მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > განხეთქილების წინააღმდეგ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 1)

განხეთქილების წინააღმდეგ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 1)


10-06-2017, 00:06

 

   ქრისტე - მაცხოვრის ერთი წმიდა ეკლესია ორ ასპექტში განგვეცხადება: როგორც ზეციური - მოზეიმე ეკლესია და როგორც ქვეყნიური - მებრძოლი.

   ზეციური ეკლესია გამარჯვებას ზეიმობს ცოდვასა და ჯოჯოხეთზე. მისთვის უკვე დამთავრებულია განსაცდელის დრო. ზეციური ეკლესიის არსებობა არის განუწყვეტელი თანაზიარობა ღმერთთან, გაცისკროვნება ღვთაებრივი ნათელით სულ უფრო მზარდი ძალითა და სიღრმით, რაშიც მარადის ახალი საღმრთო საიდუმლონი და სულიერი შემეცნების უშორესი საზღვრები ცხადდება.

   ქვეყნიური ეკლესია გამუდმებით ბრძოლაშია ბოროტებისა და ჯოჯოხეთის ძალებთან. იგი შექმნილია ზეციური ეკლესიის ხატისაებრ. ეკლესიის სტრუქტურას წარმოადგენს იერარქია. ანგელოზთა იერარქია სამი ტრიადისაგან - ცხრა ზეციური დასისაგან შედგება. ქვეყნიურ ეკლესიაშიც ასევე სამი წოდებაა: ეპისკოპოსი, მღვდელი და დიაკვანი (ძველი აღთქმის ეკლესიაში იყო მღვდელმთავარი, მღვდელი და ლევიტელი). წმიდა ნიკიტა სტიფატი 9 წოდებას (მსახურობის სახეობას) აღრაცხავს ეკლესიაში. იერარქია ის არხია, რომლითაც საღმრთო მადლის ნაკადი გადმოიღვრება ამქვეყნად საუკუნო ნათელის სამეუფოდან. იგი სულიერი კიბის საფეხურია, რომელთა მეშვეობითაც ღმერთის ქმნილებანი თავიანთ შემოქმედთან აღვლიან. იერარქია არის ღმერთის მიერ დადგენილი სახე კურთხევისა, განათლებისა, როცა მაღლა მდგომის მორჩილებით საღმრთო ძალას შეიძენს, მადლად წოდებულს, და ღმერთს თანაეზიარება, უერთდება, რაც არის კიდეც საუკუნო ნეტარი ცხოვრება. საეკლესიო იერარქია ანგელოზთა იერარქიის მსგავსად არის აგებული, - ამის შესახებ წერენ დიონისე არეოპაგელი, მაქსიმე აღმსარებელი, ნიკიტა სტიფატი და სხვა წმიდა მამები.

   ზეციური და საეკლესიო იერარქიის თავია იესო ქრისტე, ხოლო მის ხილულ სახეს ეკლესიაში ეპისკოპოსი წარმოადგენს. წმიდა ეგნატე ღმერთშმოსილი, იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე, წერს: „ეპისკოპოსი ღმერთის - ყოველთა მამის - ხატია, მღვდლები - საღმრთო დასია და ქრისტეს მოციქულთა ერთობა" (I ეპისტოლე ტრალიელთადმი). ნეტარი იერონიმეც ამბობს: „ჩვენთან მოციქულთა ადგილი ეპისკოპოსებს უკავიათ" (ეპისტოლე მარკელისადმი). წმიდა ამბროსი მედიოლანელი გვასწავლის: „თავით თვისით ეპისკოპოსი ქრისტეს წარმოადგენს" (I კორინთელთა კომენტარიდან). ასევე წმიდა იოანე ოქროპირიც წერს: „ეკლესია არ არსებობს ეპისკოპოსის გარეშე" (კრებული „მარგალიტი"). წმიდა მღვდელმოწამე კვიპრიანე (III ს.) მოწმობს, რომ „ეპისკოპოსი - ეკლესიაშია და ეკლესიის მიერაა, და ეკლესიაც - ეპისკოპოსშია და ეპისკოპოსის მიერაა, ამიტომ ვინც ეპისკოპოსთან ერთობაში არ არის, ის არც ეკლესიაში იმყოფება" (69-ე ეპისტოლე). კვალად, იოანე ოქროპირი დაგვმოძღვრავს: „როგორადაც თავმოჭრილი ადამიანი ვერ იცოცხლებს, ასევე ვერც ქრისტიანთა უწინამძღვრო - უეპისკოპოსო ერთობა ვერ შეძლებს სულიერად და მაცხოვნებლად იარსებოს. და ვისაც ეპისკოპოპოსი არა ჰყავს, იმას არც სულიწმიდა მოემადლება". წმიდა სვიმეონ თესალონიკელი, ცნობილი ეგზეკეტი და საღმრთო ლიტურგიის განმმარტებელი, ამბობს: „უეპისკოპოსოდ არ არსებობს არც ტაძრის სამსხვერპლო (საყდარი), არც ხელდასხმა, არც მირონის კურთხევა და არც ნათლისღების საიდუმლო, - უეპისკოპოსოდ ქრისტიანიც არ არსებობს" (I წიგნი, თ. 77).

   წმიდა მოციქულთა კანონების, მსოფლიო და ადგილობრივი საეკლესიო კრებების დადგინებათა უდიდესი ნაწილი სწორედ საეკლესიო იერარქიას ეძღვნება, რითაც ამ საკითხის უღრმესი მნიშვნელობა დასტურდება, რადგან ზემოხსენებული განსაზღვრებანი ეკლესიის უმაღლეს კანონმდებლობას წარმოადგენს. იოანე ოქროპირის სიტყვით, „იერარქია რომ შეწყდეს, ყოველივე მოიშლება და დაირღვევა" (წიგნიდან „საუბარი საღმრთო წერილის სხვადასხვა ადგილზე", გვ. 318).

   იერარქიის გარეშე, რომელსაც სამოციქუოლო მემკვიდრეობა და სჯულიერი ხელდასხმა აქვს, არ არსებობს ქრისტეს ეკლესია; უიერარქიოდ იგი ბრბოდ, უბრალო თავყრილობად იქცევა. არასჯულიერი, უსწორო ხელდასხმაც სწორედ ის არის, როცა არ არის შენარჩუნებული სამოციქულო მემკვიდრეობა, ან - თუ მას მღვდელმოქმედებისაგან დაყენებული, ღირსებაჩამორთმეული, ეკლესიიდან განკვეთილი პირები აღასრულებენ, ანდა - თუკი ხელდასხმა საეკლესიო კანონთა დარღვევითაა ჩატარებული და ეპისკოპოსთა კრების მიერ არანამდვილადაა აღიარებული და გაუქმებული (II მსოფლიო კრების დადგენილება მაქსიმე ცინიკოსის შესახებ).

   ჩვენმა ძმებმა, რომლებიც განხეთქილებაში გავიდნენ, მძიმედ შესცოდეს ეკლესიის წინაშე, რადგან დანაშაული ჩაიდინეს ეკლესიის თვით ღმრთივდაფუძნებული წყობილების წინააღმდეგ. წმიდა იოანე კრონშტანდტელი წერს: „განხეთქილების პირველი შემომღები სატანა იყო, რომელიც თავისი იერარქიის - ღმერთის წინააღმდეგ აჯანყდა" და როგორც ამპარტავნობისა და ურჩობის სული, როგორც სატანის სუნთქვა, ლუციფერის ეს იმპულსი განხეთქილებაში მყოფ ყოველ ადამიანშია. ამიტომ ყოველი განხეთქილება ღვთისმბრძოლობის სახეობაა, სატანური აჯანყებაა ღმერთის წინააღმდეგ, სულ ერთია, რა ნიღბითაც არ უნდა იფარავდეს იგი სახეს. „ჩვენ საკუთარი ეკლესია გვაქვს და ჩვენი ეპისკოპოსი გვყავს!" - გაიძახიან, ჩვეულებრივ, განხეთქილებაში მყოფნი. მაგრამ ორი ეკლესია შეუძლებელია არსებობდეს! არის ერთი - ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესია, და ეპისკოპოსის მადლიც სწორედ მხოლოდ მასში მიიღება. ეკლესიის მიერ გადაყენებულ ეპისკოპოსს, საეპისკოპოსო ღირსებაჩამორთმეულს, ანდა მეტადრე, ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლს, უკვე დაუკარგავს საღმრთო მადლის და არანაირი სამღვდელო მოქმედების აღსრულება აღარ შეუძლია. მხედართმთავარი, რომელმაც სამშობლოს უღალატა, იარაღი მტერს გადასცა და თავისი სამხედრო წოდება დაკარგა, უკვე მხედართმთავრად კი არა, გამცემად, მოღალატედ იწოდება! და ის ეპისკოპოსიც, რომელიც დაყენებულია სამღვდელო მოქმედებათაგან, კი არ მღვდელმოქმედებს, არამედ ოდენ მკრეხელობს გარეგნული „მღვდელმოქმედების" სახით. რაკი განგდებულია ეკლესიიდან, განკვეთილი ეპისკოპოსი ხიდან მოგლეჯილ ტოტს წააგავს, რომელიც უსიცოცხლოა და განხმება. ცათაგან გარდამოვარდნილმა სატანამ ქვესკნელში მოაწყო თავისი ეკლესია, სადაც, ძველი დროის ქრისტიან მწერალთა მოწმობით, მისთვის შავ მესას აღასრულებენ ვითარცა „ღვთაებისათვის". განხეთქილებაში მყოფთა მტკიცება - ჩვენ საკუთარი ეპისკოპოსი გვყავსო, ისევე უაზროა, როგორ იმის სასოება, რომ ჯოჯოხეთში გიებული დაცემული არქისტრატიგი ოდესღაც ნათლის ანგელოზი იყო. (გაგრძელება...)

  

 

 

 

 

 

 

ჟურნალიდან „ივერიის გაბრწყინება" 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება