მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > მფარველი ანგელოზი

მფარველი ანგელოზი


18-06-2017, 00:07

 

   წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი მეტად გულმოწყალე ადამიანი იყო და ყოველთვის შეეწეოდა ღარიბ-გლახაკთა და უბედურთ, ხშირად ეწვეოდა ხოლმე სნეულთ, თავისთან იწვევდა და უმასპინძლდებოდა მათხოვრებსა და უქონელთ, ამასთან, თვითონვე ემსახურებოდა მათ უდიდესი თავმდაბლობით.

   ერთხელ, როცა ის ჯერ კიდევ მონაზონი იყო წმიდა ანდრია პირველწოდებულის მონასტერში, მასთან ერთი კაცი მივიდა და ცრემლთა ღვრით მოუთხრო, გემის მეპატრონე ვიყავი და ქარიშხლის დროს ზღვაზე გემიც დავკარგე და მთელი ქონებაც, ჩემიცა და სხვისიცო. გრიგოლს შეეცოდა იგი და ექვსი ოქროს მონეტა მისცა. მცირე ხნის შემდეგ უცნობი დაბრუნდა და უთხრა, შემიწყალე, მონაო ღვთისაო, ის რაც მომეცი, ძალზე ცოტააო. გრიგოლმა კიდევ ექვსი ოქროს მონეტა მისცა, მაგრამ კაცი კვლავ დაბრუნდა ტირილით, რა ვქნა ძალზე ბევრი დავკარგე, შენი მოცემული არ მეყოფაო. გრიგოლს ფული აღარ ჰქონდა, ამიტომ ვერცხლის ლანგარი გამოუტანა და ასე გაისტუმრა მთხოვნელი. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა წმიდა გრიგოლი უკვე რომის ეკლესიის მღვდელმთავარი იყო, მან ბრძანა - თავის სამყოფელში, ჩვეულებისამებრ, ტრაპეზი მოემზადებინათ თორმეტი გლახა მწირისათვის. გლახაკთა ტრაპეზზე გრიგოლმა შენიშნა, რომ იქ თორმეტი კი არა, ცამეტი კაცი იყო. როცა ამის შესახებ მსახურთ უთხრა, მათ დიდად გაიოცეს, რას ბრძანებთ, ტაბლას თორმეტი მწირი უზისო. წმიდა გრიგოლი მიხვდა, რომ მეცამეტე მეტრაპეზე - ანგელოზი - უხილავი იყო ყველასათვის, თვით მის გარდა. პურობის შემდეგ გრიგოლმა ყველა გაისტუმრა იმ, მეცამეტე მეტრაპეზეს გარდა, მიუახლოვდა მას და სახელი ჰკითხა:

   - რად კითხულობ ჩემს სახელს? - მიუგო მან - ის უცხო რამ სასმენელია.

   მაგრამ გრიგოლი დაჟინებით ეკითხებოდა და ბოლოს შეიტყო მისგან, რომ იგი იყო თვით მისი მფარველი ანგელოზი, რომელიც მრავალი წლის წინათ გემის მეპატრონის სახით გამოეცხადა მას და მოწყალების გაღება სთხოვა. თან დასძინა, მე ყოველთვის განუყრელად შენთან ვარ და შენს სიცოცხლეს ვიცავო. წმიდა გრიგოლი თრთოლვით მუხლებზე დაემხო ანგელოზის წინაშე, თაყვანი სცა და მადლობა შესწირა უფალს შეწევნისათვის.


Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება