მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, მთავარი გვედის ფოტო > ბავშვის დაბადება

ბავშვის დაბადება


22-09-2016, 00:07

 

 

   ქრისტემ ბრძანა, რომ როდესაც დედა შობს, ივიწყებს მშობიარობის ტკივილს სიხარულის გამო „რამეთუ იშვა კაცი სოფელსა შინა" (იოან. 16,21). ეს სიტყვები მეტყველებს, რომ თვით ღმრთისათვის ყოველი ჩვილის დაბადება მოვლენაა - ყოველი პიროვნება ღმრთის თვალში უნიკალურია - ერთი ბერი დედას, რომელიც მშობიარობისათვის ემზადებოდა, ურჩევდა, მომავალი ჩვილი აღებეჭდა სულიერი ბეჭდით, მუდმივად ელოცა იესოს ლოცვით სამშობიარო სახლში ყოფნასა და უშუალოდ მშობიარობის დროსაც კი.

 

 

ახალშობილი ყრმა

 

   თუ ჩვენ ვლოცულობთ და ნელ-ნელა ვსწავლობთ ლოცვის სულით ცხოვრებას, ჩვენ ვქმნით ატმოსფეროს, რომელშიც ბავშვები ლოცვას გემოს უგებენ და ღმრთის მყოფობას შეიგრძნობენ. თუ ჩვენ სულით ვართ განმსჭვალულნი, სიტყვების გარეშეც, მანამდეც კი, სანამ ბავშვი ლაპარაკს ისწავლის, მას შეიძლება გაუჩნდეს ბუნებრივი მიდრეკილება ლოცვისადმი და სურვილი - შეიცნოს ღმერთი.

   უკვე დაბადებული ბავშვისადმი მშობლების სიყვარული მრავალგვარად გამოიხატება, რომელთაგან ერთ-ერთი ლოცვაა. შეიძლება ვილოცოთ ბავშვის გვერდით, შევასრულოთ ჩვენი ლოცვითი კანონი მისი საწოლის ახლოს და საერთოდ, გარემოვიცვათ იგი ლოცვით. შეიძლება ვილოცოთ გულში, როცა იგი ხელში გვყავს. შეიძლება გადავსახოთ მას ჯვარი და ვევედროთ უფალს, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს, წმინდანებს, აკურთხონ და დაიფარონ ჩვილი. როდესაც უყურებთ თქვენს მძინარე ბავშვს, შეიძლება ილოცოთ მისთვის და გადასახოთ ჯვარი მის საწოლს ფეხებიდან თავის მიმართულებით და მარცხნიდან მარჯვნივ. მე ვიცნობ ერთ მამას, რომელიც ყოველ საღამოს, როცა მის ვაჟიშვილს ეძინა, მუხლმოდრეკით ლოცულობდა, მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს მისი შვილის ცხოვრება თავისი მადლით აღევსო.

   წმიდა იოანე ოქროპირი თავის შრომაში, რომელიც ბავშვთა აღზრდას ეხება, საუბრობს ბავშვებისათვის სახელის მინიჭებაზე. (როდესაც კითხულობ წმიდა მამის სიტყვას ამ და სხვა მრავალი საკითხის შესახებ, ფიქრობ, რომ ეს ნაშრომი შეიძლებოდა გუშინ დაწერილიყო - იმდენად ცოცხლად ეთანადება თანამედროვე მშობლების პრობლემებს). მისთვის ცნობილია ჩვეულება, ბავშვს სახელი დაარქვან რომელიმე ნათესავის ანდა ლიტერატურული გმირის საპატივცემულოდ, მაგრამ იგი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ბავშვს სახელი დავარქვათ წმიდანების პატივსაცემად, დაე, ჰქონდეთ მათ თვალწინ წმიდანის მაგალითი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვს რომელიმე ნათესავის სახელი დაარქვეს, მან უნდა იცოდეს იმ წმინდანის შესახებ, რომლის სახელსაც ატარებს. ჩვენ კი უნდა ვილოცოთ ამ წმინდანის წინაშე, გამოვთხოვოთ მას კურთხევა ჩვენი ბავშვისათვის, ჩვილს საწოლთან უნდა დავუკიდოთ მისი წმიდანის ხატი და მოგვიანებით, როცა წამოიზრდება, მოვუთხროთ მისი ცხოვრება.

   მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს განსაკუთრებული წესგანგებუ-ლება ბავშვისათვის: სახელის მინიჭება მერვე დღეს, დაბადებიდან მეორმოცე დღეს ღმრთისათვის მისი მიძღვნა და ა.შ. ნუ უგულებელყოფთ ამ საუნჯეს.

 

 

ნათლობის შესახებ

 

   ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან არ არის მხოლოდ ინტელექტუალური ურთიერთობა; ჩვენ შეგვიძლია შეგნებულად ვიცოდეთ ღმერთი მანამ, სანამ ამ ლაპარაკს დავიწყებდეთ. ამიტომ მართლმადიდებელი ეკლესია ბავშვებს უფლებას აძლევს მოინათლონ და მიიღონ წმიდა ზიარება. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ უმჯობესია არ მოვნათლოთ ბავშვები, რათა ზრდასრულებმა თვითონვე აირჩიონ საკუთარი გზა. ასეთივე წარმატებით ჩვენ შეიძლება არ ვაჭამოთ ბავშვს საჭმელი და მოვიცადოთ, სანამ გაიზრდება, რომ თვითონვე ამოირჩიოს ის რაც მოეწონება. ანდა არ ველაპარაკოთ, მივცეთ საშუალება თვითონ ამოირჩიოს ენა თავისი გემოვნებისამებრ. უნდა გვესმოდეს, რომ ნათლობა კი არ გვართმევს, არამედ გვანიჭებს სულიერ თავისუფლებას. მშობლებმა უნდა მოუძებნონ შვილს ისეთი ნათლიები, რომლებსაც შეგნებული ექნებათ მათი მთავარი მოვალეობა - იზრუნონ ნათლულის სულიერი ზრდისათვის.

   ნათლისღების მადლი არასოდეს არ წაგვერთმევა; ის შეიძლება ცოდვების გამო დავიხშოთ, ის შეიძლება მივივიწყოთ, მაგრამ მისი დაკარგვა შეუძლებელია. ვინც ბავშვობაში მოინათლა, ზრდასრულ ასაკში უფრო ადვილად მიიქცევა ღვთისკენ (ანდა კვლავ დაუბრუნდება ღმერთს), ქრისტიანული აღზრდა კიდევაც რომ არ ჰქონდეს მიღებული.

 

დედა მაგდალენა 

 Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება