი განაცხადა „პარტიული ხაზით" ცხოვრებაზე. მისი აზრით, პარტიული პოლიტიკა ვნებს მართლმადიდებლობას, ხელს უშლის მისი მისიის განხორციელებას თავისუფალ სამყაროში, აბრკოლებს ახლადმოქცეულებს ქრისტესკენ სვლაში. მისთვის დუმილი ამ საკითხთან მიმართებაში, დანაშაულის ტოლფასი იყო იმიტომ, რომ განცხადებული საუბრის გარეშე როგორ გაერკვნენ, რომ მართლმადიდებლობა ყველანაირ პარტიულ ხაზზე აღმატებულია! როგორ შეიგრძნობენ ცოცხალ კავშირს ჭეშმარიტ ეკლესიასთან, რომელიც გახლავთ ყველა მართლმორწმუნის მჭიდრო კავშირი ქრისტეში?

   მეუფე წერდა: „მხოლოდ ღმერთში წმინდა მოშურნეობა, ყოველგვარი ორაზროვნებისა და ცნობიერების, მზაკვრული პოლიტიკის გარეშე უნდა გვიკვალავდეს გზას ყველა საქმესა თუ მოქმედებაში".



მღვდელმონაზონი დამასკინი 

წიგნ. „Церков перед лицом отступления". 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება