მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > განდგომილების სამი საფეხური - მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)

განდგომილების სამი საფეხური - მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)


13-09-2016, 00:07

 

პირველი საფეხური

 

   განდგომილების პირველ საფეხურში ქრისტიანობის საყოველთაო შემცირება, სულიერი ძალების დაშრეტა იგულისხმება. ამის საფუძვლები აღმოსავლეთისა და დასავლეთის გაყოფის შემდეგ მკაფიოდ წარმოჩინდა. დასავლეთში ნელ-ნელა „ახალი ქრისტიანობის" ჩამოყალიბება დაიწყო, რომელშიც ჭეშმარიტების საზომი არა ღმერთი, არამედ ადამიანის დაცემული გონება გახდა. ამ ფენომენის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სულიერი იცვლება მიწიერით. საბოლოოდ, მსგავს „განათლებას" ვულგარულ მატერიალიზმამდე, თანამედროვე ადამიანის სულიერ დაბრმავებამდე მივყავართ.

   მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი) ამასთან დაკავშირებით წერდა: „ყოველივე ამაში გეგმაზომიერად მომქმედი ბნელი ძალები შეინიშნება, რომელიც ცდილობენ რაიმენაირად ძლიერად შეკრას ადამიანი ამასოფლის საზრუნავებით, აიძულებს დაავიწყოს მას, რომ ადრე თუ გვიან გარდაუვალი მარადიული ცხოვრება ელოდება".

   მეუფე ამბერკის თვალთახედვით, მატერიალიზმი იმგვარად ხრწნის ქრისტიანის რწმენას, რომ ვერც ვამჩნევთ ამას. თუგინდ პრინციპულად ვეწინააღმდეგებოდეთ „მიწიერს", ან ვსაუბრობდეთ ზეციურზე, მაინც შეიძლება ვიმყოფებოდეთ ამა სოფლის წარმოდგენების ზეგავლენის ქვეშ, თუკი დავკარგავთ მართებულ ხედვას „სამყაროზე", რომელიც თვით ქრისტიანულ საფუძვლებს ეწინააღმდეგება. უფრო მეტიც, უზნეობა დაშვებული ხდება ამაოებით დასნეულებულ ქრისტიანებში.

   მეუფე ამბერკი წერს: „ქრისტიანთა რაგვარ საყოველთაო სიყვარულზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც ჭეშმარიტება თითქმის ყველას მიერაა უარყოფილი, როდესაც სიცრუე ყველგან ბატონობს, როდესაც სულიერი ცხოვრება ქრისტიანებად წოდებულ ადამიანებშიც კი ავხორცული ცხოვრებითაა ჩანაცვლებული და, რომელიც ყოველგვარ სულიერ უკანონობასა და უზნეობას პირფერულად ამართლებს. სწორედ ამის შედეგია გაუთავებელი „ზეიმები", ათასგვარი „თამაშები" და გართობები, რომლებისადმი ერთობ კეთილგანწყობით ვეგებებით მისი ანტიქრისტიანული და უზნეო შინაარსის მიუხედავად. თვით სასულიერო პირები ხშირად თავად ანხორციელებენ მათ ორგანიზებას და მონაწილეობენ კიდეც მასში".

   ქრისტიანობის საფუძველთა საფუძველის - არაამსოფლიურობის დაკარგვით, ადამიანი სნეულდება ამაო საზრუნავებით, შედეგად ქრისტიანი აკლდება ცოცხალ კავშირს სულიწმიდასთან. ამ ნეოქრისტიანებზე მეუფე ამბერკი წერდა: „ისინი ზეციურ ნეტარებას ამქვეყნად ეძებენ. მრავალი ცოდვითა და უკანონობით დამძიმებულნი „ნეტარებას" სულმოუთქმელად ელიან. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ მართებულ გზად „ეკუმენისტურ მოძრაობას" მიიჩნევენ, რაც ყველა აღმსარებლობის ახალ „ერთიან ეკლესიაში" შერწყმას ისახავს მიზნად. ე.ი. არა მხოლოდ კათოლიკებისა და პროტესტანტების, არამედ იუდეველების, მუსლიმებისა და წარმართების, (თავიანთი შეხედულებების შენარჩუნებით) გაერთიანებას გულისხმობს.

   მთავარეპისკოპოსმა ამბერკიმ დედამიწაზე ბედნიერების მაძიებლებს „ნეოქილიასტები" უწოდა (ქილიაზმი - ძველი ერეტიკული სწავლება ქრისტეს ათასწლოვანი ამქვეყნიური მეუფების შესახებ). მეუფე ამბობდა, რომ გარეგნული „ეკუმენიზსტური ერთობა", რომლისკენაც მიილტვოდა „ნეოქილიასტები", გახდებოდა ის ორგანიზაცია, რომელიც საბოლოოდ ანტიქრისტეს მხარდამჭერი და მაღიარებელი გახდებოდა. მეუფესთვის თანამედროვე „ეკუმენისტური მოძრაობა" გახლდათ დასტური ურწმუნოებისა, რომ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება. აქედან გამომდინარე, გასაგებია ის პოზიციაც: უნებისყოფოდ შეურიგდნენ ბოროტებას ან გაამართლონ კიდეც ის. ყოველივე ეს „ქრისტიანული სიყვარულისა" და „მშვიდობის" ზედაპირული ქადაგებით უნდა წარმოჩინდეს. მეუფე ამბერკიმ ეს მოვლენა შემდეგნაირად დაახასიათა:

   „ჩვენს დროში, როდესაც ესოდენ ძლიერია ეჭვი ჭეშმარიტების არსებობის შესახებ, როდესაც ყოველი „ჭეშმარიტება" ნორმალურად მიიჩნევა, როდესაც ყოველ ადამიანს „საკუთარი ჭეშმარიტება" გააჩნია, ჭეშმარიტებისათვის ბრძოლას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ხოლო ვინც გულგრილია ამ ბრძოლისადმი, ვინც მასში მხოლოდ „ფარისევლობის" გამოვლინებას ხედავს და სანაცვლოდ გვთავაზობს „თავი დავიმდაბლოთ" სიცრუის წინაშე, ცხადია, ჭეშმარიტების მოღალატეებად უნდა მივიჩნიოთ, ვინც არ უნდა იყოს ის, და რადაც არ უნდა მოჰქონდეს თავი.

   ისინი, ვინც იმედს მხოლოდ ამასოფელზე ამყარებენ, საბოლოოდ უიმედობას მიეცემიან ან შეეცდებიან არ შეიმჩნიონ ის ძლიერი გადაგვარება, რომელიც ცხოვრების ყველა სფეროში იჩენს თავს. შემდეგ მეუფე ამბერკი დასძენს:

   „სატანის", რაც იგივეა, ანტიქრისტეს მსახურნი სარგებლობენ უმრავლესობის სულიერი სიბრმავით თანამედროვე ადამიანისა. ისინი ძლიერი სიჯიუტით, სატანური ენერგიით ანხორციელებენ თავიანთ ბნელ საქმეებს. ყველანაირი საშუალებებით, რაც კი არსებობს მათი კონტროლის ქვეშ, თავისკენ იზიდავენ ადამიანებს, რომლებიც შეგნებულად თუ შეუგნებლად თანამშრომლობენ მათთან, ქმნიან რა ხელსაყრელ პირობას ანტიქრისტეს სწრაფი მოსვლისათვის, როგორც ამა სოფლისა და მთელი კაცობრიობის ხელმწიფისა".

   ამავე საკითხზე მეუფე ამბერკი კიდევ ამბობდა: „ანტიქრისტეს მსახურთა ძირითადი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ დაანგრიონ ძველი სამყარო თავისი შეხედულებებითა და წარმოდგენებით. შემდეგ ააგონ ახალი, რომელსაც ძალუძს მიიღოს თავისი „ახალი ხელმწიფე", რომელიც ადამიანების თვალსაწიერში ქრისტეს ადგილს დაიკავებს. ამის დაუნახაველობა ნიშნავს იყო ბრმა სულიერად, უცხო ჭეშმარიტი ქრისტიანული მსოფლმხედველობისთვის".

 

 

მთავარეპისკოპოსი ამბერკის (ტაუშევი) წერილების მიხედვით 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება