მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > თვითნებური მონობა

თვითნებური მონობა


21-08-2017, 00:04

თვითნებური მონობა

 

   ურწმუნოებისა და მატერიალიზმის ეპოქამ ჩვენი დროის კიდევ ერთი მძიმე განსაცდელი - სექტების ყოველმხრივი თავდასხმები მოიტანა. ბრწყინვალე სამოსში შემოსილი, „სიწმიდისა" და „სიყვარულის" მქადაგებლები ღიმილითა და ცეკვა-თამაშით გადადიან ქალაქიდან ქალაქში, ქვეყნიდან ქვეყანაში და მილიონობით მიმდევარს პოულობენ, რომელთაგან მრავალი ვეღარ უბრუნდება საკუთარ კერას. ისინი ტოვებენ ოჯახს, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. ახლობლებთან დარჩენის შემთხვევაშიც თავის საიდუმლო სამყაროში იკეტებიან და კარგავენ კონტაქტს მათთან.

   ტოტალური სექტანტობის საშინელმა მოვლენამ დღეს მთელი მსოფლიო მოიცვა. ისმის კითხვა: რა აიძულებს ადამიანს ყოველგვარი ცრუ სწავლების ასე ბრმად დაჯერებას? რატომ ებმება ადამიანი „ფარული სწავლების" მახეში? სულიერებისა და ახალგაზრდებისათვის ნიშანდობლივი თავგადასავლების სურვილი ოსტატურად იმართება მაცდუნებელთა მიერ. ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და ვნებებთან ქრისტიანული ბრძოლის ნაცვლად ისინი მათ „ახალ სულიერებას" სთავაზობენ.

   დღეს სიტყვა „სექტა" მყარად შემოვიდა ჩვენს ლექსიკონში. დღეც არ გადის, რომ მათ შესახებ არ საუბრობდნენ პრესით, რადიოთი თუ ტელევიზიით: არ იწერებოდეს რომანები და მეცნიერული ტრაქტატები. თავისი სწავლების რეკლამირებისათვის ისინი მრავალ საშუალებას იყენებენ.

   ისმის კითხვა: ვინ ხდება მათი მიმდევარი? სექტანტების ძირითად ნაწილს ყოველგვარ სულიერ ორიენტირს მოკლებული ადამიანები წარმოადგენენ. მათი არამყარი პრინციპები ურწმუნოებას, პესიმიზმსა და სულიერ სიბრმავეს ბადებს, ისინი უარყოფენ სამშობლოს, მართლმადიდებლობას, ოჯახს, სამხედრო სამსახურსა და სახელმწიფოს.

   თანამედროვე სექტა შეიძლება სუპერმარკეტის მენეჯერს შევადაროთ. მათი მთავარი ამოცანა ადამიანის ნებისმიერი ხერხით შეტყუებაში მდგომარეობს, შემდეგ რაღაცის ყიდვასაც აიძულებენ. „თქვენ მხოლოდ შემოდით ჩვენთან - ღიმილით გვეგებება სექტანტი - ნახეთ, რა კარგია აქ. ჩვენ ყველას გვიყვარს ერთმანეთი. ჩვენთან საინტერესო და გასართობიცაა. თუ ავად ხართ - განიკურნებით. თუ სიმსუქნე გიშლით ხელს - გახდებით. თუ არავის უყვარხართ - ჩვენთან პოვებთ სიყვარულს. უბედური ხართ - ჩვენ გპირდებით ბედნიერებას!" ვინ არ ცდუნდება ამგვარი წინადადებებით?

   თავდაპირველად სექტა თავს ევლება ახალ წევრს, კომფორტულ გარემოს უქმნის მას. გარკვეული პერიოდის შემდეგ საკითხავებს აწვდიან, სექტის კეთილი სურვილების შესახებ ესაუბრებიან. შემდეგ კი ლიტერატურისა და აფიშების გავრცელებაში დახმარებას სთხოვენ. საბოლოოდ ადამიანი ხვდება, რომ თავიდან ბოლომდე სექტის საზრუნავითაა დაკავებული და უკვე აღარც აინტერესებს, თუ რა ხდება ირგვლივ. მას მხოლოდ თავისი გარემოს შენარჩუნების სურვილიღა რჩება. სექტანტობა ისეთივე მძიმე ავადმყოფობაა, როგორც ალკოჰოლიზმი და ნარკომანია. ამ ავადმყოფობის საშუალებით, ისევე როგორც ნარკოტიკით ვაჭრობით, სექტის ხელმძღვანელობის მიერ უზარმაზარი ფული კეთდება. მათი კაპიტალი ჩადებულია წარმოებასა და ინფორმაციის გავრცელების საშუალებებში.

   სექტები დღეს, როგორც სოკოები, ხან ერთ, ხან მეორე ადგილზე გამოჩნდებიან. ხშირ შემთხვევაში ადამიანი ვერ ხვდება, თუ ვინ მართავს მათ და რა არის მათი მიზანი. სექტაში გაწევრიანებულ ადამიანს იქიდან გამოსვლის შესაძლებლობა თითქმის აღარ რჩება. სექტანტური საზოგადოების ყოველი წევრი დისციპლინითა და ვალდებულებითაა ერთმანეთთან დაკავშირებული. მაგრამ ყველაზე საშინელი ისაა, რომ ადამიანს უკვე ვერ წარმოუდგენია ცხოვრება სექტის გარეშე, ამიტომ მათზე არ მოქმედებს აკრძალვა. მორალური და კრიმინალური კანონები მათთვის არ არსებობს. არ არსებობს არც ოჯახი, არც ახლობლები.

   სწორედ ამიტომ გავრცელდა სექტანტურ სამყაროში ფანატიზმი. ყველა რიგითი ადამიანი უბრალოდ „უცხოა" მათთვის.

   სექტების ესოდენ ფართოდ გავრცელების მიზეზი ხომ არ დევს სულიერ სფეროში? სადაც არ არის ჭეშმარიტი სულიერება, იქ ყალბი ჩნდება. ხომ არ არის ამაში ჩვენი დაუდევრობის ბრალი? ან ხომ არ არის იმ მღვდელმსახურთა ბრალი, რომლებიც „ყველა რელიგიაში ჭეშმარიტების" ნაპერწკალს პოულობენ? ამგვარი იერარქები აფიქრებენ ადამიანს: მაშ რაში მდგომარეობს მართლმადიდებლური ეკლესიის ჭეშმარიტება? რისთვის გააკრეს ჯვარზე ქრისტე? რისთვის ეწამა მილიონობით ქრისტიანი?

   თქვენ მიგყავთ ბავშვი ბაღში. დარწმუნებული ხართ, რომ ეს დაწესებულება არ ეკუთვნის რომელიმე სექტას? თქვენ მიმართეთ რჩევისათვის ექიმს. ის გთავაზობთ წამლებს და გინიშნავთ მკურნალობის კურსს. ვინ იცის, იქნებ ის გურუსა და კაბალისტების მეთოდებით კურნავს. თქვენ გადაწყვიტეთ მყუდრო რესტორანში შესვლა. უსმენთ აღმოსავლურ მუსიკას, გთავაზობენ ეგზოტიკურ საკვებს. დარწმუნებული იყავით, ის რომელიმე აღმოსავლური სექტის რესტორანია.

   სექტის მიერ საკუთრების დაუფლება, ეკონომიკური კრიზისის, ხალხის შფოთისა და უმუშევრობის დროს ხორციელდება. სექტანტობის გავრცელების მიზეზი კი სულიერების უქონლობა რჩება. ამ ბნელ საქმეში დიდ როლს ასრულებენ ინფორმაციის მასობრივი საშუალებები, რომლებიც დიდ პროპაგანდისტულ მუშაობას ეწევიან.

   სექტანტები თავს „ზეადამიანებად" თვლიან, რომელთაც არ ეშინიათ საშინელი სამსჯავროსი. ისინი ღრმად არიან დარწმუნებულნი თავის „რჩეულობაში". გაწევრიანება მათთვის დღეგრძელობისა და სულიერი გაწონასწორების გარანტია.

   სოციალური და ეკონომიკური კატასტროფები სექტანტებისათვის ხელსაყრელი გარემოა. ცნობილია, რომ სექტები კრიზისის პერიოდში იფურჩქნებოდა. როდესაც ასეთი კრიზისი არ არსებობს მას ხელოვნურად ქმნიან.

   სექტებში ცნობილი ფაქტია მშობლებისა და შვილების ურთიერთკომფლიქტი. სექტა ოჯახის ადგილს იკავებს ადამიანის ცხოვრებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ სექტაში მისვლის მიზეზი არა მხოლოდ გარეგნული ფაქტორებია, არამედ ახალგაზრდებისათვის დამახასიათებელი სიახლის, უცნაურობის, გასაიდუმლოვნების სურვილი.

   რითი შეგვიძლია დავეხმაროთ ამ ადამიანებს? პირველ რიგში, სექტაში მოხვედრის საშიშროების მითითებით. თუ ადამიანი უკვე აღმოჩნდა იქ, ის არანაირ კრიტიკას აღარ ღებულობს და ყველა სხვა ადამიანი „ბრმად" მიაჩნია. მათდამი ნებისმიერ კრიტიკულ დამოკიდებულებას ავადმყოფურად აღიქვამენ. იმისათვის, რომ ადამიანი მაცდურთა კლანჭებიდან გამოიტაცო, უდიდესი შრომა და მოთმინებაა საჭირო. ყველაზე კარგი საშუალება - საკუთარი კეთილსინდისიერი მართლმადიდებლური ცხოვრების მაგალითი და ეკლესიის ლოცვაა.



წიგნიდან „უკანასკნელი განსაცდელი" 

Xareba.net - რედაქცია 


უკან დაბრუნება