მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > მწყემსი მოვალეა იქადაგოს - წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

მწყემსი მოვალეა იქადაგოს - წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი


7-06-2017, 00:04

 

 

   მწყემსი მოვალეა დამწყსოს ადამიანთა საზოგადოების სხვადასხვა კულტურული ფენა. მას გაცილებით გაუადვილდება ქადაგება, თუკი დაეუფლება საზოგადოების თითოეული ფენის თავისებურებას, იგი ფილოსოფოსთან უნდა იყოს ფილოსოფოსი, უბრალოსთან კი - უბრალო. ჩინეთში ქადაგებისათვის უნდა იცოდეს ჩინური, რუსეთში - რუსული. ერთი სიტყვით, მწყემსი ყველა ადამიანისათვის გასაგებ ენაზე უნდა საუბრობდეს. „ენებზე საუბარი" (1 კორ. 12, 10) ჩვენს დროში სწორედ ადამიანის სულთან მიახლოებას, მისთვის გასაგებ ენაზე საუბარს, მისი ფიქოლოგიის შესწავლას ნიშნავს. „ხოლო სულიერი განსჯის ყოველივეს, თავად კი არავისაგან არ განისჯება" (1 კორ. 2, 15), ანუ, სულიერ ადამიანს ძალუძს ჩაწვდეს ადამიანის სულს, მიუხედავად მისი აღზრდილობის, განათლების, ზნეობრივი სახისა თუ ხასიათისა. ჭეშმარიტი მოძღვარი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ადამიანს ყოველთვის მისთვის გასაგებ ენაზე ესაუბრება. „ყველასთვის ყველაფერი გავხდი, რათა ზოგიერთები მეხსნა როგორმე" (1 კორ. 9, 22).

   მწყემსი თავისი მოღვაწეობით ანგელოზს ემსგავსება, რომელიც ადამიანის სინდისს ელაპარაკება, სწავლობს და ითვალისწინებს პიროვნების ძალას და უძლურებას. სულიერი რჩევის მიცემის დროს ვლინდება მოძღვრის სიბრძნე და სიყვარული. არაფერი სტერეოტიპული, „ჩვეული", თეორიული არ უნდა იყოს სულიერ რჩევაში. დარიგება აუცილებლად ადამიანის სულიერ ცხოვრებასთან შეხების რეალურ გამოცდილებას უნდა ეყრდნობოდეს.

   მოძღვარი უდიდესი მხატვარია, რომელიც უმსუბუქეს და უძვირფასეს მასალაზე ხატავს ადამიანის სულზე. მწყემსმა უნდა აღადგინოს მსგავსება ღვთისა ადამიანის დაცემულ ბუნებაში. მას ღვთისაგან აქვს ეს უფლება მოცემული. მაგრამ აქ ერთი გარემოებაა გასათვალისწინებელი: ცხვარი მაშინ უსმენს თავის მწყემსს, როდესაც თვით მწყემსი ზუსტად გადმოსცემს ზეციური მწყემსის ხმას. საბოლოოდ კი სასუფეველი ღვთისა ისადგურებს ადამიანში. თუმცა, მოძღვარს სხვა ამოცანაც აკისრია: მან დაკარგული ცხვარი უნდა მოიძიოს, ამა სოფლის სულისკვეთებით გატაცებული და ცრუ მოძღვართაგან ცდუნებული სამწყსო უნდა დაუბრუნოს დედა-ეკლესიას. აქ, კი ადამიანის სულის ხსნისათვის მოძღვარს თავდაუზოგავი ბრძოლა, განსაცდელი და ლოცვა ელოდება. მან ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა შეცდომილი ადამიანი დააყენოს ჭეშმარიტების გზაზე. „არა თუმცა უფალმან აღაშენა მაშენებელნი მისნი" (ფს. 126, 1). ადამიანის ხსნა იწყება მაშინ, როდესაც ღვთის ნება და კაცობრივი განზრახვა ემთხვევა ერთმანეთს. რა ნაირსახოვანი მომენტები და ფაზისები იკვეთება ამ სულიერ ბრძოლაში! მწყემსი ჭეშმარიტად რწმუნდება, რომ ებრძვის არა მარტო ადამიანურ ბოროტ ნებას (რომელიც იშვიათად რჩება ბოლომდე ბოროტი), არამედ, დემონურს. ის რეალურად რწმუნდება, რომ მთელი მისი გამოცდილება, მისი ცოდნა და შემძლეობა, მეტიც, მთელი მისი სარწმუნოება, ღვთისაგან მოცემული მადლის გარეშე არარაობაა ბოროტ ძალთა წინააღმდეგ. მხოლოდ სულიწმიდის მადლი არის ის ჭეშმარიტი მასწავლებელი, რომელსაც ბოლომდე ეყრდნობა მწყემსი. ასეთი განწყობა სულაც არ ხდის მოძღვარს პასიურს, პირიქით, განსაკუთრებულ სიმამაცეს ანიჭებს მას საკუთარი ძალისა და გამოცდილებისადმი. უნდობლობა ღვთისადმი უდიდეს სასოებას იწვევს მოძღვარში, ვინაიდან „რაჟამს მოუძლურდე, მაშინ განვძლიერდები" (II კორ. 12, 10).

   შეუძლებელია გულმხურვალე ლოცვა არ შეისმინოს ღმერთმა. ასევე შეუძლებელია მოძღვრის ძალისხმევამ არ მიაღწიოს საწადელ მიზნამდე, ღვთის სასუფეველამდე. გარდა ამისა, მოძღვარს ევალება ცოდვილთა გამო სინანულიც. ყოველი ცოდვის გაგონებაზე ან დანახვაზე, ის უნდა მიმართავდეს ღმერთს: „ღმერთო, შეუნდე მას... უფალო, განწმინდე და განამტკიცე მონა შენი..." ცოდვილი კაცისადმი თანაგრძნობა, მისი არ განკითხვა, ის დიდი მამაშვილური სიყვა-რულია, რომელიც დაფარულია კაცთაგან და რომელიც საფუძველია თვით მოძღვრის სულიერი წარმატებისა.


მოძღვრის გარეგნული სახე


   მწყემსი თავის სარწმუნოებას უნდა ადასტურებდეს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ უსიტყვოდაც. ამის დამადასტურებელი გახლავთ ღვთისმსახურის სამოსი. მოძღვარი მას ატარებს ყოველთვის, რათა მარადჟამს ახსოვდეს ღვთის მადლი. ადამიანებმა კი იცოდნენ, რომ ღვთისმსახურება ეკლესიაში არ მთავრდება. სამღვდელო სამოსით (თუკი სამოსი ჩვეულებრივია) მოძღვარი არ გამოეყოფა ადამიანთა საზოგადოებას და არც ძალიან უახლოვდება მას. ჭეშმარიტ მწყემსს სამოსი ყოველთვის ეხმარება. არასდროს გრძნობს თავს შევიწროებულად ან უხერხულად. გრძელი თმები არ არის სავალდებულო თეთრი სამღვდელოებისათვის, თუმც გარკვეული სიგრძე სასურველია. შეუჭრელი (ბერისთვის) ან ოდნავ მოკლებული წვერი მოძღვრის, ერთგვარი სულიერი სიმშვიდის ნიშანია და პირიქით, თითქმის ბოლომდე გაკრეჭილი თმა და წვერი ღვთისმსახურის გამიწიერების დამადასტურებელია. მოძღვრის სამოსი და მთლიანად გარეგნული სახე უნდა იყოს სუფთა და უბრალო.



Xareba.net - რედაქცია 


უკან დაბრუნება