მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ყრმათა საკითხავი - ღირსი მამა ალექსი (შუშანია)

ყრმათა საკითხავი - ღირსი მამა ალექსი (შუშანია)


20-11-2016, 00:06

 

   როდესაც ქრისტე, ძე ღვთისა, ქვეყნად ადამიანთა შორის ცხოვრობდა, მას ხშირად მოჰგვრიდნენ ხოლმე ყრმებს და ისიც ყველას შეიტკბობდა, ყველას ხელს დაადებდა, მიუალერსებდა. ისე უყვარდა ბავშვები, ყრმები მუდამ გარს ეხვეოდნენ. ერთხელ მრავალი ყრმა შემოეხვია უფალს. მოციქულები კი აკავებდნენ მათ. ქრისტემ ამხილა ისინი ყრმათა უსიყვარულობაში და უთხრა: „ნუ აყენებთ მაგათ მოსვლად ჩემდა, რამეთუ ეგე ვითართა არს სასუფეველი".

   აი, ასეთი სამაგალითო ხასიათის არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მას მეტადრე თქვენ, ყრმები, უყვარხართ უმანკოებისა და უცოდველობის გამო.

   შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მაშინ ხორციელად ცხოვრობდა უფალი ადამიანთა შორის და ახლა კი არ არისო. არა, შვილო, ამას ნუ იტყვი. უფალი ახლაც უხილავი ძალით და მადლით ჩვენთანაა, რამეთუ მან ასე აღგვითქვა ყველა მის მორწმუნეს: „მე თქვენთან ვარ ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა". ჯერ ამსოფლიური ცხოვრება არ დასრულებულა და უსათუოდ გწამდეს, რომ უფალი ჩვენთანაა, ხოლო შენ ნაცვლად მისი ხორციელი სახისა, უფლის წმიდა ხატი იპყარ. მის მარჯვენას სიყვარულით ეამბორე, მის წინ ილოცე და კურთხევა სთხოვე:

  

   ტკბილო იესო, ნუ განმიშორებ,

   იხილე ჩემი უმანკოება,

   ყრმასა მოსწავლეს ნუ დამიწუნებ,

   მასწავლე მამის მე სათნოება.

   მომბერე მადლი უცოდველ სულში,

   ეგნატეს მსგავსად შემიტკბე, ძეო!

   მადლი ნიჭისა მინათლე გულში,

   შენ, შემოქმედო, მაღლისა მზეო!

   აღმავსე სიბრძნით,

   კეთილი სწავლით,

   გულსმოდგინება მომეც ძლიერი.

   შენ შეგიყვარებ, შენივე მადლით

   მხოლოდ გამხადე ბრძენ მეცნიერი.

   კეთილ-ინებე, გარდამომივლინე

   სულის წმიდისგან ნიჭი ციური.

   გრძნობით შეგყურებ, თხოვნა მისმინე.

   აღმზარდე სწავლით მე მადლიერი.

   აღთქმასა გიყოფ, რომ შეგიყვარო,

   სახელი შენი ვადიდო ქვეყნად,

   მხოლოდ მე სიბრძნე არ დამიფარო

   ორთავ სოფლისა რა დასაშვენად.

   გაქებ, გადიდებ ეროვნებაში

   საღმრთო მცნებების აღსრულებითა.

   ძმებსა ვეხმარო უღონობაში,

   ამას გპირდები აღთქმულებითა.

   მხოლოდ მომფინე სული ძლიერი,

   მყავი მე მონა ზენის ღვთიური.

   ძეობა მარგე მე ზეციური,

   დამრჩეს მე კვალი რამ ქვეყნიერი.

 

   როცა შენ ასეთი გულმხურვალე ლოცვით ითხოვ ღვთისაგან ნიჭსა და სიბრძნეს, უსათუოდ მიიღებ ნათხოვარს.

   იქნებ ვინმემ იფიქროს, რომ შენ ჯერ ყმაწვილი ხარ და ღვთის სიბრძნე არ მოგეცემოდეს. არა, შვილო, ეს არ იფიქრო. ნამდვილად გარწმუნებ, რომ შენს უცოდველ და უმანკო გონებაში უფალი სიბრძნეს უფრო გმოაცხადებს, ვიდრე უღმრთო ბრძენისაში. რამეთუ ესრეთ თქვა უფლმა: „აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქვეყნისაო! რამეთუ დაფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩვილთა. ჰე, მამაო! რამეთუ ესრედ სათნო იყო შენ წინაშე".

   აი, ხომ ხედავ და გესმის, შვილო, როგორი სათნო ყოფილა ღვთისათვის პატარა ყმაწვილებისათვის სიბრძნის მინიჭება.

   ეს სიტყვა ქრისტემ ბზობის შემდეგ თქვა, რადგან ამისი სინამდვილე ამ დღესასწაულზე აღსრულდა. ამ დღეს ქრისტე ვირის კვიცზე მჯდომარე შევიდა იერუსალიმში, სადაც მრავალი ხალხი იყო შეკრებილი. მათ შორის ბრძენნი და გონიერნიც ერივნენ, მაგრამ მათ ვერ მიიღეს ღვთის საიდუმლო ცნობა, რომელიც ღმერთმა პატარა ყმაწვილებს გამოუცხადა, და იწყეს მათ სული წმიდის შთაგონებით ღაღადება: „ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!"

   აი, შვილნო, დაგიმტკიცეთ, რომ თუ ქრისტეს სარწმუნოებას შეიყვარებთ, სული წმიდა იღაღადებს თქვენს გულში და ზოგიერთ ყალბ და ურწმუნო ბრძენკაცთა შესარცხვენელად თქვენ გამოგიცხადებთ ღმერთი მის მაღალ საიდუმლოებას. აღზრდასთან ერთად დღითიდღე განგანათლებთ. სწავლის დასასრულს კი, თქვენ იქნებით მნათობნი ქვეყნისა, ძე მაღლისა და სასიქადულო შვილი სამშობლოსი.

  ამას მოგილოცავთ, შვილნო, ამას გახარებთ, რათა თქვენს უმანკო გულსა, გონებასა და სულში სუფევდეს სული ქრისტესი და სიყვარული, „რათა განძღეთ გამოჩინებითა დიდებისა მისისასა, რომელ არს სულის წმინდის მოფენით განათლება და სიტკბოება მადლისა, რომელიც მიგმადლონ ღმერთმან, ამინ!"

   „ანით იწყება ჰაე-თი სრულდება,

   რომლით სავსება წიგნთა ფენაობს,

   ყრმობით იწყება ჭეშმარიტება,

   ჭაბუკ-კაცობა ამით ზენაობს".

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება