მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > საქართველოს ეკლესია იცავდა უძველეს მოციქულთაგან ბოძებული, ერთიანი, განუყოფელი ქრისტეს ეკლესიის ტრადიციას

საქართველოს ეკლესია იცავდა უძველეს მოციქულთაგან ბოძებული, ერთიანი, განუყოფელი ქრისტეს ეკლესიის ტრადიციას


4-01-2018, 00:01

საქართველოს ეკლესია იცავდა უძველეს მოციქულთაგან ბოძებული, ერთიანი, განუყოფელი ქრისტეს ეკლესიის ტრადიციას

 

   ამ ბოლო დროს ერში ვრცელდება ცილისმწამებლური წერილები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიმართ. ამ წერილთა ავტორები ცდილობენ ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელი წარმოგვიდგინონ ერესთა-ერესის, ეკუმენიზმის მქადაგებელ პიროვნებად.

   გადავავლოთ თვალი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობის გზას, მის ქადაგებებს და თავად დავრწმუნდებით, თუ რამდენად საფუძვლიანია ცილისმწამებელთა ბრალდებები ეკლესიის მამამთავრის მიმართ.

   ტოტალიტარიზმის პერიოდში, 1977 წლის 25 დეკემბერს მოხდა ილია II-ის აღსაყდრება საქართველოს საპატრიარქო ტახტზე მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში. ამ დღეს წარმოთქმულ სიტყვაში უწმინდესი და უნეტარესი ბრძანებს: „საოცრებამდე უსაზღვროა განგება ღვთისა. არც მის მოწყალებას აქვს საზღვარი. ჭეშმარიტად, ამ განგებამ და მოწყალებამ დააყენა თქვენს წინაშე ჩემი სიმდაბლე, როგორც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მამამთავრისა.

   თავს ვიხრი საქართველოს ეკლესიისა და მისი მრევლის - ქართველი ერის წინაშე, რომელსაც სასოებით უნდა ემსახუროს ჩემი ძალა და გონება. უნდა ემსახუროს იმ სარწმუნოებით, რომლის დაცვისა და შენარჩუნებისათვის ზღვა სისხლი გაიღო ჩვენმა ერმა.

   ჩვენს ერში მართლმადიდებელი ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცება იქნება ჩვენი ეკლესიის საქმიანობის პირველი საზრუნავი" - ამ სიტყვებით პატრიარქმა გამოხატა თავისი მომავალი მოღვაწეობის მთავარი მიმართულება და მიზანი.

   და მართლაც, ამ დღიდან დაიწყო მართლმადიდებელი სარწმუნოების აღორძინება საქართველოში. ამოქმედდა და აშენდა ეკლესია-მონასტრები, ხალხმა ტაძრებს მიაშურა, გამრავლდა სამღვდელოებისა და ბერ-მონაზონთა დასი, დაარსდა თბილისისა და გელათის სასულიერო აკადემიები. კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ აღიარა ჩვენი ეკლესიის უძველესი ავტოკეფალია.

   გადავავლოთ თვალი ჩვენი პატრიარქის ეპისტოლეებს, მიმართულს თავისი სამწყსოსადმი.

   1979 წლის საშობაო ეპისტოლეში პატრიარქი ამბობს: „საქართველოს მიწა წმიდაა. მის წიაღში განისვენებს მაცხოვრის კვართი. ივერია არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი. აქ ქადაგებდნენ მოციქულნი ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი. აქ შეასრულა თავისი სამოციქულო მისია მოციქულთა სწორმა და ქართველთა განმანათლებელმა წმიდა ნინომ. აქ ბევრი წამებული დაგვირგვინდა. ივერია ბრწყინავს მღვდელმთავართა და ღირსთა მამათა ღვაწლით".

   ჩვენი მამამთავარი განსაკუთრებული სიღრმით წარმოაჩენს ქრისტიანული სარწმუნოების ცხოველსმყოფელობას საქართველოსათვის, მისი ისტორიული ყოფიერებისათვის. 1981 წლის საშობაო ეპისტოლეში ილია მეორე წერს: „ჩვენმა ეროვნულმა სულმა ქრისტიანობის მიღების შემდეგ ისე შეიყვარა მხოლოდშობილი ძე ღვთისა, რომ დაუნანებლად ვსწირავდით თავს ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობის გადასარჩენად. ჩვენ შევინარჩუნეთ ქრისტიანობა საქართველოში და მისი მადლით შევინარჩუნეთ თვითმყოფობა და ეროვნული ჩვენი სიცოცხლე".

   განსაკუთრებით აღსანიშნავია 1982 წლის სააღდგომო ეპისტოლე, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი გადმოსცემს ქრისტიანობის ერთ-ერთ უმთავრეს მოძღვრებას - დოგმატს წმიდა ეკლესიის შესახებ.

   წმიდა მამათა ნაწერებზე დაყრდნობით მისი უწმიდესობა განიხილავს ქრისტეს მიერ დაწესებული ეკლესიის არსს, თვისებებსა და მნიშვნელობას განმარტავს ეკლესიური ცხოვრების აუცილებლობას ყოველი ადამიანისათვის: „ვინ შეიძლება ეკუთვნოდეს ქრისტეს ეკლესიას? ის, ვისაც სწორად სწამს და აღიარებს წმიდა სამებას, ვინც მიიღო საიდუმლო ნათლისღებისა, ვინც შეერთებულია ღმერთთან და მოყვასთან სიყვარულით, ემორჩილება და აღასრულებს სჯულის კანონებს, ვინც ღებულობს ტაძარში შესრულებულ წმიდათა საიდუმლოთა, რომელნიც აღესრულებიან სამღვდელოების მიერ წმიდა მიციქულთაგან მიღებული მადლით".

   მისი უწმინდესობა ეხება ჩვენი ეკლესიის მოციქულებრივ მემკვიდრეობას და დასძენს: „საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია დიდად აფასებს თავის მოციქულებრივ წარმოშობას და მიაჩნია, რომ ჭეშმარიტი ეკლესია მხოლოდ იგია, რომელმაც ურყევად დაიცვა წმიდა წერილი, ქრისტეს მოწაფეთა წმიდა სწავლება, წმიდა მამათა დადგენილებანი".

   ჩვენი მამამთავარი დიდი გულისტკივილითა და შეშფოთებით საუბრობს თანამედროვე ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და სხვადასხვა რანგის ინტელიგენტთა მიმართ, რომლებიც თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევენ, ეკლესიასა და მის კანონებს კი უარყოფენ, აღმსარებლობას კი მნიშვნელობას არ ანიჭებენ.

   1992 წლის სააღდგომო ეპისტოლეში პატრიარქი წერს: „ხშირად პრესით თუ ტელევიზიით გამოდის ამა თუ იმ უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგი, მეცნიერი, მწერალი ან ცნობილი ხელოვანი, რომელიც ერთი შეხედვით არ უარყოფს ღმერთს, მაგრამ რელიგიურად ისე მცდარად აზროვნებს, რომ ერთ მნიშვნელობას ანიჭებს იესო ქრისტეს, მუჰამედს, ბუდას... როგორ შეიძლება ქრისტიანობის, მუსლიმანობის, ბუდიზმის გათანაბრება? ეს ხომ ამ რელიგიების უცოდინარობის მაჩვენებელია და ნიშნავს იმას, რომ გაცნობიერებული არა გვაქვს ცხოვრების უმთავრესი მიზანი, არ ვზუნავთ ჩვენს უკვდავ სულზე და არ გვაწუხებს, რომ არასწორი პოზიციის გამო იგი შეიძლება სამუდამოდ წარვიწყმიდოთ... მართლმადიდებელი სარწმუნოება ხერხემალია ჩვენი ეროვნული სულისა. თითოეული ჩვენგანის მრწამსი, აღმსარებლობა, ღვთის ჭეშმარიტ გზას უნდა დაეფუძნოს. მართლმადიდებლობა არის ის სარწმუნოება, რომელმაც შეურყვნელად დაიცვა იესო ქრისტეს და მის მოციქულთა სწავლება. მართლმადიდებლობამ დაიცვა ერთიანი განუყოფელი ეკლესიის ტრადიცია. მართლმადიდებლობის გარეშე არ არსებობს ხსნა, რადგან ქრისტეა თავი ეკლესიისა და ეკლესიაა მისტიური სხეული მისი. და თუ არ ვიქნებით წევრი მისი ეკლესიისა - ნაწილი მისი სხეულისა, წილი არა გვაქვს მაცხოვართან".

   დღეს მრავალი ცრუ სწავლება ემუქრება ჭეშმარიტებას. მრავალი სექტა ცდილობს ააცდინოს ქრისტიანულ გზას ადამიანი და წარწყმიდოს მისი სული. ჩვენი პატრიარქი მტკიცე შემართებით აღუდგა წინ მათ აგრესიას. 1994 წლის საშობაო ეპისტოლეში მან ეპოქალური სიტყვებით მიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კურთხეულ შვილებს: „სარგებლობენ რა დღეს საქართველოში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობით, დემოკრატიის ლოზუნგს ამოფარებული მრავალი უცხო რელიგია და პროტესტანტული სექტის წარმომადგენლები (იეღოველები, ბაპტისტები, კათოლიკები, კრიშნას მიმდევარნი, ორმოცდაათიანელები, ე.წ. ხსნის არმიის წარმომადგენლები და სხვანი) ცდილობენ რელიგიური ექსპანსიის განხორციელებას. ისინი ფულით, პროდუქტით, ტანსაცმლით იპყრობენ ადამიანთა სულებს, ამცირებენ და შეურაცხყოფენ საქართველოს ეკლესიას, მის წმიდანებს, სასულიერო პირებს, ჩვენს ტრადიციებს. ასეთი სექტები თესენ ანტაგონიზმსა და შუღლს ადამიანებს შორის. ეს ბოროტი ძალის მანქანებაა და კავშირი ღმერთთან არა აქვს.

   მე ვაფრთხილებ ჩვენს ხალხს, ჩვენს მორწმუნეთ: იყავით დაკვირვებულნი და ყურადღებიანნი; ნუ დაკარგავთ ჭეშმარიტებას, ნუ დაკარგავთ ჩვენს სარწმუნოებას. მიწიერ საცდურზე ნუ გაცვლით მარადიულ ცხოვრებას, თორემ მერე გვიან იქნება, რადგან ჟამი ახლო არს. გახსოვდეთ: „ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც ღმერთია მამა" (წმ. კვიპრიანე).

   1995 წელს საშობაო ეპისტოლეში პატრიარქი მიმართავს ხელისუფლებას, კულტურის მუშაკებს, ინტელიგენციას, ახალგაზრდებს: „დავფიქრდეთ საქართველოს ხვალინდელ დღეზე. თუ ეს შემოსევა დროზე არ აილაგმა, თუ არ დაწესდა კონტროლი პრესაზე, ტელევიზიასა და რადიომაუწყებლობაზე, და თუ დროზე არ გადაიკეტა გზა ცრუ სწავლებათა გავრცელებისა, ჩვენი ხალხი ომის გარეშეც დაიღუპება".

   ჩვენი ეკლესიის მამამთავარმა საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო „ხსნის არმიის" ორგანიზაციის წარმომადგენლები. უწმიდესმა და უნეტარესმა სიტყვით მიმართა მათ და აღნიშნა, რომ უძველეს მართლმადიდებელ ქვეყანაში, საქართველოში, „ხსნის არმია" პროზელიტიზმის პოლიტიკას არ უნდა ატარებდეს. საქართველოს მძიმე ეკონომიური მდგომარეობა არ უნდა იქნეს გამოყენებული ჰუმანიტარული დახმარების სახით პროტესტანტული იდეების საქადაგებლად. სასურველია „ხსნის არმიამ" წინასწარ შეისწავლოს იმ ქვეყნის კულტურა, ისტორია და ტრადიციები, სადაც შესვლას აპირებს. „მე ვარ პატრიარქი ილია II - ბრძანა უწმიდესმა და უნეტარესმა - პატრიარქი ილია I კი 1600 წლის წინათ მოღვაწეობდა. აი, ასეთი უძველესი მართლმადიდებლური ტრადიციის ქვეყანა არის საქართველო".

   დაბოლოს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მართლმადიდებლური მრწამსისადმი ერთგულების დიდი დადასტურება იყო მისი ლოცვა-კურთხევითა და მეთაურობით მოწვეული 1997 წლის 20 მაისის წმიდა სინოდის ისტორიული კრება, რომლის დადგენილებითაც საქართელოს ეკლესია გამოვიდა ეკუმენისტურ საბჭოს (ემს) შემადგენლობიდან და 1998 წლის 8 ოქტომბრის წმ. სინოდის სხდომა, რომელმაც დაგმო ეკლესიათაშორისი გაერთიანებული საღვთისმეტყველო კომისიის მიერ მიღებული სამი დოკუმენტი (ე.წ. „ბალამანდის", ე.წ. „შამბეზის", ე.წ. „ანტიოქიის").

   ამ უმნიშვნელოვანესი, ეპოქალური ხასიათის მოვლენებით ჩვენი ეკლესიის მიერ, ავტოკეფალურ ეკლესიათა დონეზე, პირველად განისაზღვრა და იმხილა XX საუკუნის მთავარი სარწმუნოებრივი საცდური - ეკლესიოლოგიური ერესი, მისგან გამომდინარე შედეგითურთ.

   2000 წლის სააღდგომო ეპისტოლეში პატრიარქი წერს: „მართლმადიდებლობა ეს არის ქრისტეს ეკლესია დედამიწაზე. ქრისტეს ეკლესია კი არის სულიწმიდის მადლით განახლებული სიცოცხლე ქრისტესთან და ქრისტეში.

   ქრისტიანობაში სწორედ სათავეები უნდა ეძიოს ჭეშმარიტების პოვნის მსურველებმა, იმ წყაროს უნდა მიაგნოს, რომელიც პირველქმნილი მადლით ავსებს მის მიმღებთ და შეურყვნელად იცავს მაცხოვრის სწავლებას.

   მადლობა ღმერთს, ჩვენი ქვეყანა უკვე 2000 წელია ამ წყაროსაა დაწაფებული და უხვად საზრდოობს მისი მაცოცხლებელი ძალით. საქართველოს ეკლესია იცავდა და იცავს უძველესი, მოციქულთაგან ბოძებული, ერთიანი, განუყოფელი ქრისტეს ეკლესიის ტრადიციას".

   ჩვენი წერილის მიზანი არ ყოფილა საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი წარმოგვედგინა შეუმცდარ, ანგელოზებრივ პიროვნებად, რომელსაც არასოდეს შეუცოდავს სიტყვით და საქმით. ადამიანის ბუნებისთვის დამახასიათებელი სისუსტეები, რომელიც გარკვეულ მომენტში ყოველ ჩვენთაგანში იჩენს თავს, ბუნებრივია, არც ჩვენი პატრიარქისთვის ყოფილა უცხო. იყო წინააღმდეგობანი და შეფერხებანიც, არმოსაწონიც და მიუღებელიც ჩვენი ეკლესიის მამამთავრის საპატრიარქო საქმეების მეტად რთულ გზაზე, მაგრამ ძირითადი მოღვაწეობა ჩვენი პატრიარქისა მიმართული იყო და არის მართლმადიდებლური სარწმუნოების აღორძინების, დაცვისა და განმტკიცებისათვის ჩვენს ქვეყანაში, რისი დადასტურებაცაა ზემოთ მოყვანილი ეპისტოლეები და მნიშვნელოვანი მოვლენები.



Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება