მთავარი > მნიშვნელოვანი თემები, სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > 2016 წ. კრეტის კრების შემაჯამებელი შეფასება (ნაწილი 1)

2016 წ. კრეტის კრების შემაჯამებელი შეფასება (ნაწილი 1)


8-08-2016, 00:01

 

   2016 წლის ივნისში ჩატარებული ე.წ. „წმინდა და დიდი" კრება მარ-თლმადიდებელი ეკლესიის წიაღში სერიოზული განხილვის საგანი გახდა. მის შესახებ აზრი ორად გაიყო: ერთნი მიიჩნევენ, რომ კრებას მართლმადიდებელი ეკლესიისთვის საყოველთაო მნიშვნელობა აქვს, რომ ის სავალდებულოცაა მთელი ეკლესიისათვის. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ კრებას მრავალი პრობლემა ახლდა და მისი ლეგიტიმურობა ერთობ საეჭვოა.

   მიიღებს თუ არა კრეტის გადაწყვეტილებებს მართლმადიდებლური ოიკუმენი (მთელი სისავსე ეკლესიისა), როგორი სახელით შევა ის ისტორიაში, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მისი სტატუსი და ავტორიტეტი სწორედ იმაზეა დამოკიდებული, როგორ მიიღებს მას ეკლესიის სისავსე.

   ეკლესიის ისტორია გვასწავლის, რომ კრების ავტორიტეტს განსაზ-ღვრავს, განაპირობებს ის, თუ რამდენად შეესაბამება მისი გადაწყ-ვეტილებები ღვთის ნებას, წმინდა მსოფლიო კრებათა და წმინდა მამათა სწავლებას, ანუ თუ კრება იქნება „რატიფიცირებული", აღიარებული ეკლესიის მთელი სისავსის მიერ.

   ამ ნიშნით კრეტის კრებას მრავალი რამ დაეწუნება. რაკი მისი რე-ცეფცია უკვე დაწყებულია, გვსურს ჩვენი უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის ფარგლებში, არსებული საღვთისმეტყველო შეფა-სებების საფუძველზე, გამოვხატოთ ჩვენი პოზიციაც ჩატარებული კრების შესახებ.

   1. პირველი პრობლემა, რომელიც განსაკუთრებით აზიანებს კრების დოკუმენტებს, გახლავთ ზოგიერთი ტექსტის ორაზროვანი საუბარი. როდესაც საქმე ეხება მნიშვნელოვან, მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის აუცილებლობად გამოცხადებულ დოკუმენტებს, ყოვ-ლად მიუღებელი და გაუმართლებელია ტექსტის ორაზროვნება და გაურკვევლობა.

   რომ გადავხედოთ მსოფლიო და ადგილობრივი ავტორიტეტული კრებების ისტორიას, მსოფლიო კრებების შემდგომ „მრგვლივმოცულ ეპისტოლეებს" (1723 და 1848 წ.წ.), ასევე წიგნს „მართლმადიდებელი ეკლესიის აღმსარებლობას" და ა.შ., დავინახავთ რაოდენ მკაფიო, ღვთისმეტყველურად გამართული და თანმიმდევრულია ყოველი ტექსტი. რაც მთავარია, მათი განსაზღვრებანი მთლიანად შეესაბამება მსოფლიო კრებათა სწავლებასა და სულისკვეთებას. ამის გამო აღნიშნული სიმბოლური წიგნების ავტორიტეტი ყველა ადგილობ-რივმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, პატრიარქებმა, სინოდალურ დონეზე აღიარეს.

   მეოცე საუკუნის დასაწყისი ოფიციალურ საღვთისმეტყველო დოკუ-მენტებში ორაზროვნებისა და გაურკვევლობის დასაწყისიცაა. ეს საკითხი ნავჰაქტის მიტროპოლიტმა იეროთეოსმა (ვლახოსი) საფუძვ-ლიანად გამოიკვლია ნაშრომში „აღმსარებლური ორაზროვნება, გაურკვევლობა და ბუნდოვანება". მიტროპოლიტი შენიშნავს, რომ ორაზროვნება და ბუნდოვანებაა ისეთი საკითხების განხილვისას, როგორიცაა: რა არის ეკლესია, ვინ არის მისი წევრი, რა არის ერესი, როგორია ეკლესიის დამოკიდებულება ერესთან და ა.შ.

   ძირითადი პრობლემა კი მაინც ისაა, რომ ორმაგი ენა, ორაზროვნება იწვევს ეკლესიური წრეების შფოთს, ეჭვს, მერყეობას სარწმუნოებრივ საკითხებში. სწორედ ასეთია კრეტის კრების ზოგიერთი ტექსტიც. (გაგრძელება...)

  

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება