მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ჯოჯოხეთში „სურვილები“ არ სრულდება

ჯოჯოხეთში „სურვილები“ არ სრულდება


25-09-2016, 00:07

 

 

   მართლმადიდებელი ეკლესია გვასწავლის, რომ ადამიანის სულს ამქვეყნიური ცხოვრების დროს ეძლევა ქრისტესთან მისტიკური კავშირის დამყარებისა და ცხონების საშუალება. თანამედროვე ლიბერალები ცხონების ახალ საშუალებას გვთავაზობენ, კერძოდ: წარმართებისა და ერეტიკოსების სულები, რომლებმაც ამქვეყნიური ცხოვრების დროს არ ინებეს ჭეშმარიტი ეკლესიის შვილობა, თურმე იმქვეყნად შეიცნობენ ქრისტეს და ცხონდებიან.

   ლიბერალები გაიძახიან, რომ ქრისტემ ჯოჯოხეთში ყველას უქადაგა და „ვისაც სურს ამ შეხედულების მიღება", „ვისაც სურვილი ექნება", „ვინც გაითავისა ეს ქადაგება", „ყველას მიეცა შანსი", „ხოლო ვინც გამოიყენა შანსი, ისინი დაიმკვიდრებენ სასუფეველს".

   წმინდა წერილი და წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ადამიანის სული სიცოცხლეშივე ირჩევს სიკეთეს ან ბოროტებას, სიკვდილის შემდეგ კი კარგავს არჩევანის უნარს. რომელ „შანსზე" გვესაუბრებიან ლიბერალები?

   წმინდა წერილში ხაზგასმულია კავშირი ადამიანის ამქვეყნიურ ცხოვრებასა და მის საბოლოო ხვედრს შორის. მათეს სახარებაში ვკითხულობთ: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისათ"... „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის" (მათ. 25. 35-41). თესალონიკელთა მიმართ პავლე მოციქულის ეპისტოლეში ვკითხულობთ: „ცეცხლითა ალისათა მიგებად შურის-გებისა, რომელთა-იგი არა იციან ღმერთი და რომელნი-იგი არა დაემორჩილებიან სახარებასა მას უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესსა" (2 თეს. 1, 8).

   ის, რომ შეუძლებელია ადამიანის მიერ საიქიოში თავისი სურვილისამებრ სიკვდილშემდგომი მდგომარეობის არჩევა, მათე მახარებელთანაც ჩანს. ათი ქალწულის იგავში ვკითხულობთ: „მოვიდა სიძე იგი, და განმზადებულნი იგი შევიდეს სიძისა თანა ქორწილსა მას, და დაეხშა კარი. შემდგომად მათსა მოვიდეს სხუანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს: უფალო, უფალო, განგვიღე ჩუენ! ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ამინ გეტყვი თქუენ: არა გიცნი თქუენ" (მათ. 25. 8-12). ღმერთი და სხვა ვერავინ წყვეტს თითოეული ადამიანის ბედს: „ხოლო რაჟამს მოვიდეს ძე კაცისა დიდებითა თვისითა... დაადგინეს ცხოვარნი მარჯუენით მისა და თიკანნი - მარცხენით" (მათ. 25. 31. 33). „რომელთა-იგი საშჯელი მოეხადოს, მომსვრელი საუკუნო, პირისაგან უფლისა და დიდებისაგან ძლიერებისა მისისა" (2 თეს. 1, 9).

   როგორც ვხედავთ, არანაირ „სურვილების აღსრულებაზე" და მის მსგავს „საღვთისმეტყველო" მოსაზრებებზე წმინდა წერილში არ არის ნათქვამი. თუ ადამიანის სულს სიკვდილის შემდგომაც შეუძლია განიწესოს მარადიული სამყოფელი, მაშინ რას ნიშნავს წმინდა წერილის ზემოთ მითითებული სიტყვები? რაღას ნიშნავს მთელი ეკლესიის სწავლება, რომ ადამიანი მხოლოდ ჭეშმარიტი სარწმუნოებით ცხონდება?

   ლიბერალების ლოგიკის თანახმად, ეკლესიამ არ გაგვიმხილა რა არის ცხონებასთან პირდაპირ დაკავშირებული. განა წმინდა წერილში ქრისტეს სადმე ამბობს, რომ „ჯოჯოხეთში, ვისაც სურვილი გაუჩნდება, ვინც მიიღებს და გაისიგრძეგანებს ქრისტეს ქადაგებას, გამოიყენებს ამ შანსს, ყველა ასეთი ადამიანი ცხონდება?".

   ამჯერად, წმინდა მამებსაც მოვუსმინოთ, იქნებ მათთან ამოიკითხეს მსგავსი რამ?

   ღირსი ბარსანუფი დიდი ამბობს, რომ ჯოჯოხეთში შეუძლებელია სინანული: „რაც შეეხება მომავლის ცოდნას, ნუ ცდები: რასაც აქ დათესავ, იქაც იმავეს მოიმკი. ამსოფლიდან განსვლის შემდეგ უკვე ვერავინ ვერაფერს ვეღარ წარიმატებს... ძმაო, აქაური შრომა - იქაური საზღაური, აქაური ღვაწლი - იქაური გვირგვინები".1

   წმ. იოანე ოქროპირიც ამას წერს: „მხოლოდ ახლანდელი ცხოვრებაა მოღვაწეობის დრო, სიკვდილის შემდეგ კი სამსჯავროსა და სასჯელის დრო დადგება. ითქვა: „ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ"2 (ფს. 6. 6).

   მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური სწავლება ამ საკითხის შესახებ საფუძვლიანად გადმოგვცა ღირსმა იუსტინე პოპოვიჩმა: „საიქიო ცხოვრებაში სულის რელიგიურ-ზნეობრივი მდგომარეობა კარდინალურად არ იცვლება. ღმერთს რომ ის თავიდანვე შეეცვალა, მაშინ ადამიანის სულის თავისუფალ არჩევანს შეზღუდავდა და გაანადგურებდა იმას, რაც ადამიანს პიროვნებად აყალიბებს. ამასთან: თავად ადამიანის სულს საიქიო ცხოვრებაში მთელი თავისი არსით რომც სურდეს საკუთარი თავის მთლიანად შეცვლა და ახალი ცხოვრების დაწყება, ვერ შეძლებდა ამის გაკეთებას, ვინაიდან საიქიო ცხოვრებაში ადამიანის სულს არ გააჩნია სხეული - ადამიანის პიროვნების დამოუკიდებელი ნების სრულად გამოხატვის და მოღვაწეობის აუცილებელი ნაწილი, არ ექმნება მას ამქვეყნიურის მსგავსი პირობები და საშუალებები ცხონებისათვის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საიქიო ცხოვრებაში სინანული შეუძლებელია, ვინაიდან იქ ვიმკით იმას, რაც დავთესეთ და გავზარდეთ ამქვეყნად. ამაზე მიგვითითებს წმინდა წერილი, რომელშიც ამქვეყნიური ცხოვრება თესლთან, ხოლო საიქიო ცხოვრება - მკასთან არის შედარებული".3(იხ. გალ. 6. 7-8).

   იგივე აზრია გამოთქმული მართლმადიდებელი ეკლესიის საღვთისმსახურო წიგნებში: „ხოლო ჯოჯოხეთს შინა არღარა არს სინანული, არცა ლხინება, არცა პოვნა წყალობისა. რამეთუ მუნ არს მატლი დაუძინებელი, მუნ ღრჭენა კბილთა მწარე და ბნელი გარესკნელი".4

   საერთოდ, გაუგებარია როგორ ესმით თანამედროვე ლიბერალებს ცხონების საკითხი - რა არის მათთვის ცხონება? მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ცხონება ღმერთთან კავშირია, რომელიც იწყება აქ, დედამიწაზე და გრძელდება მარადიულობაში. სამოთხე ქრისტიანისათვის, პირველყოვლისა, ღვთის მადლის ფლობას, ცოდვისაგან განშორებულ ნეტარ ყოფას ნიშნავს. ამიტომ, მამების სწავლების თანახმად, სამოთხე არა მხოლოდ ადგილსამყოფელი, არამედ შინაგანი მდგომარეობაა წმინდანებისა. ასევე ჯოჯოხეთიც ის ადგილია, იქ მყოფი ადამიანის სულის მდგომარეობას რომ შეესაბამება.

   ნეტარხსენებული არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი წერს: „ჯოჯოხეთი არ უნდა მივიჩნიოთ ღვთის ნებით დაშვებულ წამების ადგილად. ჯოჯოხეთი არსობრივად ჩვენი თავისუფალი არჩევანის შედეგად გვერგება, რაც სრულად გამორიცხავს მასში ღმერთის მონაწილეობას. როდესაც ადამიანი ეუბნება ღმერთს: „გარე იქეც ჩემგან, გზათა შენთა ცნობადვე არა მნებავს" (იობ. 21, 14), მაშინ უფალი, მიუხედავად თავისი ყოვლადსახიერებისა, ძალით მის გადარჩენას არ ეცდება. ღმერთი სამართლიანია - იგი ანიჭებს ასეთ ადამიანს უფლებას გამოიყენოს თავისი არჩევანი: ცოდვილი წავიდეს ჯოჯოხეთში, მართალი კი სამოთხისეული ნეტარებით დატკბეს. ეს ჩვენ ვირჩევთ თავად მარადიულ სამყოფელს, ღმერთი მხოლოდ ადასტურებს მას. ერთი სიტყვით, ჩვენი არჩევანის თავისუფლება ღვთის სამართლიანობის წყალობაა".5

   ქრისტეს ეკლესიის მოძღვრების თანახმად, როგორც შევიტყვეთ, მარადიული ტანჯვის ერთადერთი მიზეზი ცოდვით დაცემული გონიერი არსების (დაცემული ანგელოზის ან ცოდვილი ადამიანის) ბუნებაში ჩადებული ვნებებია, ხოლო ვნებისკენ სწრაფვისაგან განუკურნებელი, მარადიულობაში გადასული ადამიანი, თავისივე ნებით, საბოლოო და კატეგორიულ უარს აცხადებს ღვთაებრივ დიდებასა და ნეტარებაში მონაწილეობაზე, რადგან სამუდამოდ შეძულებია იგი. კიდევ უფრო ვრცლად ამ საკითხის შესახებ ვისაუბრეთ ჩვენს გამოცემის - „ჭეშმარიტი სარწმუნოება" - ქვეთავში „მარადიული ტანჯვის რაობისათვის".

   ლიბერალები მიიჩნევენ, რომ ქრისტეს სწავლება, ღვაწლი, სულაც არ არის აუცილებელი ცხონებისათვის, იცხოვრე, როგორც გსურს. შემდეგ ღმერთი მოგაკითხავს ჯოჯოხეთში და გამოგიყვანს იქიდან, თუ „შანსს არ გაუშვებ ხელიდან".

   ასე რომ, ლიბერალები იმეორებენ ძველ ორიგენისტულ სწავლებას აპოკატასტატის (საყოველთაო ცხონების) შესახებ, რომელიც ეკლესიამ V მსოფლიო კრებაზე უარყო და ანათემას გადასცა. (გაგრძელება...)

 

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 

 

 

 

1www. Вера Православная. ру. Св. Варсануфий Великий. Вопросы-ответы.

2იქვე, პორტალზე.

3Прп. Иустин Попович. Собрание Творений. Т IV. M 2007. გვ. 364.

4წესი მღუდელსა ზედა მიცვალებულსა. კურთხევანი.

5არქ. ეპიფანე თეოდოროპულოსი. მართლმადიდებლური ენციკლოპედია. ჯოჯოხეთი. 


უკან დაბრუნება