მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, საეკლესიო სამართალი > წმ. მამათა სწავლებისადმი უნდობლობის დათესვა
წმ. მამათა სწავლებისადმი უნდობლობის დათესვა10-10-2012, 12:42 |
მოდერნისტების შემდეგი ამოცანა წმ. მამათა სწავლებისადმი უნდობლობის თესლის დათესვაში მდგომარეობს. რაციონალისტი თეოლოგები ეთანხმებიან პროტესტანტულ მოსაზრებას, რომ მამისეულ სწავლებაში შესაძლებელია შეცდომები, წინააღმდეგობები და უზუსტობები. ამისთვის თავისი მცდარი აზრის წმიდა მამის სიტყვებით გასამყარებლად, წმინდათა თხზულებებიდან შეგნებულად იზოლირებული ან დანაწევრებული ციტატით სარგებლობენ.
არქ. რაფაელი (კარელინი) ამ მოვლენას შემდეგნაირად აღწერს:"ციტატების შერჩევაში ვოლენტარიზმი ვლინდება. ის ციტატები, რომლებიც არ პასუხობენ პოლემისტის მიზანს, უფრო მეტიც კი მის კონეფციას ეწინააღმდეგებიან, იგნორირდება ისე, თითქოს ისინი საერთოდ არ არსებობენ. შემდეგ კი ხდება ციტატების „მონტაჟი" წინასწარ შემუშავებული გეგმით. გამოუცდელი მკითხველისათვის ძნელი წარმოსადგენია ის, რომ ასეთი ნაშრომებიდან ამოღებულია წმიდა მამათა ალტერნატიული გამონათქვამები. აქ ჩვენ პარადოქსის წინაშე ვდგებით, რომელმაც შესაძლოა კადნიერად და მკრეხელურადაც კი გაიჟღეროს: სიცრუე წმიდა მამათა სიტყვების მეშვეობით"1
ეკლესიის სწავლების თანახმად, არ არსებობს წინააღმდეგობა წმიდა მამათა საგანძურში. დოგმატური გადმოცემები წმიდა მამათა თხზულებებში ერთ მთლიანობას წარმოადგენენ. თუ კარგად დავაკვირდებით, იოლად შევნიშნავთ, რომ მიუხედავად ერთმანეთისაგან დროითა და სივრცით დაშორებისა, ყველა წმიდა მამის აზრი ერთ სულიერ ჯაჭვს წარმოადგენს. აქ დროულია ვლადიმერ ლოსკის სიტყვების მოშველიება: „ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითი ერთი და იგივე სულიერი გამოცდილების გამოვლინებისა, როგორც წმ. დიონისე არეოპაგელთან, ასევე წმ. გრიგოლ პალამასთან, ნეტ. მაკარი ეგვიპტელთან და ნეტ. სერაფიმე საროველთან, წმ. გრიგოლ ნოსელთან და მაქსიმე აღმსარებელთან. ამავე დროს, ერთი ეპოქიდან მეორეზე გადასვლისას, ჩვენ ვერ ვიგრძნობთ „სულიერი კლიმატის" ცვალებადობას."2
თავვად წმიდა მამები მიიჩნევენ, რომ ამ საკითხში დაბრკოლებას, დაბნეულობას სულიერი დეგრადირება, მიწიერი აზროვნება, იწვევს.
წმ. იოსებ ვოლოცკელი ამბობს: „წმიდა მამათა აზრები კი არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არამედ ჩვენ ვართ რა მიწიერი, არ ძალგვიძს სულიერი აზროვნება და ამიტომ არ გვესმის მათი."3
წმ. ბარსანუფი დიდი წერს: „ როგორც უფალმა მოგვმადლა ცხოვრების გზა წინასწარმეტყველთა და მოციქულტა მეშვეობით, თუმცა ყოველი მათგანი დამოუკიდებლად საუბრობდა და ღმერთი არ მეტყველებდა მხოლოდ ერთი მათგანის ბაგით, არამედ ერთის მიერ უთქმელი, ღვთის განგებით ითქმებოდა მეორეს მიერ; ასევე მოქმედებს ღმერთი მათ შემდეგ მოღვაწე წმინდანებთან მიმართებაშიც; რის შესახებაც ერთნი საუბრობენ საეჭვოდ, შემდეგი დროის მამები განმარტავდნენ სრულად, რათა ღმერთი ყოველთვის განდიდებულიყო წმინდანების ბაგეებით".4
გარდა ამისა, წმიდა მამათა ხელნაწერების ტექსტოლოგიური ანალიზის გაკეთების შემდეგ გაირკვა, რომ ნამდვილად დაუშვიათ შეცდომები ერეტიკოსებს ეკლესიის მტრებს, ან გადამწერებს. ამის გამო, ცხადია, ჩვენ არ უნდა მივიჩნიოთ წმინდანები ერესში მყოფად. ასე მაგალითად, წმიდა ფოტი, კონსტანტინეპოლის პატრიარქი თავის ნაშრომში წერს, რომ მე-8 საუკუნეში წმ. პატრიარქმა გერმანემ გამოიკვლია წმ. გრიგოლ ნოსელის თხზულებები, ორიგენეს შეცდომებისაგან სრულიად უვნებლად აღიარა ისინი და დაამტკიცა, რომ მცდარი სწავლება მარადიული სატანჯველის დასასრულის შესახებ წმ. გრიგოლის სულის სასარგებლო თხზულებებში ერეტიკოსების ჩამატებული იყო.5
არქ. რაფაელის სტატიიდან შეიძლება რამოდენიმე მსგავსი მაგალითი მოვიყვანოთ: „აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლეში იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოზს, კათოლიციზმის წინააღმდეგ ყველაზე თვალსაჩინო მებრძოლს (მე-17-ს), დისკრიდიტირების მიზნით ლიტერატურული ინტრიგების მეშვეობით ლამის კათოლიციზმის გამტარებლად სახავენ; მოსკოვის მიტროპოლიტს, მე-19 ს-ის ყველაზე თვალსაჩინო საეკლესიო მოღვაწეს, წმ. ფილარეტს, კი წმიდა სინოდის ობერ-პროკურორის პროტასოვის ხელის ბიჭად წარმოადგენდნენ. ეს ყველაფერი კი იმისათვისაა, რომ დისკრედიტირება მოხდეს ფილარეტის „კატეხიზმოსი", რომელიც მართლმადიდებლობის საღვთისმეტყველო ტრადიციის მატარებელია".6
მაგრამ, მოდით წმ. გრიგოლ ნოსელის თემას დავუბრუნდეთ, მის ნაშრომებში ორიგენული მწვალებლობის ჩამატების ეჭვი წმ. მარკოზ ეფესელსაც ჰქონდა, რომელიც ლათინებისადმი მიმართულ პოლემიკურ წერილში წმ. გრიგოლის გამოსარჩლების მიზნით წერს: „შესაძლოა ეს არის დამახინჯება და ჩამატება ერეტიკოსებისა და ორიგენისტების მიერ გაკეთებული, რომლებიც მრავლად ჰყვაიდნენ იმ დროს განსაკუთრებით ეგვიპტისა და პალესტინის ტერიტორიაზე, ამ მიზნით, რომ წარმოეჩინათ წმ. მამა მათი შეხედულებების მფარველად. შემდეგ ვიტყვი, წმინდანი ნამდვილადაც რომ ყოფილიყო ამ შეხედულების, ეს მაშინ იყო, როდესაც ეს სწავლება კამათის საგანი გახდა და არ იყო საბოლოოდ უარყოფილი და დაგმობილი საპირისპირო მოსაზრებით, რომელიც მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე განაჩინეს; ასე, რომ არაფერია გასაკვირი იმაში, რომ თავად წმინდანმა, როგორც ადამიანმა, შესცოდა ჭეშმარიტების სიზუსტით გადმოცემაში, როდესაც იგივე შეემთხვა მრავალ წმინდანს მანამდეც; მაგალითად - წმ. ირინეოს ლეონელს, დიონისე ალექსანდრიელს და სხვებს."7
და მართლაც, ცნობილია, რომ ზოგიერთი მამა თავის შეხედულებას მანამ იცავდა, სანამ საკითხს საეკლესიო კრება განიხილავდა, ამის შემდეგ კი ყველა ეთანხმებოდა საეკლესიო კრების სარწმონოებრივ განაჩენს. ამას ნათლად მოწმობს ქილიასტების ამბავი. მათ აზრს მე-2 საეკლესიო კრებამდე იზიარებდნენ წმ. იუსტინე, წმ. ირინეოსი, წმ. იპოლიტე, მაგრამ კრების შემდეგ კი არც ერთი მამა.
სხვა პოლემიკურ წერილში, რომელშიც ისევ წმ. გრიგოლ ნოსელის სიტყვებს განიხილავდა, წმ, მარკოზი ამბობდა: „დიდი განსხვავებაა კანონიკური წერილების, ეკლესიის გადმოცემისა და იმას შორის, რაც პირად შეხედულებას, ან სწავლებას წარმოადგენდა. ამრიგად, - პირველს, როგორც ღვთის მიერ ბოძებულს, უნდა ვერწმუნოთ და შევათანხმოთ ერთი მეორესთან, თუ მოგვეჩვენება მათში შეუთანხმებლობა; ხოლო მეორეს - ჩვენ არ უნდა დავეყრდნოთ მთლიანად, ან რა მივიღოთ გამოკვლევის გარეშე. ვინაიდან, შესაძლებელია, რომ ვინმე მასწავლებელიც არის, მაგრამ არ ამბობს ყოველივეს სრული სიზუსტით, მაშინ რა საჭირო იქნებოდა მამების მსოფლიო კრებებზე თავშეყრა, თუკი ყოველი მათგანი უცდომელი მოსაზრებებით არაფერში ცდებოდნენ?!8
ამრიგად, წმიდა მარკოზის შესანიშნავი სიტყვიდან ვხედავთ, რომ წმიდა მამები, თავის მოსაზრებებში, არ არიან დაცულნი შეცდომებისაგან, ვინაიდან ადამიანის დაცემული ბუნებისათვის დამახასიათებელია შეცდომა. „ყოველი კაცი ცრუ არს" - თქვა წინასწარმეტყველმა. აქ დროულია პ. ბუმისის ზუსტი მოსაზრების გახსენება: „თუ განვაცხადებთ, რომ ეკლესიის დიდი მამების ყოველი სიტყვა, და გადაწყვეტილება უცდომელია, მაშინ პაპისტური შეხედულების საფრთხის ქვეშ აღმოვჩნდებით და გაუცნობიერებლად ახალ დასაბამს მივცემთ პაპის უცდომელობის სასარგებლოდ. ვინაიდან, ამ შემთხვევაში ნებისმიერი რომაელ - კათოლიკი გვისაყვედურებს, თან სრულიად ლოგიკურადაც; თუკი აღიარებთ ცალკეული წმიდა მამის უცდომელ, აზროვნებას, რატომ არ აღიარებთ პაპის უცდომელობასაც?"9
გარდა ამისა, აკადემიურ წრეებში ძველ ქრისტიან მწერალთა სახელობის წინ ფსევდოს (ცრუს) გამოყენება დაიწყეს. დღეს ხშირად მოისმენთ: „ფსევდო-დიონისეს", „ფსევდო-მაკარის", „ფსევდო-ნილოსის" თხზულებები. აქაც მოდერნისტების მხრიდან დასავლეთის რაციონალისტი თეოლოგების არამყარი არგუმენტებისადმი ბრმა მინდობასა და მათზე დაყრდნობას ვხედავთ, და სრულიად უგულებელყოფილია ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი მოწმობა. არქ. რაფაელის სიტყვით - „ ჩნდება პარადოქსი: ზოგიერთი ქრისტიანი, რომელიც სარწმუნოების სიმბოლოს აღიარებს, ამავე დროს ეკლესიის გადმოცემას არად დაგიდევს და იმეორებს რაციონალისტურ კრიტიკას, როგორც მეცნიერების უკანასკნელ და საბოლოო სიტყვას, როგორც ტრიბუნალის განაჩენს, რომელიც კასაციას არ ექვემდებარება. რა მოხდა? მეცნიერები, რომლებიც მართლმადიდებლური ტრადიციის კალაპოტში აღმოჩნდნენ, არსებითად გადაეჩვივნენ წმიდა მამათა თხზულებების კითხვას, მათი შინაგანი მთლიანობისა და ჰარმონიის შეგრძნებას, მადლის გრძნობას... ფიქრობენ კი ეს ადამიანები, რომლებიც ასე იოლად და უპასუხისმგებლოდ იყენებენ გამოთქმას „ფსევდო-დიონისე", „ფსევდო-ეგნატე", რომ წმინდანებს სიცრუის ეშმაკეულ ცოდვას მიაწერენ იმდენად რამდენადაც პირველი ცრუ სატანაა?10
ამასთან, თვით პროტესტანტების აღიარებით, ფსევდო - ავტორობა ჭეშმარიტ ღირსებებს ვერ წაართმევს თხზულებას, თუ მასში ეკლესიის მიერ აღიარებული სწავლებაა გადმოცემული. ასე მაგალითად, პროტესტანტი ღვთისმეტყველები ამტკიცებენ, რომ სარწმუნოების სიმბოლო, რომლის ავტორადაც მიჩნეულია წმ. ათანასე ალექსანდრიელი, უსამართლოდ მიეწერება ამ წმ. მამას. ამავე დროს თვითონაც აღიარებენ მრწამსს სარწმუნოებების კანონად. იგივე ითქმის წმ. დიონისე არეოპაგელის თხზულებებზე. რაკი მათ ერთხმად იწონებენ მე-6, მე-7 და მე-8 საუკუნეების წმ. მამები და მე-6 და მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრებები, ამიტომ მათ ავტორიტეტს ოდნავადაც არ ამცირებს ის ამბავი, რომ აგმოთქმულია აზრი მათ გვიანდელ წარმოშობაზე. მათ ეკლესია იწონებს, ე.ი. ისინი ჭეშმარიტების უცილობელ მტკიცებად გამოდგებიან ისევე, როგორც წმ. ათანასეს სარწმუნოების სიმბოლო.11
აქ ჩვენ ამ საკითხის მოკლე მიმოხილვით შემოვიფარგლებით, უფრო ღღმად ამ თემატიკის ჩაწვდომის მსურველს ვურჩევ არქ. რაფაელის სტატიებს მიმართოს, სადაც საფუძვლიანადაა განხილული ეს თემა.
აღნიშნული პრობლემატიკის განხილვამ, კიდევ ერთი საჭირბოროტო საკითხი წამოჭრა, კერძოდ - თუ როგორ უნდა მოხდეს წმიდა მამების შესწავლა, მათი „შინაგანი მთლიანობისა და ჰარმონიის შეგრძნება.
ამოცანა, რომელიც დგას ჩვენს წინაშე - როგორმე შევუერთრეთ წმ. მამათა გამოცდილებას, არც თუ ისე იოლი ამოსახსნელია, ვინაიდან გამოცდილება მიიღწევა მხოლოდ გამოცდილებებით? მამებისეული სწავლების მდიდარი შინაარსი არ აიხსნება მხოლოდ მათი თეორიული შესწავლით. არქ. რაფაელის მართებული სიტყვით: „თანამედროვე ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ერული ცხოვრებით, ადეკვატურად ვერ აღიქვამს წმიდა მამებს, არამედ თავისი დამახინჯებული რეფრაქციით. მათი სრული გაგება მხოლოდ ცხოვრების მიმსგავსებით, ღვაწლით არის შესაძლებელი, რომელიც აძლევს მადლს მოქმედების საშუალებას ჩვენს სულში, ხოლო მადლი ადამიანს სხვა პიროვნებად გარდაქმნის, ცვლის მის აზროვნებასა და ბუნებას".12
იმავე პრობლემას მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი) ხედავდა თანამედროვე ყოფაშიც. ის წერდა: „ჩვენს სავალალო დროში არ არის საკმარისი წმიდა მამათა კითხვა, ჩვენ თავად უნდა განვიმსჭვალოთ ძირძველი ტრადიციით. უბრალოდ კი არ ვისმინოთ თანამედროვე სემინარია - აკადემიების ლექციები მათ შესახებ, არამედ უშუალეოდ მოვიხვეჭოთ ის სულისკვეთება მამებისეული სიბრძნის ცოცხალი მატარებლისაგან. ის ვინც გონივრულად საუბრობს მამებზე ყოველთვის როდი არის განმსჭვალული მათი სულისკვეთებით. ბრძენი მხოლოდ ისაა, ვინც არ ენდობა საკუთარ მოსაზრებებს, არამედ სისტემატიურად ეკითხება თავის სულიერ მოძღვრებს, თუ როგორ მიუდგეს მამებისეულ სწავლებას."13
მოამზადა: დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ
1 მართლმადიდებლობა და მოდერნიზმი დ. ჯინჭარაძე, თბ. 2006 წ.
2 Боговидение. В. Лосский. 2003 г., стр. 298.
3Просветитель. Слово 5-ое, Иосиф (Волоский).
4Творения. Св. Петр. (домаскин), стр. 117.
5 Плоды Экуменического древа. Т. 32, стр. 132.
6 რისთვის გვითმენს უფალი. არქ. რაფაელი (კარელინი). გვ. 164 – 165
7 Св. марк феский и Флорентийская уния. Пагодин, стр. 68
8 იქვე, стр 128
9Непогрешимость Православия. П. Бумис. Стр. 18.
10 რისთვის გვითმენს უფალი. არქ. რაფაელი (კარელინი). გვ. 164 – 166.
11 საღვთისმეტყველო კრებული. თბ. 1988 წ. გვ. 7.
12 О некоторых опасностях исихии для современного Християнина. Арх. Рафаил (Карелин).
13 Не от мира сего. С. Роуз. Стр. 470. უკან დაბრუნება |