მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, მთავარი გვედის ფოტო > რატომ სუსტდება რწმენა

რატომ სუსტდება რწმენა


10-09-2016, 00:06

რატომ სუსტდება რწმენა

 

   რატომ მცირდება ღვთის იმედის მქონეთა და მლოცველთა რიცხვი? იმიტომ რომ, არ მივმართავთ რწმენის სათავეს, არ ვკითხულობთ ღვთის სიტყვას - რწმენის, იმედისა და ცოცხალი ლოცვის წყაროს. ის გახლავთ ღვთის მიმართვა ადამიანთა მოდგმისადმი, მისი სიბრძნისა და ნების გაცხადება.

   ძმებო! მივმართოთ ღვთის სიტყვის კითხვას - ღვთისა და არა ადამიანისა. რატომ უნდა გვერქვას ქრისტიანები, თუკი არ გვინდა ვიკითხოთ ქრისტიანობის საფუძველი - წმიდა წერილი? ჩვენ, ქრისტიანებს, არ გვსიამოვნებს კითხვა და სმენა წიგნისა, რომელშიც ჩვენი სარწმუნოებაა. ჩვენი წინაპრების ჩვენზე გაცილებით ბრძენნი იყვნენ, როდესაც ბავშვებს კითხვას ასწავლიდნენ იგავებითა და საერო მოთხრობებით. ასეთი აღზრდით ვღებულობთ შესაბამის ნაყოფს - ურწმუნოებასა და თავნებობას. თავიდანვე წარმართულისადმი ბავშვს შეუძლია ჰქონდეს გემოვნება და მიდრეკილება ქრისტიანულისადმი? რომ დავუბრუნდეთ ჩვენი მამების სარწმუნოებას, უნდა დავიწყოთ ქრისტიანული აღზრდა. ბავშვები უნდა მივაჩვიოთ ეკლესიას და ღვთის სიტყვის კითხვას, - აი, ჭეშმარიტი გზა ღვთის სიტყვის სათანადო პატივისცემისა. როცა ღვთის სიტყვა გახდება ქრისტიანთა საყოველთაო საკითხავი და სახელმძღვანელო, მაშინ სულები განათდება იმ ზეციური ნათლით, რომელიც აღანთებს რწმენას, იმედს აღაგზნებს და მოზარდს განამტკიცებს განუწყვეტელ ლოცვასა და ღვთის შიშში.

   შეხედეთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, მის ხარების ხატებას მისი წინ წიგნია. რა წიგნია ეს და რას ნიშნავს იგი? ეს მიგვანიშნებს, რომ ის დღედაღამ საღვთო კანონით განისწავლებოდა. უფლისაგან გამოგზავნილმა იგი ღვთის სიტყვის კითხვისას იპოვა.

   მაშასადამე ძმებო, მიიღეთ ჩემგან ორი დარიგება: პირველი - ადამიანურ დიდებას ღვთის დიდება ამჯობინეთ, მეორე - ღვთის სიტყვით ასაზრდოეთ რწმენა, იმედი და ლოცვა. ღმერთო! აკურთხე ეს ორი მარცვალი და აღმოიყვანე მხოლოდ შენთვის განკუთვნილ გულებში. (Xპ. ძმ. 1838 წ. გვ. 328).

   მაცხოვარი ჩვენი, იესო ქრისტე, ყოველი ჩვენგანისაგან ითხოვს არა მარტო ღვთისა და მისი სწავლების გულითად რწმენას, არამედ, თუკი საჭირო იქნება, სახალხო აღიარებასაც - რომ გვწამს იესო ქრისტე, ძე ღვთისა და ვიმარხავთ მხოლოდ მის სწავლებას, რომელიც ერთა-დერთი ჭეშმარიტი სარწმუნოებაა.

   ძველი ქრისტიანები სარწმუნოებას მტკიცედ იცავდნენ. ისინი საქვეყნოდ აცხადებდნენ: „მე ვარ ქრისტიანი!" ამასთან იცოდნენ, რომ ამისათვის სასტიკი ტანჯვა და მოწამეობრივი სიკვდილი ელოდათ.

   ამჟამად ქრისტიანები სარწმუნოებისადმი ძველებური ერთგულება ხშირად მისადმი გულგრილობით შეიცვალა.

   არცთუ იშვიათად გავიგონებთ ასეთ სუბარს: „განა სულ ერთი არაა, რომელ სარწმუნოებას ვირწმუნებთ? ყველა კარგია, მთავარია ღვთის ერთადერთობას აღიარებდეს. ყველა სარწმუნოება აღიარებს, რომ ქვეყნიერებას განაგებს ერთი ღმერთი და ეს მთავარია რწმენის საკითხში. სარწმუნოების გამოცვლა სირცხვილია. ვინც რომელ სარწმუნოებაში დაიბადა, იმაში იცხოვროს!"

   გულგრილობა მართლმადიდებლური სარწმუნოებისადმი სრულიად ეწინააღმდეგება იესო ქრისტეს სწავლებას, თავისი შედეგებით კი დამღუპველია. აზრი, რომ ყოველი სარწმუნოება კარგია, შეუთავსებელია ღვთის გაგებასთან. განა სულ ერთია, თუ ჩვენ, როგორც ებრაელები, უარვყოფთ ძე ღვთისას, თუ, როგორც ქრისტიანები, ვაღიარებთ იესო ქრისტეს? ვიცხოვრებთ ქრისტიანულად თუ წარმართულად? ვაღიარებთ ჩვენი ხსნისათვის აუცილებელ წმ. საიდუმლოებებს თუ უარვყოფთ მათ?

   თუკი ყოველი სარწმუნოება კარგია, რატომ აუწყებდა ღმერთი ჩვენს წინაპრებს თავის ნებას, კანონს? რატომ გამოაგზავნა ამქვეყნად მხოლოდ შობილი ძე ღვთისა, ამ უკანასკნელმა კი მოციქულები? რისთვის გააგზავნა ისინი სწავლების საქადაგებლად მთელ დედა-მიწაზე?

   არა, ჩემო ძმებო! როცა ჩვენი მეუფე იესო ქრისტე მობრძანდა დედამიწაზე და გვიქადაგა თავისი მაცხოვნებელი სწავლება, ამას იმიტომ კი არ აკეთებდა, რომ ჩვენ არჩევანი გაგვეკეთებინა რწმენასა და ურწმუნოებას, სწავლების მიღებისა და არმიღებას შორის?

   არა, უფალს ასეთი თავისუფლება არ მიუცია ადამიანისათვის, მთელ მის სწავლებაში მინიშნებასაც ვერ ნახავთ ასეთი გულგრილობისათვის. პირიქით, ყველგან გვესმის საწინააღმდეგო.

   მაცხოვარმა, როცა მოციქულები გააგზავნა საქადაგებლად, მისცა მათ ასეთი მცნება: „ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ (მათ. 28-20). ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება, ხოლო, ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრდებული იქნება (მარ. 16, 16). ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი წინააღმდეგია, და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის აბნევს (მათ. 12, 30). ხოლო ვინც უარმყოფს ადამიანთა წინაშე, უარყოფილი იქნება ღვთის ანგელოზთა წინაშე". (ლუკ. 12. 9). იგივე გვესმის მოციქულთა ბაგეთაგან. წმ. პავლე მოციქული თავის წერილში ამბობს: მაგრამ თუნდაც ჩვენ, ან ანგელოზმა ზეციდან გახაროთ არა ის, რასაც ჩვენ გახარებდით, შეჩვენებული იყოს იგი (გალ. 1, 8)" სხვა არავისში არ არსებობს ხსნა. არც არის ცისქვეშეთში ხალხისათვის მოცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით (საქ. 4, 12), რომელშიც გვაქვს მისი სისხლით გამოსყიდვა და ცოდვების მიტევება (კოლ. 1, 14). იგი არის უწინარეს ყოვლისა და ყოველივე მისით დგას" (კოლ. 1, 17).

   წმ. ეკლესია ყოველთვის ზრუნავდა და ზრუნავს ღვთის სიტყვის თავისუფლად მოაზროვნეთაგან დასაცავად, რათა არც არაფერი მიემატოს და არც არაფერი დააკლდეს მას. ჭეშმარიტი სარწმუნოებისაგან ყოველი გადახრა ყოველთვის მკაცრად იმხილებოდა.

  გულცივობა სარწმუნოებისადმი ძალზე საზიანოა. ეჭვიანობაც კი არაა ასეთი მავნე, ვინაიდან ეჭვები დროთა განმავლობაში გაქარწყლდება. ხოლო, როცა ადამიანები თავადაც გულცივები არიან და სხვებსაც უქადაგებენ, ნუ იდარდებთ, სულ ერთია ვისი გწამთ - ეს რწმენის დასამარებაა. ამაოდ უმტკიცებენ ჭეშმარიტი ქრისტიანები მათ, რომ დაბნეულები არიან. ასეთ ადამიანებს მზად აქვთ გულგრილი პასუხი: „რატომაა მართლმადიდებლური სარწმუნოება სხვებზე უკეთესი? იცხოვროს ყველამ იმ სარწმუნოებაში, რომელშიც დაიბადა! სირცხვილია სარწმუნოების გამოცვლა!"

   დიახ, ქრისტიანებო, სადაც სარწმუნოებისადმი გულცივობაა დამკვიდრებული, იქ ჭეშმარიტებას არ ესაქმება!

   ამ დროს დღესასწაულობს მანკიერება და დაბნეულობა.

   ღმერთმა დაგიფაროთ სარწმუნოებისადმი გულცივობისაგან!


არქიეპისკოპოსი გრიგორი 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება