მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > განხეთქილების წინააღმდეგ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 3)
განხეთქილების წინააღმდეგ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 3)12-06-2017, 00:03 |
მსოფლიო საეკლესიო კრებების წმიდა მამებმა, რომელნიც სულიწმიდის მიერ აწინდელსავით ჭვრეტდნენ მომავალსაც, ერთხმად დაადგინეს, რომ იერარქიული სტრუქტურა და საეკლესიო კანონები უცვლელად, შეურყევლად ყოფილიყო დაცული მარადის, მსოფლიო ისტორიის დასასრულამდე. რომელი კანონები აძლევენ უფლებას განხეთქილებაში გასულთ თავიანთი ახალი იერარქია შექმნან, სხვა მღვდელმთავართა ეპარქიებში შეიჭრან, ხელი დაასხან და მღვდლებად აკურთხონ, ააშენონ თავიანთი ტაძრები, ანუ გარდახდნენ ყველა საეკლესიო საზღვრებს და ისე მბრძანებლობდნენ, როგორც საკუთარ სახლში. „აქვსენტის სინოდად" წოდებულ განხეთქილებაში გასული ჩვენი ძმები ამტკიცებენ, რომ მათი მღვდელმთავარი თავის დროზე მართლმადიდებელ ეკლესიაში იქნა ხელდასხმული ეპისკოპოსად და მაშინ მისი ეპარქია ეკლესიის ნაწილი იყო, ხოლო შემდგომში, როცა „ეკლესიამ ეკუმენიზმის მწვალებლობა მიიღო", აქვსენტი განხეთქილებაში მყოფ ჯერ ერთ ორგანიზაციაში გადავიდა, შემდეგ კი - მეორეში, მაგრამ რაკი დაინახა, რომ ისინიც ცოდვებში იყვნენ გახლართულნი, „რადიკალურად" გადაწყვიტა საკითხი: საკუთარი თავი გამოაცხადა ეკლესიად. სხვანი კი, დანარჩენნი, „მწვალებლურ საკრებულოდ" აღიარა, რომელსაც უკანმოუხედავად უნდა განერიდო, როგორც „ლოტი - სოდომს". პირველ ყოვლისა, ჩვენ შეგვიძლია მივუგოთ, რომ ეკლესიის მწვალებლობაში შთავარდნა უნდა დამტკიცებულ იქნას ზუსტი დადგინებისა და კანონების საფუძველზე, და არა - საკუთარ დასაბუთებათა თუ ფაქტების ნებისმიერი ინტერპრეტაციის საფუძველზე. ეკლესია მწვალებლური ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ცრუ დოგმატს იღებს როგორც უცილობელ სარწმუნოებრივ სწავლებას თავისი ყველა წევრისათვის; ამასთან, ეკლესიის ხმაა არა ცალკეულ პირთა შეხედულებანი, სულ ერთია რა მაღალი იერარქიული მდგომარეობაც არ უნდა ეკავათ მათ, არამედ მხოლოდ ადგილობრივი საეკლესიო კრების გადაწყვეტილება, მიღებული საგანგებოდ ამ საკითხზე. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეკუმენური წინადადებები და შეთანხმებები არც ერთი კრების მიერ არ ყოფილა მიღებული სარწმუნოებრივი სწავლების დონეზე. ამ პრობლემას ჩვენ განსაკუთრებულად შევეხებით. აწ კი შემდეგი რამ გვინდა შევიტყოთ ჩვენი ძმებისაგან: რომელი კანონების საფუძველზე ძალუძს ეპისკოპოსს ეკლესიად გამოაცხადოს თავისი ეპარქია? ავტონომიას, ავტოკეფალიას ხომ დედობილი ეკლესია ანიჭებს თავის შვილობილ ეკლესიას, და ეს ავტოკეფალია არამც და არამც არ შეიძლება თვითნებურად იქნას გამოცხადებული! რა სტატუსი აქვს თქვენს ეკლესიას, რომელსაც თქვენ „ჩრდილოეთ ამერიკის ბერძნულ მართლმადიდებელ ეკლესიას" უწოდებთ? ავტონომიური სტატუსი? თუ ავტოკეფალური სტატუსი?! - მაგრამ ვინ დააფუძნა მისი ავტოკეფალია? და რომელი ადგილობრივი ეკლესიები სცნობენ მას? იქნებ ეს მსოფლიო ეკლესიის სტატუსია? - მაგრამ მსოფლიო ეკლესია შეუძლებელია იწოდებოდეს ადგილმდებარეობისა და ერის მიხედვით („ჩრდილოეთ ამერიკის ბერძნული")! მაშასადამე, თქვენს ეკლესიას ისეთი ფანტასტიკური სტატუსი ჰქონია, რომელსაც არ იცნობს მართლმადიდებლობა! მაგრამ რადგანაც თქვენ მას მსოფლიოში ერთადერთ ეკლესიად მიიჩნევთ, რომელმაც ჭეშმარიტება შეინარჩუნა, მაშინ ერთადერთ მსოფლიოს ეკლესიად უნდა აღიარებდეთ მას, ვინც ჯერჯერობით ტაქტიკური მოსაზრებებით სხვა სახელს ატარებს, რათა უმალვე თვალში საცემი არ იყოს ამ პრეტენზიათა უაზრობა. ამ შემთხვევაში სარწმუნოების სიმბოლო თქვენთვის შემდეგ ფარულ ქვეტექსტს იძენს: „მრწამს ჩრდილოეთ ამერიკის ბერძნული ეკლესია ცენტრით ბოსტონში!" ეპისკოპოსი აქვსენტი, ეკლესიის მიერ განკვეთილი და თავისივე განხეთქილებისმიერ მიმდინარეობათაგან ანათემირებული, საკუთარი ერთადერთი მართლმადიდებლური ეკლესიის შექმნას აცხადებს, თვითონვე ჯდება წინამძღვრის სავარძელში და თვითონვე უგალობს საკუთარ თავს „აქსიოზს". ერში ასეთი ადამიანები თვითმარქვიებად და უზურპატორებად იწოდებიან, ეკლესიაში კი - მკრეხელებად, სიწმიდეთა მპარავებად, დამტაცებლებად, ღვთისმგმობელებად. საქართველოს ტერიტორიაზე უკვე მოქმედებს განხეთქილებაში გასული სამი დაჯგუფება, რომლებიც ერთი და იმავე სიტყვებით აგინებენ მართლმადიდებლურ ეკლესიას, თუმცა ამასთან ერთურთსაც ასევე მადლდაკარგულად და მწვალებლად მიიჩნევენ. თუ რა საფუძველზე აირჩიეს ჩვენმა დაცემულმა ძმებმა ესა თუ ის დაჯგუფება - ძნელი გასაგებია. უფალმა გვითხრა: თქვენ კი არ აღმირჩიეთ მე, არამედ მე გამოგარჩიეთ თქვენ!... ამ დაჯგუფებებში კი ეპისკოპოსს საკუთარი პიროვნული სიმპატიებითა და მოსაზრებებით ირჩევენ. მაგრამ ასეთ არჩევანს თვით განხეთქილებაში მყოფთათვისაც არა აქვს ავტორიტეტი, - ის წყალზე დაწერილს ჰგავს. ამიტომ განხეთქილების დაჯგუფებებში, ჩვეულებრივ მალე იწყება ხოლმე უთანხმოებანი და განყოფანი, ხოლო პროტესტით ოდენ ნგრევა-განადგურებაა შესაძლებელი! ამის მკაფიო ისტორიული მაგალითია პროტესტანტობა, რომელიც განუწყვეტლივ იშლება რა და განიყოფა რა შიგნიდან, ცდილობს გარეგან არამდგრად კავშირებსა და ასოციაციებში გაერთიანდეს, და, ამასთან, სულ უფრო და უფრო უახლოვდება მატერიალიზმს. ჩვენი ძმები ბრალდებებით გამოდიან ეკლესიის წინააღმდეგ, უფრო ზუსტად კი - მისი იერარქიის წინააღმდეგ. მაგრამ, დაე, თუნდაც კიდევ უფრო ვრცელი იყოს ბრალდებათა ნუსხა, მაშინაც კი განხეთქილებაში გასვლა არ იქნებოდა გამართლებული! განხეთქილების ცოდვა გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ყველა კანონიკური დარღვევა ერთად აღებული, რადგანაც იგი არღვევს, შლის ეკლესიის ერთიან ცოცხალ ორგანიზმს და მაშასადამე - მთელს კანონიკასაც. განხეთქილება იმ კურნალს ჰგავს, რომელიც სამკურნალო საშუალებას თავის ტკივილისათვის თვით ამ თავის მოკვეთას დაადგენს! იერარქია ის ოქროს ჯაჭვია, რომელიც ზეციურ - მოზეიმე ეკლესიას ქვეყნიურ - მებრძოლ ეკლესიასთან აკავშირებს. განხეთქილებაში ეს ჯაჭვი გაწყვეტილია, მისი რგოლები გაბნეულია და ძირს ყრია. განკვეთილი ეპისკოპოსები, თავიანთი დედა-ეკლესიიდან გაქცეული მღვდლები, ყველა ის ადამიანი, ვისაც უკანონო ხელდასხმა მიუღია, ერთი მქადაგებლის თქმით „ეკლესიაში კი არ იმყოფებიან, არამედ ბუჩქებში არიან შემძვრალნი!" - ყველა ისინი გაწყვეტილი რგოლები არიან იმ ჯაჭვისა, რომელიც ოქროსაგან რკინისად ქცეულა და დაჟანგულა, და მისგან მხოლოდ ბორკილთა გამოჭედვა შეიძლება ბოროტმოქმედთათვის. (გაგრძელება...)
ჟურნალიდან „ივერიის გაბრწყინება"
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |