მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > მხოლოდ ისეთი ცხოვრებაა ღირსეული, სადაც თავგანწირული სიყვარული სუფევს
მხოლოდ ისეთი ცხოვრებაა ღირსეული, სადაც თავგანწირული სიყვარული სუფევს24-08-2017, 00:01 |
ღირსი გერმანე ალიასკელის ძმობამ გამოსცა დედოფალ ალექსანდრა თეოდორეს ასულ რომანოვას დღიური. წმ. მოწამე - დედოფალი ალექსანდრას სულიერი დღიური საგანძურია, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ტაბუ ედო. მკვითხველის წინაშე გამომჟღავნდება სიმართლე მისი ნათელი სულის შესახებ. ეს აღმოჩენა იქნება უფრო რელიგიური, ვიდრე ისტორიული. წმ. ალექსანდრა - თუ შეიძლება ითქვას, ორგზის მოწამეა, იმიტომ, რომ ეკატერინბურგში, იპატიევოს სახლის სარდაფში საშინელ მკვლელობას მოჰყვა კოსმოპოლიტური ცილისწამების ათწლეულები. ეს ცილისწამება გააძლიერეს ღვთისმგმობელებმა და ქრისტეს მკვლელებმა წმ. დედოფლის ცხოვრების ისტორიის გაყალბების მცდელობით. სამწუხაროდ, გასული 80 წლის განმავლობაში ცოტა გაკეთდა იმისათვის, რომ ამოეძირკვათ სიცრუე. უმრავლესობა ცილს სწამებდა, ხოლო მათ, ვინც ცდილობდა სიმართლე ეთქვა რუსეთის სამეფო ოჯახზე, ანადგურებდნენ ბოროტი ძალები. წვეთ-წვეთობით ივსებოდა და ივსება შემზარავი უწმინდურების ფიალა, რომელსაც დღემდე ასხამენ წმიდა მოწამის ხსოვნას. წმ. ალექსანდრა იყო მართლმორწმუნე და მოსაგრე დედოფალი, მეუღლე და დედა. იმპერატორ ნიკოლოზ ალექსანდრეს ძეს აჩუქა ხუთი შესანიშნავი შვილი, რომელთაც ზრდიდა, ათბობდა და ასხივოსნებდა გულუხვი დედობრივი სიყვარულით. ასეთივე განწირული სიყვარულით შეიყვარა დედოფალმა რუსეთი, მისი ახალი, მართლმადიდებელი სამშობლო. ამიტომაა განსაკუთრებულად ღირსეული და საინტერესო დედოფლის ხელით ჩანიშნული ყველა ბწკარი სულიერი ცხოვრების შესახებ. იგი რუსეთის იმპერიის დედოფალი გახლდათ, მაგრამ მისი ცხოვრების გარემოება, განსაცდელის გადალახვა, ცდუნებების ძლევა მსგავსია იმისა, რასაც განიცდის ყოველი ადამიანი. 1917 წლის დღიურის ორიგინალი - პატარა წიგნია, ცისფერი ყდით, რომლის კუთხეში ჯვარია ამოქარგული, ხოლო ყდის შიგნითა მხარეს დედოფლის ხელით უბრალოდ აწერია „ALIX, 1917". გთავაზობთ ნაწყვეტებს დღიურიდან: „ხშირად ყოველდღიური საქმეების კეთებას მეტი ზეციური მადლი სჭირდება, ვიდრე გმირობის ჩადენას". „უდიდესი ზეციური სიყვარულის კიბეზე თუ გსურს ასვლა, თვითონ უნდა დაეგო საფეხურად, რადგან შენს შემდეგ მომავალმა შენი მეოხებით შესძლოს ამაღლება". „სიყვარული ყველაზე დიდებულია სამყაროში. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მთელი ცხოვრება ვიღვაწოთ ადამიანთა საკეთილდღეოდ. არავის არაფერი დავუშაოთ და ვიცხოვროთ ისე, რომ ვიყოთ სამაგალითო სხვებისათვის". „ღმერთი ითხოვს ჩვენგან სიყვარულს, არა როგორც მშვენიერ გრძნობას, არამედ სიყვარულს, რომლითაც გამსჭვალულია ყოველდღიურობა და რომელიც ზეგავლენას ახდენს ადამიანებთან ურთიერთობაზე". „... სიყვარული იყო ქრისტეს თავშესაფარი იმ სიძულვილისა და ბოროტებისაგან, ზღვის ტალღებივით რომ ეხეთქებოდნენ მას გარშემო. თუკი თქვენი სული დაივანებს სიყვარულის მშვენიერ ნავსაყუდელში - თქვენ საფრთხე აღარ დაგემუქრებათ". „... აღავსეთ სიყვარულით თქვენი დღეები. დაივიწყეთ საკუთარი თავი და გახსოვდეთ სხვები. თუ ვინმეს სჭირდება თქვენგან სიკეთე, გაეცით იგი დაუყოვნებლივ, რადგან ხვალ შეიძლება ძალიან გვიან იყოს. თუ გულს სწყურია გამამხნევებელი, მადლობის, თანაგრძნობის სიტყვები, თქვით ისინი დღესვე. ძალიან ბევრი ადამიანის უბედურება იმაშია, რომ მათი დღე შევსებულია უქმი სიტყვით და ფუჭი დუმილით, სხვაზე ზრუნვა კი გადადებულია შემდეგისათვის. ბევრი რამ, რისი გაკეთებაც შეიძლება დღეს, თუ არ გავაკეთეთ, ხვალ იქნებ არც ღირდეს. შეუსრულებელი მოვალეობა ტოვებს სიცარიელის გრძნობას, მოგვიანებით კი სინანულისას". „თუ ჩვენში ცოცხლობს ღვთის სიტყვა, იგი გვაიძულებს დავეხმაროთ სხვებს, მუდამ უნდა ვილოცოთ, რომ ღმერთმა მოგვცეს თანაგრძნობის უნარი". „როგორია ქალი, გაიგებ იმ სახლის მიხედვით, სადაც ის ცხოვრობს. ზოგიერთ სახლში ყოველთვის დამთრგუნველი ატმოსფეროა. ზოგიერთებს რელიგია სასტიკს და პირქუშს ხდის, მაგრამ ეს არაა ქრისტიანული რელიგია, რომელსაც ასაზრდოებს ქრისტეს სიტყვა - მზიური და სიცოცხლით სავსე". „სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს გარემოს. ჩვენ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, როგორ ბევრს ნიშნავს ბავშვების ხასიათის ჩამოყალიბებაში ოჯახური ატმოსფერო. ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ჩვენთვის, სადაც ვსწავლობთ სიმართლეს, პატიოსნებას სიყვარულს - არის ჩვენი სახლი - ყველაზე მშობლიური ადგილი სამყაროში". „ბედნიერია ოჯახი, სადაც ყველას, ბავშვებსა და მშობლებს, გამონაკლისის გარეშე სწამთ ღმერთის. ასეთ ოჯახში მეფობს ურთიერთგაგების სიხარული. ეს სახლი ზეცის კარიბჭეა, სადაც არასოდეს არავინ იქნება გარიყული". „თუ ჩვენ გავაცნობიერებთ, რომ არაფერი ხდება უმიზნოთ, შემთხვევით, ეს გაგვაძლიერებს რწმენაში და დაგვეხმარება ტკივილისა და განსაცდელის ჟამს. ღვთისგან არაფერია დაშვებული ისე, რომ ჩვენ რაიმე გვევნოს, პირიქით, ყველაფერი იმისთვისაა საჭირო, რომ გავხდეთ ღირსეული და ვიცხოვროთ ბედნიერი ცხოვრებით. მწუხარება ტკივილს გვაყენებს. ამაშია გამოცანა, რომელიც ჩვენ არ ძალგვიძს ამოვხსნათ. არავის შეუძლია გასცეს პასუხი კითხვაზე, რატომ მაინცდამაინც ეს კარგი ადამიანი იტანჯება, მაგრამ ის მაინც ვიცით, რომ გამოცდა მოიტანს სიკეთეს. შეიძლება ადამიანი იტანჯება იმიტომ, რომ მისი ცხოვრება გახდეს უფრო სუფთა, უფრო ნათელი ან ტანჯვა მას მიეცა, როგორც ქრისტეს მოწმობა. მოთმინება, ნდობა, სიხარული არის ადამიანში სულიწმიდის ნაყოფი. მთავარია, გვახსოვდეს, რომ ღმერთი გვიგზავნის ტანჯვას, იმიტომ, რომ ვუყვარვართ". „... ქრისტიანობა სიხარულის რელიგიაა, მაგრამ რატომღაც ზოგიერთები ფიქრობენ, რელიგიური ცხოვრება არ შეიძლება იყოსო სასიხარულო. ისინი ხვდებიან, რომ თავის თავზე უარის თქმა აუცილებელია, მაგრამ არ ესმით. როგორ შეიძლება ეს იყოს ბედნიერების მომტანი. სინამდვილეში კი, არ არსებობს უფრო ღრმა და სიხარულით სავსე ცხოვრება, ვიდრე ცხოვრება უფალ იესო ქრისტეში - ცხოვრება საკუთარი თავის უარყოფით". „არასოდეს დაკმაყოფილდეთ მიღწეულით, წინ ახალი სულიერი სიმაღლეებია".
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |