მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, მთავარი გვედის ფოტო > როგორ უნდა იქცეოდეს ქრისტიანი თავის სახლში, თვისთა ნათესავთა და მახლობელთა შორის - წმიდა გაბრიელ ქიქოძე

როგორ უნდა იქცეოდეს ქრისტიანი თავის სახლში, თვისთა ნათესავთა და მახლობელთა შორის - წმიდა გაბრიელ ქიქოძე


20-09-2016, 00:05

 

   მართლმადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო! დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ შობასა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა მარიამისასა. რას გვასწავებს ჩვენ ეს დღესასწაული? რა დარიგება, ანუ რა აღშენება შეგვიძლია გამოვიტანოთ ჩვენ აწინდელისა დღესასწაულისაგან? ვინაითგან ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იყო ასული ფრიად კეთილთა და ღვთისმოყვარეთა მშობელთა, იგი აღიზარდა ფრიად კეთილსა და პატიოსანთა ოჯახსა შინა და თვითონაც ესრე კეთილად და ღვთაებრივად ატარებდა შინაურსა ცხოვრებასა, რომელ მოგვცა ჩვენ მან საკვირველი სახე შინაურისა ცხოვრებისა; ამისთვის ჩვენცა, ძმანო ქრისტიანენო, მოვიხმაროთ რამოდენიმე წამი ამ საგანზედ და ვიფიქროთ, რანაირი უნდა იყოს შინაური ცხოვრება ქრისტიანისა. როგორ უნდა იქცეოდეს ქრისტიანი თავის სახლში, თვისთა ნათესავთა და მახლობელთა შორის.

   წინა-პირველად ის უნდა ვთქვათ, რომ კეთილი შინაური ცხოვრება და პატიოსანი ყოფა-ცხოვრება თავის საკუთარ სახლში არის საფუძველი ქრისტიანობრივი ცხოვრებისა და ზნეობისა. თქვენც გაგეგონებათ, ძმანო ჩემნო, როგორ იტყვიან კაცზედ; ეს კაცი კარგის ოჯახითგან არისო და თვითონაც უნდა იყოსო. ანუ ეს კაცი ცუდი სახლითგან არისო და თვითონაც კარგი ვერ იქნებაო. რას ნიშნავს ეს თქმა? იმას, რომ კეთილს, ღვთისმოყვარე და წმიდა ოჯახში კაცი თვითონაც კარგი გაიზრდება და კარგი კაცი გამოვა; ხოლო ცუდს, გაფუჭებულს სახლში კაცი გაფუჭდება.

   მეორედ, კეთილი შინაური ცხოვრება მისთვის არის საფუძველი კეთილისა ქრისტიანობრივისა ზნეობისა, რომელ ქრისტიანი ვერსად ისე კარგად ვერ აღასრულებს ქრისტეს მცნებასა, როგორადაც თავის სახლში. პირველი ქრისტეს მცნება არის სიყვარული მოყვასისა, გარნა სად შეგიძლიან შენ, ძმაო ჩემო, გამოაჩინო სიყვარული ისრე, როგორადაც შენს სახლში. აქ ნამდვილად დამტკიცდება, თუ როგორი გული გაქვს და თუ ნამდვილად შეგიძლიან შენ შეყვარება მოყვასისა. თუ დედ-მამა შენი ვერ შეიყვარე, თუ ძმები და დები არ გიყვარს, თუ ნათესავებში და მოყვრებში ცუდად ხარ განწყობილი. მაშასადამე როგორღა შეგიძლიან შეყვარება ყოველთა სხვათა მოყვასთა შენთა?

   კარგო სათნოება არის მოთმინება; მოთმინებითა კაცი თავის სულს აცხოვნებს, გარნა სად შეგიძლიან შენ მიეჩვიო და აღასრულო ისრე, როგორადაც შენს სახლში? აქ ყოველს დღეს და ყოველს წამს შენ უნდა იქცეოდე მოთმინებითა და სულგრძელად. როდესაც კაცნი ერთი მეორის სიახლოვეს ცხოვრობენ, თუ ერთმა მეორესა ნაკლულევანებანი და შეცდომანი არ დაუთმო და არ მოითმინა, ვერ გასძლებენ ერთად.

   მესამედ ისიც უნდა ვთქვათ, რომელ კაცის ხასიათი ისრე ვერსად ვერ გამოსჩნდება, როგორადაც შინა. კარგი ხარ შენ, ძმაო, თუ ავი ხასიათითა, იქ შეგეტყობა. როდესაც შენ ელაპარაკები, ან საქმე გაქვს უცხო კაცთან, მაშინ შენ იმას ცდილობ, რომ დამალო შენი ნამდვილი ხასიათი და კარგ კაცად ეჩვენო, გარნა შენს ოჯახში ვერ დაფარავ შენს ყოფა-ქცევას და შენს ხასიათსა. იქ ყოველს წამსა და ყოველს შემთხვევაში გამოჩნდება. კეთილი ხარ თუ ბოროტი. შინაური ცხოვრება არის სარკე, რომელსა შინა ცხადად გამოიხატების ნამდვილი შენი ხასიათი და თვისება.

   თუ შენ ხარ მამა, ანუ დედა და გყვანან ძენი, ყოველი ღონისძიება უნდა იხმარო, რომ იგინი გამოვიდნენ კეთილნი და ღვთისმოყვარენი.

   გახსოვდეს, რომ იგინი ყოველთვის შენ გიყურებდნენ და შენგან ისწავლიან ყოფა-ქცევასა, როგორადაც გაზრდი და რასაც მიაჩვევ, ისინიც ისეთნი გამოვლენ. თუ შენ გულ-ფიცხელი კაცი ხარ, ხშირად ჰყვირი, სჯავრობ ოჯახში, ჩხუბობ, შენი შვილებიც ამას მიეჩვევიან... რისთვის არის, რომ ძმები ერთი მეორესთან ვერა სძლებენ და მაშინვე ცდილობენ გაიყარნენ და თვისად დადგნენ? მისთვის, რომ პატარაობიდანვე დედ-მამამ არ დანერგა მათს გულში სიყვარული და ერთობა. კეთილი და გონიერი მამა, ვიდრემდის შვილნი მისნი არიან წვრილნი, თვითონ უყურებს მათ და ცდილობს, რომ დანერგოს მათს გულში სიყვარული და ერთობა. იგი თვითონვე დაისვამს მათ მუხლებზედ, ასწავლის ლოცვებს, შეაგონებს ერთობასა და სიყვარულსა, უყურებს, რა ხასიათი აქვთ მათ, და ცუდი ყოფა-ქცევა თუ შენიშნა მათში, მაშინვე გაუსწორებს და ესრეთ ცდილობს, რომ სიყრმიდანვე კარგი ხასიათი მისცეს მათ და კარგს გზაზედ დააყენოს.

  შვილს უნდა ჰქონდეს მორჩილება, სიყვარული და მინდობილება თავის დედ-მამასთან; იმას ყოველთვის ახსოვდეს, რომ, თუ დედ-მამის კურთხევა არ არის მის თავზედ, იგი ბედნიერი არ იქნება ქვეყანაზედ. დიდი ძალი აქვს და მოქმედება დედ-მამის ლოცვასა და კურთხევასა.

   აჰა, ძმანო ჩემნო, თუ ვითარ დიდი საქმეა შინაური კეთილი ცხოვრება ჩვენ, ქრისტიანეთათვის. სახლი, ანუ ოჯახი ჩვენთვის არის მეორე ეკლესია, როგორც ეკლესიაში იქცევი შენ შიშით, ეგრეთვე შენ ოჯახში უნდა იქცეოდე სიწმიდითა და მორიდებით; ასე უნდა გახსოვდეს, რომ რასაც შენს სახლში იტყვი ანუ იქმნ, ის მარტო შენთვის არ არის, არამედ მრთელისა შენისა სახეულისათვის ყოველი შენი შინაური სიტყვა და საქმე არის თესლი, რომელიც თავის დროზე გამოიღებს კეთილსა ან ბოროტსა ნაყოფსა.

   განგებ გამოვარჩიე დღევანდელი დღე ამის სათქმელადა ვინაითგან თქვენ დღეს შეკრებულხართ ამ დიდებულს ტაძარში სხვათა და სხვათა სოფელთაგან, მე მსურს, რომ თქვენ, რაც დღეს გესმათ, გარდასცეთ თქვენთა მეზობელთა და ესრეთ განვრცელდეს სოფელში კეთილი ზნეობა და არა ამაოდ დაიკარგოს დღევანდელი ჩემი და თქვენი შრომა, არამედ მიიღოთ რომელიმე სულიერი სარგებლობა, რომელიც ნუ მოგვაკლოს ჩვენ ღმერთმან. ამინ.

   

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება