მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > განდგომილების მეორე საფეხური

განდგომილების მეორე საფეხური


18-09-2016, 00:07

 

   მთავარეპისკოპოსი ამბერკის თვასაზრისით, განდგომილების მეორე საფეხური დროის სულის კვალდაკვალ სვლაში მდგომარეობს, ანუ როდესაც თავად მართლმადიდებლები უარს ამბობენ ტრადიციულ ეკლესიურ ცხოვრების წესსა და ეკლესიოლოგიურ სწავლებაზე. ყოველივე ამას ისინი „დრომოჭმულად" მიიჩნევენ. ასევე უარს ამბობენ წმინდა გარდამოცემაზე, რომელშიც უცვლელად მკვიდრობს ქრისტიანული ჭეშმარიტება. მართლმადიდებლობის არსი ვერ შენარჩუნდება იქ, სადაც დაკარგულია წმინდა გარდამოცემა.

   მეუფე ამბერკი წმ. ათანასე დიდის სიტყვების: „მართლმადიდებელი ეკლესია არ უნდა ემსახურებოდეს დროის სულს" - შემდეგნაირად განმარტავს:

   „ეკლესია არასოდეს დაემორჩილება დროის სულს, არასდროს ივლის ფეხდაფეხ, კომპრომისზე მასთან. მაცხოვარმა საიდუმლო სერობაზე უთხრა თავის მოწაფეებს: „თქვენ არაამსოფლისაგანნი ხართ". თუ გვსურს დავრჩეთ ერთგულნი ჭეშმარიტებისა, უნდა შევინარჩუნოთ ეს სულისკვეთება. ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია ყოველთვის იყო, არის და იქნება სტუმარი ამა სოფელში. მხოლოდ მისგან განშორებით შეუძლია უცვლელად გადასცეს თაობებს ღვთაებრივი ჭეშმარიტება, ვინაიდან სოფელთან განშორებით შეუცვლელად, ე.ი. მარადიულად ინარჩუნებს უფლის სწავლებას".

   ერთხელ, სამოციანი წლების დასაწყისში, ერთმა სემინარისტმა იხილა მეუფე ჩაფიქრებული. ის აქეთ-იქეთ დიდი ხანი დადიოდა. შემდეგ სემინარისტი მიუახლოვდა მას და ჰკითხა: ხომ არ მოხდა რამე მეუფე?

   - ძმაო, ტერმინმა „მართლმადიდებელი" დაკარგა თავისი ნამდვილი არსი. იმიტომ, რომ არამართლმადიდებლობა მართლმადიდებლობით ინიღბება. ალბათ საჭიროა ახალი სიტყვის მოძიება იმის აღსანიშნავად, რასაც ჩვენ მართლმადიდებლობას ვუწოდებთ. იმის მსგავსად, როგორც თავის დროზე სიტყვა „მართლმადიდებელი" მოიძებნა ჭეშმარიტების აღსაქმელად, ეს არც თუ ისე იოლია.

   მეუფე გრძნობდა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში არაამსოფლიური სული ნელ-ნელა კარგავდა თავის მნიშვნელობას. ამის შესახებ ის წერდა:

   „იქ, სადაც შეწყვეტილია სულიერ-მადლმოსილი მემკვიდრეობა, წმინდა მოციქულთა, მოციქულებრივ და წმინდა მამათა სწავლება, სადაც შემოღებულია სხვადასხვა სარწმუნოებრივი და ზნეობრივი სიახლენი, დროის სულის კვალდაკვალ „პროგრესირებენ", რათა არ ჩამორჩენ ამქვეყნიურ მოთხოვნებსა დ მოერგონ ამა სოფლის მოდას, იქ საუბარი არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტ ეკლესიაზე".

   ეს „სიახლეები" გახლავთ მართლმადიდებელი ეკლესიის გაამსოფლიურების მცდელობა. მათ სურთ გარდაქმნან ის, გახადონ ნაკლებად „უცნაური" სხვის თვალში.

   მეუფე ამბერკი წერდა, რომ ეს პოზიცია უცხოა მართლმადიდებლობისთვის: „მართლმადიდებელი სარწმუნოება გვასწავლის, რაგვარად მოიწყო საკუთარი ცხოვრება, რათა ქრისტიანული სრულყოფილებისა და მოთხოვნის შესაბამისად ვიცხოვროთ. სხვაგვარადმადიდებლები კი ქრისტიანობიდან მხოლოდ იმდენს იღებენ, რამდენიც თავსებადი იქნება თანამედროვე კულტურული ცხოვრებისათვის". მართლმადიდებლური ასკეზის დაკნინება ნიშნავს წაართვა ქრისტიანს განწმენდის, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი სულიერ ცხოვრებაში - სინანულის საშუალება. თუკი ქრისტიანი უარს ამბობს ძველი ტრადიციისამებრ ცხოვრებაზე, ამით არყევს მართლმადიდებლურ საფუძვლებს.

   მეუფე ამბერკის თქმით: „მართლმადიდებლობა - ასკეტური სარწმუნოებაა, რომელიც ცოდვისმიერი ვნებების აღმოფხვრისა და ქრისტიანული სათნოებების დანერგვისაკენ მოგვიწოდებს".

   სხვაგვარად, წმინდა გარდამოცემას სახეცვლილების საფრთხე დაემუქრება. ამპარტავნული სულით განმსჭვალული თანამედროვე „ღვთისმეტყველები", ცოცხალ ტრადიციასა და გარდამოცემას განშორებულნი ცდილობენ დაამკვიდრონ „ახალი მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება", მარტოოდენ ინტელექტუალური გზით „გადმოსცენ ისტორია" და ხელოვნურად „აღადგინონ" მართლმადიდებლური წეს-ჩვეულება. ისინი გაჰყვირიან: ძალიან მნიშვნელოვანია „მართლმადიდებელი ეკლესიის განახლება", „მართლმადიდებლობაში რეფორმების გატარება", რომელიც, მათი აზრით, „ჩამორჩა დროში", და რომელიც „სიკვდილის პირასაა"... ეს ადამიანები „მართლმადიდებლების" ახალი მოდგმაა, სინამდვილეში სქოლასტებია, რომლებსაც არ გააჩნიათ მართებული ტრადიციული ინტუიცია, ჭეშმარიტი საეკლესიო ატმოსფერო, რომელშიც იზრდებოდნენ წმინდანები: „ნაყოფთა სამე მათთაგან იცნენ იგინი" (მათ. 7, 20). ტრადიციულმა მართლმადიდებლობამ ჩვენს დროშიც აღზარდა წმინდანები, ხოლო „ახლებურად გააზრებულმა" მართლმადიდებლობამ, უკეთეს შემთხვევაში, ჭკვიანი ადამიანი შექმნა. მათი სულიერი უსუსურობა იმის შედეგია, რომ ამ „ღვთისმეტყველთ" სხვაზე, თვით წმინდანებზე „უკეთ ცოდნის" პრეტენზია გააჩნიათ.

   ეკლესიამ „დროის კვალდაკვალ სვლით", თუკი მას დაეუფლება „ეკუმენისტური მოძრაობის" მოდური სული, რომელიც მსოფლიო განდგომილების უტყუარი მოწმობაა, შეიძლება დაკარგოს მართლმადიდებლობის ძალა. მეუფე ამბერკი თავის ნაშრომებში ამის შესახებ წერდა:

   „განდგომილების დამანგრეველმა სულმა უკვე შემოაღწია ჩვენს ეკლესიაში, რომლის ზოგიერთი მაღალი იერარქი ღიად აცხადებს ახალი ეპოქის დადგომის შესახებ. ისინი პრინციპულად გვთავაზობენ უარი ვთქვათ წარსულზე, იმიტომ რომ სურთ ჩამოაყალიბონ „ახალი ეკლესია", გააღრმაონ ეკუმენისტური კონტაქტები სხვაგვარადმადიდებლებთან. ეკუმენისტური მოძრაობის ხელმძღვანელები ახლახანს შეუდგნენ თავიანთ გეგმებზე ღია საუბარს, ხოლო მანამდე უსირცხვილოდ „ნაცარს გვაყრიდნენ თვალებში", აცხადებდნენ რა, რომ ეკუმენისტურ მოძრაობაში საიმისოდ შედიან, რათა არამართლმადიდებლებთან დაამოწმონ მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება". დღეს კი საერთაშორისო პრესისა და მათი გამოსვლების შემდეგ ცხადი გახდა, რომ ისინი გახდნენ მოღალატენი ჭეშმარიტი ეკლესიისა".



მღვდელმონაზონი დამასკინი 

მთავარეპისკოპოსი ამბერკის (ტაუშევი) მიხედვით 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება