მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, საეკლესიო სამართალი > წმინდათა გადმოცემის შესახებ
წმინდათა გადმოცემის შესახებ11-10-2012, 12:38 |
ზოგიერთი პროტესტანტული სულისკვეთების მქონე „მართლმადიდებელი" თეოლოგი, თითქოსდა ეყრდნობოდა წმინდა წერილს თავისი შეხედულებების დასამტკიცებლად, ამასთანავე, ოდნავ შერბილებული ფორმით, უარყოფენ წმინდა გადმოცემას: ისინი გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ ჩვენს დროში დაუწერელი გადმოცემა უკვე აღარ არსებობს, ვინაიდან რაც ოდესღაც ზეპირი ფორმით გადაიცემოდა, ეკვე დაწერილია, ამიტომ, ყველა თეზისს თავისი წყაროც უნდა ჰქონდეს მითითებული. ეს მოსაზრება საფუძვლიანად ამახინჯებს ეკლესიის სწავლებას წმ. გადმოცემის შესახებ. მართლმადიდებლური სწავლების თანახმად, წმ. გადმოცემა არის სულიერი მემკვიდრეობა (დაწერილი თუ დაუწერელი ფორმით), რომელიც მივიღეთ ჩვენ წმინდა წინაპრებისაგან, რომელიც სრულებით გამოხატავს წმინდა წერილის არსს და გვეხმარება ბიბლიის სწორ განმარტებაში" - ამბობს წმ. ნიკოლოზი (ველიმიროვიჩი).
მკაცრად კიცხავს მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი ყველა იმ პირს, ვინც სხვაგვარად ფიქრობს წმ. გადმოცემის შესახებ: "ყოველი, რომელიც არ საუბრობს ისე, როგორც ჩვენ გადმოგვეცა, თუ გინდ ითვლებოდეს რწმუნების ღირსად, რომც მარხულობდეს, სასწაულებსაც რომ ახდენდეს და წინასწარმეტყველებდეს, - ასეთი ადამიანი მგელია ცხვრის ტყავში, რომელიც ცხვრებს თავის მსხვერპლად აქცევს"1.
მსოფლიო ეკლესიის უდიდესი მამები თითქოს ერთი ბაგით საუბრობენ წმ. გადმოცემის შესახებ.
წმ. კირილე იერუსალიმელი: „შენზე გაცილებით უფრო ბრძენი იყვნენ მოციქულები და ყველა დროის ეპისკოპოსები, ეკლესიის დამცველნი, ნუ დაამახინჯებ დადგენილს"2.
წმ. ბასილი დიდი ამბობს: „წმ. ეკლესიის მიერ დაცული დოგმატებისა და სწავლებისაგან ზოგიერთი ჩვენ გვაქვს წერილობითი სახით, ხოლო ზოგიერთი მოციქულთაგან გადმოცემით, საიდუმლოდ მიღებული, ერთსაც და მეორესაც ღვთისსათნო ცხოვრების აღსრულებაში ერთი და იგივე ზალა გააჩნია"3.
წმ. იოანე ოქროპირიც იმავე აზრს ავითარებს: „მოციქულებს ყველაფერი მხოლოდ წმინდა წერილის მეშვეობით არ გადმოუციათ, არამედ მრავალი რამ წმ. წერილის გარეშეც: მაგრამ ერთიც და მეორეც ერთმნიშვნელოვნად სარწმუნოა: ამიტომ, ჩვენ გადმოცემაც სარწმუნოდ მიგვაჩნია. გადმოცემა გვაქვს ნუღარაფერს ნუ ეძიებ"4.
წმ. მარკოზ ეფესელი: „გამოვიჩინოთ პატივისცემა ჩვენი მამებისადმი, პატივი მივაგოთ მათ მიერ დადგენილ კანონებს, დაე გვეშინოდეს შეცდომის დაშვების, დავიცვათ გადმოცემა"5.
ამრიგად, წმ. მამებზე მეტად ვერავინ დაიცავდა გადმოცემის სიწმინდეს, ისინი თავიანთი მოღვაწეობის დროითაც ახლოს იყვნენ მოციქულებთან, ასე რომ ყველა პირობა არსებობდა მოციქულთა გადმოცემის შენახვისა და სხვებისათვის უცთომელად უწყებისათვის მოციქულებრივი კაცები იყვნენ მოციქულთა მოწაფეები და მათი თანამოსაგრეები, მეორე საუკუნის მამები კი თავის მხრივ მოციქულებრივი კაცების მოწაფეები. მაშ ვიღამ უნდა იცოდეს სარწმუნოებრივი საიდუმლოებები უფრო უკეთ, ვიდრე ამ მამებმა მოციქულთა უახლოესმა მოწაფეებმა? აქ დროულია წმინდა ირინეოსის (ლეონელის) სიტყვების გახსენება „თუ კი მოციქულებს რაიმე დაფარული საიდუმლო გააჩნდათ, ცხადია მათ გადასცემდნენ ვისაც თვით ეკლესიებს ანდობდნენ. ამით სურდათ თავისი მემკვიდრენი სრულნი და განუკითხველნი ყოფილიყვნენ"6.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან ვაღიარებთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია გადმოცემის ეკლესიაა, რომ ეკლესიის გადმოცემა არის ის, რაც ანიჭებს ადამიანს საშუალებას აღიქვას ჭეშმარიტება, რომ ის არის სულიწმინდის ცხოვრება ეკლესიაში, ვინაიდან მან შეგვინახა, მან გადმოგვცა შეუცვლელად წმიდა და ჭეშმარიტი სარწმუნოება. მართებულად ამბობს პ. ბუმისი მათ გასაგონად, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ: „განა ეკლესიამ არ შეგვინახა და გადმოგვცა ჩვენი წმიდა წერილი? განა ეკლესიამ არ გამოყო წმიდა წერილის წიგნები სხვა მრავალი ყალბი და აპოკრიფული წიგნებისაგან და გადმოგვცა ისინი როგორც ღვთაებრივი და შეუცდომელი? განა ეკლესიამ არ შეადგინა წმინდა წერილის კანონები?ამრიგად მიგვაჩნია უსამართლობად და უგუნურობად წმიდა წერილის წიგნების მიღება, ხოლო თვით წმიდა გადმოცემის უგულებელყოფა, რომელმაც მოგვცა წმიდა წერილი. ვიღებთ რა ნაყოფს, უკუვაგდებთ ხეს, რომელმაც მოგვცა ეს ნაყოფი"7
მოამზადა: დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ
1 «Путь умного делания». Т. Г., стр. 14.
2 იქვე, стр 14.
3Творения. О предании церкви. Гл. 25. Василий великий.
4 Беседа на 2 сол. Св. Иоанн Злотоуст.
5 Путь умного делания. Т. II., стр 14.
6 საღვთისმეტყველო კრებული, თბ. 1968, გვ. 10.
7Непогрешимость Православия. П. Бумис. Стр. 26-27. უკან დაბრუნება |