მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > განხეთქილების წინააღმდეგ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 2)
განხეთქილების წინააღმდეგ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 2)11-06-2017, 00:07 |
ეკლესიიდან განგდებული და განკვეთილი ეპისკოპოსი - დაცემული ანგელოზის ხატია. განხეთქილებაში გასულნი გაიძახინ, რომ მათი ეპისკოპოსი უკანონოდ განკვეთეს - სიმართლისათვის. ყველა ოკულისტი სექტა და მწვალებლობაც, მათ შორის ასურელი გნოსტიკოსები, პავლიკიანები, ბოგომილები, ალბიგოველნი და სხვანი ასევე ამტკიცებენ - სატანა სიმართლისათვის იქნა განკითხული და განგდებული ცათაგანო; ლუციფერი კეთილი სულიაო, რომელსაც ყოველი სიკეთე სურდა ადამიანისათვის, ღმერთმა კი უსამართლოდ დასაჯა იგი და ამიტომ ჭეშმარიტ ღმერთად ლუციფერი უნდა შეიქმნასო. თვით ბიბლიურ თხრობასაც ადამიანის ცოდვით დაცემის შესახებ სატანისტები განმარტავენ როგორც ლუციფერის მცდელობას თავისუფლება და ღმერთთან თანასწორება მიენიჭებინა ადამიანისათვის, და სწორედ ამ „კეთილი და სამართლიანი საქმისათვის" დისაჯაო. ამიტომ დემონური სექტების ერთ-ერთი დევიზია: „შური იძიე ღმერთზე!" საიდუმლო სატანური კავშირის წევრი, პოეტი ბოლდერი თავის რიტუალურ ლექსს - „კაენის შვილნი" - ამთავრებს სიტყვებით: „მიწაზე ჩამოაგდეთ უმართლო ღმერთი!" როცა განხეთქილებაში გასული ჩვენი თანამემამულეები ამბობენ - „მღვდელმთავარი სიმართლისათვის იქნა განკვეთილიო", ამით ისინი, ისე, რომ თავადაც არ უწყიან, გნოსტიკოსების, ალბიგოველების და სხვა სატანისტების სიტყვებს იმეორებენ მასზედ, რომ ლუციფერი სიმართლისთვისაა განგდებული ზეციური ეკლესიიდან და დასჯილი. ძველ ფილოსოფოსებს უთქვამთ: „მოვლენა რომ გაიგო, მისი დასაბამი უნდა იპოვნო". გნხეთქილების დასაბამი სატანის დაცემა და შეცოდებაა; სწორედ ესაა ის მღვრიე სათავე, საიდანაც ყველა შემდგომი განხეთქილება და განყოფა მომდინარეობს. ყოველი ცრუ ეკლესიის სათავეში მსახურება - აკრძალული, განკვეთილი ეპისკოპოსი დგას, რომელსაც კადნიერი უტიფრობით უგულებელუყვია ეს აკრძალვა, და საკუთარი თავიც და თავისი მიმდევრებიც ჭეშმარიტ ეკლესიად გამოუცხადებია, ხოლო ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესია მწვალებლობაში შთავარდნილად! შავბნელ სულთაგან ყოველი სწორედ ჯოჯოხეთის ეკლესიას აცხადებს ჭეშმარიტ ეკლესიად, ზეციურს კი - ბოროტ ეკლესიად ხმობს, რომლის წინააღმდეგაც დაუძინებელი ბრძოლაა საჭირო თითოეული ადამიანური სულისათვისო. ამიტომ განხეთქილებაში ჩვენ ოდენ ადამიანური ვნებათა ღელვის, შფოთისა და პრეტენზიების ასპარეზზე კი არ ვხედავთ, არამედ ოკულტურ, სატანურ მოვლენას, ბრძოლას ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ. განხეთქილებაში გასული ჩვენი ძმები ამბობენ - ჩვენი „ერთადერთი მიზანი საეკლესიო დადგენილების სიწმიდის დაცვა იყო". მაშასადამე, მათ თვითონვე გაოაცხადეს თავი ერთადერთ სჯულის კიდობნად, რომელშიც შეიძლება დაცულ იქნას საეკლესიო სჯულის ფიცრები. მაგრამ საეკლესიო კანონების სიწმიდის შესანარჩუნებლად, უპირველეს ყოვლისა, ის არის აუცილებელი, რომ თვით ხელმძღვანელობდნენ ამ კანონებით. ჩვენი ძმები კი როგორ მოიქცნენ? მათი პირველი მოქმედება იყო განკვეთილ და უკანონო მღვდელმთავართა მოძიება განხეთქილების სხვადასხვა მიმდინარეობასა და ჯგუფებში. იოანეს სახარებაში ნათქვამია: „რომელი არა შევალს კარით ეზოთა ცხოვართასა, არამედ სხვით კერძო შევალს, იგი მპარავი არს და ვაზაკი" (10, 1), ხოლო ვინც კარით შედის, ის ცხოვართა მწყემსიაო. წმიდა მამათა განმარტებით, ცხოვართა ეზო - ჩვენი ეკლესიაა, კარი - სულიერი ხელდასხმაა მღვდელმსახურებაზე, ხოლო მცდელობა სხვა შესასვლელი ინახოს ცხოვართა ეზოში შესაღწევად სულ ერთია - გალავანზე გადაძვრომა იქნება ეს, თუ ხვრელის გაყვანა მის ქვეშ, - არის უკანონო, უსჯულო ხელდასხმა; მპარავნი და ავაზაკნი - ცრუ მწყემსები, ცრუმღვდელმთავრები არიან, მადლდაკარგული მსახურები, ანუ ის ქურდები, რომლებიც ადამიანთა სულებს მოსტაცებენ ეკლესიას და წარსაწყმედელისათვის გასწირავენ. ყოველი განხეთქილებაც იმის მცდელობაა, რომ ეკლესიის გალავანი დაანგრიონ, მისი შეურყეველი წყობილება მოშალონ. როცა გახეთქილებაში გასულთ ეუბნებიან, რომ მათი ქმედებანი ანტიკანონიკურია, ხოლო ცოდვა - უსჯულოებაში, უკანონობაში შეუძლებელია საღმრთო მადლი მონაწილეობდეს, მაშინ ისინი, პასუხად, მღვდელმთავრთა ცოდვებისა და შეცდომების ჩამოთვლას იწყებენ, თითქოს ტრიბუნალს უმართავენ ეკლესიას და ხელშიც ბრალდებათა მთელი გრაგნილი უკავიათო. მაგრამ საკითხავია, რომელი კანონები აძლევენ უფლებას ამ ბრალმდებლებს თვითონვე, უზენაესი სამსჯავროს დაულოდნად, გახდნენ სრულუფლებიანი მაჯულები, განაჩენი გამიტანონ და სასჯელიც თვითონვე აღასრულონ?! რომელ კანონთა თუ დადგინებათა საფუძველზე მიიკუთვნებენ ისინი „შეუზღუდავ დიქტატორულ უფლებას საომარ დროში", როცა დიქტატორის სიტყვას ყოველგვარ კანონსა და კონსტიტუციაზე მაღლა აყენებენ?! საეკლესიო სამართალმა არ უწყის იმგვარი საგანგებო სიტუაცია, როცა ეპისკოპოსსა თუ მღვდელს საკუთარი ინიციატივით ეკლესიის მხსნელად შეეძლებოდა თავის გამოცხადება. ანდა - ამქვეყნად ერთადერთ სჯულიერ სასულიერო ხელისუფლებად! (გაგრძელება...)
ჟურნალიდან „ივერიის გაბრწყინება"
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |