მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > სამოთხის ვაშლები

სამოთხის ვაშლები


4-11-2016, 00:07

 

   ღირსი ეფროსინი (ცხოვრობდა და მოღვაწეობდა IX ს-ში, პალესტინაში, იორდანეს მახლობლად) არ იყო დიდგვაროვანთა ოჯახიდან, მაგრამ თავისი სათნოებებით ბევრ წარჩინებულს აღემატებოდა. მრავალს, თავისი კეთილშობილი გვარის მიუხედავად, არავითარი სათნოება არ გააჩნია და სწორედ ამიტომ, ჯოჯოხეთის უფსკრულში ვარდება, და პირიქით, არცთუ იშვიათად, უბრალო წარმოშობის ადამიანები ღვთისათვის სათნო თავმდაბლობის წყალობით სამოთხეში ამაღლდებიან. ასევე იხილეს ღირსი ეფროსინი სამოთხეში, რომელიც მან თავისი წმინდა ცხოვრებით დაიმსახურა.

   ეფროსინი მონასტრის სამზარეულოში მსახურობდა და ძმებს არა როგორც ადამიანებს, არამედ როგორც ღმერთს - თავმდაბლად და მორჩილად ემსახურებოდა. დღედაღამ შრომობდა და არასოდეს ტოვებდა მარხვასა და ლოცვას. მისი მოთმინება გასაოცარი იყო, რადგან დიდ უსიამოვნებებს: ლანძღვა-გინებას, ჩხუბსა და ხშირ გულისტკენას იტანდა. მიწიერ ცეცხლს ანთებდა, მაგრამ ზეციური სიყვარულის ცეცხლით თბებოდა, უფლისადმი სიყვარულით იწვოდა მისი გული. ძმებისთვის საკვების მომზადებასთან ერთად თავისი სათნო ცხოვრებით სამოთხეში იმზადებდა ტრაპეზს, რათა ზეციური ნეტარებით დამტკბარიყო, იგი ფარულად მსახურებდა ღმერთს და ამიტომაც მიეგო ცხადად.

   აი, როგორ გვიჩვენა უფალმა ის, რაც მისმა მონამ, ეფროსინმა დაიმსახურა. მღვდელი, რომელიც იმავე მონასტერში ცხოვრობდა, გამუდმებით ევედრებოდა ღმერთს ეხილა და შეეგრძნო ის აღთქმული სიკეთე, რომელიც ღვთისმოყვარეთ განუმზადა უფალმა. და აი, ერთ ღამეს ხილვა ჰქონდა. ეჩვენა, რომ სამოთხეშია, შიშთა და სიხარულით ჭვრეტს გამოუთქმელ სილამაზეს. იქვე, თავისი მონასტრის ტრაპეზარი ეფროსინი დაინახა.

   მიუახლოვდა მას და ჰკითხა:

   - ძმაო, ეფროსინ, რა არის ეს, ნუთუ სამოთხეა?

   - დიახ, სამოთხეა, მამაო!

   მღვდელმა ისევ ჰკითხა:

   - შენ როგორ მოხვდი აქ?

  - ღვთის უსაზღვრო მოწყალებით, აქ ვიცხოვრებ, რადგან ეს ღვთის რჩეულთა სავანეა.

   - გაქვს რამე უფლება ამ მშვენიერებაზე?

   - რამდენსაც შევძლებ, იმდენს გავცემ იქედან, რასაც ხედავ - უპასუხა ეფროსინმა.

   - არ შეგიძლია მეც მომცე რამე? - იკითხა მღვდელმა.

   - ღვთის წყალობით, აიღე, რაც გსურს - იყო პასუხი.

   მაშინ მღვდელმა ვაშლებზე მიუთითა და ითხოვა ისინი, ეფროსინმა სამი ვაში მოწყვიტა, ხელსახოცში გაახვია და უთხრა:

   - აიღე, მამაო, რაც მთხოვე და დატკბი.

   ამ დროს ეკლესიაში ცისკრის ლოცვების ზარი ჩამოჰკრეს. გაღვიძებულმა და გონსმოსულმა მღვდელმა ნანახი სიზმრად ჩათვალა, მაგრამ ხელსახოცისაკენ ხელი გაიწოდა და სწორედ ის ვაშლები იპოვა, რომლებიც ეფროსინმა ხილვისას აჩუქა, მათი საოცარი კეთილსურნელება იგრძნო და გაოგნდა, ვაშლები საწოლზე დაალაგა, ეკლესიაში წავიდა და ცისკრის ლოცვაზე მისული ეფროსინი დაინახა. მივიდა მასთან და აფიცა, გაემხილა მისთვის, სად იყო იმ ღამით.

   ეფროსინმაც უპასუხა:

   - შემინდე, მამო, ამ ღამით იქ ვიყავი, სადაც მნახე.

   - იმიტომაც გაფიცე გაგეცხადებინა საქმენი უფლისანი, რომ არ დაგეფარა სიმართლე - თქვა მღვდელმა.

   მაშინ ღვთივგანბრძნობილმა  ეფროსინმა უთხრა:

- მამაო, შენ სთხოვე უზენაესს, რომ გენახა და გეგრძნო ის, რასაც, უფალი მიაგებს თავის რჩეულთ, უფალმაც კეთილინება, რომ შენს ღირსებას ეს ჩემი, გლახაკისა და უღირსის მეშვეობით ეხილა. და აი, მეც მნახე ჩემი ღვთის სამოთხეში. მღვდელმა კვლავ ჰკითხა:

   - რა მომეცი მე, როცა გთხოვე?

  - მე სამი ვაშლი მოგეცი, სწორედ ისინი, კელიაში სარეცელზე რომ დააწყვე. კვლავ მომიტევე მამო, რამეთუ მატლ ვარ და არა კაც - მიუგო ეფროსინმა.

   ცისკრის ლოცვის დასრულებისთანავე მღვდელმა ძმები შეკრიბა, აჩვენა მათ ის სამი ვაშლი და დაწვრილებით მოუთხრო რაც ნახა. ყველამ იგრძნო ვაშლების გამოუთქმელი კეთილსურნელება, სულიერი სიხარული და გაკვირვება ამ საოცარი ხილვის გამო. ისინი ეფროსინის სანახავად გაეშურნენ, რათა თავიანთი თაყვანისცემა გამოეხატათ მონისა ღვთისა, ეფროსინის მიმართ, მაგრამ ვერსად იპოვეს იგი. ეკლესიიდან წასულიყო და მიმალულიყო, რათა კაცთა დიდებას გარიდებოდა. ხოლო იმას, თუ სად მიიმალა, დიდი მსჯელობა არ სჭირდება, რადგან თუკი მისთვის ღია იყო სამოთხის კარი, სხვაგან სადღა წავიდოდა? ის ვაშლები ძმებმა გაინაწილეს, ბევრს გაუყვეს, განსაკუთრებით საკურნებელად, რადგან სნეულნი, იგემებდნენ თუ არა მას, ყოველგვარი ავადმყოფობისაგან იკურნებოდნენ. ძმებმა სხვა მრავალი სარგებელი მიიღეს წმ. ეფროსინის ძღვენისაგან, ხოლო აღწერილ საოცარ ხილვას არა მხოლოდ ქარტიებში, არამედ გულში ინახავდნენ, უდიდესი ღვაწლისა და ღვთივსათნო ცხოვრებისაკენ მიისწრაფვოდნენ.

   დაე, ღირსი ეფროსინის ლოცვით ჩვენც გვიწყალობოს უფალმა სავ-ანე სამოთხეში!

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება