მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, საეკლესიო სამართალი > ისტორიული მართლმადიდებელი ეკლესიის საზღვრების წაშლა

ისტორიული მართლმადიდებელი ეკლესიის საზღვრების წაშლა


12-10-2012, 12:25
ისტორიული მართლმადიდებელი ეკლესიის საზღვრების წაშლა აღსანიშნავია, რომ მოდერნისტებს თავისი კარგად ჩამოყალიბებული მეთოდები და ამოცანები გააჩნიათ. არქ. რაფაელი (კარელინი) თავის სტატიაში „საღვთისმეტყველო რეფორმატორობის საშიშროების შესახებ", რეფორმეტორების პოზიციისა და მიზნების ზოგად სქემას გვისახავს. ჩვენის მხრივ, შეძლებისამებრ, ამ საკითხების განვრცობას შევეცდებით.
მოდერნისტების პირველი ამოცანა ისტორიული მართლმადიდებელი ეკლესიის საზღვრების წაშლაა, მისი გადაქცევა რაღაც ამორფულ, განუსაზღვრელ, ცვალებად ეგზისცენტიურ ცნებად, მისი გადაყვანა სუბიექტივიზმისა და ფსიქოლოგიზმის სფეროში, გარეგანი მტკიცე ორიენტირების დანერგვა. თეოსოფები ამბობდნენ: „ყველგან ეძიეთ ჭეშმარიტება, დაანგრიეთ ავტორიტეტები, იქ სადაც დოგმატია - ჭეშმარიტება არ არსებობს"1.
მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც უცდომელი ღმერთკაცობრივი ორგანიზმი, თავის უცდომელობას სწორედ დოგმატური სწავლების საშუალებით გამოხატავს.
ნებისმიერ ისტორიულ ეპოქაში, დროის ცვალებადობის მიუხედავად, ეკლესია ყველა დოგმატს შეუცვლელად ინახავდა. დოგმატი ეკლესიის ცხოვრებაში ყოველთვის აქტიური და ავტორიტეტული იყო. ყველა მამა ყველა დროში, საუკუნეების განმავლობაში, აღიარებდა ერთსა და იმავე დოგმატს.
„ახალ ერესებთან ბრძოლის დროს, - ამბობს ვ. ლოსკი, - ეკლესია არასდროს უარყოფდა თავის წინა პოზიციას და არ ცვლიდა მას რომელიმე ახალი განსაზღვრებით. ამ ძველ ფორმულირებებს ვერასოდეს ვერანაირი ევოლუციური პროცესი ვერ შეცვლის - ისინი სამუდამოდ თანამედროვენი რჩებიან ცოცხალ მდგომარეობაში, მათ (დოგმატებს) ვერ ჩააბარებ ისტორიის არქივში"2.
„დაე, ნუ ვიფიქრებთ, - ამბობდა ღვთისმეტყველების მოდერნიზმისაგან დაცვის მიზნით მღვდელმთავარი სერაფიმე (სობოლევი), - რომ დოგმატიკა ჰგავს სხვა მეცნიერებებს. სხვა მეცნიერებებში შესაძლოა ახალი ჭეშმარიტებების გამოკვლევა, ხოლო დოგმატიკაში ასეთი რამ არ შეიძლება მოხდეს. აქ ყოველგვარი ჭეშმარიტება უკვე გახსნილია ჩვენი მაცხოვრის - ღვთის მიერ"3.
ამრიგად, მართლმადიდებებლი ქრისტიანისათვის ნათელია, რომ დოგმატური განსაზღვრებების რამდენადმე შეცვლა, ან შემცირება - ყოვლად მიუღებელია. ახლა თავად დოგმატის განსაზღვრებას შევუდგეთ. არქ. კირილე კოსტოპულოსის განსაზღვრებით: „დოგმატები (ოროსები) გამოხატავენ მაცხოვრის, მისი მოწაფეებისა და მოციქულების მიერ განცხადებულ ჭეშმარიტებას. საქმე მოციქულთაში ვკითხულობთ:"ასწავებდეთ მას დამარხვად მოძღვრებათა მათ დამტკიცებულთა მოციქულთაგან და ხუცესთა, რომელნი - იგი იყვნენ იერუსალიმს შინა".( 16.4)
დოგმატები - ჩვენი სარწმუნოების კანონმდებლობაა. ტრულის კრების პირველი კანონი ამბობს: „ხოლო ვინც კი პირველთქმულ კეთილმსახურების სჯულს არ შეიტკბობს და არ შეუდგება, იქადაგებს და ხელს მიჰყოფს მის შებრუნებას და უკუღმა შემოტრიალებას, შეცვენებულ იყოს"4. დოგმატები არ არის ზოგადი სწავლება, არამედ უდაო და უცდომელი ეკლესიის ჭეშმარიტებაა, რომელიც გამოიხატება მისი (დოგმატების) მეშვეობით. ამრიგად, ჩვენ არა გვაქვს უფლება დოგმატები პირველხარისხოვან და მეორეხარისხოვან, ან მნიშვნელოვან და უმნიშვნელოებად დავყოთ. თუ ჩვენ რაიმე მსგავსის განხორციელებას შევუდგებით, მალე მივალთ თვით საღვთო გამოცხადების ჭეშმარიტების უარყოფამდე, მაშასადამე ერესამდე.
ჩვენი წმიდა ეკლესიის ყველა დოგმატი უნდა იყოს არიარებული მორწმუნეთა მიერ, იმიტომ, რომ ყველა დოგმატი, წმინდა მამათა თქმით, მოწამეთა სისხლითაა დამტკიცებული, დოგმატური სწავლება გახლავთ ის, რაც გადმოგვცა თვით მაცხოვარმა იესო ქრისტემ, რასაც ასწავლიდნენ მორწმუნე ერს მისი (უფლის) წმინდა მოციქულები, და რისიც ირწმუნა წმიდა ეკლესიამ და დღესაც სწამს მისი.
წმიდა ირინეოს ლიონელი ამბობს ამის შესახებ:"დოგმატები - განცხადებაა ყოველივე იმისა, რაც წერია წმ. წერილში" ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ რაიმე მივუმატოთ ან გამოვაკლოთ ეკლესიის დოგმატურ განსაზღვრებებს. პავლე მოციქული მკაცრი სიტყვით მოძღვრავდა გალატელებს: "დაღათუ ჩვენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქვენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქვენ, შეჩუენებულ იყავნ!"(გალ.1.8)5.
 
 მოამზადა: დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ
 
 
1 მართლმადიდებლობა და მოდერნიზმი დ. ჯინჭარაძე, თბ. 2006 წ. გვ. 23
2 догмат церкви и эклезиологические ереси. Вл. Лосмкий.
3 Об истинном монархическом миросозерцании. Серафим (Соволев).
4 დიდი სჯულის კანონი. მე-5 და მე-4 მსოფლიო კრება. გვ. 150.
5 Папство – это ерес. Кирил (костопулос), стр. 25-26

უკან დაბრუნება