მთავარი > მნიშვნელოვანი თემები, სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > 2016 წ. კრეტის კრების შემაჯამებელი შეფასება (სრული ვერსია)

2016 წ. კრეტის კრების შემაჯამებელი შეფასება (სრული ვერსია)


1-08-2016, 03:07

 

 

   2016 წლის ივნისში ჩატარებული ე.წ. „წმინდა და დიდი" კრება მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში სერიოზული განხილვის საგანი გახდა. მის შესახებ აზრი ორად გაიყო: ერთნი მიიჩნევენ, რომ კრებას მართლმადიდებელი ეკლესიისთვის საყოველთაო მნიშვ-ნელობა აქვს, რომ ის სავალდებულოცაა მთელი ეკლესიისათვის. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ კრებას მრავალი პრობლემა ახლდა და მისი ლეგიტიმურობა ერთობ საეჭვოა.

   მიიღებს თუ არა კრეტის გადაწყვეტილებებს მართლმადიდებლური ოიკუმენი (მთელი სისავსე ეკლესიისა), როგორი სახელით შევა ის ისტორიაში, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მისი სტატუსი და ავტორიტეტი სწორედ იმაზეა დამოკიდებული, როგორ მიიღებს მას ეკლესიის სისავსე.

   ეკლესიის ისტორია გვასწავლის, რომ კრების ავტორიტეტს განსა-ზღვრავს, განაპირობებს ის, თუ რამდენად შეესაბამება მისი გადაწყვეტილებები ღვთის ნებას, წმინდა მსოფლიო კრებათა და წმინდა მამათა სწავლებას, ანუ თუ კრება იქნება „რატიფიცირებული", აღიარებული ეკლესიის მთელი სისავსის მიერ.

   ამ ნიშნით კრეტის კრებას მრავალი რამ დაეწუნება. რაკი მისი რე-ცეფცია უკვე დაწყებულია, გვსურს ჩვენი უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის ფარგლებში, არსებული საღვთისმეტყველო შეფასებების საფუძველზე, გამოვხატოთ ჩვენი პოზიციაც ჩატარებული კრების შესახებ.

   1. პირველი პრობლემა, რომელიც განსაკუთრებით აზიანებს კრების დოკუმენტებს, გახლავთ ზოგიერთი ტექსტის ორაზროვანი საუბარი. როდესაც საქმე ეხება მნიშვნელოვან, მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის აუცილებლობად გამოცხადებულ დოკუმენტებს, ყოვლად მიუღებელი და გაუმართლებელია ტექსტის ორაზროვნება და გაურკვევლობა.

   რომ გადავხედოთ მსოფლიო და ადგილობრივი ავტორიტეტული კრებების ისტორიას, მსოფლიო კრებების შემდგომ „მრგვლივმოცულ ეპისტოლეებს" (1723 და 1848 წ.წ.), ასევე წიგნს „მართლმადიდებელი ეკლესიის აღმსარებლობას" და ა.შ., დავინახავთ რაოდენ მკაფიო, ღვთისმეტყველურად გამართული და თანმიმდევრულია ყოველი ტექსტი. რაც მთავარია, მათი განსაზღვრებანი მთლიანად შეესაბამება მსოფლიო კრებათა სწავლებასა და სულისკვეთებას. ამის გამო აღნიშნული სიმბოლური წიგნების ავტორიტეტი ყველა ადგილობ-რივმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, პატრიარქებმა, სინოდალურ დონეზე აღიარეს.

   მეოცე საუკუნის დასაწყისი ოფიციალურ საღვთისმეტყველო დოკუ-მენტებში ორაზროვნებისა და გაურკვევლობის დასაწყისიცაა. ეს საკითხი ნავჰაქტის მიტროპოლიტმა იეროთეოსმა (ვლახოსი) საფუძვ-ლიანად გამოიკვლია ნაშრომში „აღმსარებლური ორაზროვნება, გაურკვევლობა და ბუნდოვანება". მიტროპოლიტი შენიშნავს, რომ ორაზროვნება და ბუნდოვანებაა ისეთი საკითხების განხილვისას, როგორიცაა: რა არის ეკლესია, ვინ არის მისი წევრი, რა არის ერესი, როგორია ეკლესიის დამოკიდებულება ერესთან და ა.შ.

   ძირითადი პრობლემა კი მაინც ისაა, რომ ორმაგი ენა, ორაზროვნება იწვევს ეკლესიური წრეების შფოთს, ეჭვს, მერყეობას სარწმუნოებრივ საკითხებში. სწორედ ასეთია კრეტის კრების ზოგიერთი ტექსტიც.

   2. ძალიან სამწუხაროა, რომ კრეტის კრება მუშაობას შეუდგა არა მსოფლიო კრებების უცილობო პრინციპის თანახმად, არამედ ოდითგანვე დადგენილი, ერთობ მნიშვნელოვანი წესის დარღვევით. კერძოდ: წინამორბედი მსოფლიო კრებებისა და დოგმატების კრებსით განსაზღვრებათა აღიარებით აღნიშნული კრებაც გახდებოდა ორგა-ნული გამგრძელებელი წინამორბედი კრებების სწავლებისა და სულისკვეთებისა.

   პირიის მიტროპოლიის (საბერძნეთი) ერესებთან მომუშავე კათედ-რამ აღნიშნა, რომ ზემოხსენებული წესი საყოველთაოდ აღიარებული პრინციპია, მსოფლიო კრებათა დოგმატურ განსაზღვრებებში დაცული (იხ. II მსოფლიო კრების 1 კანონი, VI მსოფლიო კრების 1 კანონი და სხვა). ამით წმინდა მამები მსოფლიოს გასაგონად აცხადებდნენ, რომ აღიარებდნენ და ეთანხმებოდნენ ყოველივეს, წინა მსოფლიო კრებებზე მიღებულს, რომ მათ კვალდაკვალ სურდათ მოღვაწეობა.

   გარდა ამისა, საერთომართლმადიდებლური კრების (რის პრეტენ-ზიასაც აცხადებს კრეტის კრება) დღის წესრიგში არ დადგა მართ-ლმადიდებელი ეკლესიის მართლაც საჭირბოროტო საკითხები, თუნდაც თანამედროვე ერესების მხილება, რაც ძალიან აქტუალურია და მოითხოვს დროულ, საერთომართლმადიდებლურ, კრებსით გადაწყვეტილებას.

   შესაბამისად: თუ სურდათ, კრეტის კრებას ნამდვილად მოეპოვებინა მსოფლიო მნიშვნელობა, მაშინ ერესებთან და ერეტიკოსებთან მიმართებაში მისი გადაწყვეტილებები უნდა ყოფილიყო ბადალი წმინდა მოციქულთა და წმინდა მამათა მიერ მსოფლიო კრებებზე მიღებულ განსაზღვრებათა. ეს ნიშნავს თანამედროვე ერესების მკაფიოდ და არაორაზროვნად მხილებას.

   3. მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითი ცნობიერებისთვის დღე-მდე არნახული სიახლეა ე.წ. „წმინდა და დიდ" კრებაზე ოფიციალური სტუმრის სტატუსით პაპისტური, პროტესტანტული და მონოფიზი-ტური ერეტიკული დენომინაციების წარმომადგენელთა მოწვევა. ეს გახლავთ უპრეცენდენტო სიახლე. ამასთან, მსოფლიო პატრიარქმა ისინი „ძმური ეკლესიების წარმომადგენლებად" მოიხსენია, რითაც მართლმადიდებლურ სამყაროს ამცნო, ერთგვარად „დაუმესიჯა", რომ სულაც არ აპირებს სხვაგვარადმადიდებელ ქრისტიანებს უწოდოს ერეტიკოსები. პირიის საღვთისმეტყველო კათედრამ შენიშნა, რომ „ბიზანტიის ისტორიაში, მსოფლიო და ადგილობრივ კრებებზე არასდროს დაფიქსირებულა მსგავსი ფაქტი - „დამკვირვებლის (საპატიო სტუმრის) სტატუსით მსოფლიო კრებას ესწრებიან ერეტიკოსები, რომლებიც უნდა შეაჩვენონ ამ კრებებმა... დიახ, ერეტიკოსებს კი იწვევდნენ კრებებზე, მაგრამ არა ვით სტუმარს, არამედ ვით ბრალდებულს, რათა მათ პასუხი ეგოთ თავიანთი ცრუსწავლების გავრცელების გამო. „დამკვირვებლის" სტატუსის ცნება პაპისტურ სამყაროში ვატიკანის და II კრებებზე გაჩნდა. ცხადია, „წმინდა და დიდმა" კრებამ პაპისტური მოდელის კოპირება მოახდინა".

   4. კრეტის კრების დაწყებისთანავე კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტის მომსწრენი გავხდით. სულთმოფენობის დღესასწაულის ცისკარსა და ლიტურგიაზე მართლმადიდებელმა მღვდელმთავრებმა ერთობლივი ლოცვა აღავლინეს... „დამკვირვებელ" - ერეტიკოსებთან ერთად. მთელმა მსოფლიომ იხილა ეს სამარცხვინო კადრები. ერეტიკოსებთან ერთობლივი ლოცვა, მოგეხსენებათ, წმინდა კანონებითაა აკრძა-ლული. ამ ლოცვაში მონაწილე ყველა მღვდელმთავარმა სწორედ რომ შეურაცხყო მოციქულთა და მსოფლიო კრებათა კანონები. ამ ჟესტით კიდევ ერთხელ დაგვანახეს - აი რა: წმინდა წერილის, წმინდა მამების ციტირება, დეკლარირებული საუბარი მოციქულებრივ, კრებსით სულზე გახლავთ „ფასადი", მის მიღმა კი ერეტიკოსთა, ვით „ეკლესიათა", პატივისცემა იკვეთება.

   5. კრეტის კრებაზე ათი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლე-სიის მხოლოდ ოცდაოთხი მღვდელმთავრის დასწრება მართლმადი-დებელი ეკლესიის კრებსითი ცნობიერებისათვის გაუგონარი სია-ხლეა. უნდა აღინიშნოს, რომ სულიერად მათ კრებაზე არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნდათ. სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა ირინეოსმა (ბაჩის მიტროპოლია), რო-მელიც კრებას ესწრებოდა, განაცხადა: „კრების წევრ ეპისკოპოსებს ჰქონდათ აზრის გამოთქმის შესაძლებლობა, მაგრამ არა ხმის უფლება. წმინდა მამების აღიარებული პრინციპის თანახმად „ერთი მამა - ერთი ხმაა". კრებაზე კი სულ სხვა პრინციპი მოქმედებდა: „ერთი ავტოკეფალური ეკლესია - ერთი ხმა". სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხმის უფლება მხოლოდ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლებს ჰქონდათ.

   სწორედ ამგვარად რომ წარიმართებოდა ვითარება კრებაზე, ამას წი-ნასწარ იუწყებოდა მრავალი თანამედროვე ღვთისმეტყველი.

   მაგალითად, მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი) კრების დაწყე-ბამდე წერდა: „მოახლოებულ კრებას მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდ" კრებად სახელდებენ, სინამდვილეში ის ადგილობ-რივი ეკლესიების წინამძღოლთა კრება იქნება. ამ მოსაზრებას იმით ვადასტურებ, რომ ყველა საჭირბოროტო საკითხი მართლმადი-დებელი ეკლესიების წინამძღოლების მიერ იქნა მიღებული. 2014 წ. 6-9 მარტს კონსტანტინოპოლში მათ (წინამძღოლებმა) წმინდა და დიდი კრების მოწვევის გადაწყვეტილება მიიღეს. 2016 წ. ივნისში მისი თემატიკა განისაზღვრა. 2016 წ. 27-28 იანვარს ეკლესიების წინამ-ძღოლებმა შამბეზში რეგლამენტის მუშაობას უყარეს კენჭი (ანტიოქიის საპატრიარქოს გარდა). იმავე შეხვედრაზე ხელი მოეწერა კომისიების მიერ შემუშავებულ ტექსტებს, გარდა შერეული ქორწინებისა (საქართველოსა და ანტიოქიის ეკლესიები). წმინდა და დიდი კრების დაწყებამდე ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლები ხელს მოაწერენ კრების მიმართვას... და ბოლოს, წმინდა და დიდი კრების საბოლოო სახით დამტკიცებული დოკუმენტები ეკლესიათა წინამძღოლების მიერ იქნება ხელმოწერილი".

   ყოველივე ამის გათვალისწინებით ბაჩის ეპისკოპოსმა ირინეოსმა დაასკვნა შემდეგი:

   ა) კრება არ არის წარმოდგენილი როგორც ქრისტეს ეკლესიის ერ-თიანი სხეული, არამედ მოგვევლინა პარლამენტის მსგავს ინსტი-ტუტად.

   ბ) ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლთა აღნიშნული კრება არ-სობრივად პაპების შეკრების მსგავსი მოვლენაა.

   გ) „წმინდა და დიდი კრების" პრეტენზიის მიუხედავად, მისი სტა-ტუსი კნინდება ზოგიერთი ადგილობრივი ეკლესიის წინამძღოლთა შეკრების დონემდე, რომლებიც უბრალოდ კრებაზე გაფართოებული დელეგაციებით წარდგნენ.

   შესაბამისად, განსხვავება მართლმადიდებელ მღვდელმთავარსა და არამართლმადიდებელ დამკვირვებელს შორის მხოლოდ იმით გამოიხატა, რომ პირველს საუბრის უფლება ჰქონდა, ხოლო მეორე ჩუმად იჯდა: ვერც ერთი და ვერც მეორე ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებდა".

   6. 2016 წ. იანვარს, ჟენევაში შემდგარი შეხვედრის თანახმად, დად-გინდა სამუშაო დღის წესრიგი. „კრება ყველა ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიის წინამძღოლთა ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე უნდა შემდგარიყო (1 სტატია), მაგრამ მოცემულობა არ შეესაბამებოდა შეთანხმებას. ოთხმა ადგილობრივმა ეკლესიამ (ბულ-გარეთის, ანტიოქიის, საქართველოსა და რუსეთის) სინოდალური გადაწყვეტილებების საფუძველზე მოითხოვა კრების გადადება, შესაბამისად, რეგლამენტის განსაზღვრებისა. ამდენად, არც მსოფლიო პატრიარქს, არც დანარჩენ ადგილობრივ ეკლესიათა ერთობლიობას არ ჰქონდათ კრების მოწვევის უფლება.

   7. გარდა იმისა, რომ ჟენევაში ეკლესიების წინამძღოლთა შეხვე-დრაზე მიღებულ დოკუმენტებს არ გააჩნდა სრული თანხმობა, (მას ხელი არ მოაწერეს ანტიოქიისა და საქართველოს ეკლესიებმა), აღნიშნული დოკუმენტები თავიანთ ეკლესიებში სინოდალურ დონეზეც იქნა განხილული. კრებსითი განხილვის დროს დოკუმენ-ტებში მრავალი პრობლემა, ორაზროვნება, ბუნდოვანება, არამართლ-მადიდებლური ფორმულირებები და ა.შ. აღმოაჩინეს. შესაბამისად დოკუმენტებში შესწორებების შეტანას მოითხოვდნენ. პირიის (საბერძნეთი) მიტროპოლიის საღვთისმეტყველო კათედრამ (კომისი-ამ) შენიშნა: „ის, რომ ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლებმა ხელი მოაწერეს მეხუთე წინამოსამზადებელი შეხვედრის დოკუ-მენტებს (თავად კრების რეგლამენტსაც), არ ნიშნავს, რომ ადგილობრივი ეკლესიების მღვდელმთავრები ვალდებულნი არიან უსიტყვოდ მიიღონ ეს ტექსტები იმ სახით, როგორითაც იყო წარდგენილი. პირადი მოსაზრება წინამძღოლისა მღვდელმთავართ არ ავალდებულებს უსიტყვო მორჩილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა ეკლესიის კრებსითობის პრინციპი და ცალკეული წინამძღოლი გადაიქცევა ერთგვარ „პაპად", რომელიც ყველა საკითხს ინდივიდუალურად წყვეტს და სხვებსაც თავს ახვევს ამ მოსაზრებას".

   ამიტომ მსოფლიო პატრიარქის მოწოდება - „შეგვიძლია შევუდგეთ საქმიანობას ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე", - აბსოლუტურად მიუღებელია. ამჯერად მსოფლიო პატრიარქი გუ-ლისხმობს ჟენევაში ხელმოწერილ შეთანხმებას (იმთავითვე არ მოაწერა ხელი ანტიოქიის ეკლესიამ), რომელსაც უკვე არ გააჩნია ლეგიტიმურობა - ზოგიერთმა ეკლესიებმა საკუთარ სინოდალურ სხდომებზე შეთანხმებაში კორექტივი შეიტანეს.

   8. ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალურ განსა-ზღვრებაში ვკითხულობთ: „სხდომის დარბაზში ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლთა განლაგება წარმოდ-გენილი სახით (იგულისხმება მსოფლიო პატრიარქის მიერ ცენტრა-ლური ადგილის დაკავება, ვით უპირატესი წინამძღოლისა), არღვევს ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიების თანაბარმოციქულებ-რივ პრინციპს".

   მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების თანახმად, ცალკეული ადგილობრივი ეკლესია ჭეშმარიტ სწავლებას ეკლესიის სისავსის, დოგმატური თვითშგნების საფუძველზე გამოხატავს. კრეტის კრების „რეგლამენტში" ვკითხულობთ: „ამ დოკუმენტებს აქვთ პანორთო-დოქსული ავტორიტეტი" (მუხლი 13). მაგრამ, „საერთომართლმადი-დებლური კრებისთვის მსოფლიო ავტორიტეტის დამდგენად, უც-დომელ მსაჯულად მის წევრთა მიერ სისავსით გამოხატული დოგმატური თვითშეგნება გვევლინება და არა მსოფლიო პატრიარქი. ე.ი. მმართველობითი კუთხით ეკლესიის ერთიანობა მორწმუნეთა ქრისტეს მისტიკურ სხეულში, სულიწმინდის შთაგონებით ხორციელ-დება" (პროფ. დ. ცელინგიდისი).

   ეკლესიის ერთიანობა მარტოოდენ კრების მექანიკური მუშაობითა და განცხადებით, რომ „პანორთოდოქსულ ავტორიტეტს" მყისიერად იძენს, არ მიიღწევა. მსგავსი რამ არ შეესაბამება მართლმადიდებლური კრებსითობის სულისკვეთებას. ეს მხოლოდ მაშინ ხორციელდება, როდესაც კრების ყველა წევრი ქრისტეს ჭეშმარიტი სწავლების აღმსარებელია. მხოლოდ მაშინ იმყოფებიან ისინი სულიწმინდაში და ფლობენ „ქრისტეს გონს" (პროფ. დ. ცელინგიდისი).

   ამრიგად, რომელიმე საეკლესიო კრების ავტორიტეტი არ დგინდება რომელიმე ადგილობრივი ეკლესიის წინამძღოლის, გნებავთ მსოფ-ლიო პატრიარქის (პირველის პატივით და არა უფლებამოსილებით) სურვილით, ვინაიდან „პირველის პატივი", მსოფ-ლიო კრებათა განსაზღვრებების თანახმად (მოციქულთა 34 კანონი; II მსოფლიო კრების 2, 3 კანონი; IV მსოფლიო კრების 28 კანონი), ადგილობრივ - ეპარქიული მმართველობის დონემდე მკაცრად იზღუდება.

   კრეტის კრებას ლაიტმოტივად გასდევს მსოფლიო პატრიარქის სუ-რვილი, იყოს „პირველი უფლებამოსილებით თანაბრებს შორის, „აღმოსავლეთის პაპი", რომელიც მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიას თავის პირად სამწყსოდ მოიაზრებს, როგორც ეს პაპიზმშია. მართლმადიდებელი კრებსითი ცნობიერება არასდროს მიიღებს ამ სიახლეს.

   9. კრეტის კრების მსვლელობისას კონსტანტინოპოლის საპატრიარ-ქოს წარმომადგენლებისაგან არაერთგზის მოვისმინეთ, რომ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებები სავალდებულო იქნება მათთვისაც კი, ვინც კრებას არ ესწრებოდა. ეს წინა პუნქტის პათოსის გაგრძელებაა უთუოდ.

   საქმე ისაა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არც ერთ კრებას წი-ნასწარ არ ანიჭებდა მსოფლიო მნიშვნელობას. მით უფრო ვერ გახდებოდა ის სავალდებულო არდამსწრე ადგილობრივი ეკლესიე-ბისთვის მანამ, სანამ ეკლესიის სისავსე არ მიანიჭებდა კრებას მსოფლიო მნიშვნელობას. ახალმოწამე მ. ნოვოსელოვი წერს: „მსო-ფლიო კრებას წინასწარ არასოდეს უთქვამს, რომ ესა თუ ის სწავლება ჭეშმარიტია, რაკი მსოფლიო კრებამ ასე დაადგინა. ხდებოდა პირიქით - როდესაც კრება ჭეშმარიტ სწავლებას აღიარებდა, ეკლესია მას მსოფლიო ტიტულს ანიჭებდა" (Письма к Друзьям). ეკლესიაში არც ერთი ეპისკოპოსი, მსოფლიო პატრიარქი, გნებავთ კრება, მსოფლიო კრებების უცდომელობაზე მაღლა არ და ვერ დააყენებს თავის თავს.

   აღმოსავლეთის პატრიარქთა ცნობილ ეპისტოლეში (1848 წ.) გამოთ-ქმულია აზრი, რომ ეკლესია არ იცავს სარწმუნოებრივ საკითხებში სავალდებულო იერარქიულ ავტორიტეტს. აი, რა განაცხადეს აღმოსავ-ლეთის უმაღლესმა იერარქებმა მთელი მსოფლიოს გასაგონად: „ჩვენთან არც პატრიარქებს და არც კრებებს არასოდეს შეეძლოთ რაიმე სიახლის შემოტანა, რადგან ჩვენთან სარწმუნოების მცველი თავად ქრისტეს სხეულია, ეკლესიის სისავსეა".

   ამრიგად, იერარქთა, გნებავთ ათი ადგილობრივი ეკლესიის წინამძ-ღოლთა (თანმხლები ეპისკოპოსებითურთ) შეკრება, მით უფრო მაშინ, როდესაც კრების განსაზღვრებებში მრავალი ორაზროვნება და ბუნდოვანებაა, ვერაფრით გახდება სავალდებულო არდამსწრე ეკლე-სიებისათვის.

  10. ვფიქრობთ, არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ კრეტის კრება ძირითადად ეკლესიოლოგიურ საკითხებს დასტრიალებდა. ანუ ძირითადი თემა - ეკლესია და თანამედროვე სამყაროში მისი არსებობის, ურთიერთობის საკითხები დაისახა განსახილველ მიზნად. კრების დოკუმენტებში მრავალგზისაა საუბარი „ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის" არსებობის შესახებ, რომ ის არის „ჭეშმარიტი მემკვიდრე, გამგრძელებელი" და ა.შ. მაგრამ ცხადად არსად თქმულა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთადერთი ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია, რომ დანარჩენი ქრისტიანული საზო-გადოებები, რომლებიც თავს ეკლესიებად მიიჩნევენ, არსებითად არ გახლავთ ეკლესია.

   ამდენად, ვიდრე კრეტის კრების დოკუმენტების განხილვას შევუ-დგებოდეთ, უპრიანია ეკლესიის ტერმინის ჭეშმარიტ მნიშვნელობაზე გავამახვილოთ ყურადღება.

   ტერმინ „ეკლესიას" წმინდა მამათა საგანძურში ერთობ საპასუხის-მგებლო მნიშვნელობა ენიჭება. თუ ნაშრომს საღვთისმეტყველო, დოგმატური შინაარსი ჰქონდა, მეტადრე, თუკი საკითხი კრების დონეზე განიხილებოდა, წმინდა მამები აკრიბიას მიმართავდნენ.

   მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსის კომპეტენტური განმარტების მიხედვით „ეკლესია აკრიბიის თანახმად ქრისტეს სხეულია. ქრისტე - თავია ეკლესიისა. ნათელღებულნი და მართლმორწმუნენი ეკლესიის ამავე დროს ქრისტეს სხეულის წევრებია. წმ. გრიგოლ პალამამ ეკლესიას „განღმრთობილთა ერთობა" უწოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი, ვინც ქრისტეს სხეულის თანაზიარია და ეკლესიის წევრია, ის სხვადასხვა დოზით განღმრთობის თანაზიარია.

  ამ რეტროსპექტივით კართაგენის კრება, რომელსაც მღვდ. მონ. კვიპრიანე თავმჯდომარეობდა, წერს: „რაც შეეხება ერეტიკოსებს: იქ არ არის ეკლესია". იმავე სულისკვეთებითაა შედგენილი მეორე მსოფლიო კრების მეშვიდე კანონი, მეხუთე - მეექვსე მსოფლიო კრების ოთხმოცდამეხუთე კანონი, სადაც საუბარია არიანელებზე, მაკედო-ნიანელებზე, ნავაციანელებზე, ნესტორიანელებზე, ევტიქიანელებსა და სევერიანელებზე, რომლებსაც კანონი არ უწოდებს ეკლესიას. წმ. გრიგოლ პალამა ამბობს: „ვისაც გააჩნია ჭეშმარიტება, ისინი ქრისტეს ეკლესიას ეკუთვნიან, ხოლო ზოგიერთი არ ფლობს ჭეშმარიტებას, შესაბამისად, არ ეკუთვნის ქრისტეს ეკლესიას".

  „ყველაზე სამწუხარო და სავალალო, - გარტინელი (ელადის ეკ-ლესია) მიტროპოლიტის იერემიას აზრით, გახლავთ ის, რომ არამართლმადიდებელთა „ეკლესიებად" სახელდება კრების დონეზე განხორციელდა"... „მათ განაცხადეს, დაწერეს და ხელი მოაწერეს ტერმინს „არამართლმადიდებელი ეკლესიები", შედეგად ერეტიკო-სებიც „ეკლესიებად" აღიარეს.

   11. ამრიგად, მივადექით კრეტის კრების ყველაზე მტკივნეულ თემას. კერძოდ: დოკუმენტში „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდე-ბულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი" კრების მიერ ერთხმად (გარდა რამდენიმე მღვდელმთავრისა) იქნა მიღებული შემდეგი ფორმულირება: „მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს ისტორიულ სახელწოდებას სხვა, მასთან ურთიერთობაში არმყოფი არამართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიებისა და კონფესიები-სა". ტექსტის ავტორთა აზრით, მხოლოდ ამ ტერმინით - „ისტორიული სახელწოდება" - შემოიფარგლნენ. იბადება სამართლიანი კითხვა: „რანაირად შეიძლება სახელწოდებას ანიჭებდე რაიმეს და, ამავე დროს, უარყოფდე იმის არსებობას, რასაც გსურს მიანიჭო ეს სახელწოდება?" - ასე განაცხადეს პირიის მიტროპოლიის საღვთის-მეტყველო კათედრის სასულიერო პირებმა და ერისკაცებმა.

   წინააღმდეგობრივი და დოგმატური თვალსაზრისით მიუღებელი ტერმინია „არამართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიები და კონფესიები". როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არამართლმადიდებლებს სწორედ იმის გამო ვერა და ვერ ვუწოდებთ „ეკლესიებს", რომ ისინი ერეტიკულ სწავლებასა და დოგმებს აღიარებენ. რაკი არიან ერეტიკოსები - შეუძლებელია იყვნენ „ეკლესიები".

   „რას ნიშნავს „ისტორიული სახელწოდება"? - კითხულობს გარტანის მიტროპოლიტი იერემია, - სად გაგონილა, რომ წმინდა მამები ერესებსა და გახეთქილებებს „ეკლესიებს" უწოდებდნენ?"

   აღნიშნული დოკუმენტი, მკაფიოდ არ განსაზღვრავს ვინ არის და ვინ არ არის ეკლესიის წევრი, რას წარმოადგენენ ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისაგან განდგომილი საზოგა-დოებები; არ ავლებს ზღვარს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ერესს შორის. კრების დამსწრე მღვდელმთავართა აზრით, რომლებმაც არ მოაწერეს ხელი აღნიშნულ დოკუმენტს, განაცხადეს, რომ „მისი ხელმოწერა პროვოცირებას მოახდენს და სხვადასხვა პრობლემას გააჩენს მომავალში". ნავჰაქტელი მიტროპოლიტი იეროთეოსისაგან (ვლახოსი) ასევე შევიტყვეთ, რომ დოკუმენტის „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსად-მი" განხილვის დროს წამოიჭრა შემდეგი საკითხი: რამდენად დასაშვებია სხვაგვარადმადიდებელი ქრისტიანები მივიჩნიოთ სქიზ-მებად ან ეკლესიასთან ურთიერთობაში არმყოფებად?

   იმისათვის რომ ამ საკითხს მოეფინოს ნათელი, კარგად უნდა გავი-აზროთ, რას წარმოადგენს „დანარჩენი ქრისტიანული სამყარო", რომელზეც საუბარია დოკუმენტის სათაურში.

   ჯერ ერთი, არსებობენ აღმოსავლეთის ქრისტიანები: ნესტორიანე-ლები, მონოფიზიტები, მონოთელიტები..., რომლებიც: ნესტორიანე-ლები მესამე მსოფლიო კრებამ (431 წ.), მონოფიზიტები - ანტი-ქალკიდონიტები, ქალკიდონელდელები მეოთხე (451 წ.) და მეხუთე (553 წ.) მსოფლიო კრებებმა, ხოლო მონოთელიტები მეექვსე (680 წ.) მსოფლიო კრებამ შეაჩვენა. შესაბამისად, აღნიშნული ქრისტიანული დაჯგუფებები გამოეყვნენ ერთ, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას.

  მოგვიანებით მართლმადიდებელ ეკლესიას ფილიოქვეს ერესის - სულიწმიდის და ძისაგან გამომავლობისა და actus purus - ის სწავლების შემოღების გამო, თითქოს ღმერთში არსებობს ქმნილი ენერგიები, რომლის მეშვეობითაც უფალი ამყარებს კავშირს სამ-ყაროსთან, ძველ რომად წოდებული ქრისტიანები განუდგა. ისინი 1351 წლისა და მომდევნო საუკუნეების ავტორიტეტულმა კრებებმა ბრალეულყო.

   ერთ, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისაგან განდგო-მილ დასავლელ ქრისტიანებს მეთექვსმეტე საუკუნეში დიდი ნაწილი გამოეყო, რომლებსაც რეფორმატორები, პროტესტანტები ეწოდებათ. ამ კატეგორიას მიეკუთვნება ლუთერანები, კალვინისტები, ანგლი-კანები და ა.შ. ეს ქრისტიანებიც მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრავალი ერესის შემოღების გამო შეაჩვენა.

   ამრიგად, ისმის სამართლიანი შეკითხვა: რანაირად შეიძლება მათ სქიზმა - განხეთქილება ან ურთიერთობაში არმყოფი „ეკლესიები" ეწოდოს? ტერმინს „ურთიერთობაში არმყოფი" სპეციალური დატ-ვირთვა გააჩნია. მასში მართლმადიდებელი ეკლესია იმ ჯგუფებს მოიაზრებს, რომლებსაც დროებით არ გააჩნია კავშირი სხვა ად-გილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიასთან. ამის მაგალითია ანტიოქიასა და იერუსალიმის საპატრიარქოებს შორის არსებული უთანხმოება კატარის საკითხის გამო.

   ამრიგად, იმ ქრისტიანებთან მიმართებაში, რომლებმაც თავიანთ სა-რწმუნოებაში დაამკვიდრა ერესი, ვერ გამოვიყენებთ ვერც ტერმინ სქიზმას, ვერც ურთიერთობაში არმყოფს. მათზე შეგვიძლია მხოლოდ ვთქვათ შემდეგი: ეს ქრისტიანები განუდგნენ, ან განეშორნენ ერთ, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას, რომელიც „დანარჩენი ქრისტიანული სამყაროს" მისგან განდგომის მიუხედავად, ინარჩუნებს სისავსესაც და ერთიანობასაც. (შეად. Немного времени спустя после „Святого и Великого Собора").

   12. კრეტის კრების „საზოგადოებრივ" დოკუმენტში, მრგვლივმოც-ულ ეპისტოლეში არაერთ ორაზროვან აზრსა და შეხედულებას ვაწყდებით. მეათე პუნქტში, მაგალითად, ნათქვამია: „ეკლესიის გაიგივება კონსერვატიზმთან შეუთავსებელია პროგრესისა და ცივი-ლიზაციისთვის".

   ა) კონსერვატიზმი არაერთგვაროვანი ცნებაა. არც ერთი შეგნებული, მართლმორწმუნე ქრისტიანი, გნებავთ ტრადიციონალისტი, ტოლო-ბის ნიშანს არ სვამს კონსერვატიზმსა და ეკლესიის ერთგულებას შორის. კონსერვატიზმი, საუკეთესო შემთხვევაში, შეიძლება იყოს ერთ-ერთი საშუალება ეკლესიის წმინდა გარდამოცემის შენარ-ჩუნებისთვის. დიახ, კონსერვატიზმი ყოველთვის არ შეესაბამება მართლმადიდებლურ მსოფლმხედველობას. მაგრამ აქ ჩვენ არა „ძველი ტრადიციების", არამედ მარადიული ფასეულობების, დოგ-მატური განსაზღვრებების მტკიცე დაცვისთვის გვაკრიტიკებენ.

   ბ) პროგრესის იდეა მოდერნიზმის მამოძრავებელ ძალადაა მიჩნეუ-ლი მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა მიერ. ის შეუთავსებელია მართლმადიდებლურ ესქატოლოგიასთან. ლიბერალების პროგრესი ნებისმიერი ტრადიციის უგულებელყოფას ნიშნავს. სულიერი თვალსაზრისით ის გაიგივებულია მოდერნიზმთან, ლიბერალიზმთან, სეკულარიზმთან, განდგომილობასთან და ბოლოს - ანტიქრისტეს მოსვლასთან.

   ასე რომ, რისი თქმა სურს „კრებას" ამ იდეების დემონსტრირებით?!

  13. კრეტის კრებამ ერთ-ერთ ამოცანად ეკუმენიზმის ლეგალიზება დაისახა. მოგეხსენებათ, ეკუმენისტური ღვთისმეტყველება სათნო სიტყვა - „დიალოგით" იწყება. სამწუხაროდ, კრეტის კრება ვერაფერს საპრობლემოს ვერ ხედავს ისეთ ფორმულირებებში, როგორიცაა „მოწმობა დიალოგის მეშვეობით", „მართლმადიდებელი ეკლესია ოდთგანვე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა დიალოგს, განსაკუთ-რებით არამართლმადიდებელ ქრისტიანებთან (20 პუნქტი).

   სიტყვით - „ოდითგანვე" სურთ ვითარება ისეთნაირად წარმოაჩინონ, თითქოს სადღაც, ძველ დროში ატროფირებულ მოვლენასთან გვქონდეს საქმე. ამგვარი პათოსი, ცხადია, აძლიერებს ინტერესს ტექსტის მიმართ.

   ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არ ვართ დიალოგის მოწინააღმდეგენი, მაგრამ მეოცე საუკუნეში გამართულმა დიალოგებმა დაგვანახა, რომ ღრმა კრიზისსა და ჩიხშია მომწყვდეული ეს დიალოგი - არ მიმდინარეობს იგი ღვთის შიშითა და ღმერთში ყოფნით. ეს იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე „დიალოგში" ჭეშმარიტების ძიება მოიაზრება, რომ აბსოლუტური და ერთიანი ჭეშმარიტება არ არსებობს და ყველა რელიგიაშია ნაწილობრივი ჭეშმარიტება. შესაბამისად, ეს დანაწევრებული „სხეული" უნდა გავაერთიანოთ.

   ამდენად, ისინი არ ფიქრობენ ერთ, წმინდა, კათოლიკე და სამოცი-ქულო ეკლესიაში დაბრუნებას. შედეგად „დიალოგი" არამიზნობრივი გახდა. ამგვარ „დიალოგს", ცხადია, ვერ მოიწონებს ვერც ერთი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანი.

   კრეტის კრება სერიოზულ ხოტბას ასხამს „ეკლესიათა მსოფლიო სა-ბჭოს" (ე.მ.ს.-ს) მუშაობას. მაგრამ ე.მ.ს.-ს კონსტიტუცია დოგმატური მინიმუმის პრინციპზეა აგებული, რაც ამ ბაზისზე მათი გაერთიანების საშუალებას იძლევა. ეს კი მოციქულთა, წმიდა მამათა, წმიდა კრებათა უგულებელყოფის, ღალატის ტოლფასია.

   მართლმორწმუნე ქრისტიანი არ შეიძლება იყოს მინიმალისტი დო-გმატურ სწავლებაში. დოგმატი - ღვთივგანცხადებული ჭეშმარიტებაა, მისი, თუგინდ ერთი ნაწილის, უღიარებლობა ადამიანს ეკლესიის საზღვრებს მიღმა აწესებს.

   14. დოკუმენტში „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედრო-ვე სამყაროში" ასევე შეინიშნება ტერმინოლოგიური და საღვთისმე-ტყველო უზუსტობები.

   ა) „როგორც ძველ ადამში შეკრებული იყო მთელი კაცობრიობის მო-დგმა, ასევე ახალ ადამში (ქრისტეში) შეიკრიბება მთელი კაცობრიობა".

   როგორც ვხედავთ, ტოლობის ნიშანია დასმული ძველ ადამში შე-კრებილ კაცობრიობასა და ახალ ადამში (ანუ უფალ იესო ქრისტეში) შეკრებილთა შორის. გაუგებარია, რანაირადაა შეკრებილი, გაერ-თიანებული „ახალ ადამში მთელი კაცო-ბრიობა?"

   დიახ, ქრისტემ თავისი ჯვარცმითა და აღდგომით გამოიხსნა მთელი კაცობრიობის მოდგმა, მაგრამ თავად ადამიანი ამქვეყნიური ცხოვრების დროს წყვეტს, სურს მას ქრისტეს წიაღში, მის ეკლესიაში ყოფნა თუ არა. აქ ადამიანის თავისუფალ არჩევანზეა დამოკიდებული მისი მომავალი ხვედრი. ფაქტები კი იმაზე მეტყველებს, რომ კაცობრიობის უმრავლესობამ უარყო ქრისტე. ავტომატურ რეჟიმში ქრისტესთან ერთობა არ შეესაბამება მართლმადიდებლურ სწავლებას. სინამდვილეს პირისპირ უნდა შევხედოთ და ვაღიაროთ, რომ კაცობრიობა გაყოფილია და მარადიულობაშიც, ღვთის სამსჯავროს შემდეგადაც ასე იქნება. მართლმორწმუნენი, ქრისტეს ერთგული აღმსარებლები, მარადიულ, ნეტარ ცხოვრებას დაიმკვიდრებენ, ხოლო სხვები - მარადიულ ჯოჯოხეთს. ცხადია, ეს უკანასკნელნი ვერ იქნებიან ახალ ადამში (ქრისტეში).

   ბ) „ქრისტეს მშვიდობა არის მწიფე ნაყოფი მასში ყოველთა შემო-კრებისა: ადამიანის პიროვნების, როგორც ღვთის ხატების, ღირსებისა, მასში ორგანული ერთობისა და სიდიადის გამოვლინება ადამიანთა მოდგმისა და სამყაროსი..."

   აქაც გაუგებარია, რა ორგანულ ერთობაზე ქრისტეში მთელი კაცო-ბრიობის მოდგმისა, მით უფრო რა მატერიალურ მშვიდობაზეა საუბარი? მაცხოვარი ბრძანებს: „მე მათთვის გკითხავ; არა თუ სოფლისათვის გკითხავ, არამედ მათთვის, რომელნი მომცენ მე, რამეთუ შენნი არიან..." (იონ. 17. 9). წმ. თეოფილაქტე ბულგარელი ამ სტრიქონს შემდეგნაირად განმარტავს: „არა მანკიერი, ამა სოფლის სულისკვეთების მოტრფიალეთათვის გთხოვ, არამედ მათთვის, რომელნიც შენ მომეცი, იმიტომ რომ შენნი არიან".

   15. დოკუმენტში „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლე-ბელი მიზეზები" ვკითხულობთ:

   ა) „ქორწინება მართლმადიდებლებისა არამართლმადიდებლებთან იკრძალება კანონიკური აკრიბიის მიხედვით" (ტრულის კრების 72-ე კანონი). თითქოს არანაირი შენიშვნა არ უნდა გვქონდეს, მაგრამ შემდეგ ვკითხულობთ.

   ბ) თითოეული ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდი საეკლესიო იკონომიის პრაქტიკის გამოყენებას უნდა მიუდგეს საეკლესიო კანონთა პრინციპის შესაბამისად, სამოძღვრო განსჯის სულით, ადამიანის ცხონების მიზნით.

   ჩნდება სამართლიანი შეკითხვა: თუ შერეული ქორწინება იკრძა-ლება აკრიბიით ანუ რჯულის კანონის დოგმატური განსაზღვრებით, მაშინ როგორ შეიძლება ადგილობრივმა ეკლესიებმა ამ საკითხში იკონომიის პრინციპი გამოიყენონ? წმინდა მამების სწავლების თანახმად, დოგმატური საკითხების ჩამოყალიბების დროს უადგილოა იკონომია. „მოგეხსენებათ, იკონომია დროებითი დაშვებაა, გადახვევაა აკრიბიისაგან ადამიანის ცხონებისათვის, მაგრამ მისი გამოყენება დაუშვებელია ამგვარი სახის დოკუმენტის მიღების დროს. იგივე ეხება მარხვის საკითხსაც." - შენიშნა ნავჰაქტის მიტროპოლიტმა იეროთე-ოსმა (ვლახოსი).

   16. კიდევ ერთი, კრეტის კრებაზე მომხდარი სამწუხარო ფაქტი გახ-ლავთ ის, რომ კრების არდამსწრე ოთხივე ადგილობრივი ეკლესია საქვეყნოდ გაკიცხეს. მსოფლიო პატრიარქისა და სხვა მისდამი დაქვემდებარებული სასულიერო პირების მხრივ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების სინოდალური გადაწყვეტილებები შეფასებულ იქნა, ვით უსაფუძვლო. აღნიშნულ ეკლესიებს (ბულგა-რეთის, ანტიოქიის, საქართველოსა და რუსეთის) ბრალი დასდეს, არც მეტი, არც ნაკლები, ვით განხეთქილებისა და გაყოფის მომქმედთ. აქ კვლავ უნდა აღინიშნოს, რომ არდამსწრე ადგილობრივმა ეკლესიებმა, დოკუმენტების მკაცრი ანალიზის შემდეგ, სინოდალურ დონეზე, შენიშნეს მრავალი სერიოზული პრობლემა. ამის შემდეგ, სავსებით ბუნებრივია, რომ მათ მოითხოვეს კრების გადადება, რათა უფრო სიღრმისეულად შეეფასებინათ დოკუმენტები. ამ პრინციპით უნდა შემუშავებულიყო ახალი დოკუმენტები, რომლებიც ერთხმად იქნე-ბოდა მიღებული ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლე-სიის მიერ. ვინაიდან ეს წინადადება არ იქნა გათვალისწინებული, ამ ეკლესიებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, კრების დასწრებაზე უარი განაცხადეს.

   17. და ბოლოს: კრეტის კრების გადაწყვეტილების თანახმად, საერ-თომართლმადიდებლური კრება „მუდმივმოქმედი ორგანო უნდა გახდეს. იქ გარდა ამისა, მსოფლიო პატრიარქმა კრების გახსნისას განაცხადა:

   „ჩვენი შეფასება ნაკარნახევია აუცილებლობით - დარეგულირდეს მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა საკითხები. ისინი ძირითადად ეკლესიის კანონიკური წყობის გამო გაჩნდა. ყველა ავტოკეფალური ეკლესია მიიჩნევს, რომ საკუთარ საზღვრებში უფლებამოსილია დაარეგულიროს საკუთარი, შიდა საკითხები, მიიღოს გადაწყვე-ტილებები, რაც ხანდახან ართულებს ეკლესიის „ერთიანი ბაგითა და გულით" მოწმობას თანამედროვე სამყაროში. ეს ქმნის გაუგებრობას, რითაც ირღვევა ერთობა. თუმც ასეთი წყობა არის კანონიკური და ეკლესიოლოგიურად გამართლებული, ჩნდება საშიშროება ეკლესიის ერთგვარად „ეკლესიების ფედერაციად" გადაქცევისა, როდესაც ყოველი მათგანი წინ წამოწევს საკუთარ ინტერესებსა და მის-წრაფებებს. ეს გარემოება არსით ყოველთვის არ გახლავთ წმინდა ეკლესიური, ამიტომ ჩნდება კრებსითობის გამოყენების აუცილებ-ლობა". როგორც ვხედავთ, საერთომართლმადიდებლური კრება, მსოფლიო პატრიარქის იდეოლოგიის თანახმად, მოიაზრება ერთგვარ იარაღად, რომელმაც უნდა დაანგრიოს „გამართლებული კანონიკური და ეკლესიოლოგიური" პრინციპები მართლმადიდებელი ეკლესიის წეს-განგებისა და ჩამოყალიბდეს ეკლესიის ახალი მმართველობითი სისტემა გაურკვეველი „კრებსითობის" საფუძველზე.

   კონსტანტინოპოლის საპატრიარქო დიდი ხანია გეგმავს კრებას, რო-მელიც „უმაღლეს საეკლესიო მმართველობით ორგანოდ" მოგვევ-ლინება, რომელიც დაამტკიცებს მსოფლიო პატრიარქის უალტერ-ნატივო პირველობას და რომელიც განახორციელებს კონტროლს მთელ მართლმადიდებელ ეკლესიაზე. პერგამის მიტროპოლიტმა ი. ზიზიულასმა პირდაპირ განაცხადა: „სადაც კრებაა, იქ პირველობაა, ხოლო სადაც პირველობაა, იქ კრება".

   მსოფლიო პატრიარქის სურვილი - იყოს საერთომართლმადიდებ-ლური კრება „უმაღლესი და საბოლოო" ინსტანციის სახით, რომელიც მოწოდებული იქნება მართოს ეკლესია „მუდმივმოქმედ საფუძვლე-ბზე". ის უნდა გახდეს „ადგილობრივი ეკლესიების დამაკავშირებელი რგოლი". თითქოს ასეთი კრების გარეშე ვერ განხორციელდება ჭეშმარიტი ერთობა.

   ეკლესიის სისავსე არასდროს დაუშვებს ეკლესიის მსგავს უზურპა-ციას მმართველობით საკითხებში. ადგილობრივ ეკლესიათა ერთი-ანობას ყოველთვის მსოფლიო კრებები უზრუნველყოფდა.

   აქედან დასკვნა: კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კრეტის კრება საკუთარი პირველობისა და მთლიანად ეკლესიის მართვის ლეგა-ლიზებისთვის საჭიროებდა. ეს არის პირდაპირი გამოწვევა დანარჩენი მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიებისათვის.

   18. დავასკვნით:

   ა) კრეტის კრების რეცეფცია ეკლესიის სისავსის მხრიდან გრძელდ-ება.

   სინოდალურ დონეზე კრეტის კრების „წმინდა და დიდი" საერთო-მართლმადიდებლური სტატუსი უარყო

   1) ანტიოქიის ეკლესიამ, და განაცხადა, რომ კრეტის კრებას არ მია-ნიჭა „წმინდა და დიდი" კრების მნიშვნელობა, არამედ შეაფასა ის მორიგ წინამოსამზადებელ შეხვედრად. ასევე მიიჩნია, რომ კრებაზე მიღებული დოკუმენტები ღია უნდა დარჩეს შემდგომი განხილვი-სათვის, რათა მომავალში ჩასწორდეს".

   2) რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ სინოდალურად განაჩი-ნა: „კრეტის კრება არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც საერთო-მართლმადიდებლური, ხოლო მასზე მიღებული დოკუმენტები ვით საერთომართლმადიდებლური კონსესუსის გამომხატველი".

   ძლიერი პროტესტი კრების მისამართით წერილობით გამოხატა წმ. ათონის მთის სამოცმა სასულიერო პირმა და მონაზონმა.

   სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა წმინდა მთის კინოტისადმი მიმ-ართული მათი ღია წერილი, სადაც ნათქვამია:

   1) კრება გაიმართა ახალი, ტრადიასთან შეუთანხმებელი პრინციპებ-ით, როგორც განხილულ საკითხებთან, ასევე თავად კრების ჩატარების პროცედურასთან მიმართებაში.

  2) კრებამ მონაწილეობისაგან განაყენა ეპისკოპოსთა უმრავლესობა და უგულებელყო თვით მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითი პრინციპი. საერთოდ, მისი ჩატარებისთვის გამოყენებულ იქნა ანტი-მართლმადიდებლური მეთოდები.

   3) არ განხორციელდა ეკლესიის სისავსის სრულფასოვანი ინფორმი-რება კრების მომზადების სტადიაში; პირიქით, წინამოსამზადებელ შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილებები გულმოდგინედ იმალე-ბოდა.

   4) კრებამ შემოიღო ე.წ. „პოსტმამებისეული ღვთისმეტყველება" (წმი-ნდა მამათა სწავლების უგულებელყოფა).

   5) კრება კრებსით დონეზე აკანონებს ზეერესს.

   6) მიღწეულ იქნა მათი მიზანი: ერესებს მიენიჭა ეკლესიის სტატუსი, ანუ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პაპიზმი, ისევე როგორც დანარჩენი ერესები ეკლესიებია და არა ერესები.

   7) კრებას ქრისტიანობა სოციალიზმის დონემდე დაჰყავს („სოციალ-ური უწყება" ანუ დედამიწაზე მშვიდობის, სოციალური სამართლი-ანობის, უსაფრთხოებისა და მატერიალური კეთილდღეობის მქა-დაგებელი).

   8) კრება არ გამოხატავს ეკლესიის სხეულის ღვთივსულიერ გამოც-დილებას.

   9) კრება არ მიჰყვება ეკლესიის მამებისეულ გარდამოცემას, ვინაი-დან კრებამ იმთავითვე არ დაადასტურა წინამორბედი მსოფლიო კრებების ავტორიტეტი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მერვე და მეცხრე კრებებად არ აღიარა წმ. ფოტისა და წმ. გრიგოლ პალამას დროს შემდგარი კრებები.

    10) კრებამ უგულებელყო მსოფლიო კრებათა გადაწყვეტილებები.

  11) კრება აღიარებს ე.წ. „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს", რომელიც თავისი არსით პროტესტანტურია.

   12) კრებამ არ გაითვალისწინა მართლმადიდებელი ეკლესიის მონა-ზვნობის მნიშვნელობა, კერძოდ, იგნორირებულ იქნა ათონელი ბერების პოზიცია პაპიზმთან და ეკუმენიზმთან მიმართებაში.

   მოლდოვაში შედგა „საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენ-ცია - მრგვალი მაგიდა", სადაც რუსეთის, უკრაინის, საბერძნეთისა და სხვა ეკლესიების სასულიერო პირებმა, ღვთისმეტყველებმა და ერისკაცებმა კრიტიკული განაჩენი გამოუტანეს კრეტის კრებას.

   ეს ჯერ კიდევ დასაწყისია...

   ბ) კრეტის კრება მრავალ თანამედროვე ღვთისმეტყველთა, მღვდელ-მთავართა და ერისკაცთა მიერ შეფასდა ვით ფსევდო კრება, დოგ-მატურად გაუმართავი, ბუნდოვანი, ორაზროვანი, ეკუმენისტური, პაპისტური სულისკვეთების მატარებელი.

 გ) ჩვენს მიერ განხილული საკითხები არ გახლავთ აღნიშნული კრების ნაკლოვანებათა სრული სია.

  მკითხველს შევახსენებთ, რომ ფერარო - ფლორენციის უნიატურ კრებასაც რამდენიმე წელი უწოდებდნენ „წმინდა და დიდ" კრებას, შემდეგ კი ეკლესიის სისავსემ საკადრისი განაჩენი გამოუტანა.

   ამრიგად, თუ კრეტის კრების ორგანიზატორებს სურთ რომ კრებამ საპატიო ადგილი დაიმკვიდროს ეკლესიის ისტორიაში, უნდა გა-ითვალისწინოს კრეტის არდამსწრე ეკლესიათა სინოდალური შე-ნიშვნები, მთელი მართლმადიდებლური სისავსის მიერ გამოხატული დოგმატური სწავლება. თუ არადა, საუკეთესო მოსალოდნელობაა მხოლოდ ის, რომ უავტორიტეტო სახელით შევა ისტორიაში.

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება