მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, მთავარი გვედის ფოტო > სიყვარულისა და ურთიერთგაგების შესახებ მეუღლებრივ ცხოვრებაში - წმიდა იოანე ოქროპირი

სიყვარულისა და ურთიერთგაგების შესახებ მეუღლებრივ ცხოვრებაში - წმიდა იოანე ოქროპირი


9-09-2016, 00:06

 

   ქრისტიანობაში ცოლი სამართლიანად მსახურებს ქმარს, რადგანაც თანასწორობამ შეიძლება შუღლი წარმოქმნას. თუმცა თავდაპირ-ველად ეს ასე არ იყო როდესაც ღმერთმა შექმნა ქალი, მან იცოდა მხოლოდ ის, რომ არის ქმრის ძვალი ძვალთაგანი და ხორცი ხორცთაგანი. მორჩილების შესახებ კი არაფერი იცოდა. ხოლო როცა ბოროტად გამოიყენა თავისუფალი ნება, ანუ დახმარების ნაცვლად მაცდურად მოევლინა ქმარს, მაშინ სამართლიანად ესმა ხმა: „ქმარსა შენსა მსახურებდე" (დაბ. 3, 16). მაშასადამე, ქმრის პირველობა ცოლზე ბუნებრივია.

   უწინდელი ცოლები თავიანთ მეუღლეებს ბატონებს უწოდებდნენ და ყოველთვის უთმობდნენ პირველობას. შენ მეტყვი - იმიტომ რომ, უყვარდათ თავისი მეუღლეები. დიაღ, გეთანხმები, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ შენს მოვალეობაზე, მაშინ ნუ იტყვი სხვისი ვალდებულების შესახებ. თუკი გსურს მორჩილება ქმრისა ღვთისათვის, მაშინ ნუ იტყვი ქმრის მოვალეობაზე. ასევე, როდესაც ქმარს ევალება სიყვარული ცოლისა, არა აქვს უფლება ცოლის ურჩობაზე ილაპარაკოს. ორთავემ შეასრულეთ ის მცნება, რომელიც კანონმდებელმა თქვენ დაგავალათ. როდესაც სიყვარული ორმხრივია, აქ არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდება, ხოლო როდესაც გიყვარს შენი მოძულე, მაშინ უკვე გვირგვინის ღირსი ხარ. ასევე იფიქრე შენც: თუ მოუთმენ მრისხანე მეუღლეს, გვირგვინის ღირსი შეიქნები, თუ მშვიდსა და წყნარს, მაშინ რისთვის უნდა დაგაჯილდოვოს ღმერთმა? ამას იმიტომ როდის ვამბობ, რომ ქმრებს უხეშობის მიზეზი მივცე, არა, არამედ, რათა დავარწმუნო ცოლები უხეში ქმრის მოთმინების სიკეთეში. ასე მაგალითად, როდესაც ცოლი იქნება მზად, ქმრის ყოველი უხეშობა დაითმინოს, მაშინ არც ქმარი შეურაცხყოფს მას. სახარება გვასწავლის: დღეს მარჯვენა ლოყაში გცემენ, მიუშვირე მარცხენაც. ეს ყველაზეა ნათქვამი, შენ კი შენი ქმრისგან არ გინდა ჩხუბის დათმენა. ვამბობ ამას არა იმიტომ, რომ ქმრებმა სცემონ ცოლები, არა, ეს უკიდურესი შეურაცხყოფაა არა იმისა, ვისაც ურტყამენ, არამედ თვით დამრტყმელისა. თუკი შენ, ცოლო, ცხოვრობ ასეთ მეუღლესთან, ნუ მიეცემი სევდას, არამედ გახსოვდეს, რომ ამ ცხოვრებაში ჯილდოსა და ქების ღირსი ხარ.

   შენც გეტყვი ქმარო: არანაირი საქციელი არ უნდა გაიძულებდეს, დაარტყა შენს ცოლს. თუმცა, რატომ ვამბობ ცოლს? კეთილგონიერ მამაკაცს არა აქვს უფლება თვით მოსამსახურესაც შეახოს ხელი. შენ მეტყვი, რომ მეტისმეტად კადნიერობს ცოლი? გეთანხმები, მაგრამ გაიხსენე, ის ცოლია, სათუთი ჭურჭელი, შენ კი - ქმარი. შენ ზუსტად იმისთვის ხარ დაყენებული ხელმძღვანელად, რათა დაითმინო ქვეშევრდომის სისუსტე. ასე რომ, უკეთუ ცოლის მიზეზით მოხდა რაიმე დანაშაული, ანუგეშე იგი, ნუ დაუმატებ განცდებს. თუმც მთელი ქონება დაკარგო, რა მიზეზიც არ უნდა მომიყვანო, არაფერია ცოლთან ურთიერთობის გაფუჭებაზე უარესი. უკეთუ გვევალება ერთმანეთის პრობლემების ატანა, განა ცოლის უარყოფითი მეტად არ უნდა დავითმინოთ? თუკი ღარიბია, ნუ გაკიცხავ მას; თუკი უგუნურია, ნუ განიკითხავ, არამედ უმჯობესია ასწავლე მას, რადგანაც ნაწილია შენი - ხორცი ხორცთაგანი. შენ კვლავ მეტყვი, რომ ის ენატლიკინაა, მიდრეკილია ლოთობისკენ, ბღუზიანია. ამ შემთხვევაში მრისხანება კი არა, წუხილი და ლოცვაა საჭირო. შევაგონოთ, ვასწავლოთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ამოვძირკვოთ ვნებები, უხეშობა იკურნება სიმშვიდით და არა საპასუხო უხეშობით.

  ამბობენ, ფილოსოფოს სოკრატეს ჰყავდა ბოროტი, ჭორიკანა და ლოთი ცოლი. კითხვაზე, თუ რატომ უთმენდა იგი ამდენს თავის ცოლს, ფილოსოფოსი პასუხობდა: ის მჭირდება მე მასწავლებლად, მისი დათმენით მე სხვასთანაც ვხდები მშვიდი და წყნარიო. თქვენ აღტაცებულნი ბრძანდებით? მე კი მეტად ვწუხვარ, რამეთუ წარმართნი გვჯობის მათ, ვისაც ანგელოზების მსგავსება გვაქვს მცნებად; და არა თუ ანგელოზების, მაცხოვარი მის მსგავსებასაც გვასწავლის. წარმართი ფილოსოფოსი ამ მიზეზის გამო არ იშორებდა თავის ცოლს. ზოგი იმასაც ამბობს, თავისი მოთმინების გამოსაცდელად მოიყვანაო. რადგანაც ადამიანის უმეტესობა არ არის ამდენად გონიერი, მე გირჩევთ, ეცადოთ, ყოველმხრივ კეთილგონიერი ცოლი მოიყვანოთ, და თუკი აღმოჩნდა, რომ თქვენი ცოლი ბოროტი და უვარგისი გამოდგა, მაშინ მივბაძოთ ფილოსოფოსს და მთელი ძალისხმევით ვეცადოთ მისი გამოსწორება.

   ვაჭარი არ ჩაუშვებს ზღვაში გემს, ვიდრე ყველა პირობას არ მოაგვარებს თავის მეგობართან, რათა ორმხრივი კმაყოფილება იყოს. ასევე ჩვენც, ყველა საშუალება გამოვიყენოთ, რათა ჩვენი გემი, ანუ ერთობლივი ცხოვრება, გავატაროთ მშვიდად და კმაყოფილად. მაშინ სხვა ყველაფერი ადვილად მოწესრიგდება.

   ამაზე უნდა ვიზრუნოთ უფრო მეტად, ვიდრე სახლზე, ფულზე, მონებზე, ყანებსა და სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმეებზე. მაშინ სულიერ ცხოვრებაშიც წარმატებები გვექნება, რისთვისაც მადლობა უფალსა ჩვენსა იესუ ქრისტეს თანა მამით, სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება