მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ყოყმანის გარეშე მოვუწოდებთ ყველა ევანგელისტს და „ქარიზმატიკოსს“ შემოგვიერთდეს

ყოყმანის გარეშე მოვუწოდებთ ყველა ევანგელისტს და „ქარიზმატიკოსს“ შემოგვიერთდეს


18-10-2016, 09:34

 

   1993 წლის ოქტომბერში მოსკოვს ეწვია ამერიკელი მღვდელი, მამა გიორგი ბელი. წარსულში პროტესტანტული ეკლესიის პასტორი და ევანგელისტური მიმართულების რელიგიური მოძრაობის „ვენახის" ერთ-ერთი თემის დამაარსებელი.

   გთავაზობთ თავად მამა გიორგის ნაამბობს თავისი სულიერი ფერისცვალების შესახებ - თუ როგორ აღმოჩნდა თავისუფლად მიმდინარე „ქარიზმატულ" ღვთისმსახურებისა და კალიფორნიული ცხოვრების გადაღებულ სტილს მიჩვეული პროტესტანტული ეკლესიის პასტორი მისთვის სრულიად უცხო მართლმადიდებელი ქრისტიანობის სამყაროში:

   თემი „ვენახი", რომლის შექმნაშიც მონაწილეობა მივიღე, სამ წელიწადზე ნაკლებ დროში სამას კაცამდე გაიზარდა. შემდეგ კი თემის ზრდამ კლება დაიწყო. ვიგრძენით, რომ ვკარგავდით სწორ გზას. აღარ ვიცოდით საით წავსულიყავით.

   გადავწყვიტეთ, რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა, მდგომარეობა გამოგვესწორებინა. ღვთის ნება რომ შეგვეტყო, თემმა ორმოცდღიანი მარხვა დააყენა. მხურვალედ ვლოცულობდით, რათა ღმერთს ჩვენთვის სწორი გზა ეჩვენებინა.

   მარხვის დაწყებიდან ცოტა ხნის შემდეგ მოხდა მოვლენები, რომლებიც, თითქოს, არც კი იყო ერთმანეთთან დაკავშირებული.

   თავდაპირველად თვით პრესვიტერიანული ეკლესიის პასტორმა იწყო მართლმადიდებლობის შესწავლა და თავისი აღმოჩენების ახლო მეგობრებისთვის გაზიარება. შემდეგ ფრანკ შიფერმა, რომელიც ცოტა ხნის წინ მოექცა მართლმადიდებლობაზე, დაიწყო საუბრების ჩა-ტარება ჩვენს შტატში. ჩვენი მრევლის ერთ-ერთი წევრი დაესრო მასთან შეხვედრას. ამის შესახებ მან მომითხრო და კითხვები დამისვა, რომლებზედაც საპასუხოდ მზად არ ვიყავი. ჩემი კონტრარგუმენტების დასაბუთების მიზნით დავიწყე მართლმადიდებელოი სარწმუნოების კვლევა და შესწავლა.

   მაგრამ, ჩემდა გასაოცრად, როცა დავიწყე მართლმადიდებლობის ისტორიისა და თეოლოგიის შესახებ წიგნების კითხვა, აღმოვაჩინე, რომ ვერც ერთი ჩემი კონტრ არგუმენტი, საფუძვლიანი შემოწმების შემთხვევაში, ვერ უძლებდა კრიტიკას.

   მალე გამაოგნებელი აზრი გამიჩნდა: იქნებ ეს კითხვები, რომლებიც გაჩნდა უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში, და კვლევაც, იმ გზისკენ მიგვითითებდა, რომელიც დასახულია უფლის მიერ და რომელსაც მივყავართ იმ რაღაცასთან, რასაც მე ვერასოდეს აღმოვაჩენდი დამოუკიდებლად? ვგრძნობდი, რომ უფალს მივყავდი, მაგრამ ცნობიერად არ შემეძლო მიმეღო ის, რაც ალბათ აუცილებლად უნდა მომხდარიყო.

   განხეთქილება სულიერსა და გონებრივს შორის იმდენად მძაფრი შეიქნა, რომ ავადმყოფობამდე მიმიყვანა, რომელიც ექვს კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდა. ავადმყოფობის მიუხედავად ვაგრძელებდი ლოცვასა და კვლევას და სულ უფრო და უფრო მეტს ვიგებდი ეკლესიაზე, რომელიც მოციქულთა დროიდან უწყვეტად არსებობს.

   იმ წუთს, როდესაც პირველად შევედი მართლმადიდებელ ტაძარში, შევიგრძენი კეთილსურნელება, დავინახე ხატები და მივხვდი, რომ გარშემორტყმული ვარ „მოწამეთა დიადი კრებულით" და ვარ ნაწილი ერთიანი ეკლესიისა - ზეციურისა და ამქვეყნიურისა. დიაკვანი წარმოთქვამდა კვერექსებს, მრევლი პასუხობდა გალობით და მე ვიგრძენი ღვთისმსახურების სისრულე. ვიგრძენი, რომ მართლმადიდებელი წირვა არ მოუწოდებს ღმერთს დამდაბლდეს ჩვენამდე, არამედ იგი აგვამაღლებს სული წმიდის მეშვეობით, რომ შეგვეძლოს ზეციურ ღვთისმსახურებასთან შეერთება, რომელსაც აღასრულებს უფალი ჩვენი იესო ქრისტეს ყველა წმინდანით გარშემორტყმული.

   ჩემთვის ცნობილ პროტესტანტულ ეკლესიებში ევქარისტიას იშვიათად თუ აღასრულებდნენ, და მაშინაც კი, როდესაც აღასრულებდნენ, ეს ქმედება განიხილება, როგორც უბრალოდ გახსენება მომხდარი ისტორიული მოვლენისა. ამ დაკვირვებიდან შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ პროტესტანტებთან საერთოდ არ არსებობს საიდუმლო ცხოვრებაში ჭეშმარიტი მონაწილეობა.

   აშკარაა, რომ თავდაპირველად ქრისტიანთა წარმოდგენაში ევქარისტია ისტორიული მოვლენის უბრალო გახსენება კი არ იყო, არამედ ქრისტეს ცხოვრებაში ნამდვილი მონაწილეობა.

  ევქარისტია - ესაა დიადი და საშინელი საიდუმლო, მას ძალუძს ცხოვრების მინიჭება და წარმართვა.

   თანდათან ვრწმუნდებოდი, რომ მართლმადიდებლობა პირველი ეკლესიისათვის დამახასიათებელ ბიბლიურ და ისტორიულ გაგებას ცხოვრების საიდუმლო ასპექტისა თითქმის 2000 წელია ინარჩუნებს, მაშინ როდესაც პრესვიტერიანული ეკლესიის ათვლის წერტილს მე-15, მე-16 საუკუნის ჟენევის ეკლესია წარმოადგენს.

   ისტორიული მემკვიდრეობითობის უკმარობამ თანამედროვე პროტესტანტიზმისათვის სერიოზული შედეგი გამოიღო: მიატოვეს რა ისტორიული ქრისტიანობის ნავთსაყუდელი. ტრაგიკულად დიდი რაოდენობა ჯგუფებისა დღეს მოდერნიზმისა და „მიზანშეწონილობის" ბურუსში იკარგება. ბევრი რეფორმატორული ეკლესია ისე შორს წავიდა სიახლეების შემოტანის თვალსაზრისით, რომ მათ ვეღარ იცნობენ საკუთარი დამაარსებლებიც კი (ლუთერი, კალვინი, კნოსი...).

   თუმცა მართლმადიდებელი ეკლესიის წარსულში იყო მძიმე პერიოდები, მან შეძლო შეენარჩუნებინა რწმენა, ერთხელ და სამუდამოდ ბოძებული წმიდანთა მიერ, გარეშე დამატებისა თუ შემოკლებისა, თითქმის 2000 წელია. ეს ის ეკლესიაა, რომელმაც ცხოვრება დაიწყო ახალი აღთქმის დროს და დღემდე ცოცხლობს.

   ჩემთვის ცხადი გახდა, რომ მართლმადიდებლობა ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოებაა და ღმერთი ნამდვილად მომიწოდებს მე და ჩემს მრევლს შევუერთდეთ ამ წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას.

   1993 წლის 13 ივნისს ჩვენი თემი „ვენახი" მირონცხების მეშვეობით შეუერთდა ანტიოქიის მართლმადიდებელ ეკლესიას და წმიდა პირველმოწამე არქიდიაკონ სტეფანეს სამრევლოდ იქცა. კვირა დღეს, 13 რიცხვში (ყოველთა წმიდათა დღეს), მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ მეუფე ანტონმა მღვდლად მაკურთხა. ჩვენმა თემმა მიიღო წმიდა სტეფანეს სახელი, როგორც ყველაზე მეტად შესაფერისი ჩვენი მოწოდებისა. როგორც პირველი დიაკონი, ჩვენც მოწოდებული ვართ ადამიანებს ვემსახუროთ და როგორც პირველმოწამე, ჩვენც ისევე უნდა მოვკვდეთ" - ჩვენი საკუთარი სურვილების, განწყობებისა და ამა სოფლისათვის - რომ სხვებს დავეხმაროთ ჰპოვონ ჭეშმარიტი ქრისტესმიერი ცხოვრება.

   მოგზაურობა მართლმადიდებლობაში ადვილი არ ყოფილა, მაგრამ, როგორც მეფსალმუნე ბრძანებს: „განვლეთ ჩვენ ცეცხლი და წყალი, და გამომიყვანენ ჩვენ განსასვენებლად". მე და ჩემმა მრევლმა ქრისტიანული ეკლესიის სისრულის განცდა მოვიპოვეთ, რაც მანამდე არ ვუწყოდით.

   მადლობას ვწირავთ ღმერთს წყალობისათვის, იმისათვის, რომ მან მშობლიურ სახლში მოგვიყვანა. და ყოყმანის გარეშე მოვუწოდებთ ყველა ევანგელისტსა და „ქარიზმატიკოსს" შემოგვიერთდეს!

   პროტესტანტულ ინგლისსა და ამერიკაში აღზრდილმა მამა გიორგიმ და მისმა სულიერმა შვილებმა უამრავი განსაცდელი დაითმინეს ჭეშმარიტი სარწმუნოების ძიების გზაზე. „მშობლიურ სახლში" დაბრუნებული ახლადმოქცეულნი მადლობას სწირავდნენ ღმერთს დიდი წყალობისათვის.

   და რაოდენ მადლიერი უნდა ვიყოთ ჩვენ, ქართველები, ღვთისა, რამეთუ უძველეს მართლმადიდებელ ქვეყანაში დავიბადეთ და აღვიზარდეთ.

   საქართველო ხომ ის ქვეყანაა, სადაც ქრისტე მაცხოვრის მოძღვრება უფლის პირველმა მოწაფემ - ანდრია პირველწოდებულმა შემოიტანა. მასთან ერთად ქრისტეს სჯულს საქართველოში ქადაგებდნენ სიმონ კანანელი, მატათა და ბართლომე მოციქულები. მეოთხე საუკუნეში კი მოციქულთა სწორი ნინო კაბადოკიელის მეოხებითა და მოღვაწეობით ქრისტიანობა გახდა ქართველთა სარწმუნოება.

   ამიერიდან მტკიცედ ეპყრა ჩვენს ერს სჯული ქრისტესი და ჩვიდმეტი საუკუნის მანძილზე „ქართველთა სარწმუნოების სიწმინდეს ბიწი არ შეჰხებია", რამეთუ ჩვენი წინაპრები დაუნანებლად სწირავდნენ თავს მის დასაცავად და გადასარჩენად.

   ვაფასებთ კი დღევანდელი ქართველები ღვთის უდიდეს წყალობასა და წინაპართაგან გაწეულ ღვაწლს დედა ეკლესიისათვის?

   ვაი, რომ ვერა!

   დღეს მრავალი რჯულის უარმყოფელი ქართველი დააბიჯებს ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზედა და ამაყად აცხადებს, რომ არის იეღოველი, ორმოცდაათიანელი, კრიშნას მიმდევარი, კათოლიკე, ხსნის არმიის წარმომადგენელი... ახალი სარწმუნოების მიმდევრებმა თავად არ იციან, საიდან იღებენ სათავეს ეს რელიგიური ორგანიზაციები და ვინ არიან მათი ფუძემდებლები. ისინი არც საკუთარ ოცსაუკუნოვან ქრისტიანულ ისტორიასა და კულტურას იცნობენ და აღიარებენ. მეტიც, მას სძულთ ყოველგვარი ეროვნული და ქრისტიანული.

   სამწუხაროდ, ჩვენი ერისათვის სრულიად უცხო, მტრული სარწმუნოების სხვადასხვაგვარ სექტებში დღეს მრავალი ქართველია გაერთიანებული...

   ჩვენი რედაქცია იმედოვნებს, რომ ამერიკელი მართლმადიდებელი მღვდლის, მამა გიორგისა და მისი მრევლის განვლილი გზა და მოწოდება წინაპართა სარწმუნოების უარმყოფელ, „წვალებათაგან დაბნეულ" ბევრ ქართველს დააფიქრებს, გონს მოიყვანს და „მშობლიურ სახლში" დააბრუნებს.



Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება