მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ეკლესიის მოწინააღმდეგეთა საპასუხოდ

ეკლესიის მოწინააღმდეგეთა საპასუხოდ


11-05-2020, 16:50

 

   დღეს ხშირად გვესმის კრიტიკა ეკლესიის მიმართ. ზოგნი ეკლესიური კანონების სიმკაცრეზე საუბრობენ, ზოგნიც ერთეული სასულიერო პირების უღირსი ქმედებებით ბრკოლდება, სხვანი ეკლესიის სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას აკრიტიკებენ, სხვანიც ეკლესიურ ცხოვრებას ჩამორჩენილ ადამიანთა ცხოვრების წესად მიიჩნევენ. ამ ადამიანთა უმეტესობა აცხადებს, რომ „სწამს ღმერთის, მაგრამ არა სასულიერო პირის", ან - „ღმერთის მწამს, მაგრამ ეკლესიის არა". ასევე ეკლესიის შიგნით მომრავლდნენ მოღალატე, ლიბერალი და მოდერნისტი ადამიანები, რომელთა მიზანი ეკლესიის შიგნიდან დასუსტება და დისკრედიტაციაა.

   ჩვენ შევეცდებით ეკლესიის სწავლების, წმინდა მამათა და თანამედროვე მამათა ნაშრომების საფუძველზე, პასუხი გავცეთ ამ ადამიანებს. განვიხილავთ თანამედროვე ადამიანის სულისკვეთებას, ცდომილებებს, იდეოლოგიებს, მათი აზროვნების მიმართულებას და მათზე განხორციელებულ გლობალიზმის ზეგავლენას.

   მორწმუნე, ეკლესიურ ადამიანს, უჩნდება კითხვები: ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც ეკლესიას განიკითხავენ? როგორი ცხოვრების წესით ცხოვრობენ? იცავენ თუ არა ქრისტეს მცნებებს? არიან ისინი ეკლესიის ნამდვილი გულშემატკივრები და სურთ კი ნამდვილად აღმოჩენილი ნაკლოვანებების გამოსწორება? ჩვენ გვაინტერესებს, გამოსწორების რა მართებულ ნაბიჯებს დგამენ ეს ადამიანები, რადგან მათი მხრიდან მხოლოდ ლანძღვა და საჯაროდ ეკლესიის დისკრედიტაცია გვესმის?

   სამწუხაროდ, პასუხი ამ კითხვებზე, როგორც წესი, უარყოფითია. ჭეშმარიტება და სამართლიანობა ჩვენთვის ფასეული აღარ არის. დღეს მრუშები, მოღალატეები, მატყუარები, მაცდურები და განდგომილები ითვლებიან საზოგადოების ღირსეულ წევრებად. მათ გზა ხსნილი აქვთ ტელევიზიებში და სხვა მედია საშუალებებში. მათ „აპიარებენ" და „ავტორიტეტებად" წარმოგვიდგენენ.

   მაშ, მოდით, განვიხილოთ ამ ადამიანთა მსოფლმხედველობა, იდეოლოგია, მრწამსი და მისწრაფება. ამის შემდეგ ვკითხოთ მათ, მაცხოვრის სიტყვისამებრ: „რაისა ხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა, დვირესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი?" (მათ.7.3). ჩვენ განვიხილავთ „ახალ ადამიანს", როგორც მათ ბოლო დროის წმინდა მამები მოიხსენებენ, და ამ მიმართულებით მათ რამოდენიმე ტიპს შემოგთავაზებთ.

 

 

ადამიანი - უგუნური

    

   პირველი, „ადამიანი-უგუნური", ამ ტიპის ადამიანი შინაარსით აბსურდული და ალოგიკურია. მათ არ გააჩნიათ ცოდნა ამა თუ იმ საკითხისა და არც სხვის რჩევა-დარიგებას ისმენენ. ისინი არ იწუხებენ თავს თეორეტიკული შეკითხვებით და ისე იქცევიან, თითქოს მათი უგუნურება მსოფლიოსთვის კანონი იყოს. ზოგ შემთხვევაში ამ ტიპის ადამიანმა, კითხვაზე მართებული პასუხიც იცის, მაგრამ ჯიუტად გეწინააღმდეგება, კამათობს - კამათის გამო. „ადამიანი-უგუნური" განიკითხავს სასულიერო პირებს, მიიჩნევს მათ თავისი ურწმუნოების და აღვირახსნილი ცხოვრების მიზეზად. იგი არ უსმენს ეკლესიის დარიგებას. წმინდა იოანე ოქროპირი ცხადად განმარტავს და, ამავე დროს, ამხელს ასეთ სასულიერო პირებს: „თუ მღვდელი სწორად გმოძღვრავს, მის სიტყვებს უგდე ყური და ნუ იძიებ, თავად როგორ ცხოვრობს, ეს შენი კი არა, მისი საქმეა, ის თავად სცოდავს და თავადვე აგებს პასუხს. შენ კი, თუ მის მართალ სიტყვას ყურად იღებ, არ განიკითხები... თუ შენ თვითონ არ ვარგიხარ, კარგი მოძღვარიც ვერ გიშველის, ხოლო თუ შენ თვითონ იქნები კარგი, მაშინ ის მოძღვარიც ვერაფერს დაგაკლებს. ყოველი მადლი უფლისაგან არს. მღვდელი მხოლოდ ბაგეებს განხვამს, ხოლო დანარჩენს უფალი აღასრულებს".

   „ადამიანი-უგუნური" - მთლიანად ამა სოფლის სულის მატარებელია, ის ღმერთზე და ღვთაებრივზე აღარ ფიქრობს, აღარ საუბრობს, არამედ ცხოვრობს ისე, თითქოს ღმერთი არ არსებობს. ამ კატეგორიის ადამიანები თვლიან, რომ  არ საჭიროებენ ღვთის შეწევნასა და ლოცვას. ისინი სულ სხვა ფასეულობას ეთაყვანებიან - დროის სულისკვეთებას.

   მორწმუნე გეკითხება: „ადამიანო-უგუნურო" რა უფლებით განიკითხავ ეკლესიასა და სასულიერო პირებს?!

 

 

ადამიანი - ლიბერალი

  

   ადამიანთა მორიგი ტიპი, „ადამიანი-ლიბერალია". მღვდელმონაზონ სერაფიმე როუზის თქმით, ის არ ავლენს ღია მტრობას ან განზრახ გულგრილობას ჭეშმარიტების მიმართ. იგი საუბრობს „მარადიულ ფასეულობებზე", „სარწმუნოებაზე", „ადამიანის ღირსებაზე", „ქრისტიანულ ცივილიზაციაზეც" კი, მაგრამ ცხადზე უცხადესია, რომ ეს სიტყვები არ მოიაზრება უწინდელი მნიშვნელობით. მათთვის ეს უბრალოდ მეტაფორებია, საუბრის სტილია, რომლებიც არა ინტელექტუალურ, არამედ მეტწილად ემოციურ რეაქციაზეა გათვლილი. „ადამიან-ლიბერალს" არ სწამს აბსოლუტური, უფრო კონკრეტულად, ქრისტიანული ჭეშმარიტება. ამავე დროს თავად ფრაზა შენარჩუნებულია. ერთი სითყვით, მისთვის ჭეშმარიტება „გადაფასებულია". მას მხოლოდ ამ ქვეყნიური სამყაროსი სჯერა, არ გააჩნია არც გამოცდილება, არც საიქიო ცხოვრების რწმენა, რაც ყველაზე მთავარია: ლიბერალს ისეთი ღმერთის სწამს, რომელსაც არ ძალუძს მკვდრების აღდგენა.

   „ადამიანი-ლიბერალი" - ამქვეყნიურ უწესრიგობასა და ქაოსთან კარგადაა ადაპტირებული, ვინაიდან მისთვის ქაოსი არა სულის სიკვდილი, არამედ აღქმული სამყაროა. ამიტომაც იგი მთლიანად ჩაფლულია ამქვეყნიურ საზრუნავში. მას თავი „თავისუფლებისთვის" მებრძოლი ჰგონია, თანაც მისთვის ბრძოლის ნებისმიერი ხერხია მისაღები. მისთვის თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკური ტერმინია, რომელსაც ხშირად იყენებს როგორც ბრალდებას ანტიმოდერნისტების მიმართებით. მას თავისუფლების ქრისტიანული არსი არც კი აინტერესებს.

   „ადამიანი-ლიბერალი" - უარყოფს ღმერთს იმიტომ, რომ ის „არ არის ღირსი" ლიბერალის წარმოსახვაში არსებული ადამიანისა. ამიტომ „ადამიანი-ლიბერალი" ასკვნის: ღმერთი არ არის აბსოლუტი, ის ფარდობითია სამყაროსა და ადამიანთა მიმართებაში.

   და კვლავ მორწმუნე ადამიანი გეკითხება: „ლიბერალო", რომელსაც ჭეშმარიტი ღირებულება არ გაგაჩნია, რატომ ებრძვი ეკლესიას?!

 

 

ადამიანი - ჰუმანისტი

   

   შემდეგი ტიპის ადამიანი - „ადამიანი-ჰუმანისტია". წმინდა იუსტინე პოპოვიჩის თქმით: ჰუმანიზმმა გამოაცხადა, რომ ყველაზე კარგი, რაც არსებობს დედამიწის ზურგზე - ადამიანია. სწორედ ადამიანი გახდა მათთვის ყოველთა საგანთა საზომი. „ადამიანი-ჰუმანისტი" თავდაპირველად, თითქოს არ ებრძოდა ღმერთს, მაგრამ საბოლოოდ, გამოაჩინა თავისი ნამდვილი სახე - ადამიანი განაშორა ღმერთს და მის ნაცვლად ადამიანი „გააღმერთა". ვინ არის სინამდვილეში ეს „გაღმერთებული" ადამიანი? იგი თავისი ვნებების უბადრუკი მონაა. რაკი ჭეშმარიტი ღმერთი დაკარგა, მან გადაწყვიტა ცრუ სწავლებების მეშვეობით მოეკლა უღმერთობის „შიმშილი". ამის გამო მან - ფაქტობრივად ყველაფრისგან: მეცნიერებისგან, ფილოსოფიისგან, ცრუ რელიგიებისა და ცრუ იდეოლოგიებისაგან შექმნა კერპი!

   „ადამიანი ჰუმანისტის" ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება უზნეობაა, რადგანაც მისთვის ღმერთი არ არსებობს, შესაბამისად ზნეობრივი პრინციპები შეიძლება შეიცვალოს სიტუაციის მიხედვით. „ადამიან-ჰუმანისტს" სჯერა, რომ ადამიანი თავისუფალია და თვითონაა თავისი ბედის ბატონ-პატრონი. მისი ძირითადი საზრუნავი ადამიანის ამქვეყნიური ბედნიერებაა და მისთვის არ არსებობს მარადიულობა გარდაცვალების შემდეგ.

   „ადამიანი-ჰუმანისტის" საბოლოო მიზანი მსოფლიო მმართველობაა, რა თქმა უნდა, ჰუმანისტური ელიტით სათავეში. მათი იდეალია ნაციონალიზმის საზღვრების წაშლა და ყოველი ხელისუფლების სუპერმმართველობისადმი დამორჩილება. წმინდა იუსტინე წერს: „ჰუმანიზმი თავის განვითარებისას უთუოდ გადაიზრდება ათეიზმში, გაივლის ანარქიზმის სტადიას და ნიჰილიზმით დასრულდება".

   მორწმუნე კვლავ ეკითხება უზნეო „ადამიან-ჰუმანისტს": რა უფლებით აკრიტიკებ ღვთის ეკლესიას?!

 

 

ადამიანი - ნიჰილისტი

   

   შემდეგ კატეგორიას თამამად მივაკუთვნებთ „ადამიან-ნიჰილისტს". მისთვის არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება, არ არსებობს წმინდა ეკლესია, არ არსებობს ჭეშმარიტი ღმერთი. ნიჰილისტი ამბობს: არ არსებობს ცოდვა, ყოველივე ნებადართულია, ყველაფერი დასაშვებია. იგი ცდილობს აღმოფხვრას თავის თავში და სხვებშიც უკვდავების გრძნობა, ცდილობს მთლიანად გამოფიტოს ყოველივე ღვთაებრივი. „ადამიანი-ნიჰილისტი" ცდილობს მოსპოს ნიადაგი, რომლითაც ქრისტიანული ჭეშმარიტება იკვებება და საზრდოობს. იგი პირველ დარტყმას ტრადიციის მატარებელ ადამიანებს აყენებს.

   „ადამიანი-ნიჰილისტის" მიზანია - „ახალი ადამიანის" ჩამოყალიბება - რევოლუციების, ტერორისა და რეპრესიების გზით. მასში განადგურებულია ადამიანის ჭეშმარიტი ორიენტირი ისე, რომ მას აღარ შეუძლია ამა სოფლის სულისკვეთების წინააღმდეგ ბრძოლა. საბოლოოდ, „ადამიანი-ნიჰილისტი" ასკვნის: დავანგრიოთ ძველი წესრიგი და შევქმნათ „ახალი მსოფლიო", „ახალი ადამიანი".

   მორწმუნე კი კვლავ ეკითხება „ადამიან -ნიჰილისტს", რომელსაც საერთოდ არ გაგაჩნია მარადიულობის გრძნობა: რატომ ებრძვი ტრადიციას? რა უფლებით ებრძვი ეკლესიას და მორწმუნე ადამიანს?!

 

 

ადამიანი - კომპრომისი

   

   ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპი „ადამიანი-კომპრომისია". იგი თვითგანდიდებით შეპყრობილი ადამიანია, მას არ სურს გაწყვიტოს კავშირი ზნეობრივ ვალდებულებებსა და სინდისს შორის, მას სურს შექმნას კომპრომისი. ანუ: მას სურს ემსახუროს ორ უფალს (მათ 6.24) - ნაწილობრივ ზნეობრივი ვალდებულება უნდა შეასრულოს, ნაწილობრივ - საკუთარ მიდრეკილებებს (ცოდვებს) აამოს. ეს ადამიანები მთელ ცხოვრებას სინდისსა და ცოდვას შორის შეთანხმებაში ატარებენ. შედეგად, სინდისის ხმა სულ უფრო ქვეითთება და იხშობა.

   თავდაპირველად, „ადამიანი-კომპრომისი" ცდილობს დაარწმუნოს საკუთარი თავი, რომ ზნეობრივი კანონის მოთხოვნები ძალიან მძიმე შესასრულებელია ჩვეულებრივი მოკვდავისთვის. რაკი ზნეობრივი პრინციპების უგულებელყოფას ვერ ახერხებს, ავითარებს აზრს, რომ არ უნდა შეუდგეს გადაჭარბებული, იდეალური მოთხოვნების შესრულებას; საკმარისია საშუალო მდგომარეობის შენარჩუნება, როდესაც მცირე ცოდვაში ყოფნა მისაღებია. შემდეგ, „ადამიანი-კომპრომისი" ითავისებს ცოდვისმიერ მოსაზრებას და ასკვნის, რომ არ არის აუცილებელი ცოდვასთან განშორება, ვინაიდან ზნეობრივი პრინციპები მოძველებული და უსარგებლო გადმონაშთია.

   ნელ-ნელა ზნეობრივი ვალდებულებები ინსტინქტებითა და ბუნებრივი მოთხოვნილებებით იცვლება; ცხოვრების არსი უფრო მეტი სიამოვნების მიღებით განისაზღვრება. უმაღლესი ზნეობრივი პრინციპი ხდება: „გიყვარდეს საკუთარი თავი ყველაზე მეტად, სხვა ყველაფერიც მხოლოდ საკუთარი თავისთვის". იგი ხშირად იგონებს თეორიებს, რათა თავისუფლად სცოდოს. ამგვარი შემართება არა უმეცრებისაგან, არამედ ადამიანის ცოდვისმიერი ნებისაგან მომდინარეობს. ეს ტიპი შესაძლოა ყველაზე მეტად იყოს გავრცელებული როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მთელს მსოფლიოშიც.

   მორწმუნე კვლავ ეკითხება უპრინციპო „ადამიან-კომპრომისს": რატომ ებრძვი ფარულად ეკლესიას?! რატომ ორგულობ ადამიანო?!

 

 

ადამიანი - იეზუიტი

   

   ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო კატეგორია გახლავთ - „ადამიანი-იეზუიტი". მამა რაფაელის (კარელინი) თქმით - მართლმადიდებლობის ყველაზე საშინელი მტერი - იეზუიტური სულია. „ადამიანი-იეზუიტი" პრაქტიკაში მოქმედი ჰუმანისტია. იგი ჭეშმარიტებას მოვლენებით სარგებლიანობით ცვლის. ის თვლის: მიზანი, როგორიც უნდა იყოს ის - სასუფეველი თუ მიწიერი კეთილდღეობა - ნებისმიერი საშუალებით მიიღწევა. უფრო სწორად, მიზანი არ მიიღწევა, მაგრამ ამით საშუალებებს ამართლებენ.

   „ადამიანი-იეზუიტი" ფარული ურწმუნოა, მას არ სჯერა, რომ ღმერთი ყოვლად ძლიერია და ცრუპენტელას (იეზუიტის) დახმარება არ სჭირდება. ასევე ისიც, რომ ღმერთი ჭეშმარიტებაა და ადამიანის ყოველი სიცრუე მისგან აუცხოებს. იეზუიტმა დაკარგა ჭეშმარიტება, შეეჩვია სიცრუეს და მის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. ჩვენს ეკლესიაში ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე განსაცდელი იმის დანახვაა, თუ როგორ აღწევს მასში იეზუიტიზმის სული. განსაკუთრებით მძიმეა, როდესაც სულიერი მამები ატყუებენ სულიერ შვილებს. გაუგებარია, ფიქრობენ თუ არა ეს თვალთმაქცები, რომ სიცრუე დიდი ხნით დაიფარება? შედეგად, სულიერი შვილიც იწყებს მოძღვრის მოტყუებას: და ყველაზე უარესი - იწყებს ფიქრს, რომ ტყუილი კარგი საქმეა და მას „ცხოვრებისეულ სტრატეგიად" აქცევს. სწორედ ასე „კეთილი სიცრუის" მეშვეობით წარმოიშობიან იეზუიტები და წყალწაღებული არამზადები, რომლებიც ამავდროულად ყველაზე წმინდა სიტყვებს წარმოთქვამენ, ადამიანს ატყუებენ და თან ნათელი მზერით ჩასცქერიან თვალებში.

   „ადამიანი-იეზუიტი" უცხოა ჭეშმარიტების სულისაგან, მისი ცხოვრების წესი „ცრუპენტელობაა" და მასთან ერთად აღმოჩნდება საშინელ სამსჯავროზე.

   და კვლავ მორწმუნე გეკითხება: სიცრუის სულით გამსჭვალულო ცრუპენტელა ადამიანო; რატომ ებრძვი ეკლესიას იეზუიტური მეთოდებით?!

 

 

ადამიანი - მოდერნისტი

      

   თანამედროვე ეკლესიის ერთ-ერთი ძირითადი მტერი „ადამიანი-მოდერნისტია". იგი ცდილობს ეკლესიის სწავლება თანდათანობით, ჯიუტად დაამახინჯოს და მისი დისკრიდიტირება მოახდინოს. მისი მიზანია მართლმადიდებლური მენტალიტეტი შეუმჩნევლად შეცვალოს. იგი პირდაპირ არ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ დოგმატებსა და კანონებს, მაგრამ სურს თავისი ინტერპრეტაცია, განსხვავებული აზრი მოახვიოს საზოგადოებას.

   „ადამიანი-მოდერნისტი" ცდილობს შექმნას ადოგმატური რელიგია - ქრისტიანობა ქრისტეს ეკლესიის კანონების გარეშე და თანდათანობით მიიყვანონ ადამიანი იმ დასკვნამდე, რომ მთელი მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება, სახარებისეული სწავლების გვიანდელი დანართია მხოლოდ, ძირითადი და უმთავრესი კი სიკეთე და მოწყალებაა, ხოლო დანარჩენს საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა.

   მორწმუნე კითხულობს: „ადამიანო-მოდერნისტო" რატომ ცდილობ ეკლესიის კანონების დამახინჯებას და დისკრედიტაციას?!

 

 

ადამიანი - გლობალისტი

   

   „ადამიანი-გლობალისტი" - ერთიანი გლობალური პროექტის ნაწილია. მისი მიზანია ერთიანი მსოფლიო სახელმწიფოს შექმნა, რომელსაც ერთი ხელისუფალი ეყოლება. „ადამიანი-გლობალისტი" აცხადებს კაცობრიობას ერთიან ბიოლოგიურ პოპულაციად, რომელსაც საერთო ისტორიული წარსული აქვს, შესაბამისად საერთო ისტორიული მომავალიც, მაშასადამე, ის თვლის, რომ ერთიან მსოფლიო საზოგადოებას სჭირდება ერთიანი საზოგადოებრივი რელიგიური ორგანიზაცია.

   „ადამიანი-გლობალისტი" იმ სულისკვეთების ადამიანია, რომელმაც ბაბილონის მშენებლობა გაიფიქრა. იგი ამზადებს არა მხოლოდ ქრისტეს გარეშე არსებულ სამყაროს, არამედ სამყაროს, რომელიც ქრისტეს მგმობი და მოწინააღმდეგე იქნება.

   მორწმუნე გეკითხება: გლობალიზმის და ქრისტეს მტრობის სულისკვეთებით შეპყრობილო „ადამიანო-გლობალისტო" რატომ ებრძვი ეკლესიას?!

   ამრიგად, ჩვენ განვიხილეთ თანამედროვე ადამიანი. მისი იდეოლოგიური ცდომილებანი და მისწრაფებები. ზოგი მათგანი გარედან ებრძვის წმინდა ეკლესიას, ზოგნიც კი, რაც უფრო დიდი საფრთხეა ჩვენთვის, შიგნიდან ებრძვის მას თავისი ლიბერალური, ნიჰილისტური და მართლმადიდებლობისადმი ზერელე დამოკიდებულებით. გარედან შემყურე ადამიანი ბრკოლდება იმით, რომ მართლმადიდებელნი აღარ გვანან ძველ ქრისტიანებს, და ამიტომ ჰგონიათ, რომ ეს აღარ არის ის ძველი ეკლესია, რომელიც დედამიწაზე დააფუძნა იესუ ქრისტემ.

   მაგრამ, არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) თქმით, თუ ჩვენ ვაღიარებთ, რომ ეკლესია არაა ქრისტიანული პარტია, კავშირი ან ორგანიზაცია, არამედ ესაა ტაძარი, რომელშიც ცხოვრობს სულიწმინდა, ქრისტეს სხეული, ცოცხალი ორგანიზმი და მორწმუნეთა დიდი უმრავლესობისთვის ესაა - ცხოვრება ქრისტეში - მაშინ ეს გაუგებრობა ყოველგვარ აზრს დაკარგავს. ასეთი შეხედულებისას თითით მინიშნება ცალკეულ უღირს ქრისტიანზე, თუგინდ მღვდელსა თუ მღვდელმთავარზე, რომელთაც ბევრ რამეში გადაუხვიეს მართლმადიდებლობისაგან - ეს იგივე იქნება, ტოტებგაშლილ ხესთან რომ მიხვიდე, მის ტანზე არსებულ ფუღუროზე მიუთითო და თქვა: თქვენ ამტკიცებთ, რომ ხე ცოცხლობს, რომ იგი ცოცხალი და რეალურია, მაგრამ შეხედეთ, აქ ხომ ნაფშვენებით ამოვსებული ცარიელი ადგილია.

   თუ ქრისტეს ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია, მაშინ არ შეიძლება დავადანაშაულოთ იგი, როდესაც რომელიმე ერისკაცი, ბერი თუ მღვდელმთავარი არ ცხოვრობს თავისი წოდების შესაბამისად, ისევე როგორც არ შეიძლება დავადანაშაულოთ მაცხოვარი იმის გამო, რომ მას უახლოვდებოდნენ მეზვერენი, ცოდვილნი და მრუშნი. დიახ, ქრისტეს მიმდევარნი მეზვერენი და ცოდვილნი „სნეულნი" იყვნენ, მაგრამ განა შეიძლება დავადანაშაულოთ ექიმი იმის გამო, რომ მას ირგვლივ სნეულნი ახვევია და არა ჯანმრთელნი?

   მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი თანამედროვე დროსა და ეკლესიაზე წერს: „დღეს ჩვენ თავისი მნიშვნელობით უდიდეს ფენომენს ვაწყდებით: იმ ადამიანების გამიწიერებულ დამოკიდებულებას ცხოვრებისადმი, რომლებიც ეკლესიის ზღუდის შიგნით იმყოფებიან. ჩვენ ეს ფენომენი რეალისტურად უნდა შევაფასოთ - ესაა გამიწიერება (გაამსოფლიურება) ისეთი მასშტაბით, როგორიც ადრე მსოფლიოს ისტორიაში არასოდეს არსებულა, ეს აპოსტასიაა (განდგომილება), დამახინჯება, ბოროტება და დემონური აქტიურობაა. ეს ყველაფერი ქვევით მიგვაქანებს, ხოლო მათ, ვინც ამ გზით მიდის, ცხონებამდე ვერ მიიყვანს".

   დავასრულებთ არქიმანდრიტი ლაზარეს სიტყვებით: „ქრისტე ჭეშმარიტებაა. ეკლესია ქრისტეს სულით ცხოვრობს, თითქოსდა „სულდგმულობს" ჭეშმარიტებით, ამიტომაც ვამბობთ ყველა, რომ ეკლესია კათოლიკეა (საყოველთაო) და უცდომელი თავის სისავსეში, ანუ ჭეშმარიტება მისაწვდომია, როგორც მთელი ეკლესიისთვის, ასევე ყველა მისი ჭეშმარიტი წევრისთვის. აქ მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად ვუღებთ გულს ჭეშმარიტებას".

 

დავით ჯინჭარაძე  

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება