მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > გზა, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ
გზა, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ11-09-2016, 00:06 |
„შევიდეთ იწროისგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზად, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად და მრავალნი ვლენან მას ზედა" (მათ. 7, 13)
რა ელოდება ჩვენს ქვეყანას და მართლმადიდებლობას მომავალში? ერთი შეხედვით, სიტუაცია მართლაც უნუგეშო მოგეჩვენება. შემთხვევითი არაა, ზოგიერთი „ჩვენს დამარცხებაზეც" რომ საუბრობს. მაგრამ, განა, შეიძლება ვისაუბროთ დამარცხებაზე, როდესაც თვით მაცხოვარმა ბრძანა: „და ამას ზედა აღვაშენო ეკლესიაი - ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათ. 16, 18). ჭეშმარიტებისაგან საყოველთაო განდგომა ნაწინასწარმეტყველებია სახარებაში, მოციქულთა ეპისტოლეებში, აპოკალიფსში. მაგრამ იქვე წერია ერთგული ქრისტიანების მიერ ჭეშმარიტების შენარჩუნების შესახებაც: „ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, - ბრძანებს მაცხოვარი, - რამეთუ სათნო იყო მამამან თქუენმა ზეცათამან მოცემად თქუენდა სასუფეველი" (ლუკ. 12, 32). და საერთოდ, რომელ დამარცხებაზეა საუბარი, როდესაც შვილებს მოჰყავთ თავიანთი მშობლები ეკლესიაში. ათეისტები და კომუნისტები ხდებიან მტკიცე ქრისტიანები. მრავალმა ბერმა, მღვდელმა, უბრალო ერისკაცმა თავისი ცხოვრების წესით, თუ გნებავთ სარწმუნოებისათვის თავდადებით, დაამტკიცა მართლმადიდებლობის დაუმარცხებლობა. ჩვენ ვხედავთ, როგორ მომძლავრდა ბოროტი ზეწოლა ქრისტიანობაზე, იზრდება საცდურთა რაოდენობა. ამასთანავე იმატა „ახალი სულიერების", „ახალი ეპოქის" პროპაგანდამ, რომელნიც სამოთხეს გვპირდებიან დედამიწაზე. დღეს მეტად აქტუალურია საკითხი - როგორ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა? ამ კითხევბზე გაიცა სერიოზული და დამაფიქრებელი პასუხები. თუმცა მრჩეველთა უმრავლესობას ამ გლობალურ საკითხებზე ზრუნვისას, გამოეპარათ ყველაზე უმთავრესი: - როგორ გადავარჩინოთ საკუთარი თავი? ამ კითხვაზე პასუხი კი მარტივია: შეასრულე მცნებები, იყავი ეკლესიის ერთგული შვილი, წმიდა მამათა სწავლების მიმდევარი და გადარჩები. ამ გზით ვიდოდნენ ჩვენი მოღვაწენი, ღირსი მამები, მეფენი... ვიდრე დღემდე. წმ. პატრიარქი პიმენი ამბობდა: „ყოველ პიროვნებას ევალება უპირველესად საკუთარი „მეს" გამოსწორება, ზნეობრივი განახლება, ქრისტიანული იდეების „მიბაძვა". მხოლოდ ამ გზით შეიძლება გლობალური პრობლემების დაძლევა". ყოველ ეპოქაში, განსაკუთრებით ჩვენს დროში, როდესაც ეკლესიას განუდგა ხალხი, მეტად მნიშვნელოვანია ქრისტიანული ჭეშმარიტების - დოგმატების შესწავლა. ეს დოგმატები არა განყენებული წესებით ნააზრევი და მშრალი კანონებია, აუცილებლად ზეპირსასწავლი, მათ შესწავლას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ცხოვრების საკითხში. „იმისათვის, რომ სწორად წარვმართოთ ბრძოლა სულის საცხოვნებლად, ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ დოგმატები - ქრისტიანული სარწმუნოების საფუძვლები და სულიერი ბრძოლის წესები. როგორც მეომარი ცდილობს შეისწავლოს ბრძოლის ხელოვნება, რათა არ დამარცხდეს ბრძოლის ველზე, ასევე ქრისტეს მხედრობამ უნდა იცოდეს თავისი სარწმუნოების არსი. ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ამსოფლიური სიკეთე და კეთილგონიერება შეიძლება არ იყოს ჭეშმარიტი სიკეთე. დავაკვირდეთ, ხშირად ჩვენს „კეთილ საქმეებს" როგორ მივყავართ კონფლიქტებამდე, ტრაგედიამდე. დღეს საერთაშორისო პრაქტიკაშიც ხშირად ვხვდებით, „მშვიდობისა" და „კეთილი საქმის" ეგიდით, როგორ სჩადიან საშინელ ბოროტებას. განა ასეთ სიკეთეს შეიძლება ეწოდოს სიკეთე?! წმ. თეოფანე დაყუდებული წერდა: „არიან ჰუმანისტები, რომელნიც თითქოსდა კაცობრიობის სიყვარულით იწვიან, ამ დროს კი, არამც თუ ღვთის სიყვარული, არამედ, უბრალოდ, ღვთის რწმენაც კი არა აქვთ. ისინი ცარიელი პიროვნებები არიან. ერთი უნდა ვიცოდეთ: მოყვასისადმი სიყვარული და დახმარება ღვთის სიყვარულიდან უნდა გამომდინარეობდეს! ჩვენ სისტემატიურად უნდა ვუღრმავდებოდეთ სარწმუნოების შესწავლას. სარწმუნოება სულაც არ უნდა იყოს „ბრმა", როგორც ამას ზოგიერთები თვლიან. უცოდინარობასა და გულგრილ დამოკიდებულებას მივყავართ უდიდეს ცდომილებამდე - ცრურწმენამდე, განხეთქილებამდე, ურწმუნოებამდე. წმ. პავლე მოციქული გვაფრთხილებს: „ძმანო, ნუ ყრმა იქნებით გონებითა, არამედ ბოროტისათვის ყრმა იყვენით, ხოლო გონებითა სრულ იყვენით" (1 კორ. 14, 20). დღეს ასე მსჯელობს მავანნი: „ჩვენ ბნელი ხალხი ვართ და უცოდინარობა არ მოგვეკითხება", ან „არ ცოდნა, არ ცოდვააო". სინამდვილეში ამ თითქოსდა თავის მართლებით მტყუნდება ადამიანი. საკუთარი ნაკლის დანახვა გამოსწორებით უნდა გვირგვინდებოდეს. როგორც მშიერი კაცი ვერ შემოიფარგლება მხოლოდ ფიქრით, არამედ უნდა ცდილობდეს ლუკმაპურის შოვნას, როგორც ავადმყოფი ვერ შემოიფარგლება მხოლოდ წუწუნით, არამედ უნდა მონახოს ექიმი და წამალი, ასევე ქრისტიანი, თუ არ სურს იყოს წყვდიადში, ვალდებულია მონახოს გამოსავალი. ქრისტიანისთვის დაუშვებელია მართლმადიდებლობის ზედაპირული ცოდნა. ჭეშმარიტების შემეცნებაში უნდა ვმაღლდებოდეთ მაღლა და მაღლა, ამავე დროს სიმდაბლის შენარჩუნებით. მართლმადიდებლობის ცოდნისა და მისი დოგმატის სწავლების, მართლმადიდებლობის ერთგულების გარეშე შეუძლებელია ცხონება, უცოდინარობის გამო მრავალი ადამიანი გახდა ერეტიკოსი, მწვალებელი, ღვთისმგმობელი. პავლე მოციქული ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში გვაფრთხილებს: „რამეთუ უკანასკნელთა ჟამთა გან-ვინმე-დგენ სარწმუნოებისაგან და ერჩდნენ იგინი სულთა მათ მაცთურთა და მოძღურებასა ეშმაკთასა" (1 ტიმ. 4, 1). ჭეშმარიტებისაგან განდგომა ჯერ კიდევ მოციქულთა პერიოდიდან დაიწყო. შემდეგ მართლმადიდებლობას განუდგნენ კათოლიკები, რომლებმაც ეკლესიის თავად არა ღმერთი, არამედ პაპი აღიარეს, შერყვნეს ეკლესიური სწავლება წმ. სამებისა და ღვთისმშობლის შესახებ. მას შემდეგ გამოჩნდნენ რეფორმატორები და პროტესტანტები, რომლებიც წმიდა წერილს განმარტავდნენ, როგორც სურდათ. ჩვენს დროში მრავალი ვერ ხედავს განსხვავებას მართლმადიდებლობასა და კათოლიციზმს - პროტესტანტიზმსა და სხვა რეფორმატორულ მოძრაობებს შორის. ზოგიერთი მართლმადიდებელი მღვდელმსახური მართავს არამარტო დიალოგს სხვა კონფესიებთან, არამედ ერთობლივად ლოცულობს და მათთან ერთად ეზიარება კიდეც. რას იტყოდა ამის შესახებ მოციქული პავლე? ნუთუ იგი აზიარებდა ერეტიკოსებს და ჭეშმარიტების დამმახინჯებლებს? აპოკალიფსში ჭეშმარიტებისაგან განდგომილ ეკლესიას „მეძავი" ეწოდება. პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: „არა უწყითა, რამეთუ ხორცნი ეგე თქუენნი ასონი ქრისტესნი არიან? აღ-უკუე-ვიხუნეა ასონი იგი ქრისტესნი და ვყვნე ასე მეძვის? ნუ იყოფინ!... არა უწყითა, რამეთუ რომელი შეეყოს მეძავსა, ერთ ხორც არიან!... ხოლო რომელი შეეყოს უფალსა, ერთ სულ არს" (1 კორ. 15, 17). ჭეშმარიტ სულიერებას მოკლებულ თანამედროვე ადამიანის განსაკუთრებულად ესაჭიროება გამოცდილი მოძღვრის რჩევა, რათა დაცული იქნეს ცრუმასწავლებელთაგან. სამწუხაროდ ყველა ვერ პოულობს ასეთ სულიერ მასწავლებელს. ასეთ შემთხვევაში წმ. მამებმა დაგვიტოვეს შემდეგი სწავლება: ყოველი აზრი, ქმედება, გრძნობა შევათანხმოთ სახარებისეულ სწავლებას და წმ. მამათა ნაშრომებს. საბედნიეროდ, დღეს გამოიცა დიდი რაოდენობით ლიტერატურა, რათა ქრისტიანმა იმუშაოს საკუთარ თავთან. მათ ნაწერებში შევხვდებით პასუხს ნებისმიერ შეკითხვაზე. თუმცა აქაც სიფრთხილე გვმართებს - სულიერი სწავლების სახელით გამოიცა მრავალი წიგნი, რომელთაც არავითარი კავშირი არა აქვს ქრისტიანობასთან. რა თქმა უნდა, ასეთი წიგნები აცდუნებენ ქრისტიანებს და განაშორებს მათ ჭეშმარიტებისაგან. წმ. თეოფანე დაყუდებული ამხელდა ასეთ სწავლებას: „ეს წიგნები ადამიანს ოცნების და მოულოდნელი, არაჩვეულებრივი განცდის მოლოდინში აგდებს. მათი სწავლების მიზანი იდუმალი გამოცხადების ძებნაა... მაშინ როდესაც მთელი სულიერი ცხოვრება შემოიფარგლება საკუთარ ვნებებთან გულის განსაწმენდად. მაშინაც კი, როდესაც სიწმიდეს მივაღწევთ, მივიღებთ არა იდუმალ, არამედ ღვთის გამოცხადებას: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (მათ. 5, 8). იდუმალებით გაჟღენთილი სწავლება კაცობრიობის მტრისაგან - ეშმაკისაგან ცდუნებული ადამიანის საქმეა. მათ სულისა და ხორცის დაღუპვამდე მივყავართ. მათ უნდა ვერიდოთ, როგორც ავადმყოფობას, რომელსაც სიკვდილამდე მივყავართ. ყველაფერი რაც გვჭირდება ცხონებისათვის, მოცემული გვაქვს წმ. წერილში, წმ. გადმოცემაში, მამათა სწავლებაში. საჭიროა მხოლოდ მონდომება მცნებების შესასრულებლად. მაშინ პავლე მოციქულთან ერთად ვიტყვით: „სადა არს სიკვდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი?... ხოლო ღმერთსა მადლი, რომელმან მომცა ჩუენ ძლევაჲ ქრისტეს იესუს მიერ უფლისა ჩვენისა" (1 კორ. 15, 55). „იღვიძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქუენი მოვიდეს" (მათ. 24, 42).
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |