მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > წმიდაო მოციქულთა სწორო დედაო ნინო ევედრე ღმერთსა ჩვენთვის
წმიდაო მოციქულთა სწორო დედაო ნინო ევედრე ღმერთსა ჩვენთვის1-06-2017, 00:00 |
სრულყო რა ქადაგება ჭეშმარიტებისა, ღვაწლით დამაშვრალ დედა ნინოს სულიწმიდისაგან ეუწყა, რომ ამა სოფელს დატოვებდა. მან მეფე მირიანთან წერილი გააგზავნა, რომელშიც მოუწოდა, რომ მტკიცედ დაეცვა სარწმუნოება და წმიდა ნათლისღების ბეჭედი. შემდეგ სთხოვა, რომ მასთან იოანე ეპისკოპოსი გაეგზავნა - რათა წარმგზავნოს და საუკუნო საგზალი მომცესო. მირიან მეფემ ცრემლებით დაალტო წმიდა ნინოს წერილი. მეფე-დედოფალი უამრავი ხალხით წავიდა ბოდბეში. იქ ჩასულთ მოიკითხეს წმიდანი და მისგან კურთხევა აიღეს. ეპისკოპოსმა იოანემ წირვა აღასრულა და წმიდა ნინო ქრისტეს აზიარა, რომელიც წაიღო საუკუნო საგზლად და უფალს შეჰვედრა სული. „ტალანტთა სიმრავლით წარმოუდგა წმიდა სამებას და პატიოსან ძღვნად სულიწმიდით შობილი ერი მიართვა". მთელი ერი შეიკრიბა მისი წმიდა სხეულის თაყვანისსაცემად, მირიანმა ძლივს დააცხრო ხალხი, რომელიც ერთმანეთს თელავდა, მის ღვაწლით შემოსილ გვამს რომ შეხებოდა. მეფემ მთავარეპისკოპოსსა და მთავრებთან ერთად წმიდა ნინოს სვეტიცხოველში დაკრძალვა გადაწყვიტა, მაგრამ ორასმა კაცმა ადგილიდანაც ვერ დაძრა მისი სარეცელი. მირიანმა გულისხმაჰყო, რომ სწორედ ეს იყო მის განსასვენებლად ღვთისგან მოსწავებული ადგილი და დიდი პატივითა და დიდებით იქვე დაკრძალა. ოცდაათი დღე წმიდა ნინოს საფლავთან დარჩნენ. ერის დაობლებას იგლოვდა მეფე და ერი. წმიდანის საფლავზე მეფემ მშვენიერი ტაძარი ააგო და საეპისკოპოსოდ განაჩინა. სიკვდილის სარეცელზე მყოფმა მირიანმა დედოფალს ანდერძი დაუტოვა: „შენ, ნანა, თუ დაგცალდება, ჩემი სიკვდილის შემდეგ სამეფო განძი ორად გაყავი და ერთი ნაწილი წმიდა ნინოს საფლავს შეწირე, რათა ჟამთა სიგრძემ და ცვალებამ არ შეარყიოს ეს ადგილი და უკუნისამდე შეუძვრელად იყოს... ასევე ვევედრები მთავარეპისკოპოსს, განადიდოს ეს ადგილი, რადგანაც პატივის ღირსია". წმიდა ნინოს საფლავთან ურიცხვი სასწაულები აღესრულებოდა და დღესაც სულიერად დაკნინებულსა და დაუძლურებულ ერს მანვე უნდა აღმოუცენოს ცხოველი წყარო კურნებისა და შემუსროს ურწმუნოების კერპები.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |