მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > რა არის სულიერი ცხოვრება და როგორ განვეწყოთ მის მიმართ - წმ. თეოფანე დაყუდებული
რა არის სულიერი ცხოვრება და როგორ განვეწყოთ მის მიმართ - წმ. თეოფანე დაყუდებული25-08-2017, 00:07 |
„შეიძლება არ მოგწონდეთ ერის ცხოვრების წესები, ხოლო გულის სიღრმეში უთანაგრძნობდეთ და გსურდეთ კვლავ მათთან შეხება. ცხოვრებას, რომლის მცირე ნაწილსაც თქვენ შეეხეთ, აქვს გამაბრუებელი, მათრობელა თვისება. ადამიანი ხედავს, რომ ეს ყველაფერი ის არაა, რაც ნამდვილად ღირებულია, მაგრამ მაინც ყველას აქეთკენ მოუწევს გული, როგორც ოპიუმს მიჩვეულმა ნარკომანმა იცის, რომ იქნება როგორც შეშლილი, მაგრამ მაინც იღებს წამალს, ან იმიტომაც იღებს, რომ უნდა შეიშალოს". „... ყველას და ყველაფერს რომ ჩამორჩეთ, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, მაგრამ რამდენადაც შეგიძლიათ, მოერიდეთ საერო ცხოვრების შუაგულში ტრიალს. სურვილის წინააღმდეგ მაინც თუ აღმოჩნდებით იქ, მოიქეცით ისე, თითქოს იქ არ იყოთ, - არც დაინახოთ და არც გაიგონოთ რამე. დაე, ხილული თვალს გარეთ დარჩეს და სმენადი ყურს იქეთ. გარეგნულად იმოქმედეთ ისე, როგორც ყველა, თითქოს გულღიად, მაგრამ გული მოარიდეთ თანაგრძნობას და გართობას. მთავარია გული მოარიდეთ და იქნებით იქ მხოლოდ სხეულით და არა სულით. ჭეშმარიტად შეასრულებთ მოციქულის მცნებას: „და რომელნი იმსახურებდენ სოფელსა ამას, ვითარმცა არა იმსახურებენ" (1 კორ. 7, 31). სოფელი ნიშნავს საერო ცხოვრებას. თქვენ იქნებით, რომელიც ითხოვთ სოფელსა ამას, ე.ი. რომელიც იძულებულია შეეხოს, მონაწილეობა მიიღოს საერო ცხოვრებაში, მაგრამ როცა გულს შორს დაიჭერთ, მაშინ იქნებით ის, ვინც არ ითხოვს ასეთ ცხოვრებას, ე.ი. სურვილით და თანაგრძნობით კი არ მონაწილეობს, არამედ იძულებულია, თავისი მდგომარეობის გამო იყოს იქ". „... თქვენ ვერ იპოვით ადამიანს, რომელსაც არ განუცდია გაფანტულობა და აზრების ხეტიალი. როგორი მდგომარეობაა ეს? - აზრი ჩადის მახსოვრობის არქივში და წარმოსახვის საშუალებით გადაარჩევს იქ შეკრებილ ხარახურას. ერთი ისტორიიდან გადაინაცვლებს სხვაზე. ჯაჭვური წარმოდგენის ცნობილი კანონის მიხედვით, ნამდვილს მიახლართავს გამოგონილს, ხშირად წარმოუდგენელსაც. სანამ არ მოეგება გონს და არ დაბრუნდება გარემომცველ სინამდვილეში. ადამიანზე იტყვიან: ჩაუღრმავდაო. ჩაუღრმავდა, მაგრამ რას? ცარიელ და არა საქმის სერიოზულ განსჯას, ე.ი. ისევე, როგორც სიზმარეულ ოცნებაში ხდება. დაუკვირდით საკუთარ თავს - დაინახავთ, რომ დროის დიდი ნაწილი გადის ზუსტად - ასე აზრების ფუჭად ხეტიალში. ზოგჯერ, მთელი დღის განმავლობაში არც ერთი სერიოზული აზრი არ მოგვივა თავში. გთხოვთ, მიაქციოთ ამას ყურადღება და გადაწყვიტოთ: ასეთი ქცევა საკადრისია გონიერი ქმნილებისათვის?" „ჩვენ თვითონ თუ არ შეგვიძლია დავინახოთ როგორებიც ვართ, ამას გვეტყვის მოუსყიდველი მოსამართლე - სინდისი. ის შეიძლება დროებით ჩაახშო, მაგრამ ყოველთვის ახერხებს მონობიდან გამოხსნას და ხმის ამაღლებას, უსინდისოებშიაც კი, ხოლო უბიწოების სინდისის ხმა სუფთა და წკრიალაა. მას უწოდებენ ღვთის ხმას ადამიანის სულში. მასში ირეკლება, თუ რა აზრისა და შეხედულების არიან ჩვენზე ცათამკვიდრები და როცა სინდისი გვეუბნება, რომ ყველაფერში სუფთა ვართ ღვთისა და ადამიანების წინაშე, ეს მოწმობა აირეკლება ჩვენი სულის გარშემო და ზეციდან გვხედავენ ნათლით გაბრწყინვებულს. ხოლო თუ სინდისი გვამხელს, რომ უწმინდურები ვართ, მაშინ ზეციდან ბნელი ლანდებივით ვჩანვართ. ყველაზე კარგად მფარველი ანგელოზი გვხედავს: ვის ბნელით მოცულს, ვის განათებულს". „რა გემართებათ? გამხნევდით! მხოლოდ არ იფიქროთ, რომ ნუგეშს გართობაში იპოვით. გართობას სევდა მოაქვს. მხიარულების დროს ადამიანს ავიწყდება გულის ტკივილი, მაგრამ სამაგიეროდ გართობის დასრულების შემდეგ, ეული სული თავს შეახსენებს პატრონს, გაათმაგებულად გატანჯავს ტკივილი და სევდა. ეს ყველამ იცის, მაგრამ არავის სჯერა. თქვენც ასე ხართ. შემოგიტიათ მწუხარებამ და გართობას დაეძებთ! უმჯობესია ღმერთს და დედა ღვთისმშობელს სთხოვოთ შეწყალება და ნუგეში. ამისთვის საჭიროა უფრო მეტად სახლში ყოფნა და ლოცვა ან ეკლესიაში სიარული და ღვაწლი. დაფიქრებაა საჭირო, სასულიერო წიგნების კითხვაც კარგია. ილოცეთ და ღმერთი, ყველა უძლურების მკურნალი შეგეწევათ თქვენც". „გასართობი სანახაობები არაა ქრისტიანული, ჭკვიანი კაცი ერიდება მას. მუსულმანებს ასეთი რამ არა აქვთ, და მას ცვლინ ოპიუმით. ჩვენთან თვალისა და გულის მაამებელი გასართობი სანახაობანი დასავლეთიდან შემოვიდა. დასავლეთით გვსჯის და დაგვსჯის უფალი, ჩვენ კი ჭკუას ვერ ვსწავლობთ. მეორე სიბოროტე - უცხო სულით გაჟღენთილი ლიტერატურაა. ჩაფლული ვართ დასავლურ ჭუჭყში და თავს კარგად ვგრძნობთ. თვალი გვაქვს და ვერ ვხედავთ; ყური გვაქვს და არ გვესმის; ვერ გულისხმავჰყოფთ საფრთხეს. უფალო შეგვიწყალე! მოგვფინე ნათელი და ჭეშმარიტებაი შენი!"
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |