მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > ნინოს ხსენება სიხარულისა ღირს არს
ნინოს ხსენება სიხარულისა ღირს არს26-01-2020, 18:32 |
დღეს ივერიის ეკლესია აღასრულებს თავისი საკუთარი მოციქულის, ქართველთა განმანათლებლის, წმ. ნინოს ხსენებას, რომელმაც „დაადგა ქართველ ერს გვირგვინი ქრისტეს მიერ ზოგადი", რომლის ლოცვითა და ვედრებით „არმაზ დაეცა გოდებით და ზადენისნი გაიმ გიცითურთ მეხდატეხილ იქმნეს". წმიდა ნინოს მეოხებით დაწესდა ქრისტიანობა საქართველოში, წმიდა ნინოს ჩაგონებით ნათელ-იღო ქართველმა ერმა და მისი წყალობით მოიშორა მან თავიდან სამარცხვინო გონებრივი სიბნელე წარმართობისა. წმიდა ნინოს შთაბერა საქართველოს ღვთაებრივი ძალა, რომელმაც განავითარა, განაძლიერა და ააყვავა ქართული ენა; აღამაღლა, გააფაქიზა და გააკეთილა ქართველების სულიერი ცხოვრება, ზნეობა, ყოფაქცევა და საზოგადო შეხედულება ქვეყნიერებაზე; დავრდომილი და ნაწილ-ნაწილად დაყოფილი ერი ააღორძინა, შეაერთა და გარდაქმნა სახელოვან, მძლავრ სამეფოდ; შემუსრა მის გარშემო ათასჯერ მასზედ მძლავრნი და მაგარნი მტერნი. წმიდა ნინომ მოგვანიჭა მართლმადიდებლობა, რომელიც მთავარ მწარმოებელ ძალად შეიქმნა მთელი ჩვენი შემდეგი ბედისა და ისტორიული სიცოცხლისა. ქართველი ერის სამოქალაქო ისტორია განუყოფლად შექსოვილ-შეერთებულია მისივე ეკლესიის, სარწმუნოებისა და სათნოების ისტორიასთან. მართლმადიდებელ სარწმუნოებას უმოქმედებია და უნუგეშებია ქართველი ერი, როგორც განსაცდელისა და გაჭირვების ჟამს, ისე შვებისა და შეღავათის დროს. ერთი სიტყვით, წმიდა ნინოს შემდეგ სარწმუნოება შეიქმნა სულად, მთავარ ძალად, ქვაკუთხედად ქართველი ერის სიცოცხლისა. უსარწმუნოოდ ქართველს თავისი თავი ქართველად არ მიაჩნდა. ამ სარწმუნოებამ აღზარდა და დაბადა ხალხში ერთსულოვნება, თანხმობა და სიყვარული, ხოლო ყველაფერმა ამან დავრდომილი და უძლური ერი გარდააქცია დიდ და მძლავრ სამეფოდ. ჭეშმარიტად, ძველ ქართველს საბუთი ჰქონდა ეთქვა და ამბობდა კიდეც: „ჭეშმარიტად ესე არს ძლევა, რომლითა სძლევს სოფელსა სარწმუნოებაჲ ჩვენი" (1, იოანე 5, 4). აღმოსავლეთიდან მოგვიტანა სარწმუნოება წმ. ნინომ; აღმოსავლეთიდანვე გადმოგვიღეს წმიდა მამებმა ჩვენს დედა, გასაგებ ენაზე საღმრთო წერილი და საეკლესიო წიგნები. ამის გამო განვითარდა, განმტკიცდა, წარმატებაში შევიდა და შემუშავდა ქართული მწერლობა, ქართული მწიგნობრობა. განმტკიცდა, განირჩა და აღიზარდა ეროვნული თვითცნობა, ამაღლდა სული ქართველობისა და აი, სწორედ ამ სულმა შეაძლებინა ჩვენს მამა-პაპას მოშორება თავიდან აურაცხელი მტრებისა, ატანა აუტანელი გაჭირვებისა, აშენება საოცარი სიმაგრისა და ხელოვნების ტაძარ-კოშკებისა და შენახვა ყოველი სიუხვით სახელგანთქმული მიწა-წყლისა. ამ ახალმა მოძღვრებამ, ახალმა სინათლის სხივმა გაალღო, გაათბო, გააღვიძა და აამოძრავა წარმართობისაგან შეხუთულ-შებოჭილი ქართველი კაცის გონება თავისუფალი, შეგნებული და აზრიანი ცხოვრებისათვის. წმიდა ნინოს ქადაგების დამკვიდრებას საქართველოში თან მოჰყვა ერის სულიერი განმდიდრება-განვითარება. სწორედ ისე, როგორც, გაზაფხულის მაცოცხლებელ მზეს თან მოჰყვება ხოლმე გადაფურჩქვნა და გაშლა-აყვავება ბუნებისა. ქართველი დარწმუნდა არმაზ-ზადენის და სხვა კერპების არარაობაში. დაამტვრიეს და ნაცრად აქციეს კერპები. პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვარის ამართვით წმ. ნინომ წაუშლელი ასოებით ამოსჭრა ქართველობის გულის ფიცარზე იესო მაცხოვრის უკვდავი სიტყვები: მცნებასა ახალსა მოგცემ თქუენ, რაჲთა იყვარებოდეთ ურთიერთარს, ვითარცა მე შეგიყვარენ თქუენ... ამით სცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემი მოწაფენი ხართ, უკეთუ იყუარებოდეთ ურთიერთარს (იოანე 13, 34-35). მაგრამ ვაფასებთ როგორც ეკადრება, ჩვენს განმანათლებელს, მოციქულთა სწორს, დედა ნინოს? ვამტკიცებთ მისდამი სიყვარულს მისი ცხოვრების ზედმიწევნით ცოდნით? ღირსეულად ვიხსენებთ მამა-პაპათაგან გაწეულ ღვაწლს სამშობლო ეკლესიისათვის? ვუღვიძებთ და ვუნერგავთ ჩვენს შვილებს მხურვალე და მტკიცე სიყვარულს ეკლესიისას, ენისა და მამულისას? ხოლო უკუეთუ ესენი დავიწყებული გვაქვს, ვუწყოდეთ, რომ ჩვენ დავსდგომივართ გადაშენებას, უბედურების და უკუღმართობის კვალს; ვუწყოდეთ, უარგვიყვია ჩვენი განმანათლებლის შრომა და ცრემლი, ჩვენ მამა-პაპათა დანთხეული წმიდა სისხლი, მათი ანდერძი, რის გამოც, მტკიცება არ უნდა, სასტიკ პასუხისგებაში ჩავცვივდით თავის დროზე წინაშე ღვთისა, სამშობლო ეკლესიის დამფუძნებელისა და მსოფლიო წმიდათა დიდებული გუნდისა. ღმერთმან გვიხსნას დიდი და პატარა ასეთი უკეთურებისაგან და მაცხოვარმა იესო ქრისტემ მოგვანიჭოს ქალსა და კაცსა წმიდა ნინოს ხსენებისა და სახელის სამარადისო, ძლიერი და მუდამ თვალსაჩინოდ მკრთალი საღმრთო სიყვარული! ამინ.
Xareba.net - რედაქცია უკან დაბრუნება |