მთავარი > მნიშვნელოვანი თემები, რელიგიური ცდომილებანი, მთავარი გვედის ფოტო > ნათლისღების გარეშე ვერავინ ცხონდება - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ნათლისღების გარეშე ვერავინ ცხონდება - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე18-01-2024, 21:33 |
თავიდანვე ვიტყვით, რომ ცხონებისათვის ერთი ძირითადი პირობა უნდა შესრულდეს - ნათლისღება. ეს იმას ნიშნავს, რომ წყლისა და სულისაგან შობის გარეშე ცათა სასუფეველს ვერავინ დაიმკვიდრებს: „უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა" (იონ. 3, 5); „რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხონდეს; და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს" (მარკ. 16, 16). პეტრე მოციქული ბრძანებს, რომ იესო ქრისტეს სახელის გარდა „არავინ არს სხვით ცხოვრება და არცაღა არს სახელი სხუაჲ ცასა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითაცა ჯერ-იყო ცხოვრება ჩუენდა" (საქმე. 4, 12). ამრიგად, წმინდა წერილის სიტყვების საფუძველზე მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის, რომ ცხონება მხოლოდ დედაეკლესიაში და მხოლოდ ნათლისღებითაა შესაძლებელი. ამასთან, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს რა ასაკში მოინათლება ადამიანი - ჩვილობისას თუ ზრდასრულობაში. ამ საკითხის გამო ლიბერალურ წრეებში სხვადასხვა მოსაზრებებს მოისმენთ: „თუ ის ჯერ კიდევ მხოლოდ ჩვილია, და შესაბამისად არ გააჩნია ცოდვა", „იქნება ძალიან სათნო ადამიანია და ცხოვრებისეული პირობების, გარკვეული ვითარების გამო არ მიეცა მართლმადიდებლობის გაცნობის შესაძლებლობა" და მისთ. ყველა ეს შეხედულება საბოლოო ჯამში გვირგვინდება აზრით: ნათლისღების გარეშეც შეიძლება ცხონება. დღეს ზოგიერთი ხმამაღლა გაიძახის: „უნათლავი ჩვილები უთუოდ ცხონდებაო", „თუ ძალიან სუფთა ცხოვრებით გამოირჩეოდა მუსლიმი ან სხვა რჯულის წარმომადგენელი, ისიც აუცილებლად გამართლდება ღვთის წინაშე"; ასეთ რამესაც მოისმენთ: „ადამმა შესცოდა, მე რა შუაში ვარ". ასეთი ადამიანები სერიოზულად ფიქრობენ, რომ ნათლისღების გარეშეც შეიძლება გააბათილო ადამის პირველქმნილი ცოდვა, დაიმკვიდრო სასუფეველი. ნათლისღება რომ ყველას, მათ შორის ჩვილებსაც სჭირდება, ადასტურებს წმინდა წერილი, მსოფლიო კრებები, ეკლესიის სიმბოლური და საღვთისმსახურო წიგნები და მრავალი წმინდა მამა. 1. წმინდა წერილის დასტურს ამ საკითხის შესახებ ძირითადად მოვისმენთ. მაგრამ, სწორედ რომ, ადამის ცოდვის შედეგად დაეუფლა სიკვდილი კაცობრიობას და არ უნდა ვეძებოთ პირადი დანაშაული ადამიანში. ყველამ შევცოდეთ ადამში და ამას წმ. პავლე მოციქულის სიტყვაც ადასტურებს: „ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისათვის ცოდვა სოფლად შემოხვდა და ცოდვისა ძლით - სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომელთა ყოველთა შესცოდეს" (რომ. 5, 12). წმ. თეოფილაქტე ბულგარელი შემდეგნაირად განმარტავს ამ სიტყვებს: „ცოდვა და სიკვდილი სამყაროში ერთი ადამიანისაგან - ადამისაგან შემოვიდა. და კვლავ ერთი ადამიანით - ქრისტეთი იქნება უგულებელყოფილი. რას ნიშნავს სიტყვები: „... რომელთა ყოველთა შესცოდეს"? იმას, რომ ადამში ყველამ შესცოდა. როგორც კი ადამი დაეცა, მაშინვე ჩვენც, ყველანი ვისაც არ გვიგემია აკრძალული ნაყოფი მოკვდავნი გავხდით, თითქოს იმგვარადვე დავეცით, იმიტომ რომ, ის დაეცა".1 2. ნათლისღება რომ ყველას, მათ შორის ჩვილებსაც სჭირდება მისატევებელად ცოდვათა (პირველქმნილი ცოდვით დაწყებული), ამას ეკლესიის ოფიციალური დადგენილებებიც ადასტურებს. კართაგენის კრების 110-ე კანონში ვკითხულობთ: „ასევე განსაზღვრულ იქნა, რომ ვინც უარყოფს, არ აღიარებს ცოდვათა მისატევებლად ჩვილთა და დედის მუცლიდან ახალშობილთა ნათლობას და ამბობს, რომ ისინი არ საჭიროებენ მეორედ შობის საბანელით ადამისმიერი ცოდვისა და იქიდან წარმომავალი ჭუჭყისაგან განწმენდას, რომ მათი ნათლისღების სახე არის არა ჭეშმარიტი, არამედ მოჩვენებითი, შეჩვენებულ უნდა იყოს, ვინაიდან სხვანაირად არ შეიძლება გავიგოთ მოციქულის ნათქვამი: „ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისათვის ცოდვაჲ სოფლად შემოხდა და ცოდვისა ძლით - სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს" (რომ. 5, 12). ეს ისე უნდა გავიგოთ, როგორც ესმის ყოველ მხარეს გავრცელებულ და ყველგან, ქვეყნის ყველა ნაწილში განფენილ კათოლიკე ეკლესიას. სარწმუნოების ამ კანონით ცოდვათა მისატევებელად ჭეშმარიტად ნათელს იღებენ ჩვილნიც, თუმც მათ თვითონ არ შეუძლიათ ცოდვის ჩადენა, რათა მეორე შობით განიწმინდონ ისინი იმ შეცოდებისაგან, რომელიც მიიღეს პირველი მამისაგან (ადამისაგან)".2 ახლა მოვისმინოთ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის სამი უდიდესი კანონისტის კომენტარები კართაგენის წმ. ადგილობრივი კრების 110-ე კანონზე: „ზოგიერთი ამბობს, რომ ახალშობილი ჩვილები ცოდვათა მიტევების გამო არ უნდა მოინათლონ, ვინაიდან მათ ცოდვა არ გააჩნიათ; ასევე არ გააჩნიათ სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარი, ცოდვის ჩადენაც არ შეუძლიათ. კრება უარყოფს ამ შეხედულებას, ასევე მათაც, რომლებიც ამგვარად აზროვნებენ და ამბობენ, თითქოს ადამის მემკვიდრეობითი ცოდვისაგან არაფერი ეანდერძათ. შეკითხვა: რატომ უნდა საჭიროებდნენ ჩვილები ღვთაებრივი ნათლისღებით განწმენდას, ანათემას ექვემდებარება". არისტინი (XII) „ის, ვინც ამბობს, რომ ახალშობილნი და ნათლადგანმზადებულნი მემკვიდრეობით არ ექვემდებარებიან ადამის ცოდვას, არ საჭიროებენ ნათლისღებით განწმენდას, წყევას ექვემდებარება, ვინაიდან ერთის გამო სიკვდილიცა და ცოდვაც საყოველთაო გახდა".3 3. მართლმადიდებელი ეკლესია, მსოფლიო და ადგილობრივი კრებების (რომლებსაც მიენიჭათ მსოფლიო ავტორიტეტი) შემდეგ, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სიმბოლურ წიგნებს. აღმოსავლეთის კათოლიკე ეკლესიის პატრიარქების ეპისტოლეს (1723 წ.) მართლმადიდებლური სარწმუნოების დოგმატურ განსაზღვრებაში ნათქვამია: „გვწამს, რომ აუცილებელია წმინდა ნათლისღება, მცნებად მოცემული (ჩვენდა) უფლის მიერ და აღსრულებული წმინდა სამების სახელით. რამეთუ უიმისოდ ვერავინ ცხონდება, როგორც ამას უფალი ამბობს. (იონ. 3, 5). ამიტომ იგი ყრმებსაც სჭირდებათ, რადგანაც ისინიც ექვემდებარებიან პირველქმნილ ცოდვას, უნათლავად ვერ მიიღებენ ამ ცოდვის შენდობას. უფალმაც არ დაუშვა არანაირი გამონაკლისი და თქვა: „უკუეთუ ვინმე არა იშვეს", ანუ ქრისტეს, მაცხოვრის (ამქვეყნად) მოსვლის შემდეგ, ყოველნი, ვინც კი ცათა სასუფეველში უნდა შევიდნენ, ხელახლა უნდა იშვნენ (ნათლისღების საიდუმლოში)... ისინი კი, ვინც ხელმეორედ არ იშვებიან და ამის გამო არც მიუღიათ პირველმშობელთა ცოდვის მიტევება, უსათუოდ ეწევიან საუკუნო სასჯელს ამ ცოდვისათვის, და მაშასადამე, ვერ ცხონდებიან".4 4. აქვე მივუთითებთ საქართველოს ადგილობრივი ეკლესიის (2000 წლის 14 დეკემბერი) განსაზღვრებას ამ საკითხის შესახებ: „... მეორედ შობა ნიშნავს ახალი ადამიანის სულიერ დაბადებას. სარწმუნოების სიმბოლოს IX მუხლის მიხედვით, ცოდვათა მიტევება შესაძლებელია ნათლისღებით: „აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა" - კართაგენის საეკლესიო კრების 110-ე მუხლის თანახმად ჩვილებიც ნათელს იღებენ ცოდვათა მისატევებელად". ამ კანონით კართაგენის საეკლესიო კრება გვახსენებს, რომ ყოველ პიროვნებას, გარდა პირადი ცოდვებისა, გააჩნია, აგრეთვე, ადამისმიერი ანუ პირველქმნილი ცოდვაც. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ჩვილებიც, რომელთაც არ გააჩნიათ პირადი ცოდვები, საჭიროებენ ნათლისღებას, რათა განიწმინდონ პირველქმნილი ცოდვისაგან".5 საქართველოს ეკლესია დაინტერესდა ამ საკითხის შეფასებით და ათონის წმინდა მთის კინოტს სთხოვა მოეწერათ პასუხი. ათონელების პასუხში ვკითხულობთ: „... ყოველი ჩვილი, რომელიც იბადება, იქნება იგი შვილი ქრისტიანი თუ არაქრისტიანი მშობლებისა, ბუნებრივად ხდება ზიარი მამამთავარი ადამის ცოდვისა და მემკვიდრეობით ერგება ხრწნა და სიკვდილი, ნებსითაც რომ არ შესცოდოს. ეს მომდინარეობს ადამიანის ბუნების ერთობიდან, მოციქულის ნათქვამისამებრ (რომ. 5, 12)... უდროოდ მკვდარი და ამის გამო მუნათლავი ჩვილები ვერ განიდიდებიან ზეციურ სასუფეველში, რადგან მათ არ მიუღიათ წმინდა ნათლისღება და შესაბამისად ვერ გათავისუფლდნენ მამამთავრის ცოდვისაგან და არ ერგოთ სულიწმიდით განახლების კეთილი ხვედრი".6 5. ეკლესიის საღვთისმსახურო წიგნიც ქადაგებს: „უწყოდეთ, რამეთუ რაჟამს იშვას ყრმა, უკუეთუ იყოს ავადმყოფი სასიკუდინეთ მიწევნული, ნუ დააყენებთ ნათლისცემასა მისსა, არამედ მეყვსეულად ნათელეცით და ნუ აყენებთ, რამეთუ ვითარცა იტყვიან ამაოდ ვინმე და დააყენებენ ექუსსა და ანუ რვასა დღესა, და შეამთხვივის სიკვდილი ყრმასა მას უნათლავად. უკუეთუ რვას დღემდი იცოცხლოს, დააცალონ, და დღესა მერვესა ნათელ-სცენ. ხოლო უკუეთუ ვერ მიაწევდეს, მასვე ჟამსა ნათელ-სცენ ემბაზსა შინა წყლითა, რათა არა წარწყმდეს სული ყრმისა მის. უკუეთუ უდებ იქნეთ, ხელთაგან თქუენთა იძიებს უფალი სულსა მის ყრმისასა".7 6. წმინდა მამათა შეფასებებიც მოვისმინოთ, რათა მართლმადიდებელი ეკლესიის აღნიშნული სწავლება სისავსით წარმოჩინდეს. წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: „როგორც ადამი, თავისი შთამომავლობისთვის, თუმც მათ არ უგემიათ აკრძალული ხის ნაყოფი, გახდა სიკვდილის მიზეზი, ასევე ქრისტე მისდამი მორწმუნეთათვის, თუმც არ უქმნიათ სიმართლის საქმენი, მათი გამართლების მიზეზი გახდა, რაც ქრისტეს ჯვრის მეშვეობით განხორციელდა".8 მავანთა გაოგნებას - „ადამმა შესცოდა, მე რა შუაში ვარ" - წმ. ოქროპირი უპასუხებს: „ის, რომ ერთი ისჯებოდეს მეორეს დანაშაულის გამო, არცთუ სამართლიანად წარმოგვიდგენია, მაგრამ ერთი რომ ცხონდეს მეორეს წყალობით, მეტად მისაღები და გონების შესატყვისია. და რადგან განხორციელდა პირველი (ანუ ადამის შეცოდების გამო ყველამ იგემა სიკვდილი - ავტ.), მაშინ მით უფრო უნდა აღსრულდეს მეორე".9 წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი: „ჩვენ ვიწყებთ არსებობას დაბინძურებული და ცოდვილი მდგომარეობით... ჩვენ ვიბადებით მოკვდინებულნი სულიერად, სიკვდილის თესლით სხეულში".10 წმ. გრიგოლ თესალონიკელი ამბობს: „როგორც სულის სხეულისაგან განშორება იწვევს სიკვდილს, ასევე ღმრთის სულისაგან განშორება არის სულის სიკვდილი. ამ სიკვდილზე მიუთითა ღმერთმა სამოთხეში ბოძებული მცნებით. მაშინ მოკვდა ადამი, ღვთის მორჩილებას განშორებული".11 გვერწმუნეთ, კიდევ მრავალი წმინდა მამის დამოწმება შეგვიძლია. მათი სიტყვები უხვადაა ციტირებული არქ. ლაზარეს (აბაშიძე) წიგნში „Грех Адамов", ასევე აწგარდაცვლილი გ. გაბაშვილის საღვთისმეტყველო ჟურნალში „ივერიის გაბრწყინება", მაგრამ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი აღარ საჭიროებს დამადასტურებელი ამონარიდების შემატებას. როგორც ვხედავთ, აღნიშნულ საკითხში ცდომილების მიზეზი ისაა, რომ მავანი უგულებელყოფს მაცხოვრის რწმენისა და აღმსარებლობის აუცილებლობას ცხონებისათვის. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს პირველქმნილი ცოდვა, „უდანაშულობის" შემთხვევაში, ავტომატურად ბათილდება, ქარწყლდება. ამგვარად მოფიქრალთა აზრით, პირადი ბრალეულობის არქონა საკმარისია, რათა ადამიანს მოეხსნას ადამის ცოდვა და მყისიერად გახდეს უფალ იესო ქრისტეს გამომხსნელი მადლის თანაზიარი. ეს არ შეესაბამება მართლმადიდებლურ სწავლებას.
დეკ. კონსტანტინე ჯინჭარაძე Xareba.net - ის რედაქცია
1Св. Феофилакт Болгарскии. Толкоиания посланий Св. Ап. Павла. 2დიდი სჯულის კანონი. კართაგენის ადგილობრივი კრება. 110 მუხლი. გვ. 124. 3Правила Св. Поместных Соборов с толкованием. Т II. M. 1915. გვ. 265. 4წყარო. ივერიის გაბრწყინება №1 (33) 2000 წ. გ. გაბაშვილი. 5საქ. ეკლესიის სინოდალური გადაწყვეტილება. 2000 წ. 14 დეკემბერი. 6ათონის წმ. მთის კინოტის პასუხი საქართველოს ეკლესიის საპატრიარქოს. 7დიდი კურთხევანი. გვ. 5. 8Св. Иоанн Злотоуст. Творения. Т9. Кн2. Бес. СПБ. 1903. 9იქვე. ოქროპირთან. 10Св. Игнатий Брианчанинов. Творения. Слово о человеке. 11Св. Григорий Фесалонийский. Послание к Ксепли Монахине.
უკან დაბრუნება |