მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > წერილები სულიერ შვილებს - წმიდა თეოფანე დაყუდებული

წერილები სულიერ შვილებს - წმიდა თეოფანე დაყუდებული


16-10-2016, 00:06

 

   სიტყვა თქმული სანკ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის ორმოცდაათი წლის იუბილეზე:

   (გთავაზობთ ნაწყვეტს)

  ვჭვრეტთ მომავალს და ვცდილობთ განვსაზღვროთ, რა გავაკეთოთ რა გზა ავირჩიოთ, რას მივაქციოთ ყურადღება. ადამიანთა სწავლებები მიისწრაფვიან ახლისკენ, იზრდებიან, ვითარდებიან. ეს ბუნებრივია, მათ ხომ არ გააჩნიათ ჭეშმარიტება, ისინი მხოლოდ ეძებენ მას. დაე ეძიონ, თუკი იპოვიან. ჩვენთვის, მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის, ჭეშმარიტება და გზა ჭეშმარიტებისაკენ განსაზღვრულია ერთხელ და სამუდამოდ. გვაქვს ბოძებული სარწმუნოება და უნდა გავისარჯოთ მისი შენარჩუნებისათვის და არა ახლის აღმოჩენისათვის. ამსოფლიური კანონია: წინ, ახლებურად! ჩვენ კი გვებრძანა ზეცით: „სდექით შეურყევლად!" ჩვენი მოვალეობაა რწმენაში განვმტკიცდეთ და განვამტკიცოთ სხვებიც. ამ მიმართულებაში მართლმადიდებლობისთვისაც დამახასიათებელია მოძრაობა - გაფართოება, მაგრამ არა ახლის აღმოჩენისა და განვითარების საქმეში, არამედ მათთვის, ვინაც გაითავისა ჭეშმარიტება და მორჩილია მისი. მომავალ თაობას შეურყევნელად უნდა გადავცეთ და შთავაგონოთ სარწმუნოება, უცხო ერები განვანათლოთ ქრისტეს მოძღვრებით. ყველაზე მეტად საჭიროა ხელშეუხებლად და ფაქიზად მივიტანოთ ღვთის სიტყვა იმათ გულებში, ვინც ეკლესიის წევრია. ფრთხილად უნდა ვიყოთ, გამოვიცნოთ და დროზე აღვუდგეთ წინ სიცრუის ხრიკებს. დედამიწაზე ღვთის განცხადების დროიდან ბოროტი ცდილობს გაანადგუროს ჭეშმარიტება. სხვადასხვა სახის ერესების შემდეგ მან შექმნა დასავლეთში ერთიანობის ცენტრი და მისი საშუალებით, პირდაპირ და ირიბად, განავითარა სხვადასხვა ცრუ სწავლებები, სადაც სიმართლეს შეურია სიცრუის ნაწილი და ამით დააუძლურა ჭეშმარიტება. ამის გამოა, რომ ევროპა, რომელმაც გაგვასწრო განვითარების ბევრ სფეროში, იტანჯება ცრურწმენით, ურწმუნოებითა და ინდეფერეტურობით. ამის მიუხედავად, ჩვენთან ევროპის კულტია, ასხამენ ხოტბას და იქედან მატერიალურ სიკეთესთან ერთად შემოაქვთ სულისა და გონების მომწამვლელი წიგნები, ნივთები, სახეები. განირჩევა მტრის ორი ბანაკი: პაპიზმი და თავისუფალი აზროვნება. შეიძლება თითოეული ჩვენთაგანისათვის არ იყოს საშიში ამ მტრებთან ბრძოლა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენი თავი არ გვაბარია. რადგან მწყემსები ვართ, - უნდა ვიზრუნოთ სამწყსოს გადარჩენისათვის. შინაური და გარეული მტერი ყველაფერს აკეთებს, რომ გაყოს მოძღვარი და მრევლი, აშკარად იყენებენ ბეჭდვით სიტყვას, იზრდება და ვითარდება ამსოფლიური სულის სტიქია, რომელიც ეწინააღმდეგება ქრისტეს სულს. ეს ყველაფერი კარგად მოგეხსენებათ, ძმებო და მამებო. ვსარგებლობ შემთხვევით და მოგიწოდებთ - დავიცვათ მართლმადიდებლობა და რაცაა დაფუძნებული მასზე!

   განკაცებულმა ღმერთმა მოახდინა გადამრჩენელი განყოფა, დედამიწას აჩუქა ღვთიური ცხოვრების ცეცხლი, განდევნა ავხორცობა და თვითრჯული, მიიზიდა ადამიანის სული და ამ ერთობლიობიდან შექმნა სულიერი მეუფება. წმ. ეკლესია, დაცულია მის მიერ დღემდე ჩვენში და ჩვენს შორის. მაგრამ რა ხდება დღეს? - უფსკრულიდან ამოტყორცნილი ცეცხლი ხომ არ აღვივებს კვლავ ავხორცობასა და ამპარტავნებას, რომ მოსპოს ჩვენში ანთებული ღვთიური სული? - თუ ასეა, ყველამ გულმოდგინედ უნდა ვიღვაწოთ, რათა ჩაუქრობლად შევინახოთ ღვთიური ცეცხლი საკურთხეველში.

   კვლავ ვიქადაგოთ ტაძრებში, სახლებში, საჯარო შეხვედრებსა და კერძო საუბრებში, როგორც შეგვიძლია - ზეპირად, წერილობით, ბეჭდვით. დაე ვიყოთ საყვირი! დაუდუმებლად, მკაფიოდ, გასაგონად ვთქვათ სათქმელი. დავივიწყოთ უთანხმოება და განყოფა, ჩუმად მიმდინარე ჩვენს რიგებში; შევქმნათ ძმური კავშირი, მოვიკრიბოთ ძალები, ყველაფერი გავიღოთ ერთისათვის - მთავარისათვის. მხოლოდ ისე უნდა გავაკეთოთ საქმე, ვერავინ გვითხრას: მკურნალო, განიკურნე თავი.

   ძმებო და მამებო, მოგიწოდებთ გაძლიერებული მოღვაწეობისკენ - დაიცავით არა საკუთარი ინტერესები, არამედ, ჩვენთვის მონიჭებული ღვთიური მადლი - ჭეშმარიტების შენარჩუნების და გავრცელების საქმე, სიტყვის ძალით, დაუდუმებელი ქადაგებით. ჩვენ ნათელი ვართ სოფლისა, მუდამ გავუნათოთ ადამიანებს სასუფეველისაკენ მიმავალი გზა. ჩვენ მარილი ვართ: ნუ განვქარდებით! ამინ.



Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება