მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > ივერიის ბეთანია - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სასწაულთმოქმედი სავანე
ივერიის ბეთანია - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სასწაულთმოქმედი სავანე21-09-2016, 11:30 |
ოციოდ კილომეტრზე თბილისის დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში, ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია XX მშფოთვარე საუკუნის ხმაურსა და ამაოებას გამორიდებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სავანე... ეს საუცხოო ადგილი უხილავად, მაგრამ საიმედოდ არის დაცული! - იგი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წმიდა კუთხეა, თვითონ ზეციური დედოფალი იფარავს ბედნიერების ამ მომცრო ჭალკას. XX საუკუნე, თითქოს, ჯერ კიდევ ვერ გაკადნიერებულა, რომ აქ დაშვებულიყო, სავანის სამკვიდრებელში შემოჭრილიყო და დაუფლებოდა მას... XI საუკუნეში სავანე უკვე არსებობდა, ხოლო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძარი XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე აიგო, წმიდა კეთილმსახური მეფის თამარის ზეობისას. საბჭოთა პერიოდში ბეთანიის მონასტერი არ ითვლებოდა მოქმედად. მას უბრალოდ „არქიტექტურის ძეგლად" აღიარებდნენ და ორი „ყარაულიც" - არქიმანდრიტები იოანე და გიორგი - თითქოს ამიტომ ცხოვრობდნენ იქ... სინამდვილეში კი ყველაფერი აქ ისე იყო, როგორც მოქმედ მონასტერში. იგი ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ჯერ კიდევ ხმამაღლა იქადაგებოდა ქრისტიანობის მარად ცხოველი ჭეშმარიტებანი... და არა მხოლოდ ამ ბერთა მჭევრი სიტყვით, არამედ მათი წმიდა მოსაგრე ცხოვრებითაც... 12 წლის მოვიდა ბეთანიის მონასტერში პირველად და მშენებლობაში ეხმარებოდა დაქირავებულ მუშებს. 1903 წელს, ღვთის ფარული განგებულებით, იგი ათონის წმიდა მთაზე მოხვდა, სადაც ბერად აღიკვეცა და 17 წელიწადი მოსაგრეობდა, შემდეგ იქაც არეულობა მოხდა და ქართელი ბერები სამშობლოში დაბრუნდნენ. ვასილ მაისურაძე (აწ უკვე მღვდელმონაზონი იოანე), კიდევ ერთ ბერთან ერთად, არმაზის მონასტერში იმყოფებოდა, სადაც მალე მივიდნენ ჩეკისტები და ორივენი დაცხრილეს, მაგრამ, ღვთის შეწევნით, ორივე გადარჩა. იოანემ უმძიმესი ჭრილობების მოშუშების შემდეგ ბეთანიის მონასტერს მიაშურა და მალე მისი წინამძღვარი შეიქნა... არქიმანდრიტი გიორგი (ერისკაცობაში გიორგი მხეიძე) 1924 წელს მოვიდა სავანეში თავისი ძმის გავლენით, რომელიც ბერად აღიკვეცა და ადრე აღესრულა. გიორგისაც გაუჩნდა მისწრაფება განმარტოებული ცხოვრებისაკენ. იგი ხირსის მონასტერში აღკვეცა ბერად მიტროპოლიტმა ნაზარიმ. 1924 წელს ხირსის მონასტერი ბოლშევიკებმა დაარბიეს, ბერები შეურაცხყვეს, ჰგვემეს და გამოყარეს. ამის შემდეგ გიორგი ბეთანიაში მივიდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე დაჰყო... ბეთანიელი მამები ამაღლებულ მოსაგრე ცხოვრებას ეწეოდნენ და, ამასთან ერთად, ყველანაირად ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი სულიერი ღვაწლი... მამა გიორგის წინასწარმეტყველებანი ზედმიწევნით სრულდება. თვითმხილველთა მონაყოლიდან ვიცით, რომ ეს ბეთანიელი მამები ლოცვა-ვედრებით სნეულებათაგან კურნავდნენ მონასტერში რწმენით მოსულ ადამიანებს. ერთი კაცი ბერებმა სიყრუისაგან განკურნეს: ტაძარში შეიყვანეს და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს მისთვის... ერთხელ მონასტერში ოციოდე წლის ქალიშვილი მოსულა. მას ძალზე აწუხებდა თავის ტკივილები და ექიმები ვერაფერს შველოდნენ. სავანეში მოხუც ბერებთან იგი ერთ კვირას დარჩენილა და მათი ლოცვა-ვედრებით სრულიად განკურნებულა სნეულებისაგან. მამა გიორგის სულიერი ხილვებიც ჰქონდა: ერთხელ, როცა ის ძლი-ერ იტანჯებოდა ტკივილისაგან, მას ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და ხელის შეხებით განკურნა. ცნობილია ასეთი მბავიც: მამა იოანეს გარდაცვალების შემდეგ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, მამა გიორგი იოანეს სასაფლაოზე გასულა იქვე, ტაძრის დასავლეთ კედელთან მას ქრისტეს აღდგომა უხარებია შესვენებულისათვის: - მამაო, იოანე, ქრისტე აღსდგა! და იმასაც საფლავიდან უპასუხნია: - ჭეშმარიტად აღდგა, მამაო გიორგი!... უეჭველია, რომ ეს წმიდა მამები, რომელთა მეშვეობითაც უფალმა ბერ-მონაზვნობა გადაარჩინა საქართველოში. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ბეთანიის სავანეც რწმენის აღორძინების აკვნად აქცია. ახლაც მხურვალედ ლოცულობენ ჩვენთვის უფლის წინაშე და საიდუმლო, უხილავი შეწევნით განამტკიცებენ ყველა იმ დაღლილ-დაუძლურებულ სულს, იმედითა და რწმენით რომ მიდიან ამ წმინდა სავანეში. ძალზე ბევრი საქართველოს მღვდელმსახური თავის ქრისტიანად მოქცევასა და სულიერ აღორძინებას სწორედ აქ იწყებდნენ, ბეთანიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სავანეში...
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |